"ორი უმძიმესი შემთხვევაა და აბსოლუტურად ვერაფერი გავიგეთ" - რას ამბობს საქართველოს ელჩი თურქეთში დაკარგულ ორ ქართველზე, რომელიც ამ დრომდე ვერ იპოვეს
საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჯერჯერობით, საქართველოს 3 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ დასტურდება ინფორმაცია. ამის შესახებ დიპლომატმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ ისაუბრა.
"სამწუხაროდ, კიდევ ერთი მოქალაქე დაგვეღუპა. ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ ოჯახისგან, პირადად ვესაუბრე დაღუპულის დას. ჯერჯერობით 3 ადამიანია გარდაცვლილი. სამივე შემთხვევაში დასტური გვაქვს ოჯახებისგან“, - განაცხადა ელჩმა.
როგორც მან აღნიშნა, 2 მოქალაქის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
"გუშინ 6 პიროვნება იყო დაკარგული, 4 ვიპოვეთ. ორი უმძიმესი შემთხვევაა და დრომდე აბსოლუტურად ვერაფერი გავიგეთ. როგორც თურქები და ქართველები გვეუბნებიან, სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ჯანჯღავამ.
ელჩი ასევე განმარტავს, რომ ერთ-ერთი მოქალაქე დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა იპოვეს.
"რაც შეეხება დაკარგულ მოქალაქეებს, მეზღვაურია ქ. ქ. დაკარგულად იყო გამოცხადებული და ერთ-ერთ სასტუმროსთან მივაკვლიეთ, ის ცოცხალია და ჯანმრთელად არის“, - განაცხადა ჯანჯღავამ.
ამასთან, მისივე განმარტებით, არის ადამიანების მიწისძვრის ზონიდან გამოყვანის ძალიან დიდი პრობლემა, ვინაიდან, გზები ჩახერგილია და ადგილზე შესვლა მხოლოდ სამაშველო ბრიგადებს და ჰუმანიტარული მიზნით შეუძლიათ.
"ინტერპრესნიუსი"