„ირაკლი კობახიძეს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც უკრაინელებს არა აქვთ ნათქვამი“
ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" რუსეთთან ფარული ურთიერთობა“ოპოზიციური პროპაგანდის ნაწილია. მათი თქმით, ამ პროპაგანდაში ბოლო დროს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთო. რას მიიჩნევენ პროპაგანდად მმართველი გუნდის წევრები, როგორ ხსნიან თავიანთ ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებიც დასავლელი პარტნიორების განაწყენებასა და რუსი პოლიტიკოსების კმაყოფილებას იწვევს და რაში ადანაშაულებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გვესაუბრება:
- ძალიან ბევრია ჩასაფრებული ადამიანი, დარაჯობენ, როდის წაიბორძიკებს "ქართული ოცნება". ახლა ირაკლი კობახიძე ამოიჩემეს. ირაკლის ისეთი არაფერი უთქვამს, რაც უკრაინელებს არა აქვთ ნათქვამი. რას ვიზამთ, სამწუხარო ფაქტია, რომ უკრაინის ტერიტორიებზე რუსული ოკუპაციის მასშტაბი შემაშფოთებელ ფორმას იღებს. ირაკლიმაც ეს თქვა. ზელენსკი და უკრაინის ხელისუფლების სხვა წევრებიც ხომ იმას ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე შემაშფოთებელი ვითარებაა, რომ აგრესორი რუსეთი წინ მიიწევს, რომ პუტინს დიდი რესურსი აქვს მობილიზებული თავისი გეგმის შესასრულებლად. რა არის ამაში განსაკუთრებული?!
- გასაგებია, თუ რატომ საუბრობენ ამის შესახებ ზელენსკი და უკრაინის ხელისუფლება... ირაკლი კობახიძეს რისთვის დასჭირდა ახლა ამ საკითხზე განცხადების გაკეთება?
- იმისათვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს, რომ ზოგიერთს გაუჩნდა ინტერესი, საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში. გასაგებია, ვის რა ინტერესები აქვს, მაგრამ ვიღაცების მიზნებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ შევწირავთ. თუ დააკვირდით, ირაკლი ახსენებს "გლობალური ომის პარტიას". ვიცით ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ იმიტომ ასახელებს, რომ არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოებს.
- როგორ ფიქრობთ, რატომ ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომ მმართველი პარტიის ახალი გზავნილები ეწინააღმდეგება ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებს და "ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია" მხოლოდ რუსეთის ნარატივთან?
- სალომე ზურაბიშვილი ასეთ განცხადებებს, ალბათ, იმიტომ აკეთებს, რომ თავისი პოლიტიკური გეგმები აქვს. მავნებლობაა, რასაც ზურაბიშვილი ამბობს. საერთოდ, მას ცალსახად, მტკიცებით ფორმაში ლაპარაკი ახასიათებს.
- პენტაგონში ამერიკისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ამერიკა თავად იჩენს ინიციატივას დაგვეხმაროს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არაფერს ითხოვს.
- რა არის ამაში გასაკვირი? საქართველოს ჰყავს საკმაოდ მობილური სამხედრო თავდაცვის ძალები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ავყვეთ ცხელთავიანების მოსაზრებას, რომ საქართველოს დეფეტიზმის ავადმყოფობა სჭირს. სხვათა შორის, საქართველოსთვის იარაღის მიწოდება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის აკრძალული იყო და სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში შეიცვალა ეს მიდგომა. ჩვენი მმართველობის პერიოდში იყიდა ქვეყანამ "ჯაველინებიც". რაც შეეხება აშშ-საქართველოს შორის ამ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, ოპონენტებს ძალიან უნდოდათ ეს თემა პოლიტიკურ რაკურსში გადაეყვანათ და უნიათო, უსუსური დასკვნები გაეკეთებინათ, თითქოს საქართველო არ ითხოვს იმ რესურსს, რომელიც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის არის საჭირო, მაგრამ არ გამოუვიდათ. როგორც ყოველთვის, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
ხათუნა ბახტურიძე