"ოფიციანტად მუშაობისას 8 მაგიდის ერთდროულად მომსახურება შემეძლო და ამით ძალიან ვამაყობდი. წლები გავიდა და ის 8 მაგიდა დღეს უკვე "8 ფილმმა", შვილებმა..." - კვირის პალიტრა

"ოფიციანტად მუშაობისას 8 მაგიდის ერთდროულად მომსახურება შემეძლო და ამით ძალიან ვამაყობდი. წლები გავიდა და ის 8 მაგიდა დღეს უკვე "8 ფილმმა", შვილებმა..."

(ფოტოგალერეა)

ჰოლივუდის ვარსკვლავთა ცხოვრებასა და მიღწევებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს მსოფლიო დონის ვარსკვლავი მერილ სტრიპი, რომელმაც შეძლო და მთელი თავისი კარიერის განმავლობაში უამრავი საოცარი როლი შეასრულა. კინოკრიტიკოსთა აზრით, ის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია თანამედროვე ისტორიაში, რომელიც ყველაზე ბევრჯერ წარადგინეს „ოსკარის“ დაჯილდოებაზე. მსახიობის ფილმებს შორის არის ისეთი დაბალბიუჯეტური ფილმებიც, რომელთა გამოც მას ძალიან დაბალი ჰონორარი აქვს აღებული, თუმცა ითამაშა მხოლოდ იმიტომ, რომ გადაღების პროცესი აინტერესებდა...

მერი ლუიზ სტრიპი 1949 წლის 22 ივნისს ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მომავალი მსახიობის ოჯახში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ.

მერილ სტრიპი გაიზარდა ოჯახში, სადაც ხელოვნება ძალიან უყვარდათ. ხელოვნებისადმი სიყვარული დედამ ჩაუნერგა, რომელიც მხატვარი იყო. ის ორ ვაჟსა და პატარა მერილს, პირველ რიგში, მშვენიერებისა და ხელოვნების სიყვარულს ასწავლიდა. სტრიპის მამა ფარმაცევტულ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა და ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავდა.

merilstripi-dedastan-1675972480.png
მერილ სტრიპი დედასთან ერთად

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა მსახიობმა იელის დრამატურგიულ სკოლაში ჩააბარა, თეატრალური სასწავლების დასრულების შემდეგ კი ბროდვეის დაპყრობა სცადა. ის სხვადასხვა პიესაში მონაწილეობდა და პირველი ჯილდოც სწორედ მაშინ მიიღო.

დამწყები მსახიობი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სასტუმროში ოფიციანტადაც მუშაობდა.

„ახალგაზრდობაში ოფიციანტად ვმუშაობდი და ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა, 8 მაგიდის ერთდროულად მომსახურება იყო. ამით ძალიან ვამაყობდი. წლები გავიდა და თითქმის არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ის 8 მაგიდა დღეს უკვე "8 ფილმმა", შვილებმა, ბევრმა ნათესავმა და უამრავმა საქმემ ჩაანაცვლა, რომელთაც ყურადღება უნდა დავუთმო. ჩემი ოჯახი და ჩემი სამსახური - აი ეს არის ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში.“

მერილ სტრიპი პირველად ფილმში 1977 წელს გადაიღეს. მელოდრამა „ჯულია“ დამწყები მსახიობისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ფილმმა 3 „ოსკარი“ მიიღო. ამ ფილმის შემდეგ მერილი რეჟისორებმა შეამჩნიეს და სხვადასხვა როლიც შესთავაზეს. მსახიობის მორიგი ფილმი იყო „ირმებზე მონადირე“, რომელში მონაწილეობის დიდი სურვილი არ ჰქონია, თუმცა ეს მისი შეყვარებულის - ჯონ კაზალეს გამო გააკეთა, ისიც მონაწილეობდა ფილმში და უკვე იცოდა მისი სენის (ძვლის კიბოს) შესახებაც.

jpm-1675972480.jpg

მსახიობისთვის შემდგომი წელიც წარმატებული აღმოჩნდა. იგი სერიალ „ჰოლოკოსტში“ გადაიღეს. სტრიპმა აღიარა, რომ სერიალში ჰონორარის გამო მიიღო მონაწილეობა და მას ნამდვილად გაუმართლა, რადგან ფილმმა „ემის“ დაჯილდოებაზე 8 ნომინაციაში გაიმარჯვა, მოიგო 2 „ოქროს გლობუსიც“, მერილ სტრიპს კი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის „ემი“ გადაეცა.

განსაკუთრებით დიდი წარმატება მსახიობს დრამამ -„კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ მოუტანა. სწორედ ამ ფილმში საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის მიიღო მან პირველი „ოსკარი“.

meril-stripi-da-dastin-hofmani-1675972480.jpg
მერილ სტრიპი და დასტინ ჰოფმანი

1998 წელს მერილ სტრიპს ლოს-ანჯელესის დიდების ხეივანში პერსონალური ვარსკვლავიც გაუხსნეს.

პირველი „ოსკარის“ შემდეგ სტრიპმა კიდევ რამდენიმე ძალიან წარმატებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა და ჯილდოებიც დაიმსახურა, თუმცა ფილმმა: „ეშმაკი ატარებს პრადას“ მსახიობს უდიდესი წარმატება მოუტანა. ფილმში მერილ სტრიპის პერსონაჟი - მირანდა პრისლი ამერიკული VOGUE-ს რედაქტორის - ანა ვინტურის პროტოტიპია. ფილმმა მსახიობს მაყურებლის სიყვარულთან ერთად დიდი შემოსავალი - 300 მლნ დოლარი მოუტანა.

ანა ვინტური ფილმის პრემიერაზე პრადას სამოსით შემოსილი მივიდა.

მესამე „ოსკარი“ მსახიობმა მარგარეტ ტეტჩერის როლის შესრულებისთვის მიიღო ფილმში - „რკინის ლედი“.

მერილ სტრიპმა უამრავ საინტერესო ფილმში მიიღო მონაწილეობა, როგორც დრამაში, ასევე - მელოდრამასა და კომედიური ჟანრის ფილმებშიც. ის, ძირითადად, მთავარი როლის შემსრულებელია და მისი პარტნიორები მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან.

პირადი ცხოვრება

წარმატებული მსახიობის პირადი ცხოვრება სავსეა როგორც ტრაგიკული, ასევე - ბედნიერი პერიოდებით. ნიუ-იორკში ერთ-ერთ სპექტაკლზე მუშაობისას ახალგაზრდა მსახიობმა ჯონ კაზალე გაიცნო. 1976 წელს მათი ნიშნობა შედგა, თუმცა წყვილის ბედნიერება ხანგრძლივი ვერ აღმოჩნდა. სულ მალე ექიმებმა ჯონს სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნე აღმოუჩინეს. შეყვარებული წყვილი ერთად მხოლოდ 3 წელს ცხოვრობდა, მამაკაცი საყვარელი ქალის ხელებში გარდაიცვალა.

მძიმე დეპრესიიდან თავის დაღწევა მსახიობმა სამსახურის დახმარებით შეძლო, შემდეგ კი სტრიპის ცხოვრებაში მოქანდაკე დონ გამერი გამოჩნდა. ისინი 1978 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ და 40 წელზე მეტია, ერთად არიან, ასეთი მყარი ოჯახი კი ჰოლივუდში ძალიან იშვიათია.

don-1675972480.jpg
დონ გამერთან ერთად

„არ ვიცი, რას გავაკეთებდი, ჩემი ქმარი რომ არ გამეცნო, ალბათ, მოვკვდებოდი“, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.

„ყოველი გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია, ჩემი შვილების სასარგებლოდაა... ოჯახი ჩემთვის მთავარი ღირებულებაა და სიკვდილამდე ასე იქნება. ჩვეულებრივი დედა ვარ. როცა შვილები უქმეებზე მსტუმრობენ, წინსაფარს ვიკეთებ და ქურასთან ვდგები", - აღნიშნა ერთხელ მერილ სტრიპმა.

ojaxi-1675972480.jpg
ოჯახთან ერთად

მერილ სტრიპსა და დონ გამერს 4 შვილი ჰყავთ - ერთი ვაჟი და სამი გოგონა. უფროსი გოგონები - მერი და გრეისი მსახიობები არიან, ვაჟი, ჰენკი - მუსიკოსია, ხოლო უმცროსი - ლუიზა მოდელია.

(იხილეთ ფოტოგალერეა)