SOS - ახალგაზრდები! - კვირის პალიტრა

SOS - ახალგაზრდები!

SOS- ახალგაზრდები!

სპორტულ დარბაზში დავიწყე ვარჯიში. ვხედავ, დერეფანში სრულიად ახალგაზრდა მენეჯერი ხანშიშესულ პერსონალს ესაუბრება. ამ თანამშრომელს სახე აქვს ისეთი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მინახავს - მე, ამხნის ქალი, რამდენი წელია აქ ვმუშაობ და ამან რა უნდა მასწავლოს - აი, ასეთი!

დღეს შევეცდები ახალგაზრდების პრობლემებზე დავწერო. ვთქვა ის, რაც ევროპულ ქვეყნებში მინახავს და როგორ ვხედავ პრობლემების გამოსწორების გზას. ვინაიდან შესავალში ასეთი ფაქტი მოვიყვანე, აქვე ვიტყვი, რომ ევროპულ ქვეყნებში კანონი იცავს პირს, რომელსაც შესაძლოა ასაკიც აქვს, მაგრამ ასე ვთქვათ „ბიჭუშკურად“ გამოიყურება, ან, მართლა სხვებზე ახალგაზრდაა. პოსტსაბჭოთა საქართველოს სამსახურებში შემორჩენილია დამოკიდებულება - „ეს ღლაპი“ უნდა დაგვასვან თავზე?“ ამის გამო იმ დღესვე შეუძლია დაგითხოვოს სამსახურიდან იმ „ღლაპმა“ ევროპაში და კანონით პასუხიც კი გაგებინოს.

ევროპელები ყურადღებას ამახვილებენ რამდენად შეუძლია ახალი ხედვა შემოიტანოს, კრიზისი მართოს, მოკლედ, რამდენად აქვს ოდნავ მეტი ცოდნა მაინც ახალგაზრდას, ვიდრე მის მოსვლამდე იყო ოფისში... ასეთი მიდგომა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად დასანერგია, რაც ახალგაზრდების „ფასს“ გაზრდის.

ჩვენი მოსახლეობის 24-25% ახალგაზრდა თაობაა და ამათგან თითქმის მეოთხედი საკუთარი ქვეყნიდან გაქცევაზე ოცნებობს. როგორ ფიქრობთ, რა სჭირდებათ ახალგაზრდებს? ვფიქრობ, მათთვის მთავარია გამოიყენონ შესაძლებლობები, რომელსაც ხელისუფლება უნდა ქმნიდეს ქვეყანაში, იყვნენ ავტონომიურები, ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში...

რიგ შემთხვევაში კი ახალგაზრდებში არ არსებობს ინტერესი. აქვთ შიში, რომ მუდმივად ცვალებად გარემოში და ნეგატიურ ექოში ვერ ახერხებენ ორიენტირებას. „დაბლაგვებული“ აქვთ გატაცებები და საერთოდ, დასაქმების ბაზრის მოთხოვნები გაურკვეველია მათთვის.

დასაქმების ბაზარი პრინციპში, ყველასთვის ერთობ უცნაურია. საზღვარგარეთ რამდენიმე ოფიციალურ სამსახურში ვიმუშავე და აი, მაგალითად, გადავდივარ ერთი რადიოდან მეორე რადიოში სამუშაოდ, ან მაღაზიიდან მაღაზიაში, სპეციფიკა ხომ მსგავსია, არა? მაგრამ არ არსებობს სამსახური, რომელშიც „მინი“ გადამზადებას მაინც არ გადიხარ. სულ რომ წლების გამოცდილება მქონდეს, შეიძლება მსგავს სამსახურში ვერ გამოვჩნდე ისეთი, როგორიც წინაში ვიყავი. ეს ჩემი კი არა, შენი ნაკლია, როგორც დამსაქმებლის.

ანუ, განვითარებულ ქვეყნებში მიდიხარ ახალ სამსახურში და ის მენეჯერი გაცნობს, რას ითხოვს შენგან, რა სპეციფიკას უნდა მოერგო, რამდენიმე ანაზღაურებადი საცდელი დღეც შესაძლოა გქონდეს, გიქმნის ყველანაირ პირობას, იგებს ახალი თანამშრომლის ხასიათსაც კი... რომელი ერთი ჩამოვთვალო? 21-წლის გოგო რომ მოვა და გარკვეული ტიპი გყავს წარმოსახული, იმას თუ არ დაემთხვა რომელიმე ქცევა ან პასუხი, უარით ისტუმრებ, ეს შენი პრობლემაა...

რაც თვალში მხვდება ევროპულ ქვეყნებში, მასიურად არის მოკლევადიანი კურსები. სულ არ არის საჭირო 16 წლის ასაკში უმაღლესს „შეუტიო“. რამდენი ვიცი, შესაძლოა რაღაც „ბ“ მიზანი აქვს და იწყებს, პირობითად, დამლაგებლობიდან, აგროვებს გამოცდილებას და თანხას, პარალელურად გადის გადამზადების კურსს, მაგალითად საექთნო კურსებზე და ნელ-ნელა აღწევს მიზანს. არავინ ეუბნება საკუთარ ქვეყანაში, რომ თუ ექთნობაზე ოცნებობდი, ექთნად უნდა დაბადებულიყავი და CV-ში 10 სხვადასხვა ადგილი სულ ექთნის სპეციალობით გეწეროსო.

აქ კიდევ ერთი პრობლემაა, ახალგაზრდა რომ მუშაობას იწყებს პირობითად 500 ლარზე, შეუძლებელია წლების შემდეგაც იგივე ხელფასი ჰქონდეს. არასოდეს მიჩხუბია საზღვარგარეთ ჩემს ხელფასზე. ჯერ ერთი იმ მცირე ხელფასითაც, რითიც დავიწყე, სრულფასოვანი არასამუშაო დღის მოწყობის და დანაზოგის გაკეთების საშუალება მქონდა, მაგრამ ნებისმიერ სამსახურში, თუკი რჩები დიდხანს, თავისთავად გემატება.

არაერთი ვიცი დამლაგებლებად, ან კაფეებში მუშაობდნენ. 8 თვე როგორც კი გაუძლეს, ეგრევე „თიმ-მენეჯერები“ გახდნენ. ახალმოსულს ასწავლიდნენ სად? რა? როგორ? ორგანიზებას უწევდნენ, ხელფასებიც მოემატათ... ჩვენთან, ოდესმე, ხომ შეიძლება დაიწყოს ამაზე ლაპარაკი.

რამდენიმე ქართველ ახალგაზრდას ველაპარაკე. მითხრეს, რომ არაერთმა იმუშავა 2 თვე 300-400 ლარზე, მერე ქირა და სხვა პრობლემები დაემატა და წავიდნენ სახლებში. ასევე, ზოგი თვლის, რომ არასწორად ირჩევს პროფესიას. შესაძლოა არ ოცნებობდე რომელიმე სამსახურზე, მაგრამ რაც ბაზარზე მოთხოვნადია ჯობს ის ისწავლო, რომ როგორმე თვითრეალიზება შეძლოო. გულწრფელი პასუხებია, მაგრამ ამის გამო განვითარებულ ქვეყნებში მუდმივი საინფორმაციო კამპანიაა. ჩვენთან რა კამპანიაა? დემორალიზებული საზოგადოება, რომელიც მასიურად ფიქრობს, რომ თუ ე. წ თანამდებობაზე ხარ ან მინისტრის ახლობელი, არა მარტო ყველაფერი გაქვს, არამედ ნებადართულია ყველაფერი შენთვის. მშობლები კი ერთი და იმავე, ე. წ პრესტიჟულ ფაკულტეტს ურჩევენ: იურისტი, ეკონომისტი, ექიმი...

ეს მახინჯი სისტემა უნდა ამოვშალოთ ჩვენი ტვინებიდან. ამისათვის, უნდა იყოს მასიურად საინფორმაციო რგოლები ყველგან... აი, როგორც 2017 წელს ინგლისში ოქსფორდის სტუდენტებს გამოუცხადეს, ბოდიში, არ გვაქვს ამა და ამ პროფესიებისთვის სამუშაო ადგილები, დროებით დასაქმდით კაფე-ბარებში, რაც ამ ეტაპზე ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია და ნუ გეშინიათ თქვენი ცოდნა არ დაიკარგება. სპეციალურად ჩავედი ოქსფორდში, სადაც 3 კაფე-ბარი ერთ არეალში სავსე იყო 20-25 წლის გოგო-ბიჭი თანამშრომლებით. მაგრამ, ისე კი არა, როგორც ქართულ რესტორნებშია 800 ლარად 14-15 საათი ამუშაო და წლების შემდეგაც არ შეცვალო პირობები... თან გიკვირდეთ რატომ გარბიანო? ქართველები ზარმაცები ხომ არ ვართო? არ არის ასე. ხარბები უფრო ვართ, ვიდრე ზარმაცები. განვითარებულ ქვეყნებში საწარმოს განვითარება თითოეული თანამშრომლის შემოსავალზე აისახება. მარტო ხელმძღვანელები კი არ იჯიბავენ... რაც მეტს დააფასებ თანამშრომელს, შენი კომპანია მეტად განვითარდება. ეს აქსიომაა.

როდესაც 17-21 წლის ახალგაზრდებს სამსახურში მისაღებად გამოცდილებას სთხოვთ, განვითარებულ ქვეყნებში მიღებულია „მოხალისეობა“ „ვოლუნტიარ“, მაქსიმუმ ერთი თვე შეგიძლია გაიარო და გეთვლება, რომ სადმე, როდესმე 18 წლის ასაკში გიმუშავია. მთელი რიგი სამსახურები „მოხალისეობაზე“ აცხადებს ვაკანსიას...

ბოლო დროს, ევროპულ ქვეყნებში სულაც არ გიჟდებიან 17 წლის ასაკში უმაღლესში ჩააბარონ. ფიზიკური შრომით აგროვებენ თანხას, მათი სახელმწიფო იცავს მათ ღირსებას, მუშახელი დაფასებულია, როგორც თავიდან გითხარით და მერე, როგორც თვითონ ამბობენ, 25-წლის ასაკის შემდეგ მოიფიქრებენ უნდათ თუ არა უმაღლესი. ასეთ შემთხვევაში სწავლის ნაწილს თვითონ, ნაწილს კი სახელმწიფო გადაიხდის. ასე, საკუთარი თავის თვითრეალიზებასაც მარტივად მოახერხებს.

მოდით გულწრფელად გეტყვით, ახალ თაობას სურს რომ იცხოვროს, საბჭოთა თაობამ მხოლოდ თავის გატანა იცოდა -„აი, პურის ფული ხომ მაქვს, აი ზამთარს გადავიტან...“ თავის გატანა სხვაა და ცხოვრება სხვა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და როცა ახალგაზრდებს ამის პირობები არ აქვთ პასიურები ხდებიან.

მათ კი ვეტყოდი: ახალგაზრდებო, ჩვენთვის არ უსწავლებიათ და არც ახლა გვზრდიან ასე, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ - პროფესია არ ქმნის ადამიანს, არამედ ადამიანი ქმნის პროფესიას! შენი პროფესია შენს პიროვნებას ვერ განსაზღვრავს, არამედ პატიოსნება და პროფესიონალიზმი. ეს უნდა დავიმახსოვროთ! ამის სარეკლამო რგოლები უნდა იყოს ყველგან. მათ სჭირდებათ სტიმული, რომ ჩაებან საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამ დროს არაერთი ახალგაზრდა მეუბნება, რომ „უფროსებს“ ნაკლებად აინტერესებთ მათი აზრი.

ისევ ევროპას მოვიშველიებ, მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, ამის შეცვლას ვგეგმავთ და თქვენ რას გვირჩევთ? არ ვიცი იყენებდნენ თუ არა ჩვენს იდეებს, მაგრამ ჩვენ, სულ ცოტა გვიხაროდა, სტიმული გვქონდა...

ასევე, ჩვენთვის არ უსწავლებიათ შრომის კულტურა და ამ მიმართულებით უნდა იყოს მუდმივი საინფორმაციო კამპანია. დასჯადად უნდა გამოცხადდეს 2 წელზე მეტხანს ერთი და იგივე ხელფასზე მუშაობა, ასევე გადაჭარბებული საათების აუნაზღაურებლობა... ბიზნესს უნდა დაევალოს, რომ 5 ახალგაზრდა მაინც ჩართოს ერთ-ორთვიან სამუშაო პროცესში და ასე მიიღონ მათ ურთიერთობის და პროფესიული გამოცდილება. დედაქალაქის მერიამ პროფესიული სწავლების უფასო კურსები გამოაცხადა. დედაქალაქის მერს სხვებმაც უნდა მიბაძონ და ყველა რაიონი ცდილობდეს მსგავსს.. ხელისუფლება უპირობოდ უნდა აფინანსებდეს ნებისმიერი სახის ახალგაზრდულ წამოწყებას და იდეას...

თანამედროვე საქართველოში ღირსეული დასაქმება, ახალგაზრდებისთვის ცხოვრების პირობების შექმნა და აქტიურობა, უნდა უზრუნველყოს მთავრობამაც, ეკონომიკამაც და თითოეულმა პასუხისმგებელმა პირმაც. ამაზე ფიქრი სისტემატურად უნდა ხდებოდეს.