"ყველა ტირის და განიცდის მომხდარს. სიმთვრალეში რაღაცაზე იჩხუბეს და ასეთი უბედურება მოხდა" - მარტყოფში მომხდარი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"ყველა ტირის და განიცდის მომხდარს. სიმთვრალეში რაღაცაზე იჩხუბეს და ასეთი უბედურება მოხდა" - მარტყოფში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მარ­ტყოფ­ში მომხდარი მკვლელობის დეტალებს სამართალდამცველები ამ დრომდე არკვევენ. უმძიმესი დანაშაული გუშინ მოხდა. 34 წლის სპორტსმენი, გოჩა ჯეირანაშვილი მისმა ბავშვობის მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მას ხუთი ტყვია მანქანიდან ესროლა. ბიჭი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სამართალდამცველები. დამნაშავე ნიკა სახლთხუციშვილი მალევე დააკავეს. მომხდარზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებს.

როგორც ირკვევა, მკვლელობას მეგობრებს შორის შელაპარაკება უძღვოდა წინ.

„მთელი სოფელი შეძრულია ამ ამბით და მომხდარზე საუბარი ყველას უჭირს. მარტყოფი დიდი სოფელია, მაგრამ აქ ყველა ერთმანეთის ახლობელი და ნათესავია. რა უნდა ვთქვათ, საშინელება მოხდა. ორივე ერთად გაზრდილები, ბავშვობის მეგობრები არიან და მეზობლები. როგორც ვცი, სუფრასთან იყვნენ, მთვრალები, იქ მომხდარა შელაპარაკება. ამის შემდეგ გამოსულა ნიკა სახლთხუციშვილი, წამოუღია იარაღი და უსვრია მანქანიდან.

ყველა ტირის და განიცდის მომხდარს. სიმთვრალეში რაღაცაზე იჩხუბეს და ასეთი უბედურება მოხდა.

გოჩა კარგი ახალგაზრდა იყო, მოჭიდავე, სპორტსმენი, ჯანიანი ბიჭები რომ არიან, ასეთები არიან ორივე. ყველას რომ უყვარს. ნიკაც სპორტსმენია, რა გადაუბრუნდა თავში, არავინ იცის. შოკია ყველასთვის. სუფრიდან გამოსული ქუჩაში მოკლა. ეტყობა იარაღი გამოიტანა და მანქანიდან გაისროლა. არ ვიცი, თვითმხილველები არიან ამ ფაქტის, თუ - არა. რაზე მოუვიდათ ჩხუბი ესეც არ ვიცით. თანატოლები და ბავშვობის ძმაკაცები არიან. ნიკა დაკავებულია“, - გვითხრა ადგილობრივმა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მოკლული მო­ჭი­და­ვე იყო და სპორტში მიღ­წე­ვე­ბიც ჰქონ­და. მათ წარ­სულ­ში არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ.

ნიკა სახლთხუციშვილი დაკავებულია. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას ედავებიან. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

(სპეციალურად საიტისთვის)