რატომ შეარჩია კა-გე-ბემ შალვა მაღლაკელიძე ქართველი დისიდენტების დისკრედიტირებისთვის? - კვირის პალიტრა

რატომ შეარჩია კა-გე-ბემ შალვა მაღლაკელიძე ქართველი დისიდენტების დისკრედიტირებისთვის?

როგორც უკვე ვიცით ვ. რცხილაძისა და შ. მაღლაკელიძის შეხვედრა ( შემთხვევითი ?) 1975 წლის აგვისტოში შედგა, ხოლო შ. მაღლაკელიძე 1976 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ქართველი დისიდენტების არალეგალურ გამოცემა „საქართველოს მოამბეში“ 1977 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა ჰიტლერული გერმანიის „ვერმახტის“ გენერლის, შალვა მაღლაკელიძის ნეკროლოგი („მარტიროლოგი“), რომელიც ამგვარად იწყებოდა: „1976 წლის 7 ნოემბერს, თბილისში, თავის პატარა ბინაში, გარდაიცვალა გენერალი შალვა მაღლაკელიძე. გაცივდა გული მგზნებარე ქართველისა, საქართველოს გადარჩენისთვის თავდადებული მებრძოლისა, სამშობლოს წამებულისა! შეირხნენ მგლოვიარედ საქართველოს ზარები!“.

სწორედ ეს ნეკროლოგი გახდა ჯერ მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდიას გარიცხვის საბაბი და შემდეგ კი ქართველი დისიდენტების დისკრედიტირების მთავარი იარაღი კა-გე-ბეს ხელში. ვინ იყო ნეკროლოგის ავტორი?

2002 წლის 26 აპრილს “ახალი 7 დღის” ჟურნალისტთან საუბარში ვ. რცხილაძე ამგვარად იხსენებდა შ. მაღლაკელიძის ნეკროლოგის დაბეჭდვის ისტორიას (სტილი დაცულია -ბ.ა.) .

“ჩემი დაპატიმრებიდან ცოტა ხნის შემდეგ გამომძიებელმა ზვიადის მიერ ინაურის სახელზე დაწერილი განცხადება მაჩვენა, რომლითაც იგი გენერალს მიღებას სთხოვდა. ირწმუნებოდა, რომ ციხეში ყოფნამ მას "თვალები აუხილა" და სხვანაირად დაანახა "სოციალისტური სამშობლო". გამსახურდია აცხადებდა, რომ არც თვითონ და არც მერაბ კოსტავა არ იყვნენ "ოქროს საწმისში" გამოქვეყნებული შალვა მაღლაკელიძის ნეკროლოგის ავტორები, და ითხოვდა მოწმეებთან დაპირისპირებას აერიდებინათ. შალვა მაღლაკელიძე ქართული წარმოშობის გერმანელი გენერალი იყო მეორე მსოფლიო ომში და მისი ხსენება ფაშისტობის ტოლფასი იყო. ნეკროლოგის ავტორი, რომელიც გამსახურდიას დაჟინებული მოთხოვნით დაიბეჭდა, მე ვიყავი. სტატიის ბოლოს ჩემი გვარი არ ფიქსირდებოდა. მართალია, გამსახურდიას პირდაპირ არ დაუსახელებია ჩემი გვარი, მაგრამ იმის განცხადება, რომ ნეკროლოგი არც მისი და არც კოსტავას დაწერილი არ იყო, პირდაპირ მიუთითებდა, რომ მისი ავტორი მე ვიყავი. სამკაციან ჯგუფში სხვა ავტორი, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა".

ამჯერად ქართველ დისიდენტებს შორის დაპირისპირებისა და უთიერთბრალდების საკითხს გვერდს ავუვლი, რადგანაც ეს თემა სცილდება ამ პუბლიკაციის ძირითად მიზანს. ვ. რცხილაძის ინტერვიუდან ზემოთ მოყვანილი ამონარიდი საინტერესოა შემდეგი გარემოებების გამო: ირკვევა, რომ ნეკროლოგის ავტორი ვ. რცხილაძე იყო და ის ზ. გამსახურდიას მოთხოვნით (როგორც ვ. რცხილაძე ამტკიცებს) დაიბეჭდა. ამასთან ერთად ვ. რცხილაძის ინტერვიუში დაშვებულია ერთი უზუსტობა: შ. მაღლაკელიძის „მარტიროლოგი“ დაიბეჭდა არა “ოქროს საწმისში”, არამედ “საქართველოს მოამბეში”.

ვფიქრობ გასაგებია: რომ არა რცხილაძე - მაღლაკელიძის შეხვედრა, არც „ნეკროლოგ - მარტიროლოგი“ იქნებოდა და არც ქართველი დისდენტების ბრალდება „ფაშისტების მეხოტბეობაში“.

ვ. რცხილაძის მონათხრობს კიდევ დავუბრუნდებით, ამჯერად კი მინდა შალვა მაღლაკელიძის ხიფათიანი ცხოვრების ძირითადი ეტაპები გავაცნო მკითხველს. შევეცდები მაქსიმალურად ობიექტური ვიყო ამ ცნობილი ქართველი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწის ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი ბიოგრაფიის, განსაკუთრებით კი გასული საუკუნის 50-70 იანი წლების პერიოდის ანალიზის დროს.

შალვა მაღლაკელიძე დაიბადა სოფელ დიხაშხოში (დღევანდელი ვანის რაიონი) 1893 წელს. 1914 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. შემდეგ სწავლა გაგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე. 1915 წლის მაისში მეორე კურსის სტუდენტი სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს და თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაამწესეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შალვა მაღლაკელიძე დაიშნა სამხედრო და სამოქალაქო საქმეების საგანგებო რწმუნებულად სამაჰმადიანო საქართველოში (არტაანი, ფოცხოვი, ახალციხე, ახალქალაქი). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს მსახურობდა ქუთაისის მაზრის კომისრად, შემდეგ ტფილისის გუბერნიის კომისრად. 1919 წელს დაინიშნა ჯერ ტფილისის, შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად. იმ პერიოდში საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან.

1921 წლის 23 თებერვალს, მას შემდეგ რაც წითელი არმია უკვე საქართველოში იყო შემოჭრილი და დედაქალაქის ასაღებად ემზადებოდა, შალვა მაღლაკელიძე აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს ბოლშევიკებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ეს უკვე დაგვიანებული გადაწყვეტილება იყო და მაღლაკელიძეს მალევე მოუცია აფხაზეთის დატოვება. ამ დროს მენშევიკური მთავრობა უკვე ბათუმში იყო და საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა.

შალვა მაღლაკელიძე 1921 წლის 13 მაისს დააპატიმრეს და მომდევნო წლამდე მტეხის ციხეში იმყოფებოდა. გათავისუფლების შემდეგ მოახერხა ჯერ მოსკოვში, მერე კი ლატვიაში, ცოლის ნათესავებთან გაღწევა. ოჯახი რიგაში დააბინავა, თვითონ კი, პარიზში მყოფი საქართველოს მთავრობის რეკომენდაციით, 1923 წელს პრაღაში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. ჩეხოსლოვაკიიდან კვლავ ლატვიაში დაბრუნდა.

1929 წელს, რიგაში, გიორგი შვანგირიძესთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოება "ივერია". 1934 წელს შალვა მაღლაკელიძე ოჯახთან ერთად საფრანგეთში დასახლდა და აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი ხელმძღვანელობდა ქართულ ემიგრანტულ პატრიოტულ ორგანიზაციებს: "ორნატი", "თეთრი გიორგი", "ქართლოსი".

1938-1945 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში. 1942-1943 წლებში არჩეულ იქნა ბერლინში "ქართული ეროვნული კომიტეტისა" და "ქართული სამოკავშირეო შტაბის" წევრად. 1941 წლიდან, პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე და მისი ვაჟი გაიოზი, რომელსაც გერმანიის არმიის ლეიტენანტის სამხედრო წოდება ჰქონდა, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ.

b1-1675758108.jpg
შალვა მაღლაკელიძე

შ. მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა მესამე რაიხის ქართულ ლეგიონს, რომელიც საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად 1941 წელს ჩამოყალიბდა ქართველი ემიგრანტებისა და ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ეროვნების საბჭოთა მეომრების ბაზაზე. 1942 წლის ბოლოდან შ. მაღლაკელიძის ნაწილები უკვე კავკასიონის მისადგომებთან იმყოფებოდნენ. მათ საქართველოს საზღვრებთან 1943 წლის იანვრის დასწყისამდე დაჰყვეს, ყველაზე გვიან დატოვეს პოზიციები და ბრძოლით გაიკაფეს უკან დასახევი გზა.

1943 წლის ბოლოს პოლონეთში ყალიბდება ქართული ლეგიონი 7 ბატალიონის შემადგენლობით, რომელთაც საზეიმო ვითარებაში გადაეცათ საბრძოლო დროშები და მიენიჭათ შემდეგი სახელები: "შალვა მაღლაკელიძე", "გიორგი სააკაძე", "მეფე ერეკლე II", "დავით აღმაშენებელი", "თამარ მეფე", "შოთა რუსთაველი", "ილია ჭავჭავაძე". ლეგიონერები, გაიოზ მაღლაკელიძის რედაქტორობით, გამოსცემდნენ გაზეთ "საქართველოს" (1942-1945 წწ.). 1944 წელს შალვა მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე შალვა მაღლაკელიძე თავმჯდომარეობდა გენერალ ვლასოვის არმიის "რუსეთის ხალხთა განმათავისუფლებელ კომიტეტში" შემავალ "კავკასიის კომიტეტს".

შ. მაღლაკელიძე მოგონებებში აღნიშნავს, რომ ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა ამერიკელებს რამდენიმე გენერლის, მათ შორის მაღლაკელიძის, გადაცემა მოსთხოვა. ამერიკელებმა იგი დააპატიმრეს, მაგრამ შვილისა და მეგობრების დახმარებით გენერალმა ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ იტალიაში ( რომში) გადასვლა მოახერხა. 1948-1950 წლებში მოღვაწეობდა იტალიაში. იქ მეორედ იქორწინა პოლონეთში დაბადებულ-გაზრდილ ქართველზე, მარიამ ცოტაძეზე, რომელიც რომში სამედიცინო აკადემიაში სწავლობდა. საქართველოში იტალიის ყოფილი ელჩის, ინსაბოტოს დახმარებით, შალვა მაღლაკელიძე გაერთიანდა მასონთა ლოჟაში. მათი რეკომენდაციით სამხედრო მრჩევლად აიყვანა პაკისტანის არმიის გენერალმა აიუბ-ჰანმა, რომელიც შემდეგ პაკისტანის პრეზიდენტი გახდა. იტალიელი გენერლის ამადარის გვარით ბატონი შალვა მეუღლესთან ერთად ყარაჩიში გადავიდა საცხოვრებლად.

b2-1675758165.jpg
მუჰამედ აიუბ–ჰანი

შ. მაღლაკელიძის სიტყვებით აიუბ-ჰანი მას ძალზე აფასებდა და როცა საბჭოთა დაზვერვამ მის კვალს პაკისტანშიც მიაგნო და ქართველი გენერლის იქ დარჩენა უკვე სახიფათო გახდა, მაშინ აიუბ-ჰანმა პირადად უშუამდგომლა გერმანიის კანცლერ ადენაუერთან. ამის შემდეგ, 1953 წლის დასაწყისში, შ. მაღლაკელიძე დასავლეთ გერმანიაში ჩავიდა და კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩეველი გახდა.

1954 წლის 26 იანვარს მან ვაჟთან, გაიოზ მაღლაკელიძესთან ერთად მიუნხენში დააფუძნა "საზღვარგარეთ ქართველ მხედართა დარაზმულობა". ამის შემდეგ იწყება მოვლენები, რომლებიც ბევრ კითხვას ბადებს. დღეისთვის ყველაზე გავრცელებული ვერსია (რომელიც ძირითადად შ. მაღლაკელიძის მოგონებებს ეყრდნობა) ამგვარია: 1954 წელს პაკისტანიდან აღმოსავლეთ გერმანიაში (?) ჩამოფრენილი გენერლის ცოლ-შვილი საბჭოთა აგენტურამ აეროპორტიდანვე გაიტაცა.

b3-1675758213.jpg
კონრად ადენაუერი

ხოლო 1954 წლის 1 აგვისტოს თავად შალვა მაღლაკელიძეც ძალდატანებით გადაიყვანეს აღმოსავლეთ გერმანიაში. ოჯახთან ერთად ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, შემდეგ საიდუმლოდ, ყალბი პასპორტით, გადმოიყვანეს თბილისში. რამდენიმეჯერ დაკითხეს სუკ-ში, ავალებდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტებისთვის აგიტაცია გაეწია და საქართველოში ჩამოეყვანა. მისი ხელმოწერით ქართულ პრესაში შესაბამისი წერილიც გავრცელდა.

შემდეგ განვითარებული მოვლენები დღესაც კამათის და განსჯის საგანია ისტორიკოსთა და ექსპერტთა შორის. საქმე ისაა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ვემახტის გენერალი შალვა მაღლაკელიძე კი არ გაასამართლა, არამედ საკუთარი ვინაობით ცხოვრებისა და იურისტის სპეციალობით (!) მუშაობის (მათ შორის საქართველოს მწერალთა კავშირში) ნება დართო. ამის შემდეგ პიროვნება, რომელიც საბჭოთა კავშირის წინაღმდეგ გერმანიის არმიის შენაერთებს ხელმძღვანელობდა და თავადაც იარაღით ხელში იბრძოდა, თავისუფლად დასეირნობდა რუსთაველის პროსპექტზე. შედარებისთვის: სხვა პოლიტიკურმა ემიგრანტებმა (მაგ. ვ. შულგინმა და შ. ბერიშვილმა) 20-25 წელი საბჭოთა ციხეში გაატარეს გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის.

კა-გე-ბე ცდილობდა შ. მაღლაკელიძის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ვიქტორ რცხილაძე შ. მაღლაკელიძის მოგონებების წიგნის ბოლოთქმაში “იყო თუ არა საბჭოთა ჯაშუში გენერალი შალვა მაღლაკელიძე”, აღნიშნავს (სტილი დაცულია - ბ.ა.): “მთელი მისი თხრობა ლოგიკური ჯაჭვით იყო გადმოცემული - მე, ახალგაზრდა კაცს, აღსარებასავით მომითხრობდა თავის სისუსტეებზე. ერთხელ, მაჩვენა თხელი სასკოლო რვეული, სადაც მისი ხელით რუსულად დაწერილი ტექსტი იყო: “როდესაც გერმანიამ დანაშაულებრივი ომი დაიწყო სსრკ-ს წინააღმდეგ...…” ვკითხე: ”ბატონო შალვა, ვის უწერთ ამას?” “ვის და, - სამხედრო გამომძიებელს, ასე უნდათ, რომ დავიწყო,”- მიპასუხა. შემდეგ არც ის დაუმალავს, რომ “მივწერე (მიაწერინეს? - ვ.რ.) ვიქტორ ნოზაძეს, ჩემს მეგობარს, ჩამოდი აქ-თქო და პასუხად მივიღე, გამოტვინდი, შალვაო?! ასევე, მივწერე გაიოზს, ჩემ შვილს, რომელმაც მიპასუხა, გაგიჟდი, მამაჩემოო?!”.

რუსეთ-საბჭოთა სპეცსამსახურები ადრეც ინტერესებოდნენ შალვა მაღლაკელიძის პიროვნებით, როგორც 1918-1921 წლებში, ასევე ემიგრაციაში მისი ცხოვრების პერიოდში. მეორე მსოფლიო ომის დროს კი „ჩეკისტებმა“ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მე-4 განყოფილების აგენტი “შახოვსკი” სპეციალური დავალებით ფარულად, თვითმფრინავით გადაიყვანეს ფრონტის ხაზზე. შემდეგ ქართველი ეროვნების აგენტი „შახოვსკი“, როგორც საბჭოთა ჯარისკაცი, ტყვედ უნდა ჩაბარებოდა გერმანელებს. ოპერაციის მიზანი იყო „შახოვსკის“ შეგზავნა შალვა მაღლაკელიძის გარემოცვაში.

(მერვე ნაწილის დასასრული)