"იყო პერიოდი, მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობები რუსთაველის თეატრში არ შემოდიოდნენ და - პირიქით. სერგო ზაქარიაძე იყო ჩვენი დირექტორი და მან ჩაიფიქრა, უნდა შევაერთო ეს თეატრებიო"
2023 წლის 7 თებერვალს ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს და საქართველოს სახალხო არტისტს, ბატონ ჯემალ ღაღანიძეს გამოვემშვიდობეთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. მართლაც დიდი მსახიობი იყო და დიდი ადამიანი, გამორჩეულად საყვარელი, თბილი, მუდამ კეთილგანწყობილი და - შესანიშნავი იუმორით.
ისე მოხდა, რომ ბატონ ჯემალთან ინტერვიუ არასდროს ჩამიწერია – არც საქართველოს რადიოში მუშაობის პერიოდში და არც "პალიტრა მედიაში" მუშაობისას, მხოლოდ რადიოს ლიტერატურულ სტუდიაში ვხვდებოდი ხოლმე, ჩაწერაზე როდესაც მოჰყავდათ. საკმაოდ გვიან გავიგე, რომ ჩემი ბიძაშვილის ნათლია ყოფილა, ისიც 5-6 წლის წინ, ზუგდიდში.
რუსთაველის თეატრის ზუგდიდის გასტროლი სპექტაკლ "მოხუცი ჯამბაზებით" და ბატონ ჯემალთან და ბატონ კახი კავსაძესთან ორდღიანი ურთიერთობა მართლაც დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა (სხვათა შორის, ამ სპექტაკლით საქართველოს მასშტაბით თეატრი პირველად იმყოფებოდა გასტროლზე და ეს რუსთაველის თეატრის დირექტორის, ბატონ გია თევზაძისა და გენიალური რობერტ სტურუას საჩუქარი იყო ზუგდიდელებისთვის, გასტროლის ინიციატორ-ორგანიზატორი კი არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ უნივერსალის" დირექტორი, ზუგდიდელი ხატია ჯანაშია იყო).
ორი დღე დავყავი ბატონ ჯემალთან და ბატონ კახისთან ერთად და გარდა წარმოდგენისა, მართლაც სულ ერთად ვიყავით - ხან მანქანით ვმგზავრობდით ზუგდიდის ქუჩებში, ერთხელ ფეხითაც გავისეირნეთ, დადიანების მუზეუმშიც გახლდით, ღვთისმშობლის კვართიც მოვილოცეთ, ხატია ჯანაშიას ოჯახმა შინაც მიგვიპატიჟა. განსაკუთრებული მხიარულებით სწორედ იქ სტუმრობა გამოირჩეოდა. ყოველი წუთი დაუვიწყარი იყო, ერთი სიამოვნება კი არტისტების სიყვარულით სავსე კვიმატი შესიტყვება გახლდათ - ორი დღის განმავლობაში სულ ერთი და იგივე მეორდებოდა, მაგრამ განსაკუთრებული "სიმწვავით" ჯანაშიების ოჯახში იჩინა თავი: ბატონი ჯემალი იწყებდა თუ არა ლაპარაკს, მოულოდნელად დასჭექდა ხოლმე მის გვერდით მჯდომი ბატონი კახი, შეახტუნებდა შეშინებულ ბატონ ჯემალს სკამზე და იწყებდა ამბის მოყოლას. ბატონი ჯემალი მშვიდად უსაყვედურებდა: ლაპარაკი რომ მოგინდება, ეგრე ნუ დაიყვირებ, გული მისკდებაო. - აღარ შემიძლია ამის აღზრდა-განათლებაო! - ერთი ტონით აამაღლებდა ხმას ბატონი კახი.
მათთან ურთიერთობისას საინტერესო ამბების ზღვა დამიგროვდა. თავად ბატონი ჯემალიც ბევრ ამბავს მიყვებოდა და სწორედ ეს ამბები ვაქციე სტატიად. მახსოვს მაშინ მითხრა, ჩემი სოფელი - ღანირი იმერეთში, სამტრედიის რაიონშია და სამეგრელოს მდინარე ცხენისწყალი ჰყოფს. ერთი დაჯდომა მინდა ბორანზე და... მაშინვე სამეგრელოში ვიქნებიო; მაშინ გავიგე, რომ ბატონი კახი ორპირს გაურბოდა. მანქანაშიც ხშირად ვხურავდით ფანჯარას, მისთვის რომ არ დაებერა. ბატონი ჯემალი ხმადაბლა და ოსტატურად გაკენწლავდა ხოლმე, რასაც ბატონი კახის რიხიანი შეპასუხება მოსდევდა და ასე გრძელდებოდა, უსასრულოდ. მახსოვს, დაბერვაზე ბატონმა ჯემალმა საქართველოს სახალხო არტისტი, აწ განსვენებული გურამ საღარაძეც გაიხსენა, - გურამი გვაკეტინებდა ხოლმე ფანჯარას. პატარა სიოც რომ შემოსულიყო, ვერ იტანდა. საწყალი, რომ გარდაიცვალა და სამძიმარზე მივედი, საყინულეში ჩაწოლილი რომ ვნახე, გავგიჟდი, - კაცო, ეს გურამია-მეთქი? ეგრე როგორ იქნებ-თქო... ეეჰო... - დანანებით დააყოლა და უცებ სხვა ამბავი გაახსენდა, რასაც კიდევ სხვა მოჰყვა და ასე დამიგროვდა ბატონი ჯემალის ამბების კრიალოსანი...
(ასევე დაგაინტერესებთ: "წავიდა უკანასკნელი "ჯამბაზი"... - როგორ ემშვიდობებიან კოლეგები ჯემალ ღაღანიძეს...)
ინსპექტორი და არტისტები
- ის პერიოდია, "ვოლგა" რომ მყავდა და გზებზე ინსპექტორები მოტოციკლეტებითა და ჭრელი ჯოხებით იდგნენ. იმხანად სახალხო არტისტებს აგარაკები მოგვცეს წეროვანში. მახსოვს, ერთ დილას მე და ჩემი მეუღლე მანქანით მივდივართ და ბუჩქებიდან ინსპექტორმა ჭრელი ჯოხი გადმომიყო. ვიცი, უნდა გავჩერდე და ისიც ვიცი, რომ დამინახავს, მიცნობს და მაშინვე გამიშვებს. გავჩერდი, მანქანიდან გადმოვედი და, - ჩემს ბედს რა ვუთხრაო, - დაიწყო ინსპექტორმა. - დღეს სულ შენისთანები მხვდებიანო. - ვინ შეგხვდა ჩემისთანა-მეთქი? - ვკითხე. - კაცო, 5 წუთის წინ ბორის წიფურიამ ჩაიარა, 5 წუთის შემდეგ ედიშერ მაღალაშვილმა აიარა, ახლა შენ მოდიხარო... ვუთხარი: 5 წუთს კიდევ თუ მოიცდი, გურამ საღარაძესაც ნახავ, მომდევს უკან-მეთქი. - რა ხდება, კი მაგრამო? - ჩვენი აგარაკებია აქ და კიდევ ბევრი აივლის და ჩაივლის-მეთქი... - აუჰ, ეს სად დავმდგარვარო! - შეიცხადა კაცმა...
"გაზ 24", ტრაილერი და ცელოფნები
- ერთხელ ძლივს გადავურჩით სიკვდილს. კახის "გაზ 24" ჰყავდა, "ვოლგა" და მე, გურამ საღარაძე და კახი მანქანებით წავედით კიევში. კახის ქალბატონი ბელა და ბავშვებიც მოჰყავდა - ნანუკა და ირაკლი. ერთ ხიდთან მანქანა იყო გაჩერებული და ჩვენც მის უკან გავჩერდით. უცებ უკნიდან რაღაც დიდი ძალით დაგვეჯახა და წინა მანქანას მიგვყარა. დიდმა "ტრაილერმა" ვერ დაამუხრუჭა თუ საჭე ვერ დაიმორჩილა და კახის მანქანაში ჩადო მარჯვენა საბურავი - ჯერ საბარგულს გადაუარა და მერე სახურავი დაჭეჭყა. ბავშვები ძლივს გამოვიყვანეთ. ბედად, სამივე მანქანა ამუშავდა. ცელოფანები ავაკარით და ოდესისკენ წავედით, მანქანები გემზე რომ აგვეყვანა. გზაში დავიტანჯეთ, ყველა ინტერესდებოდა, რა მოგივიდათო. ბოლოს გამოსავალი მოვიფიქრე: მანქანებს რუსული წარწერები გავუკეთეთ: "სიომოჩნაია გრუპა" და ასე ამოვისუნთქეთ...
ზუგდიდის ძველი გასტროლი
- ზუგდიდში გასტროლით პირველად, დაახლოებით, 40 წლის წინ ჩამოვედით მე და კახი, მახსოვს, ქალაქის ცენტრში, სტადიონი რომ იყო, ბატონმა აკაკი ხორავამ იქ ითამაშა "ოიდიპოს მეფე"... ასეა, ბებრებთან გაქვთ საქმე, ბებრებთან... ბედნიერია ადამიანი, ვისაც, თუნდაც, რობერტ სტურუას "კავკასიური ცარცის წრე უნახავს"! 30 წლის წინ ვითამაშეთ ზუგდიდში. მას შემდეგ ამ სპექტაკლით 30 ქვეყანა მოვიარეთ. ეს სპექტაკლი 650-ჯერ არის ნათამაშები და გჯერათ, რომ ერთხელაც არ მინახავს?
თეატრალური განხრით, მართლაც, კარგი ცხოვრება გავატარეთ მეც და კახიმაც.

ზუგდიდური ახლანდელი გასტროლით კი ძალიან კმაყოფილი ვარ. ხატია ჯანაშიამ მაგარი საქმე გააკეთა. ამ პერიოდში, შვილო, მაგაზე რთული არაფერია, ასეთი ღონისძიება დაგეგმო და გააკეთო. ზუგდიდს კი ისეთი მაყურებელი ჰყავს, გაგიჟდები კაცი.
მაყურებელი
- მაყურებელზე გამახსენდა: თბილისში "ბახტრიონს" ვთამაშობდით და მე საზიზღარ წიწოლას ვასახიერებდი. ერთი ეპიზოდია, სამეული ვართ - ლელა, ანდარეზი და ჩემი პერსონაჟი - ბოროტი, ცუდი კაცი. ანდარეზი ეუბნება ლელას: "იქ მთვარე ჩადის"... ლელამ უნდა უთხრას: "ისევ ამოვალს!" სამჯერ იმეორებენ. მე ბუჩქებში ვარ, თვალყურს ვადევნებ და სამჯერვე უნდა ვუთხრა: "თქვენთვის აღარა!" მესამედ რომ გავიმეორე ჩემი ფრაზა, პარტერიდან ვიღაცამ დაიძახა: თავი დაანებე, რა, კაცი არა ხარო?! რას არ მოისმენ ადამიანი!
ჯემალი, კახი და სმენის აპარატი
- კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით, უსიამოვნო კი არის, მაგრამ - მაინც: ერთხანს კახის ცუდად წაუვიდა საქმე - დაყრუვდა, რა. "მოხუც ჯამბაზებში" გრიმს ერთად ვიკეთებთ ხოლმე. ერთად ვსხედვართ, გვერდიგვერდ. გავიხედე და, ამოიღო პატარა ყუთი, გახსნა, იმ ყუთიდანაც ბრინჯისხელა ორი რაღაც ამოიღო და ორივე ყურში გაიკეთა. მივხვდი, სმენის აპარატი რომ იყო, მაგრამ არაფერი მითქვამს. სამ წუთში მომიბრუნდა და, - რა მითხარიო? - მეკითხება, არადა, ხმა არ ამომიღია. - არაფერი მითქვამს, კახი-მეთქი, - ვუპასუხე და გრიმის კეთება განვაგრძეთ. 3 წუთში ისევ მეკითხება: რა მითხარიო? - არაფერი მითქვამს, კაცო, დამანებე თავი-მეთქი, - ვუპასუხე. მესამედაც იგივე რომ მკითხა, ვეღარ მოვითმინე და, - ალბათ, გუშინდელი ჩანაწერია და იმას უსმენ-მეთქი! არაფერი მიპასუხა. როგორც ახლა არ იღებს ხმას და არც კი იღიმის ჩვენს სიცილზე, მაშინაც ასე დუმდა...

რუსთაველელები და მარჯანიშვილელები
იყო პერიოდი, მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობები რუსთაველის თეატრში არ შემოდიოდნენ და - პირიქით. მაგალითად, აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე მარჯანიშვილის თეატრში არ შედიოდნენ. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს, იცით? ეროსი მანჯგალაძისა და რამაზ ჩხიკვაძის თაობა რომ წამოვიდა, ნელ-ნელა, მაშინ აღდგა ხიდი. სერგო ზაქარიაძე იყო ჩვენი დირექტორი და მან ჩაიფიქრა, უნდა შევაერთო ეს თეატრებიო. მერე და მერე, მართლაც ხან ჩვენ ვთამაშობდით მათთან ერთად, ხან ისინი - ჩვენთან. მახსოვს, რუსთაველის თეატრში რეჟისორმა დოდო ალექსიძემ დადგა "ჰამლეტი" და ჰამლეტს ბიჭიკო ჩხეიძე თამაშობდა. მარჯანიშვილელებიდან არავინ მოვიდა სპექტაკლზე. პარტერიდან სცენაზე შესასვლელში პატარა სარკმელია. ანტრაქტის დროს დოდო ალექსიძე იყურებოდა იქიდან და შენიშნა, პიერ კობახიძე, პარტერიდან რომ ამოდიოდა. მაშინვე ჰკითხა: პიერ, ბევრი მტერი მყავს დარბაზშიო? - არა, დოდო, როგორ გეკადრება, მტერი შენ სცენაზე გყავსო...
(ასევე დაგაინტერესებთ: "თეატრალურში ერთ კურსზე ექვსი მომავალი ვარსკვლავი ვსწავლობდით... მახსოვს, როგორები იყვნენ შეყვარებული თენგიზ არჩვაძე და მისი არაჩვეულებრივი მომავალი მეუღლე")
თაობები
- ჩვენი თაობიდან ვინღა დავრჩით - მე, კახი, ზაზა ლებანიძე და სოსო ლაღიძე. ფაქტობრივად, ჩავკეტეთ ის თაობა. ცვლა, რა თქმა უნდა, მტკივნეულიც არის და შესამჩნევიც, მაგრამ... ტრადიციას მაინც ინარჩუნებს თეატრი. რამდენი თაობა გამოიცვალა მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებმა, აქ რეჟისორსაც ვგულისხმობ და მსახიობსაც, მაგრამ სტილისტიკა დღესაც ერთმანეთისგან განსხვავებული აქვთ. ორივეს დიდი, მაგრამ სრულიად განსხვავებული რეჟისორები ჰყავს - თემურ ჩხეიძე და რობერტ სტურუა. თაობის ცვლამ არ უნდა შეცვალოს ტრადიციები და სტილი. მაგალითად, როგორ გავხდით რუსთაველელები მე და კახი, ვერც კი მივხვდით. დაახლოებით ისე, რა მაგალითიც მოიყვანა ჩვენმა აქაურმა მასპიძელმა, ბატონმა ჯემალ ჯანაშიამ. მან ბრძანა: უწინ ფოსტას ცხენებშებმული დილიჟანით დაატარებდნენ. დილიჟანს უკან ყოველთვის კვიცი მიჰყვებოდა - გარედან აბამდნენ, გზა და ფოსტის ცხენის სამუშაო რომ ესწავლა (მეც მინახავს ჩემს სოფელში). კვიცი რომ გაიზრდებოდა და ცხენის ადგილს დაიკავებდა, იმ მოხუც ცხენს მაინც გააყოლებდნენ ხოლმე, ოღონდ ზედ არ აბამდნენ... არ შეიძლება, წინაპრებს ხაზი გადავუსვათ, თორემ ვერაფერს გავიგებთ და გადავიჩეხებით ისევე, როგორც უპატრონო რემა გადაიჩეხებაო. ჩვენც ნელ-ნელა შევერწყეთ თეატრს, უფროს თაობასთან საუბრებით, თამაშით. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვაჩინეთ, რომ, თურმე, მათი ტრადიციები გადმოგვეცა და ჩვენ ვართ ამ თეატრის სტილი.
პ.ს. აქ ნახსენები "თაობელებიდან", სამწუხაროდ, აღარც კახი კავსაძეა, აღარც სოსო ლაღიძე, აღარც ზაზა ლებანიძე, აღარც თემურ ჩხეიძე და უკვე აღარც... ჯემალ ღაღანიძე - იქაურ "თეატრალურ დასს" ბატონი ჯემალი შეავსებს და მჯერა, თითოეულ მათგანს თავისი კაცობით, ქალობით, ადამიანობით, ღვაწლით, უფალი საუკეთესო ადგილს მიუჩენს მარადიულ სასუფეველში, სადაც მართალნი განისვენებენ. დარწმუნებული ვარ, იქ დიდი ადამიანების დიდი თეატრი იქნება, სადაც ყველას მთავარი როლი ერგება, სამადლობლად და აპლოდისმენტებად კი აქედან ჩვენ არ მოვაკლებთ სანთელსა და ლოცვას! მშვიდობით და შეხვედრამდე, ბატონო ჯემალ!
ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
ასევე დაგაინტესებთ: "ვერელი სვოი ბიჭები" - გივი ბერიკაშვილის უცნობი ფოტოები მიხეილ ზაქარიაშვილის არქივიდან