კადრში გაყინული საშინელება - კვირის პალიტრა

კადრში გაყინული საშინელება

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები ორშაბათს, 6 თებერვალს მოხდა.­ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველი მიწისძვრა დაიწყო ღამით, ადგილობრივი დროით 04:17 საათზე. მისი ეპიცენტრი მდებარეობდა 17.9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანთეფთან, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში. პირველ მიწისძვრას მოჰყვა 40-ზე მეტი დამატებითი ბიძგი ანუ ავთერშოკი. 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მეორე მიწისძვრა 6 თებერვალს დღისით, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე დაიწყო. მისი ეპიცენტრი მდებარეობდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის კაჰრამანმარაშის პროვინციაში. 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მესამე მიწისძვრა კი სამშაბათს, 7 თებერვალს, ღამით 03:13 საათზე განვითარდა. მისი ეპიცენტრი მდებარეობდა 10 კმ-ის სიღრმეზე ქალაქ გოლბასთან, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში. პირველმა ორმა მიწისძვრამ ორივე ქვეყანაში უმძიმესი შედეგები გამოიწვია.

turq4-1676211753.jpg

თურქეთსა და სირიაში 10 თებერვლის მონაცემებით მიწისძვრებმა 19 700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა (მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქე). აღსანიშნავია, რომ ორშაბათის ბიძგები იგრძნობოდა ისრაელში, ერაყში, კვიპროსში, ლიბანსა და საქართველოში. თურქეთისა და სირიის სათანადო სამსახურების გარდა საქმეში ჩაერთვნენ მაშველები ათობით ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან...

turq-1676211753.jpg

სასოწარკვეთილი ადამიანები ნანგრევებიდან ამოყვანილ თითოეულ გადარჩენილს ოვაციებით ხვდებიან, თუმცა ბევრი პატარა ქალაქი და სოფელი მიუდგომლობის გამო დახმარების გარეშე რჩება. მდგომარეობას ართულებს სიცივე და ცუდი მეტეოროლოგიური პირობები. ათასობით შენობა განადგურდა ადანაში, გაზიანთეფში, დიარბაქირში, კაჰრამანმარაშში, მალატიაში, შანლიურფაში. გაზიანთეპის პროვინციაში ჩამოინგრა ისტორიული ციხესიმაგრე, რომელიც ქვეყნის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია (სირიაში კი ასევე დაზიანდა ჯვაროსნების ციხე მარკაბი...).

turq3-1676211753.jpg

ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა თურქეთის 1939 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 30 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

turq2-1676211753.jpg

სხვადასხვა ქვეყნების სეისმოლოგიურმა სამსახურებმა დააფიქსირეს არაბეთის ტექტონიკური ფილაქნისა (მასზე მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძული) და ანატოლიის ტექტონიკური ფილაქნის (მასზე მდებარეობს პრაქტიკულად თურქეთი) ურთიერთწანაცვლება 3,3 მეტრით, რის გამოც მიწისძვრით უზარმაზარი ენერგია გამოთავისუფლდა. ანატოლიის ფილაქანმა 3,3 მეტრით ჩრდილო-დასავლეთით გადაინაცვლა... აღსანიშნავია, რომ ანატოლიისა და არაბეთის ფილაქნები განუწყვეტლივ იმყოფება გაცილებით მძლავრი ინდოეთის, აფრიკისა და ევრაზიული ფილაქნების ზეწოლის ქვეშ...