"მარტოხელა დედა ქუჩაში დარჩა და მისმა 8 წლის ბავშვმა ლაპარაკი შეწყვიტა, შიშისა და ნერვიულობის ნიადაგზე" - ქართველი ლტოლვილების უმძიმესი ყოფა საფრანგეთში - კვირის პალიტრა

"მარტოხელა დედა ქუჩაში დარჩა და მისმა 8 წლის ბავშვმა ლაპარაკი შეწყვიტა, შიშისა და ნერვიულობის ნიადაგზე" - ქართველი ლტოლვილების უმძიმესი ყოფა საფრანგეთში

ცოტა ხნის წინ მომღერალი სოფო ბასილაშვილი ქართველ ემიგრანტთა უმძიმეს ყოფას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საფრანგეთიდან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა:

"როგორც გინდათ, ისე გაიგეთ... თუ ჯანმრთელობის პრობლემა არ გაქვთ და მართლა არავინ გკლავთ საქართველოში, აქ კარვებში ცხოვრებას და აქ წამებას, დამიჯერეთ, ყველამ საქართველოში გაშალეთ კარვები, მთავრობის სახლთან და მოთხოვნები წაუყენეთ, იქნებ, რამე შეიცვალოს... მანდ ქუჩაში ცხოვრება ჯობია, დამიჯერეთ... ძალიან ძალიან ცუდი სიტუაციაა.. მაქსიმუმ 8-10 თვე გაიტანოთ თავი, ისიც - წვალებით და მერე მაინც იმას გეტყვიან, ქვეყანა დატოვეო...

სამსახურები რამდენად არ არის უსაბუთოებზე და ენის არმცოდნეზე, ეგეც უნდა იცოდეთ...

ვწუხვარ და ეს მაწერინებს ამ სტატუსს, ბავშვებით ქუჩაში არიან, ამ სიცივეში...

ძალიან დამძიმებულია მდგომარეობა და კიდევ უფრო რთულდება, რაც დრო გადის... კარგად გაიაზრეთ, სად მოდიხართ, კარგად მოუსმინეთ ყველას... აღარ არის ის მდგომარეობა, რასაც ზოგი ამბობს - 2-3-5-8-10 წლის ჩამოსულები.

ქალაქი რენე... თითქმის ყველა ქალაქშია კარვების ბუმი...“

ამ საკითხზე სტრასბურგიდან "კვირის პალიტრასთან" ვრცლად ისაუბრა ვერსალის უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის - CNRS-ის ასოცირებულმა წევრმა დიანა ჭანკოტაძემ:

- აქ სხვადასხვა ქართული ასოციაციაა, რომლებიც ჩამოსულებს ეხმარებიან, მათგან ვიცი და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლებში ჩამოსული ქართველების რიცხვი გაათმაგდა...

რამდენიმე ადამიანი, რომელიც შორიდან მიცნობდა, სოციალური ქსელის მეშვეობით დამიკავშირდა და მთხოვა, ინფორმაცია მიმეწოდებინა, თუ როგორი სიტუაციაა... მათ ავუხსენი, რომ ურთულესი მდგომარეობაა, ხალხი ქუჩაში რჩება, საცხოვრებელი არ აქვთ - ბავშვები, ორსული ქართველი ქალები გვინახავს ღია ცის ქვეშ (ეს ასოციაცია, ასევე, გვატყობინებს, რომ აქ კარვებში არიან ქართველები - ორსულები, ბავშვები და თუ შეგიძლიათ, ცხელი საკვები, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეთო...). მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სურათი აღვუწერე, მათგან პასუხად მივიღე, რომ ყველაფერს გავუძლებთ, ოღონდაც აქედან წამოვიდეთ, ამ ქვეყანას მოვშორდეთო... მზად ვართ, ქუჩაში, სიცივეში, ყინვაში ყოფნას, შიმშილს გავუძლოთ, ოღონდაც ჩამოვიდეთო.

ჩემამდეც იცოდნენ, რა რთული სიტუაციაა, რადგან დღეს სოციალურ ქსელში უამრავი ჯგუფია და ქართველები ერთმანეთს სიმართლეს აღარ უმალავენ. ჩვენც ვწერთ, რომ გავაფრთხილოთ ხალხი და აღარავისთვის უცხო არ არის, რა მძიმე ყოფაც ელოდებათ: ქუჩაში რჩები ზოგჯერ ხუთი-ექვსი თვე ან მეტი. გააჩნია, ვის როგორ გაუმართლებს, როგორი პერიოდი დაემთხვევა. ხალხი მზად არის, რომ წამოვიდეს, იცის, რაც ელოდება, მაგრამ ყველაფერს შეგუებულია და თავშესაფრის იმედით, მზადაა ყველაფერი აიტანოს... ოთახს რამდენიმე თვის მერე მაინც მისცემენ და დოკუმენტური ნაწილის პროცედურები დაიწყება...

შემდეგ სახელმწიფო პროცედურებს იწყებს და, უმრავლეს შემთხვევაში, უარი გამოაქვთ... ჩამოსულები თავიანთ ისტორიებს წერენ, ადვოკატი აჰყავთ, ხშირ შემთხვევაში, სოციალური მუშაკები ეხმარებიან, აწერინებენ და მერე სასამართლოზე გადიან...

სასამართლო რომ განიხილავს, ქართველების დაახლოებით 99%-ს უარი მისდის.

მას შემდეგ, რაც საქართველოს სათავეში "ქართული ოცნება" მოვიდა, განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დროს (რომელიც აქ ამტკიცებს, რომ ძალიან ძლიერი, განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა ვართ), საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში არის შეყვანილი. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობას არანაირი თავშესაფარი არ ეკუთვნის. არანაირი პრობლემა ქვეყანას არ აქვს, არის ძლიერი ჯანდაცვის სისტემა და ყველა ადამიანის უფლება დაცული. თითქოს, ყველაფერი ისეთ დონეზეა, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში.

აქედან გადეპორტებული ადამიანების რიცხვი მაინც მცირეა, რადგან უარის შემთხვევაში, შეუძლიათ რამდენჯერმე გაასაჩივრონ, რაც წლების განმავლობაში გრძელდება... ბავშვები სკოლაში შედიან, ფრანგულს შესანიშნავად სწავლობენ, ყველა ქართველი ბავშვი კლასში ლიდერი ხდება, წარმატებულები არიან. ჭკუით გატენილი ქართველი ბავშვები ენას მაშინვე ითვისებენ, აქ ცხოვრებას ალღოს უღებენ და, შესაბამისად, ასეთი გამორჩეული ბავშვების გაშვება სკოლებს ძალიან ენანებათ. რაღაც სასწაული პროგრესი აქვთ ქართველ ბავშვებს...

წლების მერე შეიძლება ვინმემ ის საბუთი მიიღოს. მანამდე კი როგორღაც ცხოვრობს, თავს ირჩენს, დახმარებები აქვს, ბინაში ფულს არ იხდის... ეს ყველაფერი იცის ხალხმა და ამიტომ აწყდება ამ ქვეყანას... პირველ ხანებში ქუჩაში ცხოვრება, შიმშილი უკვე ასატანია მათთვის, მოდიან და გაივსო ქართველებით აქაურობა, საფრანგეთში, როგორც მოგახსენეთ, ბოლო წლებში გაათმაგებულია ჩამოსულების რიცხვი.

- სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ პირადად გქონდათ შეხება ქართველთან, რომელიც საქართველოში დაბრუნდა...

- დიახ, აქ მყოფი ქართველი ქალი დამიკავშირდა სოციალური ქსელის მეშვებით და მთხოვა, თარგმანში დავხმარებოდი. მას სასწრაფოდ საქართველოში დაბრუნება სურდა... საფრანგეთში ჩამოვიდა, როგორც მარტოხელა დედა, ქუჩაში დარჩა, უთხრეს, რომ საცხოვრებელი არ გვაქვსო... საჯარო საავადმყოფოს შესასვლელში გაუშვეს, სადღეღამისოა და შეგიძლიათ იქ დაიძინოთო...

ამბობდა, იქაც არ გაგვაჩერეს და გვითხრეს, ახლოს პარკია, წადით და ღამე იქ გაათენეთო. გავედით და იქაც "ბომჟები", მთვრალი კაცები მოვიდნენ, ბავშვები ლამის შიშით გამიგიჟდნენო... ასე წვალობდა, ხან საავადმყოფოს ჰოლში იყო, ხან პარკში, ვერ გაუძლო და სასწრაფოდ საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა... სწორედ იქ სჭირდებოდა ჩემი დახმარება, რომ ვერ აგებინებდა, დაბრუნება რომ სურდა. მე ავუხსენი თანამშრომელს, სასწრაფოდ გამოეშვათ, აღარ შეეძლო ქუჩაში ცხოვრება. ბავშვები იმდენად დაიზაფრნენ, უმცროსმა, 8 წლის ბავშვმა სტრესის, შიშის ნიადაგზე ლაპარაკი შეწყვიტა. ეს გოგო ყველაზე მეტად მაგიტომ იყო გამწარებული...

ასე სწრაფად ვერ გამოუშვეს, რადგან პროცედურებს დრო სჭირდებოდა, შენ თავშესაფარი მოითხოვე, უარს უნდა დაელოდო, ბილეთი რომ აგიღოთ და გაგიშვათო, რაც თვეები იწელებოდა... ვთხოვე, ერთი პატარა ოთახი, რაღაც კუთხე მიეცათ, მაგრამ ვიღაც ცივსისხლიანი ქალი შეგვხვდა და გვითხრა, ეგ ჩემი პრობლემა არ არის, უნდა სცოდნოდა სად მოდიოდა, მე ასეთი რიგში ასეულობით მყავს, როცა დრო მოუვათ და ბინის ვარიანტი გამოჩნდება, გავუშვებთ, მანამდე რაც უნდათ, ის ქნანო... ასეთ საშინელ დღეში აღმოჩნდა და ამ გოგომ შემდეგ მომწერა, ჩემებმა ფული ისესხეს, სასწრაფოდ წამოვედი, ერთი დღეც აღარ მიღირდა მანდ გაჩერებაო... ეს შემთხვევა, დაახლოებით, ორი თვის წინ იყო.

რეალობა ეს არის! ძალიან ცოტაა ისეთი, რომ გაუმართლოს და საბუთი მიიღოს, ისიც, თუ მართლა დაამტკიცებენ, რომ მარტოხელა დედები არიან. ქალების სიკვდილიანობა, ფემიციდი საქართველოში მაღალია და ეს საფრანგეთში იციან, რადგან ეს ქვეყანა ყველა ფაქტს ამოწმებს, ყველა ისტორიას, რომლითაც აქ ადამიანები ბარდებიან... ამჯერად, ფემიციდია პირველი თემა, რომელიც წამოწეულია. თუ ქალი ამტკიცებს, რომ შეიძლება ფემიციდის მსხვერპლი გახდეს საკუთარ ქვეყანაში, ასეთებზე გამიგია, რომ საბუთები მიიღეს. თუმცა, ვიმეორებ, მხოლოდ რეალურად არსებული პრობლემის შემთხვევაში, არ გეგონოთ, რომ ეს გარანტიაა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ცოტა უნდა დააფიქროს საზოგადოება: ხუთი წლის წინ საფრანგეთში თუ იტყოდი, რომ ქართველი იყავი, კარგად მიგიღებდნენ, შემოგხედავდნენ, გაგიღიმებდნენ... საქართველოზე ახსოვდათ რუსეთის ომები, სტალინის ქვეყანა რომ არის, ბოლო წლებში იციან, რომ სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი ანუ ფრანგი პრეზიდენტი გყავთო, რომელიც მაკრონის უახლოესი მეგობარია... ახლა, უცხო საზოგადოებაში ქართველს რომ ახსენებ, მოგერიდებიან. ქართველები ასოცირდებიან მაღაზიის მძარცველ ხალხად.

უკვე სამი შემთხვევა მქონდა, როდესაც პირდაპირ მითხრეს, გაზეთებში ქართველებზე ისეთებს ვკითხულობთ, ისეთები გვესმის, ცოტა უხერხულია თქვა "ქართველი" ისეთი სიამაყით, როგორც თქვენ ამბობთო... ქართველებზე დღეს პირველი, რაც ახსენდებათ, არის ის, რომ მაღაზიებში იპარავენ. საინფორმაციო გამოშვებები ქართველების მიერ მოპარული, მიყენებული ზარალით იწყება... ერთ-ერთ რეგიონში მაღაზიამ კამერებიდან ამოღებული მძარცველი ქართველი ბიჭების ფოტოები გამოაკრა, ქართული სახელები და გვარებიც ზედ ეწერა. ამცნობდნენ, ესენი ქურდები არიან და თუ ვინმეს შეგხვდებათ, იცნობდეთო.

მრცხვენია პირდაპირ ვთქვა, რომ ქართველი ვარ, ვეღარ ვამბობ. სამჯერ მომახალეს, ქართველები ქურდები და მაფიოზები ხართო. ამის იქით ჩვენი სახელი არაფერს წარმოადგენს... ამ დროს, ჩვენ აქ ვწვალობთ, ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენს ქვეყანას სახელი გავუთქვათ, მაგრამ ქართველების კრიმინალი იმდენად დიდია, მედია ამის შესახებ იმდენად ბევრს იუწყება, ჩვენი ტანჯვა-წამებით მიღწეული სახელი, ზღვაში წვეთია... მე უკვე იმის მრცხვენია და მეშინია, ჩემს შვილებსაც იგივე არ უთხრან. უფროსი შვილი უკვე მოზარდია, სულ ვუხსნი, რომ ქართველები გამორჩეული ვართ და ეს წარმოდგენა ერთ წამში არ დაემსხვრეს.

პარიზში გავიცანი ხალხი, ერთ-ერთ ორგანიზაციაში შეკრებაზე და მითხრეს, თქვენი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია საფრანგეთში ქურდების და მაფიოზებისო... ეს იმდენად მტკივა და იმდენად განვიცდი, ცუდად ვხდები.

- რა არის მიზეზი ასეთი გახშირებული კრიმინალის?

- ხალხი საფრანგეთში გამწარებული ჩამოდის, მაქაურ ცხოვრებას გამოქცეული, მზად არიან უსაშველო გაჭირვება გაიარონ, დახმარებები არ ჰყოფნით და იმაზე მიდიან, მაღაზიებში იქურდონ... ადრე მხოლოდ ბიჭები იყვნენ და ახლა ახალგაზრდა ქალებიც არიან კრიმინალში ჩართული. ეს სამარცხვინოც აღარ არის, დაქცევაა, საქართველო რომ იცლება, აქ ჩამოდიან და ვინც რაღაცას ვებღაუჭებით, საქართველოს სახელი გავუთქვათ, ყველაფერს მიწასთან ასწორებენ.

ხალხი იძულებულია, ასე მოიქცეს. აქაც არ ყრია ფული და 1000-ევროიან დახმარებას არ აძლევენ, 200 ევრო კი არაფერში ჰყოფნით... ასე ვართ, წყალწაღებულები და ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე, ქართველს დალხენილი ყოფა არსად აქვს.

ჩვენი პრეზიდენტი რომ ამბობს, საქართველოში უფლებები არაფერზე მაქვსო, საერთაშორისო მასშტაბით ხომ აქვს უფლებები, ჩაერიოს!.. ჩაერიოს იმ მხრივ, რომ ჩამოსულ ქართველებს დასაქმების უფლება მაინც მისცენ. უსაბუთო ლტოლვილებს არ ასაქმებენ, აკრძალული აქვთ სამსახური, შავი სამუშაო საფრანგეთში არ არის და ყველა მეორე ქურდად გადაიქცა. ეს ყველაფერი ქართველების რეპუტაციას ანგრევს!

სალომე ზურაბიშვილი თავის მეგობარს - ემანუელ მაკრონს ამაზე უნდა ესაუბროს - იქნებ, ლტოლვილები ნახევარ განაკვეთზე მაინც დაასაქმონ... პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ იციან, რომ საფრანგეთში დაიბადა და ფრანგია. მათი აზრით, ქართველი კი არა, საქართველოს ფრანგი პრეზიდენტი ჰყავს და თან მაკრონის ძალიან ახლო მეგობარიო... ამიტომაც ვამბობ, რომ იქნებ, გამოგვადგეს ჩვენი პრეზიდენტი ასე, როგორც ფრანგებმა მის შესახებ იციან...

ეს დიდი თხოვნა მექნება მასთან - იზრუნოს თავის სამშობლო საფრანგეთში ჩასულ ლტოლვილ ქართველებზე.

ქალი, კაცი - ყველა იძულებულია, საჭმელი მაღაზიებიდან მოიპაროს... ჩვენი ქვეყნის მომავალზე როგორ მოქმედებს ასეთი სახელი?!

იყო შემთხვევა, როდესაც ქართველი კაცი წერდა, მაღაზიაში მოპარვა ვერ შევძელი, არადა, პატარა ბავშვისთვის რძე აუცილებლად მჭირდებოდა, მაღაზიის მენეჯერს ავუხსენი და მთხოვა, ოღონდაც არ მოიპაროთ, მთელი ოჯახი დღეში ორჯერ შემოდით და ჭამეთ, რაც გინდოდეთო. ასე, მათხოვრებივით შევდიოდით, კუთხეში ვდგებოდით, რაღაც რომ გვეჭამაო... ასეთი ტრაგიკული ამბავი უამრავია.

პატიოსანი ხალხიც ჩამოდის აქ, მართლა ქურდები კი არ ვართ ქართველები, როგორც ფრანგებს ვგონივართ...

ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილი უნდა დაინტერესდეს, მისი ხალხი რა ყოფაშია აქ! მას მხოლოდ მისი თაობის ემიგრაციასთან აქვს ურთიერთობა, ყველანი რომ ძალიან კარგად ცხოვრობენ. ქართველებს კი დღეს ის ხალხი წარმოადგენს, რომელთა უმძიმეს ყოფაზეც უკვე მოგახსენეთ.

(სპეციალურად საიტისთვის)