გინესის რეკორდების წიგნში შესატანად - 30 წთ-ში განადგურებული 30 რუსული ტანკი და ჯავშანმანქანა... - კვირის პალიტრა

გინესის რეკორდების წიგნში შესატანად - 30 წთ-ში განადგურებული 30 რუსული ტანკი და ჯავშანმანქანა...

საბრძოლო ეფექტიანობა ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია ნებისმიერი ომის დროს, ანუ რამდენად დროული, ზუსტი და დამაზიანებელია შენ მიერ გახსნილი ცეცხლი მოწინააღმდეგისთვის და რა საბრძოლო დანაკარგებს (როგორც დაუბრუნებელს, ისე - აღდგენითს) მიიღებს ის ამის შემდეგ...

და როდესაც ამ საბრძოლო ეფექტიანობას ემატება ეფექტურობაც, რასაც კარგად აფიქსირებენ დრონების ვიდეოკამერებიც, მაშინ ერთმანეთზე დადებული ეს ორი ფაქტორი ძალზე მომგებიან შედეგს იძლევა.

პირველი - დრონების ვიდეოკამერებით გადაღებული მოწინააღმდეგის განადგურების კადრები წარმატებული შედეგის ობიექტურ დადასტურებას წარმოადგენს, რომელშიც ეჭვის შეტანა ძალზე ძნელია.

მეორე - ასეთი სახის ვიდეოკადრები გამოდგება თვალსაჩინო სასწავლო საშუალებად დანარჩენი სამხედროებისთვის, რომლებიც შესაბამისი ანალიზის შემდეგ ამ ცოდნას ბრძოლის ველზე წარმატებით გაიმეორებენ (ვიდეო იხილეთ ქვემოთ)

მესამე - იმავე ვიდეოკადრების ასევე წარმატებით გამოყენება შეიძლება საბრძოლო მოქმედებების პარალელურ საინფორმაციო ომშიც, წმინდა პროპაგანდისტული მიზნებით, ორი მიმართულებით - საკუთარი მოსახლეობის გამარჯვების სულისკვეთების ასამაღლებლად და მოწინააღმდეგის აუდიტორიაში - წაგების განწყობის გასაღვივებლად...

ის, რაც უკრაინელმა სამხედროებმა 6 თებერვალს გააკეთეს ქალაქ უგლედარის მისადგომებთან, ზუსტად ასახავს ზემოთ მოყვანილ თეზისებს და, ამასთანავე, თავისუფლად შეიძლება ჩაიწეროს გინესის რეკორდების წიგნში, თუკი მასში არსებობს ისეთი თავი, რომელიც კონკრეტულ დროში კონკრეტული რაოდენობის ჯავშანტექნიკის აფეთქების რეკორდს ასახავს...

2-u-1676020074.png
იმ 30-ვე ჯავშანტექნიკის ფოტოები, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა შეტევის მცდელობისას 30 წუთში დაკარგეს...

30 წუთში აფეთქებული 30 რუსული ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა - ასეთი საბრძოლო შედეგიანობა რამდენიმე დღის წინ უგლედართან ბრძოლებისას რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

პირველი - რუსმა ოკუპანტებმა უგლედარისკენ შეტევა ოთხი ჯავშანკოლონით წამოიწყეს. თითოეულ მათგანში ხუთი ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანები შედიოდა. ისინი ერთმანეთის მიყოლებით, ასფალტირებული გზით მიემართებოდნენ პავლოვკიდან უგლედარისკენ და კარგ სამიზნეს წარმოადგენდნენ, რადგან ჯავშანტექნიკას შორის დისტანცია მინიმალური იყო.

მეორე - ოპერატიულად იმუშავა უკრაინის დაზვერვამ და დრონების მიერ გადაღებული ამ რუსული ჯავშანკოლონების გადაადგილების კადრები დაუყოვნებლივ მიაწოდა არტილერისტებს.

მესამე - უკრაინელ არტილერისტებს ეტყობა, წინასწარ გამოთოფილი ჰქონდათ გზის კონკრეტული მონაკვეთები, ამიტომაც მათ მიერ გასროლილი პირველივე ჭურვები თავზე „დაასხდნენ“ რუსულ ტანკებს.

უკრაინული სადაზვერვო დრონებით გადაღებული ვიდეოკადრების ყურება საკმაოდ რთულია, რადგან საარტილერიო დაბომბვაში მოყოლილი რუსული ჯავშანტექნიკის ეკიპაჟები რამდენიმეტონიან საბრძოლო მანქანებს, დაბნეულები, ერთ ადგილას ატრიალებენ და ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა მუხლუხებით სრესავს სადესანტო ნაკვეთურიდან გადმოვარდნილ თავისივე მებრძოლებს...

3-u-1676020104.png
რუსული ჯავშანკოლონების განადგურების შემდეგ ტყვედ აყვანილი ოკუპანტები, რომლებიც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადიდან არიან...

ამ ვიდეოკადრებმა სოციალური ქსელებით მაინც შეაღწია რუსეთის მოსახლეობის ფართო მასებში და თვით ყველაზე დიდი რუსი „ურაპატრიოტებიც“ კი ამ კადრებისა და ფოტოების ნახვის შემდეგ თავს ვერ იკავებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის, ასევე, მთლიანად რუსული გენერალიტეტის არა მარტო მწვავედ კრიტიკისგან, არამედ - ბოლო სიტყვებით გინებისგანაც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მიღებული ახალი კანონების თანახმად, ეს შეიძლება შეფასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციად და სოციალურ ქსელებში გამოთქმული კრიტიკისთვის მათმა ავტორებმა რეალური სასჯელი მიიღონ ციხის კამერის სახით...

ასე რომ, დროულად და ეფექტიანად გადაღებულ ფოტოვიდეოკადრებს შეიძლება ერთ სატანკო ასეულზე მეტი „დამაზიანებელი“ ძალა გააჩნდეს საინფორმაციო ბრძოლის ველზე, მისი ზუსტად „გატყორცნის“ შემთხვევაში...