"არ ვიცი, რატომ ამოიჩემა კობახიძემ რუსეთთან ფრენების აღდგენა"
"ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში არც ერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და, მინიმუმ, ბოლო 1 კვირის განმავლობაში 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამშიც რომ შევხედოთ, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის ერთი ნაწილი, დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს - ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი მხარის ინტერესი, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. ამის უკან შეიძლება რაღაც პოლიტიკური ინტერესი არსებობდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე ამას ვერ გავაკეთებთ. ეს ინტერესი აქვს "გლობალური ომის პარტიას". ვიცით, ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ ამას ბოლომდე თავის სახელს არ დავარქმევთ. "გლობალური ომის პარტიას" სწორედ იმიტომ ვამბობთ, რომ არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოებს", - განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, რასაც ოპოზიციიდან მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. რას ნიშნავს, მმართველი გუნდის ლიდერის განცხადებები, ეს პრორუსული პოლიტიკაა თუ ზედმეტი სიფრთხილე რუსეთთან, ამ და სხვა საკითხებზე უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:
- ხომ გახსოვთ, 2 თებერვალს ევროპარლამენტში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საგანგებო დებატები რომ გაიმართა და საქართველოს ხელისუფლება რომ დაგმეს სასტიკი მოპყრობისთვის? ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე ვესაუბრე ჰოლანდიელ ევროპარლამენტარს. როგორც გაირკვა, მას ეგონა, რომ სააკაშვილი საავადმყოფოში კი არა, ციხეშია. თურმე სხვა ევროპარლამენტარებსაც ეგონათ, რომ სააკაშვილი სასამართლოს ციხის საავადმყოფოდან ერთვებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ დასავლეთი უმეტესად საელჩოებისგან კი იღებს ინფორმაციას, მაგრამ არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ აქედან იმდაგვარად შეფუთული ინფორმაცია გაგზავნონ, რომ ნეგატიური განწყობა შეუქმნან. ვინ არიან ეს ძალები, ყველამ იცის.
- ალბათ, პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ გულისხმობთ. მან თქვა, რომ მმართველი პარტიის გზავნილები ეწინააღმდეგება ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის ლიდერის განცხადებებს.
- ზურაბიშვილს სჩვევია ასეთი ეპატაჟური განცხადებები. გაიძულებს, დაჯდე და იმტვრიო თავი, რა რის საფუძველზე თქვა. ზოგ შემთხვევაში ცამდე მართალია, მაგრამ თავის სიმართლეს არასწორ დროს და არასწორ ადგილზე ამბობს. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, დასავლელი პოლიტიკოსების ნათქვამი გაიმეორა ან სურს "ოცნებას" აჩვენოს, რომ განუმეორებელია.
- მმართველი პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა აკეთებდეს ისეთ განცხადებებს, რაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა? უცნაურია ისიც, რომ როგორც კი საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე საუბარი დაიწყო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ იყო, მაგრამ კობახიძე ჯიუტად იმეორებს, ფრენების აღდგენა მისასალმებელიაო.
- არ ვიცი, რატომ ამოიჩემა კობახიძემ რუსეთთან ფრენების აღდგენა, როდესაც ამ საკითხზე საუბარი არაფრისმომტანია. არც რუსეთ-უკრაინის ომის სურათის შეფასებაში ვეთანხმები. დიახ, უკრაინა მძიმე დღეშია, მაგრამ არც ისეა საქმე, როგორც კობახიძე ამბობს. რუსეთი, რომელსაც უზარმაზარი არმია ჰყავს და უმაღლესი დონის შეიარაღება აქვს, ამდენ ხანს უკან იხევდა, ძლივს დაიწყო შეტევა, მაგრამ მეორეხარისხოვან ობიექტებს იღებს. სტრატეგიული თვალსაზრისით, უკრაინამ გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწია. უკრაინას დღეს ისეთი ტერიტორია აქვს დაკავებული, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია - ხერსონს ვგულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განუწყვეტლივ გადადის შეტევაზე და უამრავ რესურსს კარგავს, სტრატეგიულ წარმატებას ვერ აღწევს. კოლოსალური რაოდენობის ადამიანია მწყობრიდან გამოსული, ეს ეხება ორივე მხარეს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსგავსი არ მომხდარა. ამის გათვალისწინებით, არ იყო საჭირო იმის თქმა, რაც კობახიძემ თქვა.
- ახლა პროცესების როგორ განვითარებას ელით?
- დასავლეთი ახალი იარაღის გადაცემაზე საუბრობს, აქცენტი კეთდება "ლეოპარდებსა" და "აბრამსებზე", მაგრამ აპრილამდე უკრაინაში ვერც ერთი ტანკი ვერ მოხვდება. მანამდე გაძლება არ უნდათ?! რუსეთი მარტში დიდი შეტევისთვის ემზადება. სხვათა შორის, რუსეთს სწორედ ბახმუტთან ბრძოლამ არ მისცა შეტევის საშუალება დღემდე. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დროულად მიაწვდის დასავლეთი უკრაინას იარაღს. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, იარაღის გადაცემა-გადმოცემის საკითხი ასე საჯაროდ, საგაზეთო და სატელევიზიო გადაცემის ფონზე მიმდინარეობდეს, ჯერ არ მსმენია.
- თქვენი შეფასებით, "ოცნებას" რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ვისზე აქვს ფსონი დადებული?
- "ქართულ ოცნებას" ამ ომში ფსონი რუსეთზე არა აქვს დადებული. უკრაინის დამარცხების შემთხვევაში წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით. იმიტომ კი არა, რომ გამარჯვებული რუსეთი აუცილებლად ომს გამოგვიცხადებს, უბრალოდ, არ ვიცით, რას მოიმოქმედებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხომ გამორიცხული იქნება. ჩემი აზრით, რუსეთთან დაკავშირებული "ოცნების" მოქნილი პოლიტიკა შეიძლება ბევრი ქართველისთვის შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელია, მაგრამ საჭიროა! უფრო მეტიც, აუცილებელია! თუმცა "ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერისგან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკას ვერ გავამართლებ, ვერც ფრენების აღდგენის განცხადებებს და ვერც იმაში დავეთანხმები კობახიძეს, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთს აქვს უპირატესობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ სწორად აღებული თამასა სწორადვე დაიჭიროს. ჩვენს სამეზობლოში ყველგან ომია, ან ომის წინა პირობაა. ასეთ რთულ ვითარებაში მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ბალანსის იმდაგვარად დაცვას, რომ ქვეყანაში სიმშვიდე შევინარჩუნოთ.
ვაშინგტონში საქართველოს შესახებ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება. ამაზე მეტყველებს საქართველოსა და ამერიკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრები. ლოიდ ოსტინმა დაადასტურა აშშ-ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და გამოთქვა მზადყოფნა, განაგრძოს დახმარება შეკავებისა და თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო სჭირდება დასავლეთს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში დასავლეთს შავი ზღვის აკვატორია სჭირდება. მას შემდეგ, რაც ყირიმი რუსეთმა დაიკავა, შავ ზღვაში ნატოს რესურსი განახევრდა. შესაბამისად, საქართველოს მნიშვნელობა უფრო გაიზარდა. დასავლეთში გადაწყვეტილებების მიმღები პირები აანალიზებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონფრონტაცია ხელს არ აძლევთ, მით უფრო მაშინ, როდესაც ქართული ოპოზიცია უაღრესად სუსტია და უახლოეს მომავალში სახელისუფლებო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ამას დაემატა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ენერგოპროექტები. ნატოს წევრი ორი ქვეყნისთვის - რუმინეთისა და უნგრეთისთვის ეს ენერგოპროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკური გარჩევები რა მოსატანია.
- ოპოზიციონერი ლიდერების დიდი ნაწილი საქართველოში სახელისუფლებო ცვლილებებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ელის.
- ვთქვათ, დამარცხდა რუსეთი. უკრაინა პოლიტიკურად იქნება გამარჯვებული, თორემ ისე მთლიანად დანგრეულია. უკრაინის ფეხზე დაყენებას იმდენი ძალისხმევა, ენერგია და დრო დასჭირდება, უკრაინელ პოლიტიკოსებს საქართველოს პოლიტიკური ამბებისთვის ნამდვილად არ ეცლებათ. ამიტომ საქმეზე ორიენტირებული ოპოზიცია გვჭირდება იმისთვის, რომ განვვითარდეთ და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. ასეთი ოპოზიციური ძალა ჯერ არ ჩანს. "ნაცმოძრობამ" ის მოახერხა, რომ ჯერ საკუთარ დღის წესრიგზე ააწყო მთელი ოპოზიცია და მერე საკუთარი პარტია ჩამოშალა. ახლა იმ პარტიის ლიდერები, რომლებიც "ნაციონალებთან" თანამშრომლობდნენ, თავში ირტყამენ ხელს, ეს რა მოგვივიდაო.
ხათუნა ბახტურიძე