"პროტესტი არის ბერკეტი, რომ წნეხი გავაძლიეროთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, სააკაშვილი სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გაიყვანოს" - კვირის პალიტრა

"პროტესტი არის ბერკეტი, რომ წნეხი გავაძლიეროთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, სააკაშვილი სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გაიყვანოს"

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა მთავარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით საპროტესტო აქტივობების ყველგან გამართვა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, პროტესტი არის ბერკეტი იმისთვის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გაიყვანოს.

"ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით საპროტესტო აქტივობები ყველგან. "ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა მენეჯმენტმა კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარკვეული უთანხმოებები გვაქვს, ახლა კონსოლიდაციის დროა და ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ყველა იმ აქტივობებსა და მოქმედებაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ახალი მმართველობა განსაზღვრავს. პროტესტი არის ბერკეტი იმისთვის, რომ ჩვენ წნეხი გავაძლიეროთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გაიყვანოს. საერთაშორისო წნეხი მზარდია, ახლა ქვეყნის შიგნით არის საჭირო მობილიზაცია“, - განაცხადა მინაშვილმა.

რაც შეეხება მანდატების დატოვების საკითხს, მისი აზრით, ოპოზიცია პარლამენტში თავიდანვე არ უნდა შესულიყო.

''ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ პარლამენტში არ უნდა შევსულიყავით. ახლა არის კონსოლიდაციის დრო და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს "ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მმართველობა, ახალი თავმჯდომარე, ფრაქციის ხელმძღვანელობა და ნებისმიერ აქტივობაში მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა მინაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა მზარდი, თანმიმდევრული მუხტის შემქმნელი საპროტესტო აქტივობები, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

"ინტერპრესნიუსი"