"მმართველმა გუნდმა იცის, რომ სააკაშვილი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, არც ჯანმრთელი და არც მომაკვდავი, არც საქართველოში მყოფი და არც უცხოეთში გაშვებული"
„ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა“, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა. ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, „ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება“. ამასთან პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება. „ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ აუღიარებელი, მოუნანიებელი დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ - რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და, მაშასადამე, მისი ევროპული შანსების“, - დასძენს ზურაბიშვილი. მართლა წარმოადგენს თუ არა სააკაშვილი საფრთხეს ხელისუფლებისა და ქვეყნისათვის და არსებობს თუ არა გამოსავალი არსებულ მოცემულობაში, ამის შესახებ პოლიტიკური მიმომხილველები, გიორგი კობერიძე და ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრებიან.
გიორგი კობერიძე:
- სააკაშვილის საქმეს აქვს ორი მხარე - სამართლებრივი და პოლიტიკური. რადგან საზოგადოების ნაწილში არსებობს განცდა, რომ ეს საქმე პოლიტიკური უფროა, ვიდრე - სამართლებრივი, ხელისუფლების მხრიდანაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება, რომელსაც ხშირად ანგარიშსწორების შინაარსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დამნაშავე მართლაც იყოს. ზოგადად, სამართალი მაშინ არის უზენაესი, როდესაც შერჩევითი არ არის. როდესაც სამართალი სააკაშვილის მიმართ მკაცრია, მაგრამ მკვლელების მიმართ ლმობიერებას იჩენს და, რიგ შემთხვევებში, შეწყალებით ათავისუფლებენ, აქ რა სამართლიანობაზე უნდა ვისაუბროთ?
- როგორ წარმოგიდგენიათ, სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება რა როლს ითამაშებს პროცესების განვითარებაზე?
- ქვეყნის შიგნით ისედაც დიდი პოლარიზებაა და ეს ისევ ასე დარჩება. ამ მოცემულობას ვერც სააკაშვილის გათავისუფლება შეცვლიდა. ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთთან ლაპარაკის სურვილი, უბრალოდ, არ აქვთ. ზოგადად, ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა არ არსებობს. სააკაშვილი გამოუშვან კი არა, რაც უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, დღეს არსებულ პოლიტიკურ ელიტებს შორის ურთიერთობები ვერ დალაგდება. სააკაშვილის გათავისუფლებას ერთადერთი დადებითი შედეგი შეიძლება ის მოჰყოლოდა, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით აგვეცილებინა თავიდან კიდევ ერთი დიდი უსიამოვნება. ქვეყნისთვის რეპუტაციული ზიანია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ დღეშია, ამასთან, სააკაშვილის ფაქტორი ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს დასავლელი პარტნიორებისა და ომში მყოფი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების რჩევებისა და მოწოდებების მიმართ. ეს ნამდვილად არ არის სახარბიელო ჩვენი ქვეყნისთვის.
ვახტანგ ძაბირაძე:
- ზოგადად, სააკაშვილის საკითხის მოგვარება რთულია, თუ - შეუძლებელი არა. ამის მიზეზი კი არის, რომ ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ის სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა, სააკაშვილის საქმე არის სამართლებრივი საკითხი და ამიტომ უარს ამბობს რამე გადაწყვეტილების მიღებაზე. „ოცნება“ ფიქრობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. ამიტომ ურჩევნია, სტრასბურგმა მიიღოს რამე გადაწყვეტილება, თავად კი პასუხისმგებლობისგან თავისუფალი იყოს. მეორეს მხრივ, მმართველმა გუნდმა იცის, რომ სააკაშვილი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, არც ჯანმრთელი და არც მომაკვდავი, არც საქართველოში მყოფი და არც უცხოეთში გაშვებული. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმ აქციის მონაწილეების რაოდენობით, რომლებიც სასამართლო პროცესის შემდეგ შეიკრიბნენ სასამართლოს შენობასთან. სულ ტყუილად ჰგონია სალომე ზურაბიშვილსაც და დასავლელ პარტნიორებსაც, რომ სააკაშვილი საფრთხეს წარმოადგენს. ეს მითი იმავე წუთში დაიმსხვრა, რა წამსაც საქართველოს მიწაზე დაადგა ფეხი. საზღვარგარეთ გაუშვას კი არა, სულ „ნაციონალების“ ოფისში რომ მიიყვანონ და დასვან, ის მაინც ვეღარ შეძლებს საპროტესტო ტალღის აგორებას. მოსახლეობის 2/3-ს არ უნდა სააკაშვილი. ეს განაჩენია, პოლიტიკური ლიდერისთვის.
- თუ სააკაშვილი არანაირი თვალსაზრისით არ წარმოადგენს საფრთხეს მმართველი გუნდისთვის, მაშინ რატომ არ ითვალისწინებს ევროპარლამენტარების და ომში მყოფი უკრაინელი პრეზიდენტის მოწოდებას, ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების შესახებ?
- სჭირდება და - იმიტომ. არ უნდა, რომ ოპოზიცია ყალბი ორიენტირებისგან გათავისუფლდეს. დააკვირდით, უკვე წელიწადზე მეტია, ოპოზიცია სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს, ყველა სხვა თემა გვერდზე აქვთ მიყრილი - პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც. თქვენ რომ იყოთ „ქართულ ოცნებაში“ და ქვეყანას მხოლოდ პირადი ინტერესებით მართავდეთ, გაუშვებდით სააკაშვილს ხელიდან?! მხოლოდ ორ ვარიანტში შეიძლება ექსპრეზიდენტის გათავისუფლება - პირველი, თუ დასავლელი პარტნიორებისგან (ოღონდ ევროპარლამენტიდან კი არა, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან) იქნება ზეწოლა და მეორე, თუ ლეტალური შედეგის საფრთხე რეალურად დადგება. სხვა შემთხვევაში, გამორიცხულია. სალომე ზურაბიშვილმა სწორად თქვა, მას არ აქვს სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობა. ვერ შეიწყალებს პირს, რომელზეც საქმის წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
- ოპოზიცია რატომ ვერ ხვდება, რომ ყალბი ორიენტირებისგან უნდა გათავისუფლდეს?
- იმიტომ რომ ოპოზიციაში წამყვანი ძალა იყო „ნაციონალური მოძრაობა“, მედიაც მათ ხელში იყო. შესაბამისად, დანარჩენი ოპოზიცია ეწყობოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგზე. თან მართლა ჰქონდათ განცდა, რომ „ნაციონალები“ რაღაც სასწაულს მოახდენდნენ. მეორე ვარიანტიცაა, არიან წვრილ-წვრილი პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაზე" არიან ჩამოკიდებულები. ივანიშვილი საკმაოდ რთულ თამაშს ეთამაშება ოპოზიციას და ყველა მოსახვევში უგებს.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე