მოგზაურობასა და ტანსაცმელში დახარჯული 120 000 ლარი, ძვირადღირებული სამკაულები, ფერწერული ტილოები და მანქანები - "ოცნების" დეპუტატისა და მისი მეუღლის შთამბეჭდავი ქონება
"ქართული ოცნების" მილიონერი პარლამენტარი გიორგი ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მისი კარიერა ჯერ კიდევ სკოლის დასრულების შემდეგ წარმატებით განვითარდა. გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მაქსპლანკის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, ბიზნესში სცადა ბედი. მოგვიანებით კი დაგროვილი კაპიტალი მამის დაარსებულ ღია უნივერსიტეტს მოახმარა და მისი რექტორიც გახდა. პოლიტიკაში პირდაპირ უნივერსიტეტიდან მოვიდა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ჩაიბარა.
რამდენიმე თვის წინ ამილახვარი სკანდალში გაეხვა, რის გამოც, საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. ამბავი ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას ეხებოდა, როდესაც 14 წლის მარიტა მელიქიშვილს, პარკში მდებარე შადრევანში ჩასვლისას დენმა დაარტყა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარიდან მალევე, ამილახვარმა ჟურნალისტთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:"ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ. ჩაუვარდა ბურთი. ალბათ, არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი. არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს - არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის… ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხები სერიოზულად? [უსაფრთხოების ზომები] ცხადია, უნდა იყოს", - თქვა დეპუტატმა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ყველა დეტალი ცნობილი ამ უბედურ შემთხვევაზე.
ამილახვარის განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც დეპუტატმა რამდენიმე საათში საჯაროდ ბოდიში მოიხადა.
"მინდა მივუსამძიმრო საზოგადოებას და განსაკუთრებით ოჯახს ამ მცირეწლოვანი ბავშვის ასე ტრაგიკულად გარდაცვალება. ყველა, ჩვენ მოზიარე ვართ ამ საშინელი ამბის. ბოდიში მინდა მოვიხადო და მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. არ აქვს იმის ახსნას აზრი, თუ რა კონტექსტით გავაკეთე ის განცხადება, რაც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია მთელი ცხოვრების განმავლობაში და ჩემთვისაც ამ კონტექსტში ის განცხადება, რაც გავაკეთე, არის სრულიად მიუღებელი. ახლა არ მგონია, ოჯახს იქეთ ვინმე ისე განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე მე", - თქვა გიორგი ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარს მეუღლე, ნინო წერეთელი და ორი შვილი, ნუცა და ანა მია ჰყავს. საკმაოდ შთამბეჭდავია მისი ქონებრივი დეკლარაცია და ეს გასაკირი არც არის, რადგან ამილახვარი მილიონერი პარლამენტარებიდან ერთ-ერთია. (ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც 2021 წლისაა, "ოცნებას" 13 მილიონერი დეპუტატი ჰყავს).
ამილახვარს თბილისში უფიქსირდება ერთი ბინა ყაზბეგის გამზირზე, რომელიც ჩუქებით მიიღო. ამავე მისამართზე აქვს არასაცხოვრებელი ფართი, სარდაფი და მანსარდა. ასევე უფიქსირდება ბინა ამაღლების ქუჩაზე, რომელიც 500 000 ლარად შეიძინა, ამავე მისამართზე აქვს 10 000 ლარად შეძენილი დამხმარე ფართი, ასევე 15 000-ად შეძენილი ავტოფარეხი. ლეონიძის ქუჩაზე, 5000 ლარად შეიძინა დამხმარე ფართი, ასევე შინდისში აქვს 798 000 ლარად ნაყიდი ნაკვეთი. (გააგრძელეთ კითხვა)