"მერსინში მყოფი მუსიკოსები თითქმის ყველა ერთად ვართ ქუჩაში, მანქანები ერთად გვყავს გაჩერებული... ცოტა პანიკა ისევაა" - კვირის პალიტრა

"მერსინში მყოფი მუსიკოსები თითქმის ყველა ერთად ვართ ქუჩაში, მანქანები ერთად გვყავს გაჩერებული... ცოტა პანიკა ისევაა"

"თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 4 940 ადამიანი დაიღუპა", - ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს... დაშავებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აჭარბებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში 11 000 შენობა დაზიანდა, მიმდებარე ტერიტორიებზე გადაუდებელი დახმარების 25 000-მდე თანამშრომელი მუშაობს. მაშველები დაშავებულების გადასაყვანად და სამძებრო სამუშაოებში 10 გემს და 54 თვითმფრინავს იყენებენ... რაც შეეხება სირიას, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა...

თურქეთში, ქალაქ მერსინის კონსერვატორიაში ქართველი მუსიკოსები წლებია მოღვაწეობენ... მათ უმძიმესი ღამე გადაიტანეს და ამჟამადაც მანქანაში იმყოფებიან... ქალაქ მერსინიდან მუსიკოსი სართველოდან - რაუფ მუსაეფი გვესაუბრა....

- ქალაქ მერსინში ვიმყოფებით, ამ ქალაქში ნგრევა არ არის... პირველი მიწისძვრა 04.17 წუთზე იყო.

7.7 ბალიანი მიწისძვრის დროს ძალიან შეგვეშინდა, სახლი საშინლად ირყეოდა, მას მერე მანქანაში ვრჩებით... პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი ჩვენგან 250კმ. ში იყო, ხოლო მეორეს ეპიცენტრი - 130 კმ. ში...

ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით დაშავაბულია 21 103 ადამიანი, დაღუპულია 3432 კაცი... ეს ისენი, ვინც უკვე ნანგრევებიდან ამოიყვანეს...

- ცოტა მოშორებით უკვე რთული ვითარებაა?

- მერსინიდან 70 კილომეტრის მოშორებითაა ქალაქი ადანა, სადაც 22 საცხოვრებელი ბინა დაინგრა. ამ ქალაქშიც არიან საქართველოს მოქალაქეები, საბედნიეროდ, მათ შორის დაშავებულები არ არიან.

ნამდვილად კოშმარი ხდება. ნანგრევების ქვეშ რჩება, სავარაუდოდ, 40-50 ათასმდე ადამიანი. ქვეყანაში ერთ კვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამ ხალხის ნათესავები ნანგრევებიდან რამდენიმე საათია წვიმაში და ყინვაში, იმედით ლოცვაში ატარებენ... ეს ნამდვილად ტრაგედიაა...

- რას აცხადებენ ადგილობრივი საინფორმაციოები?

- გუშინ სეისმოლოგიური ცენტრის რჩევით 18.00 დან 21.00 საათებს შორის სახლებში შესვლა კატეგორიულად აგვიკრძალეს. ამჟამად ჩვეულ რეჟიმში ინფორმაციებს გადმოსცემენ სხვადასხვა ქალაქიდან...

- ყველაზე რთული ვითარება რომელ ქალაქებშია?

- გაზიანტები, მალატია, ადანა, კაჰრამანმარაჟ, ჰატაი, ისკენდორუმი... ეს ქალაქებია ძალიან რთულ დღეში...

ამ ტრაგედიაში მყოფი, ჩვენგან ყველაზე ახლო ქალაქი ადანაა... იქ ჩემი ნაცნობები არიან, რომლებიც კონსერვატორიაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან. საბედნიეროდ, ყველანი უვნებლად არიან. მათთან ინტენსიური საუბარი გვაქვს...

მერსინში მყოფი მუსიკოსები თითქმის ყველა ერთად ვართ ქუჩაში, მანქანები ერთად გვყავს გაჩერებული... სახლში მხოლოდ აუცილებლობისთვის თუ შევირბენთ და მაშინვე გამოვდივართ. რასაკვირველია, ცოტა პანიკა ისევ არის... ჩვენ ქალაქში წითელი ზონა არა არის, 120 კილომეტრის მოშორებით ატომური სადგური შენდება. აქ ნაკლებადაა შესაძლებელი მიწისძვრისგან ნგრევა, მაგრამ საკმაოდ შეაზანზარა.

- უამინდობაც ერთვის ამ ყველაფერს...

- დიახ... მერსინში, ადანაში თოვლი არ მოდის, მაგრამ წვიმიანი და ცივი ამინდებია... როგორც მოგახსენეთ, ჰატაიში, ისკენდორუმში, მალატიაში თოვლის ქვეშ არიან დარჩენილები და უმძიმესი პროგნოზებიც არსებობს.

ერთკვირიანი გლოვაა, უნივერსიტეტები, კონცერტები, ყველაფერი გაჩერებულია...

(სპეციალურად საიტისთვის)