მოსკოვისკენ გაშვებული უკრაინული რეაქტიული კამიკაძე - "ჩიტი" რუსული საზენიტო "წიფლის" ნაცვლად ფიჭვმა ჩამოაგდო... - კვირის პალიტრა

მოსკოვისკენ გაშვებული უკრაინული რეაქტიული კამიკაძე - "ჩიტი" რუსული საზენიტო "წიფლის" ნაცვლად ფიჭვმა ჩამოაგდო...

გუშინდელი უმძიმესი დღე მთელ მსოფლიოს შეიძლება არამარტო კატასტროფული შედეგების მიწისძვრებით დამახსოვრებოდა თურქეთსა და სირიაში, არამედ მოსკოვზე ... უკრაინული უპილოტო "კამიკაძის" პირველი დარტყმითაც...

გასული წლის დეკემბერში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სტრატეგიული ავიაციის მიერ უკრაინული ქალაქებისკენ გაშვებული ფრთოსანი რაკეტების გამო შურისძიების მიზნით, ორჯერ დაარტყეს ფრონტის ხაზიდან 700-მდე კმ-ით დაშორებულ რუსულ სამხედრო აეროდრომს - "ენგელსი-2"-ს სარატოვთან და ორივე შემთხვევაში საბჭოთადროინდელი Ту-141 «Стриж» -ის ტიპის დრონი გამოიყენეს.

2-strizhii-1675769609.png
კალუგასთან ტყეში მაღალი ფიჭვების კენწეროებმა რუსული საზენიტო „წიფელების“-„ბუკების“ ფუნქცია შეასრულეს...

ეს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატი საბჭოთა უკრაინაში, ხარკოვის საავიაციო ქარხანაში იწარმოებოდა (სულ 152 ერთეულია აწყობილი) და ამასთან, ოდესის სამხედრო ოლქში დისლოცირებული უპილოტო სადაზვერვო საავიაციო ნაწილის შეირაღებაში იყო, შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის არმიას არცთუ ისე მცირე რაოდენობის უპილოტო "ჩიტები"-"სტრიჟები" დარჩა შეიარაღებაში...

შვიდასიოდე კმ-ის დაშორებით, რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდი-ბომბდამშენების აეროდრომის რამდენჯერმე დასაბომბად, უკრაინელებმა "სტრიჟებიდან" სადაზვერვო აპარატურა ამოიღეს და მის ნაცვლად 100-კგ-იანი საავიაციო ბომბი განათავსეს, ასევე, სავარაუდოდ, ამ უპილოტოს დაუყენეს ახალი აპარატურა ძალზე დაბალ სიმაღლეებზე საფრენად, რის შედეგადაც მიიღეს, ფაქტობრივად, თანამედროვე რეაქტიული "კამიკაძე" - დრონი, რომელიც ათას კმ სიშორეზე თითქმის ზებგერითი, 1 100 კმ/სთ სიჩქარით 50-მ სიმაღლეზე მიფრინავს, რაც მის ადრეულ აღმოჩენას რუსული შორი მოქმედების მძლავრ რადიოლოკატორებითაც კი ძალზე აძნელებს...

და, აი, ის, რაც რეაქტიული კამიკაძე - "ჩიტებით", ერთმანეთის მიყოლებით, ორჯერ შეძლეს უკრაინელებმა რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდი-ბომბდამშენების აეროდრომის მიმართ, გუშინ თავად მოსკოვის წინააღმდეგაც სცადეს გამეორება. მსგავსი სიტუაციის დიდ ალბათობაზე ჩემს ბლოგში ჯერ კიდევ 2023 წლის 2 იანვარს სტატიაში "პუტინს საახალწლო "სიურპრიზს" უმზადებენ", ვწერდი...

რა მოხდა?

6 თებერვალს, ღამით, რუსული ქალაქის კალუგას სიახლოვეს ცა მძლავრმა აფეთქებამ გაანათა და მძინარე მოსახლეობა საწოლებიდან წამოყარა...

დილით, აფეთქების ადგილზე მისულებმა, ტყის განაკაფზე საფრენი აპარატის მიმოფანტული ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომლებიდანაც ადვილად იდენტიფიცირდებოდა უპილოტო Ту-141 Стриж-ი, რომელსაც კუდის საჭეზე ჯერ კიდევ შემორჩენოდა საბჭოთადროინდელი წითელი ვარსკვლავი, ხოლო მასზე ზედ გადახატული ყვითელ-ლურჯფერებიან უკრაინულ სიმბოლოს კი უკვე ფერი ჰქონდა შეცვლილი...

შემთხვევის ადგილზე, ასევე, აღმოჩენილი იქნა 100-კგ-იანი საბჭოთა წარმოების უმართავი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბი ОФАБ-100-120, რომელმაც, "სტრიჟის" აფეთქების მიუხედავად, დეტონაცია რატომღაც არ განიცადა.

უდავოდ ამ მორიგი უკრაინული კამიკაძე-დრონის ჩამომგდები ნამდვილად არ იყო რუსების მიერ ასე ნაქები საჰაერო თავდაცვა, თავისი საზენიტო "წიფელებით"-"ბუკებით", რადგან რუსმა მეზენიტეებმა საერთოდ ვერ აღმოაჩინეს დაბალ სიმაღლეზე მფრენი უკრაინული რეაქტიული "კამიკაძე"-"ჩიტი".

3-strizhii-1675769682.png
კალუგასთან ტყეში მაღალი ფიჭვების კენწეროებმა რუსული საზენიტო „წიფელების“-„ბუკების“ ფუნქცია შეასრულეს...

სწორედ ძალიან დაბალ სიმაღლეზე და დიდი სიჩქარით ფრენა გახდა იმის გარანტი, რომ უკრაინის ტერიტორიიდან სტარტაღებულმა "სტრიჟმა" 300 კმ-ზე მეტი უპრობლემოდ გაიფრინა რუსეთის საჰაერო სივრცეში და კალუგასთან, ტყეში, მხოლოდ იმიტომ ჩამოვარდა, რომ მაღალი ფიჭვის ხეების კენწეროებს წამოედო...

ერთხელ ასეთი რამე უკვე მოხდა, გასული წლის 24 დეკემბერს, როდესაც ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბუტურლინოვკასთან ასევე მაღალი ფიჭვის კენწეროს წამოედო უკრაინული "სტრიჟი" და ცოტაღა დააკლდა იქ განთავსებულ სამხედრო აეროდრომს "დაუპატიჟებელ სტუმრად" სწვეოდა, საიდანაც აფრენილი რუსული საფრონტო ბომბდამშენები უკრაინის ქალაქებისკენ რაკეტებს უშვებენ...

4-strizhii-1675769707.png
ხეებს წამოდებული და აფეთქებული უკრაინული „სტრიჟის“ ფრაგმენტები...

კალუგასთან, ტყეში, ხეებს წამოდებული უკრაინული კამიკაძე-დრონი უთუოდ თვით... მოსკოვზე იყო დამიზნებული, სადამდეც მას მისაღწევად მხოლოდ 150 კმ-ღა ჰქონდა დარჩენილი, რასაც მეტ-ნაკლები ალბათობით რუსული რადიოლოკატორებისგან ასევე შეუმჩნევლად ათიოდე წუთში გაიფრენდა და შეიძლება თვით კრემლისთვისაც კი "მიეკაკუნებინა"...

უკრაინის არმიას ძველ მარაგში კიდევ შემორჩა "სტრიჟები" და ამ ბოლო გაუმართლებობიდან შესაბამისი ტექნიკური სახის დასკვნების გამოტანის შემდეგ, კიევი, ეტყობა, კვლავ ეცდება მოსკოვისკენ შურისძიებას - მორიგი "კამიკაძეების" გაგზავნას...