"ნაციონალური მოძრაობის" ახალი ბოიკოტი და ძველი პრობლემები - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი ბოიკოტი და ძველი პრობლემები

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა, "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საავადმყოფოში შევარდნისა და სააკაშვილის გამოტაცების ნაცვლად, რის პირობასაც თავმჯდომარედ არჩევამდე იძლეოდა, განაცხადა, რომ პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" აღარ აპირებს არანაირ განხილვაში მონაწილეობას და მმართველ პარტიასთან "რაღაც თამაშებში შეყოლას". მართალია, ამ გადაწყვეტილებას დანარჩენი ოპოზიცია არ იზიარებს და თავად "ნაცმოძრაობის" წევრების მცირე ნაწილიც უარყოფითად შეხვდა, მაგრამ ფაქტია, პარლამენტში ოპოზიციის ნახევარზე მეტს სწორედ "ნაცმოძრაობა" წარმოადგენს - 57-წევრიან ოპოზიციაში ფრაქცია მხოლოდ მას აქვს, სადაც 26 წევრია. ეს კი ნიშნავს, რომ ოპოზიცია მათ გარეშე,­ ერთი მხრივ, ოპოზიციის ბერკეტების გამოყენებას ვეღარ შეძლებს და რაც მთავარია, სათუო ხდება ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება. ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, ცხადია, დეპოლარიზაციის პუნქტი შესრულებულად ვერ ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში ადვილი წარმოსადგენია, ევროკავშირის გადაწყვეტილება როგორი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საარჩევნო საკითხები და შესაძლოა "ნაცმოძრაობის" ბოიკოტი მმართველმა პარტიამ ისევ სათავისოდ გამოიყენოს. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს "ნაციონალურ მოძრაობას" და რამდენად სწორად იყენებს ბოიკოტის მექანიზმებს, ამ საკითხებზე­ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრეთ:

- პარლამენტში ბოიკოტი ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ის გამოიყენება როგორც საპარლამენტო პროტესტის რადიკალური ზომა. მაგალითად, როდესაც ამა თუ იმ ჯგუფისთვის პრინციპულად მიუღებელ საკითხს იღებენ, არ ითვალისწინებენ ამ ჯგუფის არანაირ შეთავაზებას, აზრს, ეს ჯგუფი პროტესტის ნიშნად იყენებს ბოიკოტის ფორმას და ამბობს, ამ კონკრეტული საკითხის განხილვაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთო. ჩვეულებრივ, ბოიკოტი­ კონკრეტული საკითხის გამო კონკრეტული პერიოდით გრძელდება და შემდეგ შეწყვეტენ. პლენარულ სხდომაზე რომელიღაც საკითხისთვის ბოიკოტის გამოცხადება, როგორც წესი, არ იწვევს საპარლამენტო საქმიანობაზე ბოიკოტს. ან კომიტეტის სხდომაზე რაღაც საკითხისთვის ბოიკოტის გამოცხადება არ იწვევს იმას, რომ ყველა სხვა საკითხსაც ბოიკოტი გამოუცხადონ. ასე რომ, ჩვენთან ბოიკოტი იმ სახით გამოიყენება, როგორიც არ არის დამახასიათებელი საპარლამენტო საქმიანობისთვის.

- როდესაც ბოიკოტზე ვსაუბრობთ, თან ქართულ ბოიკოტზე, როდესაც რაიმე საკითხს კი არა, საპარლამენტო მუშაობას უცხადებენ ბოი­კოტს, ეს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრუ­ლებაზე როგორ აისახება, სადაც უმთავრესი­ დეპოლარიზაციაა? მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოს, როგორც მიშელის შეთანხმების დროს?

- საპარლამენტო საქმიანობის დროს არსებობს უმრავლესობა და ოპოზიცია. უმრავლესობა არის ის, ვისაც აქვს მანდატების ნახევარზე მეტი. საკითხთა უმრავლესობა სწორედ უმრავლესობით წყდება და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, თუ უმრავლესობამ რაღაც მოინდომა, შეძლებს კიდეც გატანას, თუნდაც ოპოზიციის წინააღმდეგობის შემთხვევაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ამას ყოველთვის ბოიკოტით უნდა უპასუხოს, ისევე, როგორც არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობამ არ გაუწიოს ანგარიში ოპოზიციის აზრს. ჩვენთან არის ასეთი მიდგომა, რაც პრინციპში იყო და ჩანდა ჯერ კიდევ პირველი მრავალპარტიული არჩევნებით არჩეული უზენაესი საბჭოს მუშაობის დროსაც - დღეს ჩვენ ვართ უმრავლესობა და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ. როცა თქვენ იქნებით უმრავლესობა, თქვენ გააკეთეთ, რაც გინდათო. ეს სამწუხარო რეალობაა. პარლამენტის ტრიბუნა ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საზოგადოებასაც აჩვენოს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და მეორე - შეეცადოს გავლენა მოახდინოს უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე. ამით ხდება ამომრჩევლების მომრავლება. ოპოზიციამ საპარლამენტო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს საკუთარი იდეების პოპულარიზაციისთვის. ეს არის ოპოზიციისთვის პარლამენტში მუშაობის მნიშვნელოვანი მომენტი. აღარაფერს ვამბობ იმ საკონტროლო ფუნქციებზე, რომლის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა ოპოზიციას აქვს. მაგალითად, პარლამენტის წევრთა 1/3-ს, ანუ 50 კაცს, შეუძლია მოითხოვოს საგამოძიებო კომისიის შექმნა და მოთხოვნა უნდა შესრულდეს. საგამოძიებო კომისიის შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა და, თუ ყველაფერს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციის ის ნაწილი, რომლის გარეშეც, მაგალითად, საგამოძიებო კომისიის შექმნა შეუძლებელი ხდება, გამოდის, ოპოზიცია უარს ამბობს ასეთი ქმედითი მექანიზმის გამოყენებაზე.

- კონკრეტულ საკითხებზე ვილაპარაკოთ,­ რაც, წესით, ოპოზიციის ინტერესში უნდა შედიოდეს - ვგულისხმობ საარჩევნო საკითხებს, ბარიერის დაწევას, ბლოკებს... რატომ აძლევს ოპოზიცია ხელისუფლებას საშუალებას, რომ მათი საბაბით ეს საკითხები არ მოგვარდეს?

- ამ კანონების მიღება საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია. რაც არ უნდა გონივრული და საქმისთვის საჭირო წინადადება წარადგინოს ოპოზიციამ, რადგან არსებობს ერთპარტიული უმრავლესობა, მას შეუძლია არც ერთი წინადადება არ გაითვალისწინოს. ისევე როგორც, თუ უმრავლესობას უნდა რაიმეს მიღება და ვთქვათ, ამას ოპოზიცია ეწინააღმდეგება, უმრავლესობას მისი მიღებაც შეუძლია ოპოზიციისგან დამოუკიდებლად. მაგრამ პარლამენტში გატანილი ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციის არყოფნის შემთხვევაში პარლამენტში არავინ იქნება, ვინც იტყვის, რა არის არასწორი და რა ცუდი ამ კანონპროექტში, რა მოჰყვება ამას... ცხადია, ოპოზიციას ამის თქმა გარეთაც შეუძლია, მაგრამ საპარლამენტო დისკუსიას ის უპირატესობა აქვს, რომ მსმენელს ყველა არგუმენტის შეფასება და დასკვნის გამოტანა შეუძლია. საპარლამენტო დისკუსიის გარეშე ამის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არა გვაქვს, რადგან ხელისუფლება და ოპოზიცია პარლამენტის გარეთ ცალ-ცალკე ლაპარაკობენ და, თუკი საკითხს ღრმად არ იცნობ, სწორი დასკვნის გამოტანა ძნელია. ამიტომ პარლამენტში ყოფნაა საჭირო.

- თქვენი აზრით, ოპოზიციას რა მიზანი აქვს, რა სარგებელი შეიძლება ნახოს?

- ის, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთის შეცდომებს იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის, ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ის, რომ მეორდება ისეთი მოქმედებები, გინდა ერთი მხრიდან და გინდა მეორე მხრიდან, და არცთუ იშვიათად ეს თავად შემსრულებლის წინააღმდეგ მოქმედებს, დაკავშირებულია პოლიტიკური კულტურის დაბალ დონესთან და სანამ ის არ ამაღლდება, ვითარება­ არ შეიცვლება. ეს კი ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, უპირველესად განათლებასთან და არა დიპლომებთან. სანამ განათლების დონე არ აიწევს და ის ღირებულებები, რაც არის პატიოსნება, მოუსყიდველობა, მიმტევებლობა, არ გახდება ადამიანებისთვის მთავარი და პრინციპული, მანამდე ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით.

რუსა მაჩაიძე