"მათი სახლი ისეთ ადგილას არის, რომ ახლომახლო არავინ ცხოვრობს" - ცნობილია, სად დააკავეს ბადრი ესებუა (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"მათი სახლი ისეთ ადგილას არის, რომ ახლომახლო არავინ ცხოვრობს" - ცნობილია, სად დააკავეს ბადრი ესებუა (ექსკლუზივი)

ჩვენი ინფორმაციით, ბადრი ესებუას დაკავება სოფელ ჯიხაშკარში, მისი ნათესავების სახლში მოხდა. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ბადრი ესებუა ჯიქიების სახლში იმალებოდა. სწორედ იქ დაადგა თავს მას წუხელ პოლიცია და ჩატარდა სპეცოპერაცია. ამ დრომდე პოლიციაში იმყოფებიან ჯიქიებიც, შესაძლოა, მათ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის ბრალიც წაუყენონ.

"გვეჯე" (ომია) ჯიქიას სახლში აიყვანეს ბადრი ესებუა. მისი ცოტა შორეული ნათესავია, როგორც ვიცი. საღამოს ჩატარდა ეს სპეცორაცია. მათთან რამდენი ხანი იყო, ჯერჯერობით ეს არ ვიცი. როგორც მითხრეს, დაკავებულია თვითონ ომია და მისი ცოლიც. ისინი წუხელვე წაიყვანეს პოლიციაში და ამბობენ, შეუტყობინებლობას ედავებიანო. ომია გლეხი, პატიოსანი კაცია. შვილი ავადმყოფი ჰყავს, მისი ქალიშვილიც ჩვენს სოფელშია გათხოვილი. მათი სახლი ცოტა მოშორებითაა, ისეთ ადგილას არის, რომ ახლომახლო არავინ ცხოვრობს, განმარტოებული ადგილია. არის მყუდრო ადგილი. იმასაც ამბობენ, ეს ამბავი ნათესავებიდან გასკდაო, ვიღაცამ ეტყობა, აცნობა პოლიციას. ნათქვამია, ციხე შიგნიდან ტყდებაო და, ალბათ, ეს იყო. მეტი დეტალი არ ვიცი. ეს ცოლ-ქმარი ასაკოვნები არიან, 70 წელს გადაცილებულები",- გვითხრა ადგილობრივმა.

08022023-1138-1675841934.33_REC.png

ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, წაუყენეს თუ არა ოფიციალურად ბრალი ამ ადამიანებს. ესებუას დაკავებაზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა და კადრებიც გაავრცელა. უწყება ამბობს, რომ სამძებრო ღონისძიებები ერთობლივად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ, ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ჩაატარა.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ. ე. სამეგრელოში დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა. დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ამბობენ უწყებაში.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. მას შემდეგ სამართალდამცავები ეძებდნენ.

ასევე ნახეთ: ბადრი ესებუას დაკავების კადრები გავრცელდა

(სპეციალურად საიტისთვის)

თეა ხურცილავა