„ზარქუასთვის პარლამენტში ჩემი დაბრუნება კომფორტული ნამდვილად არ იქნება!“ - კვირის პალიტრა

„ზარქუასთვის პარლამენტში ჩემი დაბრუნება კომფორტული ნამდვილად არ იქნება!“

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მმართველ გუნდს ქვეყნის მიზანმიმართულად ღალატში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ხელისუფლებაში დარჩენა, თუ გლობალურ დაპირისპირებაში რუსეთი გაიმარჯვებს.

- კობახიძე იტყუება, რუსეთი არ არის უპირატეს მდგომარეობაში. მთავარია ის, თუ რატომ საუბრობს კობახიძე ასე, სამხედრო მიმომხილველი გახდა თუ პოლიტიკური კომენტატორი, რა რჯის?! იქნებ მიზეზი ის არის, რომ საკუთარ ბედს "ოცნება" პირდაპირ უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას. ფიქრობენ, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში,­ თუ რუსეთი გაიმარჯვებს. მათ რუსეთის მხარე აირჩიეს ომის დაწყების პირველი დღიდან და ამიტომ არის, რომ ჩვენ ევროკავშირის სტატუსს ვერ ვიღებთ. ამიტომ არის, რომ თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტს მალავენ.

- თავდაცვის მინისტრი აშშ-ში რატომ­ უნდა გაპარულიყო, ან შედეგებს როგორ დამალავდნენ, უკვე გაცხადებულია, რომ აშშ 33 მილიონი­ დოლარით ზრდის საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას...

- მალულად იმიტომ წავიდა, რომ არ ყოფილიყო დისკუსია, თუ რა საკითხები დაეყენებინა პარტნიორებთან. აბა, ჰკითხეთ, თუ გიპასუხებთ, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდების საკითხი თუ დააყენა?!­ ფოტოს გადასაღებად ვაშინგტ­ონში ჩასვლა საქმეს არ შველის. 33 მილიონი კარგია, მაგრამ საქართველოს შეეძლო 300 მილიონი მიეღო. იცით, სინა­მდვილეში რა მოხდა? "ქართულ ოცნებას" სურს კიდევ ერთხელ მოატყუოს ევროინტეგრაციის მომხრე მოქალაქეები, თითქოს რამეს აკეთებს. თავდაცვის მინისტრს უნდა დაყენებინა საკითხი, რომ მომეტებული საფრთხის გამო ჩვენც გვჭირდება ისეთივე თანამედროვე შეიარაღება, როგორიც უკრაინაში შედის. "ქართულ ოცნებას" სწორი პოზიცია რომ აერჩია, დღეს უკვე გვექნებოდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ის თანამედროვე შეიარაღება, რაც განამტკიცებდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ხელისუფლებას დაუხვევია ხელზე,­ ამერიკელი მინისტრის ლოიდ ოსტ­ინის განცხადებები და იქადნებიან, გულის­ ფიცარზე დაიწეროს მისი სიტყვები ოპოზიციამო. რა თქვა ასეთი? საქართველომ გააღრმავა კავშირი დასავლეთთან, განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური­ ინტეგრაციისკენ და მნიშვნელოვანი წვლილი­ შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაშიო. ეს იყო სტანდა­რტული სიტყვები და ოფიც­იალური პირები ნებისმიერი შეხვედრის დროს იყენებენ.

- კელი დეგნანის განცხადებაში იყო სიახლე, ის ადრე გაცილებით კრიტიკული იყო, ახლა ამბობს, რომ საქართველომ ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის. ისიც აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ხალხმა და ხელისუფლებამ უკრაინისთვის გულუხვად გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

- სამაგიეროდ, იქვე ისიც თქვა, რომ 100%-ით დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ თბილისი მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება, როდესაც საქართველოზე ამხელა ტვირთნაკადები გადისო. ისიც ითქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა ქართული კომპანიების სანქცირებას გამოიწვევს. რა ქნას ახლა, ომს ხომ არ გამოგვიცხადებს და ხომ არ გვეტყვის, ტყუილებს რატომ გვაბრალებთო...

საზოგადოება ელოდება საომარი მოქმედებების დასრულებას უკრაინაში. მას შემდეგ, რაც ომს უკრაინა მოიგებს, დომინოს პრინციპით ჩამოიშლება ყველა და ყველაფერი, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული, მათ შორის "ქართული ოცნებაც".

- ქართული ოპოზიციის საქმესაც გააკეთებს­ და ხელისუფლებას შეცვლის?

- რა შუაშია ეგ? მე იმას ვამბობ, რომ საქართველოს ბედის განმსაზღვრელი არის რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი. ზელენსკის პუტინისთვის წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა აღარ იარსებებდა. სატელეფონო ზარით მოხდებოდა საქართველოს ანექსია! სწორედ სატელეფონო ზარით შევიდოდით ევრაზიულ კავშირში.

- ოპოზიცია რას აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის გამარჯვებას მომზადებული შეხვდეს?

- ოპოზიცია ვერაფერს გააკეთებს, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. ვცვლით ხელისუფლებას და ვდგამთ ნაბიჯებს ევროინტეგრაციისკენ.

- თუ მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში­ ხართ, 24 თებერვლისთვის აქციებს რატომ აანონსებთ, ან საპარლამენტო ბოიკოტი­ რას გაძლევთ, გარდა იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" უფრო კომფორტულ გარემოში დატოვებთ?

- 24 თებერვლის აქციას აქვს კონკრეტული მიზანი - ჩვენ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, სად დგას ქართველი ხალხი, რომ კობახიძის განცხადება არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს. რაც შეეხება საპარლამენტო ბოიკოტს, ეს არის გზავნილი ქვეყანაში და მის გარეთ, რომ ყველაფერი კარგად არ არის.

- ირაკლი ზარქუა ამბობს, ზუსტად ვიცი, ვაშაძე იმ კვირაში ისევ შემოვა პარლამენტში და მაინტერესებს, რით "გააპრავებს" ამასო?

- დამელოდოს ზარქუა, მისთვის პარლამენტში ჩემი დაბრუნება კომფორტული ნამდვილად არ იქნება!

ხათუნა ბახტურიძე