"ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე და ფეხი არ უნდა დაგვიცდეს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე და ფეხი არ უნდა დაგვიცდეს"

გასულ კვირას ვაშინგტონში აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების, ლოიდ ოსტინისა და ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდგომაც ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას 33 მილიონი დოლარით ზრდის. პენტაგონის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს დახმარება შეკავებისა და თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად. მინისტრებმა განიხილეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები. პრესისთვის საჯარო გამოსვლისას ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა საქართველოს დიდ წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ვაშინგტონში შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე "რამშტაინში" უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართა მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მნიშვნელოვანი შეხვედრა. "საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის შესაძლებლობა, დაიცვას თავი და განამტკიცოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა განაგრძობს ბრძოლას და მამაცურად იბრძვის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერთიანობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღეს, როცა მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული სამყაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევის წინაშეა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების და უკრაინის მიწების გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი ოკუპაციის გამო. სწორედ ამ შეხვედრაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტ გიორგი გობრონიძესთან:

giorgi-gobronidze.jpg

- ეს იყო შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაანახა ყველას საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობა. ეს არ არის პარტნიორობა, რომელსაც ხვალ შეწყვეტ და ზეგ აღადგენ. ეს არის ორი სახელმწიფოს გრძელვადიანი, მდგრადი თანამშრომლობა. ეს შეხვედრა ასევე ცხადყოფს, რომ როგორც აშშ-ს, ისე საქართველოს ერთმანეთთან აქვთ ვალდებულებები და მათ სჭირდება შესრულება. საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი პრინციპი ხომ სწორედ ეს არის. თუ გადავხედავთ ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ აქტივობას, ის გარკვეულწილად აცდენილია ჩვენს რიტორიკას. არ ვამბობ, რომ ჩვენ უკვე ვართ დასავლური დემოკრატიის ქვეყანა, რაც უპირველესად ნიშნავს დასავლურ პრინციპებზე დაყრდნობით სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ ამისგან ჯერ შორს ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ დასავლეთის პარტნიორი სახელმწიფო. ჩვენ გვჭირდება ეს პარტნიორობა, ასევე ფხიზელი დამოკიდებულება რეგიონის ქვეყნებთან. მოკლედ, გვჭირდება რეგიონული და სამეზობლო პოლიტიკაც. დიპლომატიური თვალსაზრისით, დღეს ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე და ძალიან უნდა ვიფრთხილოთ, რომ სადმე ფეხი არ აგვიცდეს.

ისევ ხელისუფლების ბოლოდროინდელ რიტორიკასა და დასავლეთზე გახშირებულ კრიტიკულ, უსაფუძვლო განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ვაშინგტონში გამართულმა ამ შეხვედრამ ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა ეს განცხადებები მეტწილად განკუთვნილია შიდა აუდიტორიისთვის და გათვლილია მაქსიმუმ ვიწრორეგიონულ ინტერესზე. ეს არ არის რეალურად საქართველოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკა. მთელი პრობლემა კი ის არის, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ამ განცხადებების პოტენციურ დამაზიანებელ ეფექტს ჩვენი საგარეო იმიჯისთვის ნაკლებად უფიქრდება. ამიტომ საჭიროა ხელისუფლების მოქმედებები და რიტორიკა ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს. გასაგებია, რატომაც ლაპარაკობენ ამგვარად - ისინი ემზადებიან შემდეგი საარჩევნო ციკლისთვის, ასევე გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობისთვის, სამწუხაროდ, საქართველოში არა გვაქვს სტაბილური გარემო. აქედან გამომდინარე, ცდილობენ განწყობა შექმნან იმ შემთხვევისთვის, თუ ვერ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ამაში ევროკავშირი დაადანაშაულონ და არა საკუთარი თავი. ყოველთვის ადვილია ეძებო და იპოვო დამნაშავე ყველგან, გარდა საკუთარი თავისა.

- ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი და მმართველ პარტიას გამოყოფილი ე.წ. ხალხის ძალა ბოლო ხანს, ფაქტობრივად, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ. ამან ჩვენი საზოგადოების ნაწილში გააჩინა კითხვა, სად არის საქართველო შექმნილ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა, ფაქტობრივად, ორად გაყო მსოფლიო, რომლის ერთ მხარეს ცივილიზებული სამყაროა, მეორე მხარეს კი რუსეთი...

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება ცდილობს ოქროს შუალედი იპოვოს, რამდენად გამოსდის ან არსებობს თუ არა ამგვარი შუალედი საერთოდ, სხვა საკითხია. მოდი, გავიაზროთ რამდენიმე მომენტი. მაგალითად, როდესაც ლაპარაკია, თუ რატომ არ გავიზიარეთ ევროკავშირის ქვეყნების მიდგომა და არ დავუწესეთ ჩვენც ცალმხრივი შეზღუდვები რუსეთს, ჯერ ერთი, ჩვენ არა ვართ ევროკავშირის წევრი და არ ვიყავით მზად ამის უარყოფითი ეფექტისთვის ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნები. ჩვენ არც იმის გარანტიები მიგვიღია, რომ ამის შემდეგ ჩვენი ეკონომიკური სისტემა თუ უსაფრთხოება დაცული იქნებოდა და ა.შ. ჩემი აზრით, პრობლემა იყო არა ის, რომ არ და ვერ დავაწესეთ ამგვარი სანქციები, არამედ ის, თუ როგორ მივაწოდეთ ამის თაობაზე ინფორმაცია გარე სამყაროს. მარტივად და ლოგიკურად შეგვეძლო ამის ახსნა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. არაფერი განსხვავებული იმისგან, რაც, მაგალითად, გააკეთა მოლდოვამ, არ გაგვიკეთებია.

ვერ ვიტყოდი, რომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ რუსეთის მხარეს ვართ, უბრალოდ, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად ვერ გავუწევთ უკრაინას დახმარებას. ეს ქვეყნები ნატოს ქოლგის ქვეშ არიან, შესაბამისად, მათ უსაფრთხოების გაცილებით მეტი გარანტია აქვთ, ვიდრე ჩვენ. თურქეთიც კი, რომელსაც ალიანსში რიგით მეორე არმია ჰყავს, ისიც ძალიან სიფრთხილით მოეკიდა სანქციების საკითხს. ის ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას თავისი ინტერესები. თურქული დიპლომატია მეტად საინტერესოა თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ერთადერთი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ზოგჯერ ნამდვილად იბადება კითხვები, ხომ არ ვაჭარბებთ ან ამა თუ იმ ვითარებაში რამდენად სწორად ვიქცევით?

ცალკე პრობლემაა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობა, რომლის გაუარესებაც ომის დროს არ დაწყებულა. ამ ურთიერთობაში სააკაშვილის ფაქტორმა ძალიან ცუდი როლი ითამაშა. დიპლომატიური ურთიერთობის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ამ ხელისუფლების შეფასებით მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა, რომელზეც გამოცხადებული იყო ძებნა, უკრაინაში კი სხვადასხვა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობას აბარებდნენ. საინტერესოა, როგორი იქნებოდა უკრაინის პოლიტიკური ელიტის პოზიცია, იანუკოვიჩი რომ ჩამოგვეყვანა და რაიმე თანამდებობაზე დაგვენიშნა. მოკლედ, ვცდილობ ობიექტურად ავხსნა, თუ რამ გამოიწვია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობის გაუარესება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ეს რიტორიკა, რაც ორივე მხრიდან გვესმის, მისაღებია.

- სააკაშვილი ახსენეთ და, გასულ კვირას ექსპრეზიდენტს სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა. ჩვენშიც და ქვეყნის გარეთაც ბევრი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო.

- აქ მე ვხედავ ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას - ჩვენს ქვეყანას რომ ჰყავდეს სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებები არ გამოიწვევდა კითხვებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, არ გახდებოდა ეს საკითხი საეჭვო და ამდენი მითქმა-მოთქმის საფუძველი. სანამ არსებობს კითხვები სასამართლო სისტემაზე, მანამდე იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი პროცესები, სულერთია, ვისაც არ უნდა შეეხებოდეს. შესაბამისად, ჩვენ უპირველესად გვაქვს ინსტიტუციური პრობლემები. აუცილებელია ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, დამკვიდრდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მაღალი სტანდარტი.

სხვა ქვეყნების ისტორიაშიც არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაუკავებიათ, მაგრამ ამას სჭირდება დასაბუთება და პროცესის ისე წარმართვა, რომ არ გაჩნდეს კითხვები. სააკაშვილი შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიტიკური პატიმარი არა იმიტომ, რომ ის უდანაშაულოა, არამედ იმიტომ, რომ მისი დაკავება იმთავითვე იქცა პოლიტიკური პროცესის ნაწილად.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ხელისუფლების დამოკიდებულებაც. წესით, მისთვის ყოველმხრივ მომგებიანი უნდა იყოს მისი შეწყალება და როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოდან გაშვება. ეს იქნებოდა კრიზისიდან უმტკივნეულო გამოსავალი. არ მესმის, ხელისუფლება რატომ არ იქცევა ასე და სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებით რა სარგებელს იღებს.

- ბოლო დროს ხშირად გამოითქმის ეჭვი საქართველოში და მის გარეთაც, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთს ეხმარება. "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა: "ჩვენ არა გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს. არის უზარმაზარი რაოდენობის ტვირთი, რომელიც შემოედინება და გაედინება ჩვენს საზღვრებზე. არა მგონია, ვინმემ ასპროცენტიანი დარწმუნებით თქვას, მაგრამ, ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ ათწლეულების განმავლობაში საბაჟო სამსახურსა და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობისას არის ის, რომ მათ აქვთ სათანადო ცოდნა, ტრენინგი და აღჭურვილობა, იციან, რას აკეთებენ და როგორც შეუძლიათ საუკეთესოდ აკეთებენ ამ ვითარებაში".

- სამწუხაროდ, ეს ეჭვი თავდაპირველად უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადების შემდეგ გაჩნდა. არ ვიცი, მათ რა საფუძველი ჰქონდათ ამისთვის, მაგრამ ფაქტია, ეს დოკუმენტურად დღემდე არავის დაუსაბუთებია. ამის მერე არაერთი შეთქმულების თეორია მოვისმინეთ. დამერწმუნეთ, აშშ-ს ძლიერი სადაზვერვო სამსახურები ჰყავს და რეალურად რომ არსებობდეს სანქციებისგან თავის არიდების ფაქტები, დასავლეთს ძალიან მძიმე რეაქცია ექნებოდა. ერთია, რა დასტურდება ოფიციალური წყაროებით, და მეორე, რას ამბობენ ცალკეული პოლიტიკოსები. ამგვარი ბრალდებების წამოყენება დიდი უპასუხისმგებლობაა. აქ საქმე შეეხება არა მარტო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას, არამედ მთლიანად ქვეყანას, მის მოქალაქეებს.

- რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე განცხადების შემდეგ ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ, მათ შორის რუსული მხარის მტკიცება, რომ თითქოს რუსეთს ამის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა, რასაც ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები არ ადასტურებენ. თქვენი აზრით, რას ცდილობს რუსეთი ამით?

- ლავროვისგან, და საზოგადოდ, რუსეთისგან, პირველად ხომ არ ვისმენთ ტყუილს, ცრუბრალდებასა და არასწორ შეფასებას? შემიძლია თარიღებით გაგახსენოთ, როდის რას გვაბრალებდნენ... როგორც სჭირდებათ, ისე ლაპარაკობენ. ამჯერად ლავროვს ეს შიდა მოხმარებისთვის დასჭირდა. ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს დასავლეთი არ არის უკრაინის საკითხში ერთსულოვანი, რომ აგერ საქართველო თურმე არ ემორჩილება პარტნიორებს და არ უპირისპირდება რუსეთს, რაც სისულელეა. ცდილობენ გააგრძელონ საქართველოს ხელისუფლების წამოწყებული ძალიან არასწორი რიტორიკა, რომელიც განკუთვნილია ასევე შიდა მოხმარებისთვის, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ ამ დაუფიქრებელმა პოლიტიკამ შესაძლოა ჩვენი საგარეო იმიჯი დააზარალოს-მეთქი და ასეც ხდება... ამას ახლა იყენებს რუსეთი. სწორედ ამ დაუფიქრებელმა რიტორიკამ მისცა ლავროვს და სხვებს ამგვარი განცხადებების გაკეთების საშუალება. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობა გააფუჭოს. რუსული პოლიტიკური დღის წესრიგი არსად წასულა. კრემ­ლი ცდილობს საქართველოსვე მხრიდან გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები სათავისოდ გამოიყენოს.

ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარების საფუძველი, სტაბილური ეკონომიკური განვითარების პირობები შეუქცევადი დემოკრატიის განვითარების შესაძლებლობა. ეს სამი რამ სჭირდება ქვეყანას, რათა წარმატებას მივაღწიოთ.რაც შეეხება რუსეთს, მათ ძალიან მარტივი გამოსავალი აქვთ საქართველოსთან ურთიერთობის დასალაგებლად - აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაიყვანონ საოკუპაციო ჯარი. თუ ამას გააკეთებენ, საქართველოში ძალიან ცოტა პოლიტიკოსი თუ ილაპარაკებს, ალბათ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ქართულ პოლიტიკურ ელიტას ერთი რამ ახასიათებს - მას ევროპა და დემოკრატია უნდა მაშინ, როცა ოპოზიციაში არიან. მაშინ ახსენდებათ სიტყვისა თუ სასამართლოს თავისუფლება, მაგრამ როგორც კი ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, ავიწყდებათ. ისიც მახსოვს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები როგორ უხდიდნენ მადლობას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" დახმარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მათ შორის ქალბატონი წულუკიანი, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სულ "გველის წიწილები" უძახა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

- მოგეხსენებათ, "ნაციონალურ მოძრაობაში" შეიცვალა ხელმძღვანელობა. პარტიის ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანაში აქციები დააანონსა, თუმცა აშკარაა, რომ ამ იდეას ჩვენს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და არც მაინტერესებს "ნაციონალურ მოძრაობაში" რა ცვლილებებია. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ პარტიის ამ ცვლილებებამდე არსებულ ხელმძღვანელობასთან შედარებითაც კი ხაბეიშვილი და მისი "რაზმი" აშკარად დიდი უკუსვლაა. რაც შეეხება აქციებს, ის, რაც გასულ კვირას ვნახეთ, ყველა იმ ოპოზიციური პარტიისთვის, ვინც აქციებით აპირებს რაიმე ცვლილებას, ცივი შხაპი უნდა იყოს. ხალხს ამ პოლიტიკური აპოკალიფსის რეჟიმში ცხოვრება აღარ სურს. შესაბამისად, შეიწუხონ თავი, გადაშალონ წიგნები და, ბოლოს და ბოლოს, დაიწყონ იმაზე მუშაობა, როგორ შესთავაზონ ხალხს განვითარების ალტერნატიული და უკეთესი გეგმა და შევიდნენ ხარისხიან კონკურენციაში.