"არ არის იოლი უცხო ქვეყანაში გათხოვება. თავიდან, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, სად მოვხვდი-მეთქი"
მაია წიკლაური თურქეთში, ქალაქ კარამურსელში ცხოვრობს და წლებია, იქ მცხოვრებ ქართველებს ქართული დამწერლობისა და ენის უკეთ შესწავლაში ეხმარება. 1921 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების კრებულები სახელწოდებით: „არ დამეკარგო“ და „მე დავბრუნდები“. ლექსებს ბავშვობიდან წერს, თუმცა პანდემიამდე ბევრმა არავინ იცოდა ამის შესახებ. პოეტური ნიჭი და პოეზიის სიყვარული ოჯახიდან დაჰყვა - მისი პაპა, ბეწინა წიკლაური სახელგანთქმული მელექსე იყო.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ზოგჯერ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ იცვლება მდგომარეობა. შენ კი ცდილობ, განვითარდე და ფეხი აუწყო ყოველდღიურობას, მაგრამ საბოლოოდ ბევრს ვერაფერს ცვლი. იმ პერიოდში ჯიხურში ვმუშაობდი 12-13 საათის განმავლობაში, იძულებული ვიყავი. დედა ხელფასს თვეობით ვერ იღებდა, ჩემი ძმა სტუდენტი იყო, მე მეცნიერებათა აკადემიაში კუპონებს მაძლევდნენ... ყოველდღიური საჭიროებისთვის ვმუშაობდი მეცნიერი ქალი. ჯიხურში ისე ციოდა, ზოგჯერ სიმწრისგან ვტიროდი. 1995 წელს წამოვედი საქართველოდან..."
"პაპა, ბეწინა წიკლაური განთქმული მელექსე იყო. 12 წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა. ძალიან თბილი და კარგი ადამიანი იყო. ხშირად ვაკითხებდი ლექსებს და ვცდილობდი ჩამეწერა. წერა-კითხვა სიპის ქვაზე უსწავლია. უფროსმა ძმამ, გრანჯამ თურმე, სიპის ფირფიტაზე დანის წვერით ამოუკაწრა ასოები. როგორც იხსენებდნენ, სულმოუთქმელად კითხულობდა ყველაფერს, რასაც მოიხელთებდა..."
"არ არის იოლი უცხო ქვეყანაში გათხოვება. თავიდან, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, სად მოვხვდი-მეთქი და სულ გამოქცევაზე ვიყავი. ამიტომაც ბევრ საქმეს მოვეჭიდე ერთდროულად.აქ რომ ჩამოვედი, გოგონებს მხოლოდ მეხუთე კლასის ჩათვლით ჰქონდათ სწავლის უფლება, შემდეგ ბავშვები მუსლიმანურ კერძო წრეებში შეჰყავდათ. დღესაც ბევრი ქალია, ვინც წერა-კითხვა არ იცის. კიდევ კარგი, სიტუაცია 1999 წლის მიწისძვრის შემდეგ შეიცვალა. შემოიღეს 12-კლასიანი სავალდებულო სწავლება და ვინც შვილს სკოლას არ დაამთავრებინებს, საციხედ გაუხდება საქმე.მალევე შევისწავლე თურქული და სკოლაში ქიმიის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.
ნინო ჯავახიშვილი