"ვინაიდან სკოლას სპეციალური სასწავლო მანქანა არ ჰქონდა, ტარებას სატვირთოთი ვსწავლობდით" - როდის კარგავენ მოთმინებას ცნობილი მძღოლები - კვირის პალიტრა

"ვინაიდან სკოლას სპეციალური სასწავლო მანქანა არ ჰქონდა, ტარებას სატვირთოთი ვსწავლობდით" - როდის კარგავენ მოთმინებას ცნობილი მძღოლები

როდის კარგავენ მოთმინებას ცნობილი მძღოლები

ავტომობილი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, მის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელი იქნებოდა. ჩვენ დავინტერესდით, როგორი მძღოლები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და როგორ უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული სტატიიდან:

ნიკა ლომიძე, პროდიუსერი:

"ერთმანეთს უფრო მეტ პატივს რომ ვცემდეთ, სხვას გზას რომ ვუთმობდეთ და ჩვენი აჩქარებით ქაოსს არ ვქმნიდეთ, საცობების პრობლემაც მოგვარდებოდა და ნერვულ სისტემასაც არ დავიზიანებდით. მესმის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ, მაგრამ ამას წლები დასჭირდება. ამიტომ, კერძო მანქანების მფლობელებსაც უნდა მოგვხედონ. სხვა ქვეყნებში მანქანას თავისუფლად გააჩერებ, ჩვენთან კი, ადგილი ცოტაა, პარკირების საფასურიც ძვირია და ჯარიმაც - დიდი..."

ხვიჩა მაღლაკელიძე, მუსიკოსი:

"ბრწყინვალე პედაგოგი გვყავდა - დურსუნ ფაღავა, მაგრამ ვინაიდან სკოლას სპეციალური სასწავლო მანქანა არ ჰქონდა, ტარებას სატვირთოთი ვსწავლობდით. სკოლა რომ დავამთავრე, ე.წ. პრავა ანუ იმდროინდელი მართვის მოწმობა უკვე მქონდა, მაგრამ მამაჩემი თავის "ჟიგულზე" მაინც არ მსვამდა, ამიტომ, პრაქტიკა ჩემი მეგობრების მანქანებზე გავიარე..."

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:

"კარგი მძღოლი ვარ და ამ საკითხში ბევრ მამაკაცს გავუწევ კონკურენციას. მართალია, ისინი ფიქრობენ, რომ ქალი საჭესთან საშიშია, ჩვენ მანქანის ტარება არ გვეხერხება, მაგრამ ცუდი მძღოლი შეიძლება იყოს ქალიც და მამაკაციც. გამოგიტყდებით, საჭესთან ყოველთვის სიმშვიდეს ვერ ვინარჩუნებ - წონასწორობას ვკარგავ, როდესაც ვიღაც ავტომანქანას უწესრიგოდ ატარებს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე