"ივანიშვილი რთულ თამაშს ეთამაშება ოპოზიციას და ყველა მოსახვევში უგებს"
"სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა", - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა. "პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება". პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა არნახულ დისკრედიტაციაზე" და თქვა, რომ ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა და ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა. ზურაბიშვილის თქმით, ყველამ უნდა დაამთავროს ქვეყნის მომავლით სპეკულირება, თამაში და შეწყვიტოს ქვეყნის დაზიანება. ამ დროს ჩვენთვის ყველა სხვა გადამწყვეტი საკითხი არც განიხილება საჯარო დონეზე. არ მუშავდება ხელისუფლების მიერ აუცილებელი სტრატეგია - არც ჩვენი ცოცხალი ძალების, მეტწილად ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების მზარდ ტენდენციებზე, არც რუსეთიდან მასობრივად შემოდინებაზე და მისი შესაძლო საფრთხეების აღსაკვეთად... ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეუძლია თუ არა პრეზიდენტს სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება, რა უფრო გააღრმავებს პოლარიზებას - სააკაშვილის ციხეში დატოვება თუ გათავისუფლება, რა რესურსი აქვს ახლა "ნაციონალურ მოძრაობას" და შეძლებს თუ არა დანაპირების შესრულებას "ნაციონალების" ახალი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ამის შესახებ პოლიტიკური მიმომხილველი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- ექსპრეზიდენტ სააკაშვილის უცხოეთში გაშვება კარგი იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ დასრულდებოდა უთანხმოება ჩვენს პარტნიორებთან. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, არა მგონია, რამე შეიცვალოს. აქციები, რომელთაც ახლა ხაბეიშვილი ატარებს, ძალიან მცირერიცხოვანია და ეს მცირემასშტაბიანი აქციები ხელისუფლების სასარგებლოდაც კი მუშაობს. შეიძლება ხაბეიშვილმა და მისმა გუნდმა ცალკეულ პირებს მართლაც შეუქმნან მცირე დისკომფორტი, მაგალითად, ისეთი, როგორიც მამუკა მდინარაძეს "იმედიდან" გამოსვლის დროს, მაგრამ ხელისუფლება ამის საპირწონედ აუცილებლად მოიფიქრებს რამეს. დღეს ოპოზიციური ელექტორატი ერთიანი არ არის. ახლა 24 თებერვლისთვის გამოაცხადეს „"გრანდიოზული" აქცია. "ქართულ ოცნებას" ვერც ხაბეიშვილი შეაშინებს და ვერც დანარჩენი ოპოზიცია. არ აწყობს და არ გაათავისუფლებს სააკაშვილს. სააკაშვილი ამ ხელისუფლებისთვის საფრთხე აღარ არის, არც ჯანმრთელი და არც მომაკვდავი, არც საქართველოში მყოფი და არც უცხოეთში გაშვებული. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმ აქციის მონაწილეების რაოდენობით, რომლებიც სასამართლო პროცესის შემდეგ შეიკრიბნენ სასამართლოს შენობასთან, ასევე იმ აქციებით, რომელთაც ახლა ხაბეიშვილი მართავს. საზღვარგარეთ გაუშვან კი არა, სულ "ნაციონალების" ოფისში რომ მიიყვანონ და დასვან, ის მაინც ვეღარ შეძლებს საპროტესტო ტალღის აგორებას. უფრო მეტსაც გეტყვით - გათავისუფლების შემთხვევაში მისი რეიტინგი უფრო დაეცემა. დღეს სიბრალულის ფაქტორი მაინც მუშაობს, შიმშილობს თუ ძალით აშიმშილებენ, ხალხს ეცოდება. როდესაც მოსახლეობის 2/3-ს არ უნდა სააკაშვილი, ზოგს ეცოდება და ზოგს ეზიზღება, ე.ი. მისი პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილია.
- თუ სააკაშვილი არ არის სახიფათო მმართველი გუნდისთვის და მისი პატიმრობაში დატოვებით მხოლოდ დასავლელი პარტნიორების გულისწყრომას იწვევენ, რატომ არ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და სამკურნალოდ მაინც არ უშვებენ უცხოეთში?
- "ქართული ოცნება" ხომ არ აღიარებს, რომ სასამართლოს საქმეში ერევა. სააკაშვილის გათავისუფლება კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. გარდა ამისა, თავად სჭირდება, რომ ოპოზიციამ ვერასდროს მოახერხოს ყალბი ორიენტირებისგან გათავისუფლება. წელიწადზე მეტია ოპოზიცია სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს, ყველა სხვა თემა გვერდზე აქვს მიყრილი - პარლამენტშიც და მის გარეთაც. თქვენ რომ იყოთ "ქართულ ოცნებაში" და ქვეყანას მხოლოდ პირადი ინტერესებით მართავდეთ, გაუშვებდით სააკაშვილს ხელიდან? მხოლოდ ორ ვარიანტში შეიძლება ექსპრეზიდენტის გათავისუფლება - პირველი, თუ დასავლელი პარტნიორების (ოღონდ ევროპარლამენტის კი არა, აღმასრულებელი ხელისუფლების) ზეწოლა იქნება და მეორე, თუ ლეტალური შედეგის საფრთხე რეალურად დადგება. სალომე ზურაბიშვილმა სწორად თქვა, მას არა აქვს სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობა. ვერ შეიწყალებს პირს, რომელზეც საქმის წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
მიკვირს ოპოზიციის, როდესაც ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას უკიჟინებენ. არ იციან, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მხოლოდ ოპოზიციისთვის კოჭის გაგორება იქნება და მმართველ გუნდთან კიდევ უფრო დაუძაბავს ურთიერთობას?! სააკაშვილს გარეთაც კი არ გამოუშვებენ, წაუკითხავენ ერთ დადგენილებას და ამცნობენ, რომ ამნისტიით გათავისუფლებულია, მაგრამ სანამ კარამდე მივა, მეორე დადგენილებას წაუკითხავენ, რომ გამოძიებამ სხვა საქმეზე მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა და იქვე დატოვებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "ოცნება" სერიოზულად არის დაპირისპირებული დასავლეთთან, განსაკუთრებით იმ საკითხების გამო, რომლებიც ქვეყნის შიდა პოლიტიკას შეეხება. უცნაური პოლიტიკა აქვს "ქართულ ოცნებას", საოცრად ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, 2014 წლისგან განსხვავებით, დასავლელ პარტნიორებს ანგარიშს ნაკლებად უწევს. საერთოდ, თუ უწევს, ესეც საკითხავია.
- ზურაბიშვილმა თითქოს გამოსავალი ნახა, მისი აზრით, სააკაშვილმა დანაშაული უნდა აღიაროს, მოინანიოს და უარი თქვას პოლიტიკაზე. თუმცა სააკაშვილმა უკვე თქვა, ქართული პოლიტიკა აღარ მაინტერესებსო.
- სააკაშვილი ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს - სხვას. თუმცა ამ შემთხვევაში ნდობის ფაქტორი არაფერ შუაშია. ის "ოცნებას" სჭირდება, სანამ ძალით არავინ წაართმევს, ნებით არ დათმობს, ძალით წამრთმევს კი ჯერ ვერ ვხედავ.
- რა არის მთავარი ფაქტორი იმისა, რომ ოპოზიცია ბოლოს და ბოლოს გათავისუფლდეს ყალბი ორიენტირებისგან?
- ამის მიზეზი ისევ და ისევ "ნაციონალური მოძრაობაა". საკუთარ დღის წესრიგს მოარგო მთელი ოპოზიციური სპექტრი და მათ შორის, მედიაც. ერთი სიტყვით, ივანიშვილი რთულ თამაშს ეთამაშება ოპოზიციას და ყველა მოსახვევში უგებს.
- ოპოზიციას რეალური საფუძველი აქვს, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რუსეთთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებს?
- "ქართულ ოცნებას" წინასწარ აქვს გამოცხადებული კაპიტულაცია. ისიც კი აღარ ვიცი, ჯარი ან შეიარაღება რისთვის გვჭირდება, როცა მოუნდება რუსეთს, მაშინ დავნებდებით! თუმცა არა მგონია, ეს იმიტომ ხდებოდეს, რომ „"ქართული ოცნება" ან ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ფარულ გარიგებაში არიან. ვინც რუს ხალხს იცნობს, იმან ისიც კარგად იცის, რომ არაფერია ისეთი, ისინი რომ არ იკადრებენ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს ძველი მეგობრები ურეკავდნენ და აფრთხილებდნენ, თუ "წესიერად" არ მოიქცევა, სამიზნე გახდება. ივანიშვილმა იცის, რომ რუსები ტყუილად არ იმუქრებიან და იმის უნარიც შესწევთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ბიძინასაც შეხვდებიან და მის ოჯახსაც! მე ასეთი განცდა გამიჩინა აბაშიძე-კარასინის ფარულმა ჩანაწერმა, რომელშიც გრიგორი კარასინი აბაშიძეს ეუბნება, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო კმაყოფილია ბოლო კონტაქტებით და სურს ისინი რეგულარული გახდეს. ამ ჩანაწერში, ერთგან აბაშიძე ამბობს, ახლა იმაზე საუბარი, რომ სადღაც რაღაცას ვიწყებთ, ამის დრო არ არისო. რჩება განცდა, რომ კარასინის ინიციატივა აბაშიძეს არ მოსწონს, მაგრამ უარსაც ვერ ეუბნება და ცდილობს თავი შორს დაიჭიროს.
თუ მეტყვით, უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში„"ქართული ოცნება" ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებსო, დაგეთანხმებით, უფრო სწორად, ლოგიკით ასე უნდა იყოს, მაგრამ ამ ოპოზიციის შემყურეს, მიჭირს პროგნოზის გაკეთება. უკრაინა რომ გაიმარჯვებს და ტერიტორიებს დაიბრუნებს, დარწმუნებული ვარ, მაგრამ არავინ იცის, სად გაჩერდება პროცესი. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში დასავლეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსული ჯარის გაყვანა უზრუნველყოს. სამწუხაროდ, 90-იან წლებში ერთმანეთთან დაპირისპირების გამო ხელიდან გავუშვით რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა და ახლაც იმავე შეცდომას ვიმეორებთ.
- იმედისმომცემი იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადება, რომ საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებასა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო საზღვრების გაძლიერებაში. ალბათ, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონი 33 მილიონი დოლარით ზრდის საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას.
- დასავლეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს ჩვენთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებას. მართლაც ძალიან ბევრს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებს რუსეთის შიშზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას, მაშინ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ივაჭროს ჩვენით, დიახ, უკრაინასთან დამარცხება საქართველოთი აინაზღაუროს. მე იმედი მაქვს, რომ დასავლეთი ამაზე არ წავა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მოცემულობა არ დადგეს, რუსეთს ჩვენით ვაჭრობის საშუალება არ მიეცეს.
ხათუნა ბახტურიძე