"იჩქერიას დამოუკიდებლობის პერსპექტივა აქვს": უკრაინელი გადამდგარი გენერალი კადიროველებსა და ჩეჩნეთის მომავალზე"
რადიოსადგურ Radio Free Europe/Radio Liberty-ის რუსულმა სამსახურმა - (Радио свобода/Кавказ/Реалии) ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ყოფილ მოადგილესთან, გენერალ იგორ რომანენკოსთან, სათაურით - "იჩქერიას დამოუკიდებლობის პერსპექტივა აქვს": უკრაინელი გადამდგარი გენერალი კადიროველებსა და ჩეჩნეთის მომავალზე" (ესაუბრება ჟურნალისტი ალისა ვოლკოვა).
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- თქვენი აზრით, როდის დასრულდება ომი?
- ბევრი რამ გახდება ცნობილი რუსული მხარის მიერ სტრატეგიული რეზერვის - 300 ათასი მობილიზებულის ფრონტზე მთლიანად განთავსების შემდეგ. ამჟამად 200 ათასი ახალწვეული უკვე ფრონტის ხაზზეა, რომლის სიგრძე 1100 კილომეტრზე მეტია. რუსეთის არმია ოთხი მიმართულებით იბრძვის. მოსკოვი მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს, მას სურს დაპყრობლი ტერიტორიების დაკანონება, უკრაინა კი ამაზე არასოდეს დათანხმდება. ორივე მხარეს უკიდურესი პოზიციები აქვს. ანუ კონფლიქტი მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როცა რუსეთს რეზერვები გამოელევა და გამოიფიტება ან თუ უკრაინის არმია ისე შეუტევს, რომ რუსეთის ჯარს უკან დაახევინოს. არ არის გამორიცხული, რომ გასულ წელს რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორია უკრაინამ ეტაპობრივად დაიბრუნოს. თუმცა უკრაინის საბოლოო მიზანს 1991 წლის საზღვრის აღდგენა წარმოადგენს.
- როგორ შეაფასებთ რუსეთის დანაკარგებს?
- უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები, მხოლოდ დაღუპულების სახით, 134 ათასს შეადგენს. ომის წარმოების მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, დანაკარგებში უნდა ჩაითვალოს დაჭრილებიც, კონტუზიამიღებულებიც და ა.შ., ანუ აღნიშნული ციფრი სამზე უნდა გამრავლდეს. მართალია, დასავლური შეფასებები უკრაინულისაგან განსხვავდება, თუმცა 100-ათასიან დანაკარგებს ისინიც აფიქსირებენ. ომი გრძელდება და ცოცხალი ძალა უფრო მეტი ნადგურდება.
- რას იტყვით კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების შესახებ?
- "ვაგნერმა" ომის დასაწყისში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, თუმცა დღეს სხვა სიტუაციაა. "ვაგნერის" დამფინანსებელ ევგენი პრიგოჟინს საკმარისი ფული აქვს, ამიტომაც თავდაპირველად "ვაგნერელები", თავიანთი აღჭურვილობით, რეგულარული არმიის რიგით ჯარისკაცებზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ევგენი პრიგოჟინმა "ვაგნერში" სასტიკი დისციპლინა დაამყარა: ვინც უკან დახევასა და ბრძოლის შეწყვეტას განიზრახავს, მას ხვრეტენ. ევგენი პრიგოჟინს უთანხმოება აქვს ცალკეულ გენერლებთან, რომლებიც, მისი აზრით, არასწორად სარდლობენ რუსეთის არმიას და შეცდომებს უშვებენ. ევგენი პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ ყველაზე ბრძოლისუნარიანები არიან დონბასში მცხოვრები რუსებისაგან შექმნილი საბრძოლო ნაწილები, აგრეთვე - "ვაგნერელები" და "კადიროველები".
- როგორ მოხდა, რომ რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ამ ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა?
- როგორც ცნობილია, "კადიროველთა" ორგანიზაცია, სამხედრო თვალსაზრისით, თავისებურ ეროვნულ კერძო კომპანიას წარმოადგენს. უპირატესად, ეს არის მსუბუქად შეიარაღებული ქვედანაყოფი, რომელიც რუსეთის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში იბრძვის. მათი ფუნქცია, ძირითადად, სადამსჯელო ხასიათისაა - ისინი ანადგურებენ მათ, ვისაც უკან დახევა აქვს განზრახული, მათ შორის - თავისიანებსაც. რუსეთის პრეზიდენტთან - ვლადიმერ პუტინთან პირადი ახლო ურთიერთობების გათვალისწინებით, რამზან კადიროვი თავისუფლად მოქმედებს. იგი ამით ძალიან ჰგავს ევგენი პრიგოჟინს, ამიტომ ისინი ხშირად შეთანხმებულად მოქმედებენ. "ვაგნერისაგან" განსხვავება ისაა, რომ "კადიროველები" ეროვნული ნიშნით არიან შექმნილნი. ჩემი აზრით, "კადიროველებმა" ფრონტზე თავი ვერაფრით გამოიჩინეს, სამხედრო დანაშაული კი ბევრი აქვთ ჩადენილი, მათ შორის, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართაც.
- ჩეჩნები უკრაინის არმიის მხარესაც იბრძვიან. რამდენად საგრძნობია მათ მიერ მიღწეული წარმატებები?
- რასაკვირველია, საგრძნობია. ჩვენთან იბრძვიან არა მარტო ჩეჩნები, არამედ - ბელარუსული და სხვა ეროვნული ფორმირებები. ისინი მოტივირებულ მებრძოლებს წარმოადგენენ.
(...)
- როგორი მსგავსება და განსხვავებაა რუსეთის მიერ ჩეჩნეთისა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომებს შორის?
- მსგავსება ისაა, რომ რუსეთმა თავისი იმპერიული ამბიციები ორივე ომში გამოაჩინა, რომლის უკან რუსეთის "იმპერატორი" ვლადიმერ პუტინი დგას. განსხვავება კი ისაა, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩეჩნეთი კი, სხვებთან შედარებით - ნაკლებად, მაგრამ მაინც რუსეთის ფედერაციის სუბიექტს წარმოადგენს.
თავისი მასშტაბებით, ჯარების რაოდენობით და შეიარაღების გამოყენებით რუსეთ-უკრაინის ომი მეორე მსოფლიო ომის დონისაა, ამიტომაც მას მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს. ჩეჩნეთის ომი კი, თავისი არსით, ლოკალური კონფლიქტი იყო - რუსეთის არმიის ქვედანაყოფების შეტაკებები პარტიზანულ რაზმებთან. დღეს უკრაინაში ორი სახელმწიფოს ომია - ეს მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ.
ვლადიმერ პუტინმა ამ ომის ამოცანები "დენაციფიკაციად" წარმოადგინა ანუ უკრაინელი ხალხის, როგორც ერის, განადგურებად და დემილიტარიზებად ანუ ქვეყნის თავდაცვის წყაროს განადგურებად, რაც სახელმწიფოებრიობის განადგურებასაც ნიშნავს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ომი ეგზისტენციალურია, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით.
- რუსეთის მოსახლეობა ფრონტისთვის ფულს აგროვებს, ჯარისკაცებისათვის ამუნიციისა და ტანსაცმლის შესაძენად. ყიდულობენ ყველაფერს - ტრუსებით დაწყებული, კვადროკოპტერებით დამთავრებული. რატომ დაიწყო რუსეთმა ომი მოუმზადებლად?
- იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს სწრაფი გამარჯვების იმედი ჰქონდა, მაგრამ მისი სურვილი ვერ შესრულდა. ვარაუდობდა, რომ "ბლიცკრიგისათვის" ძალები საკმარისი ჰქონდა, მაგრამ მოტყუვდა: რუსეთის არმიას უკრაინის არმიამ უკან დაახევინა. მეორე მხრივ - ძალიან ბევრი რუსი სამხედრო მოსამსახურე გულგატეხილია. ვიცით, რომ ზოგიერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა თავიც კი მოიკლა, როცა [შეტევის] ბრძანება მიიღეს - მათ ტექნიკა და ქონება უკვე მოპარულ-განიავებული ჰქონდათ.
- უკრაინის ვერხოვნა რადამ ჩეჩენი ხალხის გენოციდი აღიარა, ხოლო თვითონ ჩეჩნეთი - [რუსეთის მიერ] დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად. რას ფიქრობთ ამ ფაქტის თაობაზე?
- ვფიქრობ, რომ იჩქერიას ნამდვილად აქვს დამოუკიდებლობის გარკვეული პერსპექტივა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობის დასაცავად და, ამავე დროს, ვთვლით, რომ რუსეთის ფედერაციის ხალხებს უფლება აქვთ, თავიანთი მომავალი და პერსპექტივა თვითონვე განსაზღვრონ, მრავალწლიანი რუსული ოკუპაციის მიუხედავად. მათი მიზნის მისაღწევად საჭიროა, რომ ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. უკრაინის გამარჯვება რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ხალხებს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ მათ თავიანთი ეროვნული უფლების - დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უფლების რეალიზება განახორციელონ. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ