"რა დამავიწყებს, აგვისტოს ომის შემდეგ ჯორჯ ბუშმა, ვითომც არაფერიო, პუტინი რომ სათევზაოდ მიიწვია...“
სად ვართ, საით მივდივართ, დაახლოებით ეს იყო მიზანი პოეტ ერეკლე საღლიანთან ინტერვიუს დაგეგმვისა. დღევანდელ მდგომარეობასა და მთავარ ფასეულობებზე საუბარი, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრით დავიწყეთ.
- თავისთავად ერთ ადგილას მომხდარი ამბავი მყისიერად უნდა აისახებოდეს სხვაგანაც. თუ ეს უნარი დაკარგა ადამიანმა, მაშინ გამოდის, ის კარგავს ადამიანობას. ვიდეოს რომ ვუყურებდი, პატარა ბავშვი რომ ამოიყვანეს ნანგრევებიდან, ისეთი საცოდაობა იყო, გული მომიკვდა. ვუსამძიმრებ თურქებსაც, სირიელებსაც იმ უბედურების გამო, რაც დაატყდათ თავს. მახარებს, რომ აი, ასეთ დროს ვავლენთ ჩვენს ბუნებასა და ხასიათს. მე მახსოვს სპიტაკის მიწისძვრის დროსაც პირველი დახმარება საქართველოდან იყო. ზოგჯერ არის ხოლმე, დიდ უბედურებებს პატარა სიხარულიც ახლავს და, რა თქმა უნდა, გასახარია, რომ რამდენიმე კაცის გადარჩენა მოახერხეს ჩვენმა მაშველებმა. მადლობა მათ ამისთვის. მადლობა ყველას თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის. ყველაზე დიდი სიკეთეა ადამიანის გადარჩენა.

- ზოგჯერ მგონია, ადამიანებს ერთმანეთი აღარ გვიყვარს, ერთმანეთის აღარ გვესმის, მაგრამ ასეთი დიდი გასაჭირის დროს, ვხედავთ, როგორ ვერთიანდებით. გული მწყდება, ნუთუ მხოლოდ ასეთ დროს შეგვიძლია გაერთიანება?
- გასაჭირის დროს მაინც რომ შეგვიძლია გაერთიანება, ესეც საქმეა. ჩვენი ადამიანობა ძაფზეღა კიდია და ჩანს, რომ ბოლომდე არ არის გაწყვეტილი, მაგრამ საწყენია ადამიანობას მხოლოდ უბედურების ჟამს რომ ვავლენთ. ერთი პოეტი ამბობს, ისე უნდა იცხოვრო, თითქოს ეს შენი ცხოვრების უკანასკნელი წამიაო - ანუ იმ მომენტში, როცა მოახლოებულია აღსასრული, გინდა მეტი და მეტი გასცე; ასე უნდა გასცე ადამიანმა ყოველწამიერადო. მართალია! სიყვარული ერთიანობაა მთელ სამყაროსთან. თუ ეს განცდა არა გაქვს, ვერაფრით ვერ იგრძნობ სიყვარულს.
- სხვა დროს რატომ არ გამოგვდის გაერთიანება? პოლიტიკოსები გვყოფენ?
- რასაც ჩვენ პოლიტიკას ვუწოდებთ, არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან. ეგაა მთელი უბედურება. მიაქციეთ ყურადღება, მსოფლიოს არა ჰყავს გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც წარმართავენ მსოფლიოს ბედს. მეოცე საუკუნეს რომ გადავავლოთ თვალი, ასეთები იყვნენ ჩერჩილი, რეიგანი... დღეს კი ასეთი ფიგურები არ არიან, იმიტომ, რომ გარემოება უნდა უწყობდეს ხელს ამნაირი პოლიტიკური ლიდერების ჩამოყალიბებას. გვაკლია წიგნიერი განათლება, მაგრამ ყველაზე მეტად გვაკლია სულიერი განათლება. შეიძლება წერა-კითხვის უცოდინარი ქართველი გლეხი უფრო განათლებული იყოს სულიერად, ვიდრე რომელიმე პრესტიჟულ სასწავლებელში დიპლომმიღებული სწავლული. მიგვაჩნია, რომ ყველაფერი შეგვიძლია, ხოლო საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდება, რომ არაფერიც არ შეგვიძლია. დღევანდელი მსოფლიოს უსუსურობის უფრო დიდი დასტური რა უნდა იყოს - პუტინი გახდა გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურა. ამდენი ნიჭიერი პოლიტიკოსის შემდეგ, წარმოიდგინეთ, ჰიტლერი, ბოროტი კაცი იყო, რა თქმა უნდა, სატანური ძალისა და ენერგიის, მაგრამ უნიჭო კი არ იყო.
- სხვათა შორის, ხშირად ავლებენ ხოლმე პარალელს პუტინსა და ჰიტლერს შორის.
- სასაცილოა... სტალინმა გენიალურად თქვა, ჰიტლერი ისე ჰგავს ნაპოლეონს, როგორც კატის კნუტი ლომსო. იგივე შეიძლება ითქვას პუტინზე. როგორც საფრთხის შემცველი ფიგურა, შეიძლება შეადარო ჰიტლერს, მაგრამ მის გაქანებით, ნიჭიერებით ეს შედარება დიდი სიბეცეა. პლატონის სიტყვები მინდა გავიხსენო ტირანთან დაკავშირებით: ტირანია ის, ვინც ყველაფერს უქვემდებარებს ერთ ვნებას. არ შეიძლება ყველაფრის წარმმართველი იყოს განყენებული იდეა. თუმცა ეს ემართებათ პოლიტიკოსებს, იმიტომ, რომ ძალაუფლება უდიდესი საცდელია ადამიანისა. პუტინთან დაკავშირებით ვიტყოდი, როცა პატარა ადამიანი ფლობს უზარმაზარ ძალაუფლებას, ეს უკვე საშიშია. იმასაც ვიტყვი, რომ პირველად არ გასულა თავს. უკრაინის 2014 წლის ამბები გავიხსენოთ, 2008 წელს რა უბედურება დაატრიალა საქართველოში?! მაშინ ასეთი ერთიანი რომ ყოფილიყო მსოფლიო პუტინის წინააღმდეგ, რას დაგვაკლებდა. რა დამავიწყებს, აგვისტოს ომის შემდეგ ჯორჯ ბუშმა, ვითომც არაფერიო, პუტინი რომ სათევზაოდ მიიწვია. მაშინ მას არაერთმა ლიდერმა მიჰბაძა. მაშინაც რომ ასეთი ერთსულოვნება ყოფილიყო, როგორიც დღესაა, პუტინი ამდენს აღარ გაბედავდა.
დღეს მე ვთვლი, რომ ჩვენი კიდევ ერთხელ ომში ჩაბმა ხერხემალში გადამტვრევა იქნებოდა. ამას ვეღარ გადავიტანდით. ვიღაცები მოწადინებული არიან, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას... მე მომწონს, რომ ქვეყანა ომში არ ჩაერთო და სხვის ტაშ-ფანდურზე ბუქნაობას შეეშვა. მაგრამ არის ისეთი რაღაცები, რაც გადასახედია. მაგალითად, განცხადებები, რომელსაც მაღალ ეშელონებში მყოფი პირები აკეთებენ, ჩემთვის მიუღებელია. პრეზიდენტის პოზიცია უფრო მისაღებია, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენ არ ვერთვებით ომში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღირსება დავკარგოთ. ომი უდიდესი დანაშაულია. ვინც ომს იწყებს, ყოველთვის ტყუის, იმიტომ, რომ არ არის ომი გამოსავალი. არჩილ სულაკაური თავის "ტალღები ნაპირისაკენ მისწრაფიან" წერს: "პირველად აღიქვამდა ზღვას როგორც უზარმაზარ სასაფლაოს, სადაც არ იყო ხის ჯვრები, არც სამარის ქვები და არც ობელისკები. ზღვა თითქოს ადამიანებს იპარავდა და თავის წიაღში მალავდა". რამდენი ადამიანი იქნება დამალული ამ ბოლოდროინდელი ომის ზღვის წიაღში, მაგრამ არა მარტო ზღვის წიაღი, მიწის წიაღიც მალავს ადამიანებს. იმ ადამიანებს, რომელთა დასაფლავებას ვერც ასწრებენ თანამებრძოლები. ისინი სამარის გარეშე რჩებიან. ამის წინაშე რომ აყენებ კაცობრიობას, არაფრით არ შეიძლება შენი გამართლება.
- რაც შეეხება ქვეყნის წიაღში მიმდინარე მოვლენებს. ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთობაზე რას იტყვით?
- ოპოზიცია ყოველთვის ისეთია, როგორიც ხელისუფლება და საზოგადოება. პოლიტიკურად განათლებული საზოგადოება სხვაგვარად აზროვნებს. ინგლისში არ აირჩევდნენ ერთ კაცს 97%-იანი ხმით. როდესაც ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, იქ უკვე საქმე გვაქვს კერპთაყვანისმცემლობასთან. გაიხსენეთ ჩერჩილი, ბრიტანეთის მხსნელი და გადამრჩენი, ომის მომგები, ვინ იფიქრებდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს არჩევნებს წააგებდა. ომში გამარჯვებული ჩერჩილი, ეს გენიოსი, მისმა ხალხმა დასაჯა იმის გამო, რატომ არ აგვაცილე ომიო. ქართულ რეალობაში ასეთი რამ არ ხდება. ვიცვლით ამ კერპებს, არსი კი რჩება ერთი და იგივე. ადამიანის უდიდესი უბედურება მისივე დაუძლეველი ეგოცენტრიზმია. ეს სჭირთ პოლიტიკოსებს.
- ახალლიდერიან სახეცვლილ "ნაციონალურ მოძრაობაზე" რას გვეტყვით?
- მე მათ შიდასამზარეულოს კარგად არ ვიცნობ და ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიცნობდე. თუმცა მიმაჩნია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ნორმალური ოპოზიცია არ არსებობს, უახლოეს პერიოდში რამე მნიშვნელოვანს არაფერს არ უნდა ველოდოთ. ჩემი აზრით, ახლა მიდის ოპოზიციური ძალების ჩაქვესკნელება. მხოლოდ "ნაციონალებს" არ ვგულისხმობ. დროა, ეს ორპოლუსიანი სისტემა დაიშალოს. რაც მთავარია, ხელისუფლება უნდა იყოს მოწადინებული, რომ ნორმალური ოპოზიცია ჰყავდეს. ნორმალურ ხელისუფლებასა და ოპოზიციას კი ქმნის თავისუფალი საზოგადოება.
- რა გესახებათ პოლარიზაციის შემცირების გზად?
- განსხვავებული აზრი არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ შენ წინ მტერი დგას. უპირველესად ესაა დასაძლევი. იყოს ის განსხვავებული აზრი, ოღონდ შენი და ჩემი აზრის განსხვავებულობას საფუძვლად ქვეყნის სიყვარული უნდა ედოს. უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ოფიციალური დასკვნების მიღმა დგანან ესა თუ ის სასიცოცხლო გარემოებანი, რომლებიც განსაზღვრავენ ისტორიის მსვლელობას. ეს უნდა იყოს მთავარი.
- განხეთქილების მთავარი ფაქტორი კვლავ სააკაშვილია. ნაწილი ამბობს, რომ უნდა შეიწყალონ, ნაწილი ამბობს, რომ მისი შეწყალება ხელისუფლების პოზიციის დათმობას ნიშნავს.
- მე მწერალი ვარ და ვერ დავუჭერ მხარს ადამიანის სიკვდილს, მაგრამ უნდა ითქვას მეორე რამეც, ხსნის გზა ჯვრის გზაა. ზეცაში არის მოწყალება, დედამიწაზე - ჯვარი. ყოველმა ადამიანმა უნდა ატაროს თავისი ჯვარი. ჯვრის ღირსეულად ტარებას მაშინ შეძლებ, როდესაც შენს ყოველ საქციელს სინანული ახლავს. უდანაშაულო ბიჭი, ცინდელიანი, ბათუმში ჩაიყვანეს, მოკლეს, ქვა მიაბეს და ზღვაში ჩაძირეს, მარტო იმის ცოდვა როგორ უნდა გასვენებდეს ადამიანს?! სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოების გმირი, როცა ეკითხებიან, როგორ შეცდომას აპატიებ ადამიანსო, პასუხობს, ნებისმიერს, თუ მოინანიებსო...
- გინდათ თქვათ, რომ ყოფილი ექსპრეზიდენტის სინანულს ვერ ხედავთ?
- განსჯა მკითხველისთვის მიმინდვია...
- ევროპულ მომავალზეც გკითხავთ და კიდევ იმაზე, რას ფიქრობთ, ოპოზიცია ხელისუფლებას პრორუსულად რომ იხსენიებს?
- როცა ხედავ, რომ მოწინააღმდეგე ისედაც გაბრალებს პრორუსულობას, შენ არ უნდა შეუწყო ხელი მის წისქვილზე წყლის დასხმას - არ უნდა გააკეთო ისეთი განცხადებები, მოწინააღმდეგეს ამის საფუძველს რომ მისცემს.
- ირაკლი კობახიძეს გულისხმობთ?
- არა მარტო. მთელ ჯგუფს. კი ბატონო, დაიცავი თავშეკავებული პოზიცია, მაგრამ სიმართლეს თავს რომ ესხმიან და შენ არ ცდილობ მის დაცვას, ეს უკვე სულ სხვა რამეა. ევროპული ფასეულობები მე ცოტა სხვა რამ მგონია, ვიდრე დღეს გვთავაზობენ...
- რა არის მთავარი ცხოვრებაში?
- ყველაზე მთავარი და მტკივნეულია ის, რომ ქართველი ადვილად ელევა მამაპაპისეულ სახლ-კარს და სხვაგან გარბის საცხოვრებლად. ბევრი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად კი არა, უპერსპექტივობის გამო ტოვებს ქვეყანას. მე მგონია, ყველაფერს მოევლება, როდესაც ჩვენს ურთიერთობაში სათნოება, სიკეთე და სიყვარული დაისადგურებს. სიყვარული გადაგვარჩენს, ადამიანების, სამშობლოს სიყვარული. სამშობლო არის პირველი, რითაც შენ სულიერ სამყაროში შედიხარ პასუხით კითხვაზე, რა გააკეთე? რა გააკეთე ოჯახისთვის, სამეგობროსთვის? რა გააკეთე სამშობლოსთვის, კაცობრიობისთვის, უფლისთვის? ჩემმა მოძღვარმა ახალი ლოცვა მომცა, რომელიც მთავრდება ასე: უფალო, მთელ ჩემს ცხოვრებას ვანდობ შენს წმინდა ნებას. ქმენ ისე, რომ შენთვის სათნო იყოს, ჩემთვის მაცხოვნებელი".