"ქარიშხლის ჩრდილმა" შეიძლება, მალე რუს ოკუპანტებს გადაუქროლოს... - კვირის პალიტრა

"ქარიშხლის ჩრდილმა" შეიძლება, მალე რუს ოკუპანტებს გადაუქროლოს...

ქარიშხალი ძალიან ძლიერი ქარია, რომლის სიჩქარე მიწის ზედაპირთან 20 მ/წმ-ს აღემატება. მეტეოროლოგიურ ლიტერატურაში ქარიშხალს შტორმი შეესაბამება და სწორედ Storm Shadow ანუ "ქარიშხლის ჩრდილი" ეწოდება იმ თანამედროვე ზეზუსტ ფრთოსან რაკეტებს, რომლებმაც მალე შეიძლება, უკრაინაში შეჭრილ რუს ოკუპანტებს თავზე სწრაფად გადაუქროლონ და წერტილოვანი სიზუსტით გაანადგურონ მათი შტაბები და შეიარაღების საწყობები, თანაც - ოპერატიულ-ტაქტიკურ სიღრმეში...

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკმაოდ მოულოდნელად სწრაფი ვოიაჟი მოაწყო ლონდონსა და პარიზში, სადაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის პირველ პირებს შეხვდა და მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებმაც, წესით, უახლოეს პერიოდში უნდა გააძლიეროს რუს ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლებში მეომარი უკრაინის არმია.

ერთ-ერთ ასეთ შეთანხმებას წარმოადგენს უკრაინა-დიდ ბრიტანეთს შორის ხელმოწერილი "ლონდონის დეკლარაცია", რომელიც ჯავშანტექნიკასთან (ძირითადი საბრძოლო ტანკების ჩათვლით) ერთად შორსმოქმედი შეიარაღების გადაცემასაც ითვალისწინებს.

შორსმოქმედი შეიარაღების ტერმინის მიღმა კონკრეტულად რომელი სახეობისა და ტიპის იარაღი იგულისხმება, არ ზუსტდება, მაგრამ სწორედ მისმა გამოჩენამ უკრაინის არმიის განკარგულებაში შეიძლება უფრო ბევრად მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანოს ამ ომში, ვიდრე - 14 ბრიტანული "ჩელენჯერ-2" ტანკის გადაცემამ, რაც ამინდს ფრონტის ხაზზე დიდად არ შეცვლის...

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება იყოს 300 კმ-მდე ფრენის მანძილის მქონე ATACMS-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების აერობალისტიკური რაკეტები, რომელთა გაშვება უკრაინელ არტილერისტებს "ჰაიმარსის" სარაკეტო დანადგარებიდან შეეძლებათ...

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი ჯიუტად უარს აცხადებს კონკრეტულად ამ რაკეტების მიწოდებაზე უკრაინელებისთვის (იმის შიშითაც, რომ უკრაინის რომელიმე ქალაქის მორიგი რუსული დაუნდობელი საჰაერო დაბომბვით გამწარებულმა უკრაინელებმა ეს ATACMS-ები, შურისძიების მიზნით, რუსეთის ტერიტორიისკენ არ გაუშვან), ვაშინგტონი არც ლონდონს დართავს ნებას ამ ამერიკული წარმოების რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე.

სხვა სარაკეტო შეიარაღებიდან, რომელიც რამდენიმე ასეულ კმ-ს ფარავს, დიდი ბრიტანეთის არმიის არსენალში მხოლოდ Storm Shadow-ს ტიპის "ჰაერი-მიწა" კლასის ფრთოსანი რაკეტებია, რომელთა სტარტი მხოლოდ თვითმფრინავის ბორტიდანაა შესაძლებელი.

21-ე საუკუნის დასაწყისში მსხვილმა ევროპულმა ავიაკოსმოსურმა კორპორაციამ MBDA Missile Systems-მა შექმნა საავიაციო ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, რომელსაც 250 კმ-ზე ზუსტად უნდა დაეზიანებინა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი სამიზნე.

2-shtormii-1675940260.png
ასე გამოიყურება ევროპული „ქარიშხლის ჩრდილი“- Storm Shadow, საჰაერო სტარტისა და ფრთების გაშლის შემდეგ...

ამისთვის "ქარიშხლის ჩრდილს" ყველა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებელი უწყობს ხელს - დამზადებულია "სტელსის" ტექნოლოგიით და დაფრინავს ძალიან დაბალ სიმაღლეზე, რელიეფის მიყოლებით, რაც მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის რადიოლოკატორების მიერ მის ადრეულ აღმოჩენას ძალზე ართულებს.

ეს ფრთოსანი რაკეტა მიზანთან ახლოს თანამგზავრული ნავიგაციის სისტემას გაჰყავს, თუმცა მიზნის ამოცნობა სითბური კამერის საშუალებით ხდება, როდესაც ამავე მიზნის ადრე გადაღებულ სითბურ გამოსახულებას ედრება და, დამთხვევის შემთხვევაში, რაკეტა ერთი მეტრის სიზუსტით ხვდება სამიზნეს და მის სრულ განადგურებას იწვევს 450 კგ მასის საბრძოლო ქობინის დეტონირების შემდეგ...

აქამდე "ქარიშხლის ჩრდილი" რეალურ საბრძოლო სიტუაციებში ორჯერ წარმატებით იქნა გამოყენებული - 2003 წელს ერაყში დიდი ბრიტანეთის მიერ და 2018 წელს საფრანგეთის მიერ სირიაში.

3-shtormi-1675940291.png
სირიის საჰაერო ბაზის დაცულ ანგარზე „ქარიშხლის ჩრდილის“ „სტუმრობის“ შედეგი...

მაგრამ ამ, ხუთი მეტრი სიგრძისა და 1,3 ტონა მასის რაკეტის გასაშვებად საბრძოლო თვითმფრინავია საჭირო (თუმცა არსებობს Storm Shadow-ის ფრანგული ვარიანტი SCALP Naval-იც, რომლის სტარტი სამხედრო ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავების სატორპედო აპარატებიდანაც ხორციელდება), რაც აჩენს მოსაზრებას, რომ მაშინ დიდმა ბრიტანეთმა "ტაიფუნის", ხოლო საფრანგეთმა კი - "მირაჟის" გამანადგურებლებიც თან უნდა "მიაყოლონ", რაც დღეისათვის ნაკლებად შესაძლებელად მოჩანს.

უკრაინის საჰაერო ძალების შეიარაღებაში შემორჩენილ, თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადებულ "სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის პილონზე 1,3 ტ მასის რაკეტის ჩამოკიდება შეუძლებელია, ეს მხოლოდ "სუ-24მ" ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს შეუძლიათ.

და ამიტომაც ხდება ნათელი, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, თუ რატომ გადააფრინეს უკრაინელმა პილოტებმა თავისი "სუ-24მ"-ი მეზობელ პოლონეთში, როდესაც ასეთი ბომბდამშენები ჰაერივით სჭირდებათ ფრონტის ხაზის სიღრმეში, რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი სამიზნეების დასაზიანებლად.

პოლონეთში ნატოს სპეციალისტების დახმარებით ხორციელდება უკრაინული საფრონტო ბომბდამშენის ან ბომბდამშენების ტექნიკური მოდიფიცირება იმისთვის, რომ მან (მათ) შეძლოს Storm Shadow-ს წაღებაც და საბრძოლო გამოყენებაც.

მოდერნიზებული უკრაინული "სუ-24მ"-დან Storm Shadow-ს გაშვების შემდეგ შესაძლებელი გახდება მოწინააღმდეგის ყველა მნიშვნელოვან ობიექტზე მოულოდნელი და წერტილოვანი საჰაერო დარტყმის განხორციელება ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელ ტერიტორიებზე, ასევე, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილზე, რაც "ჰაიმარსების" მიერ წარმატებულად დაწყებულ "საქმეს" მანძილში 3-3,5-ჯერ გაზრდის...