აგენტ "შახოვსკის" შალვა მაღლაკელიძის  ლიკვიდაცია, თუ  გადაბირება ჰქონდა დავალებული? - კვირის პალიტრა

აგენტ "შახოვსკის" შალვა მაღლაკელიძის  ლიკვიდაცია, თუ  გადაბირება ჰქონდა დავალებული?

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ 2008 წელს გამოცემულ დოკუმენტთა კრებულში: “სახელმწიფო უშიშროების ორგანოები დიდ სამამულო ომში. ტომი 4; წიგნი 2”, ერთი ძალზე საინტერსო, 1943 წლის 20 ივლისით დათარიღებული #1522 დოკუმენტი მოვიძიე, რომელიც ამგვარად არის დასათაურებული: ”დავალება საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მე-4 განყოფილების აგენტ “შახოვსკის”, რომელიც მოწინააღმდეგის ზურგში უნდა იყოს გადასროლილი”. ამ საიდუმლო დოკუმენტში მოცემულია ქართველი ეროვნების აგენტის, “შახოვსკის” (არსებული ინფორმაციით ეს ოპერატიული ფსევდონიმი ეკუთვნოდა ენ–კა–ვე–დეს აგენტ პავლე ვასილის ძე ჯორჯაძეს (1912–1992)) დავალება, რომელიც სამხრეთის ფრონტის ერთ ერთ მონაკვეთზე გერმანელთა მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე უნდა გადასულიყო და, როგორც საბჭოთა ჯარისკაცი ტყვედ ჩაბარებოდა მათ. ამ დოკუმენტიდან განსაკუთრებით საინტერესოა ის მონაკვეთები, რომლებიც შ. მაღლაკელიძეს ეხება. გერმანელებისთვის “შახოვსკის” საბჭოთა უშიშროებაში შექმნილი ლეგენდირებული ბიოგრაფია უნდა მოეყოლა, რომლის ერთი ნაწილი ამგვარი იყო: “უცხოეთში ცხოვრობს ქართველი ემიგრანტი შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძე, რომელიც არის ჩემი ახლო მეგობრის ბენედიქტე ბესარიონის ძე საღრიშვილის (ტექსტში გვარი ამგვარად იკითხება – ბ.ა.) ნათესავი. მისგან ჩემთვის ცნობილია, რომ შ. მაღლაკელიძე ქართულ ემიგრაციაში დიდ როლს თამაშობს და კავკასიის ფრონტზე ქართულ დივიზიას მეთაურობდა”. ბუნებრივია საბჭოთა სპეცსამსახურებმა კარგად იცოდნენ შ. მაღლაკელიძის სტატუსი და ფუნქციები გერმანიის ვერმახტში. “შახოვსკის” გერმანელებისთვის შემდეგი უნდა ეთქვა:

“ფრონტზე წამოსვლის წინ მოვასწარი ჩემს მეგობართან შეხვედრა და შევთანხმდით, რომ შესაბამისი მომენტის შემთხვევაში მე გადავიდოდი ფრონტის ხაზზე და ჩავბარდებოდი გერმანელებს. მათი დახმარებით მოვძებნიდი ემიგრანტ შ. მაღლაკელიძეს ან ვინმეს ჩემი ემიგრანტი ნათესავებიდან და მათ ვთხოვდი დახმარებას”.

თუ გერმანელები ეჭვს შეიტანდნენ “შახოვსკის” მონათხრობში და დააპატიმრებდნენ, მას ყოველი ღონე უნდა ეხმარა რათა გათავისუფლებულიყო ემიგრანტი ნათესავების ან შ. მაღლაკელიძის დახმარებით. #1522 დოკუმენტში საბჭოთა აგენტის “შახოვსკის” ძირითადი ამოცანები შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:

“გერმანიის მხარეს მებრძოლი ქართული ემიგრაციის რიგებში შეღწევა შემდეგი მიზნით:

ა) ქართული ემიგრაციის რიგებში შეღწევა და ღრმად “ჩანერგვა”. კავშირის დამყარება შ. მაღლაკელიძესთან;

ბ) საქართველოში არსებული ფარული კონტრრევოლუციური ორგანიზაციებისა და ემიგრაციის კავშირის არხების გამოვლენა;

გ) საბჭოთა ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის მიერ გადმოსროლილი აგენტურის გამოვლენა”.

„შახოვსკი“ მკაცრად გააფრთხილეს, რომ დასახვრეტადაც რომ გაეყვანათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეღიარებინა საბჭოთა სპეცსამსახურებთან კავშირი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიარება სამშობლოს ღალატად ჩაეთვლებოდა. არ არის გამორიცხული, რომ გერმანელები შეეცადონ თქვენს გადაბირებას, რათა დაგაბრუნონ უკან საბჭოთა კავშირში. დათანხმდით მათთან თანამშრომლობას და შეთანხმდით კომუნიკაციის არხზე, როგორც გერმანულ დაზვერვასთან, ასევე ქართულ ემიგრაციასთანო – ამგვარი დარიგება მისცეს „ჩეკისტებმა“. მას შემდეგ რაც გერმანელების ნდობას მოიპოვებთ, უნდა ეცადოთ ჩვენთან დაკავშირებას . საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი მეკავშირე მოგაკითხავთ. პაროლი იქნება: მეკავშირე შეგეკითხებათ: "ბელორუსი ხარ?" თქვენი პასუხი: "დიახ". მეკავშირე კი გეტყვით: "ალაზანში კარგი თევზი კეტა იცის." – ამგვარი იყო „ცენტრის“ დირექტივები. მართლაც რომ „გენიალური“ პაროლია! "შახოვსკოის" დავალებას 1943 წლის 21 ივლისს გაეცნო, რაც ხელმოწერით დაადასტურა. ზემოთ მოტანილი ამონარიდები ნათლად აჩვენებს, რომ საბჭოთა დაზვერვა აგენტ “შახოვსკისთვის” მიცემულ დავალებებში განსაკუთრებულ ყურადღებას შალვა მაღლაკელიძესთან კავშირის დამყარებას უთმობდა. დოკუმენტში პირდაპირ მითითებული არ არის, თუმცა „შახოვსკის“, ხელსაყრელ შემთხვევაში, მაღლაკელიძის ლიკვიდაციის დავალებაც ექნებოდა.

1943 წლის 10–11 გვისტოს განხორციელდა აგენტ “შახოვსკის” გადასვლა ფრონტის ხაზზე. „შახოვსკიმ“ შეძლო ქართული ემიგრაციასთან დაკავშირება და ნდობის მოპოვება, თუმცა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ის უკვე გაშიფრული იყო, როგორც საბჭოთა აგენტი. “შახოვსკი”– პავლე ჯორჯაძე 1945 წლის ივნისში ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში ჩამოიყვანეს. შემდეგ პერიოდში „შახოვსკის“ შესახებ ინფორმაცია ძალზე მწირია. სავარაუდოდ ის ომის შემდეგაც, უკვე საქართველოში, აგრძელებდა აგენტურულ საქმიანობას, ხოლო შემდეგ აქტიური საქმიანობიდან „დაარქივებულ აგენტთა“ კატეგორიაში გადაიყვანდნენ და მაშინ არსებული პრაქტიკის მიხედვით რაიმე „მსუყე“ თანამდებობაზე დანიშნავდნენ. ამასთან დაკავშირებით საინტერესო მინიშნებებია შალვა მაღლაკელიძის მოგონებებში (სტილი უცვლელია – ბ.ა.) : „აქ ვიღაცა ნემიროვაა და დაუწერია წიგნი „სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია“, სადაც გამოყვანილია ვინმე ნიჟარაძე, საბჭოთა აგენტი გერმანიაში ომის დროს და ვითმოც მაღლაკელიძემო, ნიჯარაძეს, როგორც ყოფილ თავადს, რეკომენდაცია გაუწია კანარისთანო და ვითომ ეს ნიჟარაძე მერე ყველას ასულელებს და ბრუნდება საქართველოში. ამაზე უნდა ვთქვა, რომ ეს მტკნარი სიცრუეა, არავითარ ნიჟარაძეს მე არ ვიცნობდი იქ და არც კანარისთან მიმიყვანია . . . . ეს ნიჟარაძე ვითომ ახლა ერევნის მოედანზე ტილოების მაღაზიაა და იქ გამგედ არისო“.

მართლაც 1969 წელს ქართულ ენაზე გამოიცა წიგნი „სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია“, (კონსულტანტი პოლკოვნიკი ბორის კაციტაძე) რომლის ავტორებად „შოთა გიორხელიძე და მაია ნემიროვა“ არიან მოხსენიებული. ამ წიგნის მთავარი გმირის „პეტრე ნიჟარაძეს“ პროტოტიპი „შახოვსკი“–ჯორჯაძეა და იქ მოთხრობილი ამბები აგენტ „შახოვსკის“ თავგადასავალს ასახავს.

sha3-1676011680.jpg

ბორის კაციტაძე

რეალურად კი ვინაა ამ წიგნის ავტორი უცნობია. ფაქტია, რომ ამ წიგნში გამოყენებული მასალა საქართველოს სსრ სუკ–ის არქივიდანაა აღებული, რაზედაც „გიორხელიძე–ნემიროვას“ ხელი ნამდვილად არ მიუწვდებოდათ. საინტერსოა, რომ ბ. კაციტაძე გასული საუკუნის 40–50 წლებში საქართველოს სსრ სუკ–ის მე–4 (საიდუმლო–პოლიტიკური) განყოფილების თანამშრომელი, შემდეგ კი უფროსი იყო და წესით ის უნდა ყოფილიყო „შახოვსკი“–ჯორჯაძის კურატორი. ბ. კაციტაძე 1964–1971 წლებში საქართველოს სსრ სუკ–ის თავმჯდომარის, ა. ინაურის მოადგილის პოსტს იკავებდა. შალვა მაღლაკელიძე მოგონებებში ერთგან ამბობს: “არ მიყვარს დაზვერვა, ჩემი საქმე - სამხედრო ტაქტიკა, ბრძოლაა”. ბუნებრივია “დაზვერვის” მიღმა ის სპეცსამსახურებს და მათი მოქმედების სპეციფიკურ მეთოდებს გულისხმობდა. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე მას ხშირად აკავშირებდნენ სპეცსამსახურებთან: ხან საბჭოთა ჩეკა-ოგეპუ-კაგებესთან, ხან ფაშისტური გერმანიის, ბოლოს კი – დასავლეთ გერმანიის დაზვერვასთან. შ. მაღლაკელიძე მოგონებებში თავად აღნიშნავს (სტილი დაცულია-ბ.ა.): ”გესტაპოსთან მყოფი ქართველები მირევენ: რა უნდა მაღლაკელიძეს გერმანულ სამხედრო შტაბში. არასანდო კაციაო, ქართველი ემიგრაცია მასზე თავდებობას არ კისრულობსო . . . მასმენდნენ მე როზენბერგის (იმ პერიოდში გერმანიის მიერ ოკუპირებული აღმოსავლეთ ტერიტორიების საიმპერიო სამინისტროს ხელმძღვანელი – ბ.ა.) უწყებაში – ჰაი საეჭვო კაციაო, ჰაი საბჭოებისა არისო”. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ქართულ ემიგრაციაში (სადაც პოლიტიკური, პიროვნული და ზოგჯერ კუთხური დაპირისპირება ბობოქრობდა) ხშირი იყო ერთმანეთის დადანაშაულება “კრემლის აგენტობაში”, თუმცა სად იყო სიმართლე და სად ტყუილი, სარწმუნო დოკუმენტების უქონლობის გამო ამის დადგენა დღეს ძალზე გართულებულია. შედგა თუ არა „შახოვსკი“–ჯორჯაძისა და შალვა მაღლაკელიძის შეხვედრა ჯერ–ჯერობით ესეც უცნობია.

შ. მაღლაკელიძის მოგონებების წიგნის ბოლოთქმაში, ვიქტორ რცხილაძის მიერ დასმულ კითხვაზე: “იყო თუ არა საბჭოთა ჯაშუში გენერალი შალვა მაღლაკელიძე”, ნაჩქარევი პასუხის გაცემა, სათანადო ისტორიული დოკუმენტებისა და ახალი საარქივო მასალების ღრმა შესწავლის გარეშე, მიუღებლად მიმაჩნია. ერთი კი უნდა ითქვას: გასული საუკუნის 50-70 იანი წლების პერიოდში შ. მაღლაკელიძისადმი საბჭოთა ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება ბევრ ეჭვს ბადებდა. გერმანიის მხარეს მებრძოლი “ქართული ლეგიონის” რიგით წევრებს (რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურებმა ზოგი შემოიტყუეს, ზოგი მოიტაცეს, ზოგიც კი მოკავშირეებმა გადასცეს) სამშობლოში ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს. შ. მაღლაკელიძე მოგონებეში თავად იხსენებს (სტილი დაცულია – ბ.ა.): “ . .როდესაც აქ ჩამომიყვანეს და გავიგე, ჩვენს ლეგიონერებს 25-25 წელი აქვთ მისჯილი და საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებიან, მე მივწერე მაშინ ხრუშჩოვს (სხვათა შორის მერე ამას ვიტყვი, რომ ხრუშჩოვი ძალიან დამეხმარა და ფაქტიურად გადამარჩინა), რომ აბა ნახეთ მაშინდელი დოკუმეტები თუ ქართველები ჰიტლერს აძლევდნენ ფიცს-მეთქი”.

sha4-1676011680.jpg

„ქართული ლეგიონის“ მებრძოლები

მართლაც გასაკვირია: საბჭოთა ხელისუფლება “ქართული ლეგიონის” რიგით ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც იარაღით ხელში იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ, უმკაცრესად სჯიდა, ხოლო ვერმახტის გენერლებს, რომლებიც ამ ჯარისკაცებს მეთაურობდნენ . . . . . თავისუფლებაზე ტოვებდა და სპეციალობით მუშაობის ნებას რთავდა. 1954 წლის შემდეგ შ. მაღლაკელიძე ხომ ჯერ ადვოკატად, ხოლო შემდეგ კი საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობაში იურისკონსულტანტად მუშაობდა. რა დამსახურებისთვის ჰყავდათ ის ამგვარ განსაკუთრებულ პირობებში? ჩვენი აზრით სანამ ეს საკითხი არ იქნება ბოლომდე გარკვეული, შ. მაღლაკელიძის მიმართ ეჭვები იარსებებს და ამას ვერსად გავექცევით. დავუბრუნდეთ გასული საუკუნის 70-იანი წლების შუა პერიოდის მოვლენებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ ეტაპზე ჯერ კიდევ რთულია გადაწყვეტით ითქვას ვიქტორ რცხილაძისა და შალვა მაღლაკელიძის შეხვედრა, მისი მოგონებების ჩაწერა და შემდგომ განვითარებული მოვლენები (რაც წარმატებით გამოიყენა კა-გე-ბემ ქართველი დისიდენტების კომპრომეტირებისთვის) წინასწარ დაგეგმილი „ოპერატიული კომბინაციის“ შემადგენელი ნაწილი იყო თუ, მართლაც შემთხვევითობა, რომელიც შემდეგ გამოიყენა სუკმა? ბევრი ლოგიკური კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. თუნდაც ის, თუ როდის შეიტყო კა–გე–ბემ მაღლაკელიძე–რცხილაძის შეხვედრებისა და მოგონებების ჩაწერის შესახებ? დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 1950-იანი წლების ბოლოს მიღებული საკავშირო სუკ-ის თავმჯდომარის ბრძანებისა და შესაბამისი ინსტრუქციების თანახმად, შ. მაღლაკელიძე იმ პირთა სიაში აუცილებლად იქნებოდა, რომლებიც ოპერატიულ აღრიცხვაზე იყვნენ აყვანილი და რომელთა მიმართაც გახსნილი იყო „ოპერატიული მეთვალყურეობის საქმე“ , რაც ოპერატიულ-აგენტურული საშუალებებით მუდმივ კონტროლს, მათ შორის აგენტურის მიჩენას, გარე თვალთვალსა და ფარულ მოსმენებს ითვალისწინებდა. ამ შეხვედრებისა და საუბრების მხედველობიდან გამორჩენა სერიოზულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა და საქართველოს სსრ სუკ-ის მე-5 (იდეოლოგიურ) და მე-7 განყოფილებებში (და უფრო ზემოთაც, მათ კურატორებს) “თავი არ შერჩებოდათ”. ქართველი დისიდენტებიც, მათ შორის ვ. რცხილაძეც, საქართველოს სსრ სუკ-ის ოპერატიულ დამუშავებაში იყვნენ, ამიტომ მე-7 განყოფილების “ნარუჟკას” არ გამორჩებოდა ვ. რცხილაძისა და შ. მაღლაკელიძის დილამდე გაგრძელებული შეხვედრები, უფრო მეტი: მათ ბინებში ფარული მოსმენის აპარატურაც იქნებოდა დამონტაჟებული. ამას კი თავად შალვა მაღლაკელიძის ქალიშვილიც ადასტურებს. 2018 წლის 29 სექტემბერს „კვირის პალისტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში თამარ მაღლაკელიძე იგონებდა (სტილი დაცულია – ბ.ა.) :

“მამა 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისში ცხოვრობდა. ჩვენი ოჯახი მუდმივად კა-გე-ბეს თვალთვალის ობიექტი იყო. სახლის ერთ კუთხეში დაყენებული იყო აპარატურა, თუ მიუახლოვდებოდი, ექო ისმოდა. მახსოვს, სტუდენტი ვიყავი, დასარეკად ყურმილი ავიღე და მესმის საუბარი. ხმა მეცნო, მივხვდი, რომ ჩემი კურსელები იყვნენ. უცებ გოგომ გაიცინა და ჩემი ხმა ვიცანი. რაღაც შეეშალათ, ჩემი რამდენიმე დღის წინანდელი საუბარი მომასმენინეს. იცით, რა საშინელი შეგრძნება იყო? როდესაც გამსახურდია და კოსტავა დაიჭირეს, დამიბარეს, რადგან ისინი ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან სახლში, მაგრამ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღეს ჩემგან, ამიტომ სასამართლოზე ჩვენი გვარი არ უხსენებიათ ."

sha5-1676011680.jpg

შალვა მაღლაკელიძე

უნდა ვივარაუდოთ, რომ შ. მაღლაკელიძის მოგონებების ჩაწერა 1975 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. მოგონებების წიგნის წინასიტყვაობაში ვ. რცხილაძე აღნიშნავს : “ჩაწერა ხდებოდა ინტერვიუს სახით, ე.ი მე ვეკითხებოდი და ის მპასუხობდა. სულ დაგროვდა ჩაწერილი ფირის 34 კასეტა, ორმხრივი ჩანაწერით. ამათგან სამი დაკარგულია”. შემდეგ კი კასეტები ინახებოდა ვ. რცხილაძესთან, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი დაპატიმრების შემდეგ კასეტებს ა. სოსიაშვილმა უპატრონა. ცნობილია, რომ ვ. რცხილაძე, ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას შემდეგ, 1978 წლის იანვრის ბოლოს დააპატიმრეს, გამოდის, რომ შ. მაღლაკელიძის მოგონებების ჩანაწერები ორ წელზე მეტი ინახებოდა ვ. რცხილაძესთან და სუკ-მა მათი ამოღება ვერ (ან არ) მოახდინა??? ბუნებრივია ისმის ლოგიკური შეკითხვა: რატომ? ვითომ სუკ-ს არ აინტერესებდა მოხუცი გენერლის მოგონებები, სადაც ის სუკ–ისთვის ძალზე ბევრ საინტერესო ფაქტს იხსენებდა და საკუთარ შეფასებას აძლევდა გარდაცვლილ თუ ცოცხალ ქართველ ემიგრანტებს? ასევე მწარედ აკრიტიკებდა საბჭოთა ხელისუფლებას?

ჩემი აზით კა–გე–ბეში ყველაფერი კარგად იცოდნენ, თუმცა გერმანული „ვერმახტის“ გენერლისა და ქართველი დისიდენტების ურთიერთსიმპატიების დოკუმენტირებას და შემდეგ გასაჯაროებას ელოდებოდნენ. შ. მაღლაკელიძისა და ვ. რცხილაძის საუბრებიდან წელზე მეტი იყო გასული, როდესაც „ვერმახტის“ ქართველი გენერალი 1976 წლის 7 ნოემბერს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს უახლეს ისტორიაზე. შალვა მაღლაკელიძე სიკვდილის შემდეგაც მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდა. “ფაშისტი” გენერლის (თუნდაც ქართველის და უკვე გარდაცვლილის) დადებით კონტექსტში მოხსენიება, უკვე საზოგადოებრივი განაჩენი იყო იმ პერიოდის საბჭოთა იმპერიაში. ეს კარგად იცოდა კა–გე–ბემ და ქართული დისიდენტური მოძრაობის წინააღმდეგ „საქართველოს მოამბის“ #2 ნომერში დაბეჭდილი „მარტიროლოგის“ გამოყენებას შეუდგა. სუკ–ის „ოპერატიული კომიმბინციის“ მიხედვით „პროპაგანდისტული ფრონტის წინა ხაზზე პირველი საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი გამოვიდა.

(მეცხრე ნაწილის დასასრული)