„ჯიქიების სახლი ისეთ ადგილას არის, ახლომახლო არავინ ცხოვრობს... ამბობენ, ეს ამბავი ნათესავებისგან გატყდაო“ - კვირის პალიტრა

„ჯიქიების სახლი ისეთ ადგილას არის, ახლომახლო არავინ ცხოვრობს... ამბობენ, ეს ამბავი ნათესავებისგან გატყდაო“

ორწლიანი ძებნის შემდეგ "საქართ­ვე­ლოს­ ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპა­ლიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, მისი ნათე­სავების სახლში დააკავეს. ის გვეჯე (ომია) ჯიქიას სახლში­ იმალებოდა. როგორც ირკვევა, პოლიციას ვიღაცამ მიაწოდა ინფ­ორმაცია. ოფიციალურ მასალებში­ კი წერია, რომ ძალოვნებს­ ჰქონდათ ინფო­რმა­ცია, თითქოს ჯიქიების სახლში ტყვია-წამალი ინახებოდა, იქ მისულებს­ კი სახლში ბადრი ესებუა დახვდათ. როგორც ამბობენ, ციხე შიგნიდან გატყდა - პოლიციას ოჯახის ახლობელმა მიაწოდა ეს ამბავი.

"ომია ჯიქია ბადრი ესებუას ცოტა შორეული ნათესავია. როგორც ვიცი, სპეცოპერაცია ღამით იყო. ომია და მისი ცოლიც წაიყვანეს პოლიციაში. ომია პატი­ოსანი გლეხკაცია. ერთი შვილი ავადმყოფი­ ჰყავს, მისი ქალიშვილიც­ ჩვენს სოფელშია­ გათხოვილი. მათი სახლი ისეთ ადგილას არის, ახლომახლო არავინ ცხოვრობს. იმასაც ამბობენ, ეს ამბავი ნათესავებისგან გატყდაო", - გვითხრა ჯიხაშკარის მცხოვრებმა.

esebua2-1676202382.jpg

მოგვიანებით მწირი კომენტარი ჟურნალისტებთან თავად ომია ჯიქიამაც გააკეთა.­ ამბობს, რომ არ იცის, როგორ აღმოჩნდა მის სახლში ესებუა. "არ ვიცი, როგორ მოვიდა, არ მინახავს. ჩემი ძმის შვილიშვილია. შემოსულა ჩემს სახლში­ და ზალაში სკამზე დამჯდარა. ეტყობა, მერე ვიღაცამ ნახა და უცებ დაიჭირეს, წაიყვანეს. მე არც დავლაპარაკებივარ. ღამე იყო, ჩვენ ვიწექით. რომ მოვიდნენ პოლიციელები, მგონი, 5:00 საათი იყო. მითხრეს, აქ იჯდაო. არც ლაპარაკით, არაფრით შეხება არ მქონია".

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა, ჯიქიებთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს.­ "იმ სახლში 5 წლის წინ ვიყავი, გასვენებაში. ბადრისთანაც ამ ხნის განმავლობაში­ კონტაქტი არ მქონია. მას შემდეგ, რაც ის შემთხვევა მოხდა, არ მინახავს".­ მოგვიანებით, როცა ადვოკატმა თქვა, რომ ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ არ ცნობს, ტარიელ ესებუამაც განაცხადა, რომ შვილის უდანაშაულობის სჯერა. შსს-ს ცნობით, "იძულების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტისა და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბადრი ესებუა სამეგრელოში დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

ბადრი ესებუა სასამართლო პროცესს სკაიპით ჩაერთო. ის ბრალს არ აღიარებს.­ პროკურორის ცნობით, ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და აფხაზური პასპორტი ჰქონდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე­ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არსებობს და ერთ-ერთ არგუმენტად ისიც მოიყვანა, რომ ესებუას ფაქტობრივი­ საცხოვრებელი არა აქვს... "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესებუას უნდა შეეფარდოს პატიმრობა, ვინაიდან არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ასევე მომავლის საფრთხე... ის წლების განმავლობაში იყო ძებნილი და ბრალის აღიარებით არ გამოცხადებულა", - თქვა პროკურორმა. პროკურორს არ დაეთანხმა ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია და მან ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა... მხარეების პოზიციების მოსმენის შემდეგ ბრალდებულმა მხოლოდ ეს თქვა: "არაფრის დამატება არ მინდა. უბრალოდ მინდა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან, სკაიპით. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არა მაქვს, ჩემი სახლი რომ არა მაქვს, ესეც დანაშაულია"...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ესებუას ახალ საქმეზე პატიმრობა აღარ შე­უფარდა, რადგან მას ბანკის ყაჩაღობის საქმეზე პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.

იოსებ ჯანაშია, ბადრი ესებუას ადვოკატი:­ - ესებუას დაკავების დროს აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი და მას გამოძიებამ ბრალი 236-ე მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას.­ ამ ბრალთან დაკავშირებით ესებუა დუმილის­ უფლებას იყენებს, ჩვენებას ამაზე მხოლოდ სასამართლოში მისცემს. ბანკის დაყაჩაღებაზე თავს არ ცნობს დამნაშავედ და განმა­რტავს, რომ არ ჩაუდენია. მორიგ სხდომა­ზე ისიც ჩაერთვება საქმის განხილვაში.

- რა მტკიცებულებებია მის წინააღმდეგ?

- პროკურატურას მხოლოდ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა აქვს, რითაც­ ამტკიცებს, ხმის იდენტურობა გვაქვს დადგენილიო. როგორც ამბობენ, თურმე "საქართველოს ბანკის" კრედიტოფიცერს დაურეკა 4 წლის წინ თავისი სესხის გამო. ეს საუბარი ინახებოდა ბანკის არქივში და ის შეადარეს მძარცველის ხმასთან. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა ამბობს, რომ ეს ხმა და ბანკიდან გამოსული იდენტურია. ეს არ არის მყარი მტკიცებულება. ბადრი ვერც იხსენებს, რომ დარეკა კრედიტოფიცერთან. ეს საიდან გაჩნდა, გაუგებარია. გარდა ამისა, ლაპარაკია მასრაზე - თითქოს­ ბანკში გასროლილი მასრის იდენტური ბადრის მშობლების სახლში იპოვეს.­ დაკავებული უარყოფს მის სახლში ამოღებული მასრის კუთვნილებას და აცხადებს, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია.

სესხი რომ ჰქონდა, ამას არ უარყოფს,­ მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კრედიტოფიცერს ელაპარაკა და ბანკს თავს დაესხა.

- მოწმეები თუ ამხელენ?

- მოწმეები აღწერენ, რა ხდებოდა იქ, პირის იდენტიფიცირება მათ არ შეუძლიათ.

- მას ტერორიზმში ედება ბრალი.

- ბადრი ესებუა ყაჩაღობას კატეგორიულად უარყოფს და თავს არ ცნობს დამნაშავედ. რაც შეეხება ტერორიზმს, ესეც სადავო მუხლია. არც ერთი მოწმე არ ამბობს ჩვენებაში, რომ პირი კონკრეტულად­ სახელმწიფოსგან ითხოვდა თანხას. ის თანხას ითხოვდა ბანკისგან. ეს არ არის ტერორიზმი. სახელმწიფოსგან უნდა ითხოვდეს კონკრეტული პირი მოქმედებას, რომ ამას მიეცეს ტერორიზმის კვალიფიკაცია. ესეც სადავო თემაა. მას წაყენებული აქვს ასევე მძევლების აყვანა ტერორისტული მუხლით. ეს კვალიფიკაციები­ იმიტომ მიუყენეს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ განეხილა. თვითონ ბრალდებულის დიდი სურვილია მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

- ესებუამ პროცესზე ისიც გააპროტესტა, რომ ვერ მოხერხდა მისი სასამართლოზე მიყვანა, რას ამბობს წაყენებულ ბრალდებებზე?

- ვერ გავიგე, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ მისი ბადრაგირება პროცესზე. თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროცესი არ იყო, ფაქტობრივად, ხურდაა ამ საქმეში. იმედია, 20 თებერვალს მოიყვანენ პროცესზე. ესებუა არ უარყოფს, რომ მისგან ამოიღეს ოქმში ჩამოთვლილი ნივთები, მაგრამ ოქმი ჯერ არ უნახავს, რომელი ნივთი იყო მისი, რომელია ჩამატებ­ული.

- მას 2 წელია ეძებდნენ, სად იმყოფებოდა ამ ხნის განმავლობაში?

- ესებუას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია. ამაში ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიასაც, ოკუპირებულიც და არაოკუპირებულიც საქართველოა...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციას ბადრი ესებუას ადგილსამყოფელი ოჯახის ახლობელმა მიაწოდა. დასახელდა მისი გვარიც. ამბობენ, ეს არის ომია ჯიქიას შვილიშვილი, რომელიც დაკავებულია.

- თუ ეს ოპერატიული ინფორმაცია იყო, არ გაამჟღავნებდნენ. არ ვიცი, ვინ არის ის და რა კავშირი აქვს ამ საქმესთან. ბადრი ესებუა აპირებს სამართლებრივად ბრძოლას, ამბობს, რომ არ ყოფილა "საქართველოს ბანკში", რომ მას ყაჩაღობა არ ჩაუდენია. სიცრუეა ის, თითქოს ჯიქიებთან იმალებოდა. იმ დღეს იმ ოჯახში პირველად მივიდა. ორი წლის განმავლობაში იმიტომ იმალებოდა, რომ ყაჩაღობიდან მეორე დღეს მისი სახელი გახმაურდა. რადგან ფულთან იყო დაკავშირებული, ნახევარი მილიონი დოლარი აქვს წაღებული მძარცველს, შეეშინდა, რომ გარდა პოლიციისა, მასზე ნადირობა სხვა პირებსაც არ გამოეცხადებინათ. შემდეგ დააკავეს მისი ძმა. ძმის დაკავებამდე გამოსვლა უნდოდა, თუმცა მისი ძმაც გაყალბებული მტკიცებულებებით რომ დააკავეს, სამართლის პოვნის იმედი აღარ ჰქონდა...

- დაკავებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ამასაც უარყოფს?

- ახალ ბრალს არ აღიარებს. იარაღის­ ქონას არ უარყოფს. ამბობს, დასაცავად მჭირდებოდა, რადგან შეიძლება ენადირათ ჩემზეო. რაც შეეხება ტყვია-წამალს, ამოღებულია იმ იარაღის მასრები. სპორტული იარაღი, "მაკაროვის" სისტემის, კუსტარულად გადაკეთებულია და ამიტომ შევიდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში.

მასალებიდან ირკვევა, რომ ბადრი ესებუა ოკუპირებულ აფხაზეთში ბესლან ანჩა­ბაძის სახელით გადადიოდა...

esebua-1676202382.jpg

"2023 წლის 8 თებერვალს ჩატარებული იქნა ჩხრეკა გვეჯე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში, რის შედეგადაც დაკავებულ იქნა ძებნილი ესებუა... ოთახში მდგომი ორსაწოლიანი საწოლის ქვეშაგებზე ზემოთ დევს ერთი ცალი შავი პისტოლეტისმაგვარი საგანი. პისტოლეტისმაგვარ საგანს ლულაში მოთავსებული­ აქვს ერთი ცალი ვაზნა. მორგებული აქვს ერთი ცალი მჭიდი, რომელშიც დევს 8 ცალი ვაზნა. იქვე, საწოლის ქვეშაგებზე, დევს ორი ცალი მჭიდი. ერთი ცარიელია, ხოლო მეორე მჭიდში მოთავსებულია 8 ცალი ვაზნა. იატაკზე დევს მოშავო კაპიუშონიანი ქურთუკი, "კოლინზის" ფირმის. მარცხენა ჯიბეში აღმოჩნდა "პრადას" საფულე, ერთი ცალი მეტრომანის ბარათი, ერთი ცალი "სილქნეტის" სიმბარათი. ამავე ჯიბეში აღმოჩნდა 7 ცალი 5-ლარიანი კუპიურა და ერთი ცალი 10-ლარიანი კუპიურა. სულ 45 ლარის ოდენობით. ამავე ქურთუკის მარცხენა გარეთა ჯიბეში დევს გასაღები, რომელსაც ჩამოკიდებული აქვს მწვანე ბრელოკი... გვერდით, იატაკზე დევს დიდი ზომის შავი ზურგჩანთა, საიდანაც ამოღებულია ერთი ცალი მჭიდი, რომელშიც არის პარკი 8 ვაზნით... ამავე­ ჩანთიდან ამოღებულ იქნა "ბიფორსის" ფირმის ერთი ცალი მაჯის საათი, ერთი ცალი კბილის ჯაგრისი, ერთი ცალი კბილის პასტა,­ ერთი ცალი სველი ქაღალდი, აეროზოლი, 4 ცალი ფრჩხილის საჭრელი, ტელეფონის დამტენი, ერთი ცალი "ფოვერბანკი", პისტოლეტის ჩასადები შალითა ერთი ცალი, 9 ცალი ვაზნა, რომელიც მოთავსებულია პარკში, მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 4 ცალი ვაზნა, მუყაოს ყუთი 10 ვაზნით, ორი ცალი მუყაოს ყუთი 25 ვაზნით, სულ 50 ვაზნით, ერთი ცალი მზის სათვალე, ერთი ცალი აფხაზური პასპორტი, სახელი და გვარით ანჩაბაძე ბესლანი. 12 ცალი 100-ლარიანი კუპიურა, სულ 1.200 ლარი, 20 ცალი 50-ლარიანი კუპიურა, 1000 ლარის ოდენობით. 59 ცალი 5000 რუსული რუბლი, სულ 295.000 რუსული რუბლი. ერთი წყვილი სამხედრო ფორმა, შარვალი, ქურთუკი და ქუდი", - წერია ჩხრეკის ოქმში. საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ დაკავებისას ესებუამ გაქცევა სცადა, მაგრამ დააკავეს.სავარაუდოდ, ბადრი ესებუა ბესლან ანჩაბაძის სახელზე გაცემული აფხაზური პასპორტით ოკუპირებულ რეგიონში გადაადგილდებოდა. როგორც ამბობენ, ის გალში გვეჯე ჯიქიას ქალიშვილის სახლში იმალებოდა. კიდევ ერთი ვერსიით, სამართალდამცავებმა დააკავეს ესებუას ნათესავი, სწორედ მისგან მიიღეს ინფორმაცია ესებუას ადგილსამყოფელზე.