„მინდა დაგამშვიდოთ, თურქეთის მიწისძვრა საქართველოში ვერაფერს გამოიწვევს, ძალიან შორსაა და სხვა სტრუქტურისაა“ - კვირის პალიტრა

„მინდა დაგამშვიდოთ, თურქეთის მიწისძვრა საქართველოში ვერაფერს გამოიწვევს, ძალიან შორსაა და სხვა სტრუქტურისაა“

"ერთადერთი რეალური თავდაცვა არის სეისმომედეგი მშენებლობა, სეისმური საფრთხის სწორად­ შეფასება, ე.წ. სეისმური საფრთხის რუკების­ სწორად აგება, რომელსაც შემდეგ უნდა დაეფუძნოს სეისმომ­ედეგი მშენებლობა. ამაში იგულისხმება თანამედროვე ნორმების გათვალისწინება, რომელიც მშენებლობას­ არეგულირებს. ამ ყველაფერს კი უნდა ზედამხედველობა", - გვეუბნება სეისმოლოგი, პროფესორი ზურაბ­ ჯავახიშვილი:

- კავკასია საშუალო სეისმურობის ზონად ითვლება. ჩვენზე გაცილებით სეისმურად აქტიური რეგიონები არსებობს, მათ შორის თურქეთი. შეიძლება ჩვენთან არ ხდება გრანდიოზული მიწისძვრები, მაგრამ ძლიერი მიწისძვრები ყოფილა. გავიხსენოთ­ გასული საუკუნის ბოლოს სპიტაკის ან რაჭის მიწისძვრა, როცა მაგნიტუდა 7 იყო. თურქეთს თუ შევადარებთ, მაგნიტუდა 7,8 გაცილებით მეტია და ასეთი მიწისძვრები­ ნაკლებად სავარაუდოა კავკასიაში, მით უმეტეს, საქართველოში, თუმცა გაცილებით­ სუსტმა მიწისძვრამაც (მაგ. მაგნიტუდა 5) დიდ ქალაქში შესაძლოა სერიოზული ზიანი მოგვაყენოს და მსხვერპლიც გამოიწვიოს. იმით არ უნდა ვინუგე­შოთ თავი, რომ ჩვენ სეისმურად ისეთი აქტიური ზონა არა ვართ, როგორიც იაპ­ონია ან ამერიკის დასავლეთი სანაპიროა. საბედნიეროდ, იშვიათად, მაგრამ ჩვენთანაც ხდება ძლიერი მიწისძვრები.

- დიდ ქალაქებში მეტია ნგრევა და მსხვერპლიო, ამბობთ. მაინც რამდენბალიანი მიწისძვრის გაძლება შეუძლია ჩვენს შენობებს, რა ტიპის შენობებია სუსტი და რომელი - შედარებით გამძლე?

- მირჩევნია ამაზე მშენებლებმა და კონსტრუქტორებმა ისაუბრონ, მაგრამ შემიძლია გიპასუხოთ, რომ ამ მხრივ ცუდი მდგომარეობა გვაქვს - მაგალითად, 2002 წელს თბილისში მოხდა საშუალო დონის მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 4,5 იყო და დაახლოებით 12 ათასი შენობა დაზიანდა.­ უმეტესობა ძველი იყო, თუმცა შედარებით ახალი შენობებიც დაზიანდა.­.. ერთა­დერთი რეალური თავდაცვა, რაც დღეს გვაქვს (არა მარტო ჩვენ, განვითარებულ ქვეყნებსაც), არის სეისმომედეგი მშენებლობა, სეისმური საფრთხის სწორად შეფასება, სეისმური საფრთხის რუკების სწორად აგება, რომელსაც უნდა დაეფუძნოს სეისმომედეგი მშენებლობა. ეს პირველი­ ნაბიჯია და ამ ყველაფერს სჭირდება ზედამხედველობა, - როგორ კეთდება, რა ხარ­ისხით შენდება... ეს რთული, თუმცა აუცი­ლებლად მოსაწესრიგებელი საკითხია. ნორმებში უნდა ჩაიწეროს, რამდენბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი ესა თუ ის შენობა. როგორც ვიცი, მუნიციპალიტეტებში არის ორგანიზაციები, რომელთაც მათი ზედამხედველობა ევალებათ. სეისმური საფრთხის რუკებზე მოცემული შენობები (ახლა ბალები აღარაა, გადავდივართ აჩქარებებზე, რომელსაც მიწისძვრა გამოიწვევს,­ მაგრამ პრინციპული განსხვავება არ არის) ნორმების მიხედვით რუკაზე დატანილ სეისმურობას უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, თუ იმ ზონაში გვაქვს 7 ან 8 ბალი, როგორ, რა წესებით უნდა შენდებოდეს. რუკაზე დატანილია მთელი საქართველო, ცალკეა დასახლებული პუნქტების სია, სადაც მითითებულია ამა თუ იმ ქალაქში, დაბასა თუ სოფელში რამდენ ბალზე და რა აჩქარებაზე უნდა იყოს გათვლილი ისინი.

- პრობლემას სად ხედავთ?

- სეისმური საფრთხის რუკა დიდი ხნის წინაა შექმნილი - 1999 წელს, თვითონ ვარ ამ რუკის ერთ-ერთი ავტორი. ჩვენ მაშინვე მოვითხოვეთ, რომ რუკა 5 წელიწადში განახლებულიყო. ის 2010 წელს მიიღეს ნორმატიულ აქტად, ანუ მას შემდეგ­ ორჯერ უნდა განახლებულიყო. მნიშვნელოვანი პუნქტები განახლებულია, მაგრამ,­ ძირითადად, აღებულია 80-90-იანების საბჭოთა ნორმები. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა,­ როგორ სრულდება ძველი ნორმები. რა თქმა უნდა, ძველი ნორმები შესაცვლელია, თუმცა ქართული კანონმდებლობა ევროპულთან შესაბამისობაში რომ უნდა მოვიდეს, ეს გარდაუვალია. მართალია, დავაგვიანეთ, მაგრამ მაქსიმუმ 2 წელიწადში ნორმების ცვლილებასთან ერთად რუკაც შეიცვლება, თუმცა მნიშვნელოვანია კონტროლი და ზედამხედველობა.

- გავრცელებულია აზრი, რომ ძველ შენობებთან ერთად, ახალაშენებულებიც რისკის შემცველია (იგულისხმება უხარისხოდ აშენებული).

- რისკის შემცველია არა მარტო ახალაშენებული, ძველი შენობებიც. ავარიულები ცალკე კატეგორიაა და იქ ცხოვრება­ დაუშვებელია, ხალხი მუდმივ საფრთხეშია. სამწუხაროდ, როდის მოხდება მიწისძვრა, ამის ცოდნის საშუალება არა გვაქვს, თუმცა­ დღეს მოხდება თუ 10 წლის შემდეგ, შენობამ უნდა გაუძლოს, სეისმურად მდგრად შენობებში უნდა ვცხოვრობდეთ. 1992 წლამდე თბილისი 7-ბალიანი ზონა იყო, მერე 8-ბალიანი გახდა. სხვათა­ შორის, 2002 წლის მიწისძვრის დროს კარგად აშენებული არც ერთი შენობა არ დაზიანებულა, თუნდაც 7 ბალზე ყოფილიყო გათვლილი.

- ამბობენ, მრავალსართულიან კორპუსებს ხიმინჯები სპეციალურად სეისმომედეგობისთვის­ უკეთდებოდა და ის უსაფრთხოაო.

- მართლაც იყო დასაბუთება, რომ ეს კორპუსები სეისმომედეგია. კონსტრუქციებსა და სამშენებლო ტექნოლოგიებზე­ თუ მიდგა საქმე, მაშინ თანამედროვე ბინები უფრო უსაფრთხოა, რკინაბეტონის მონოლითური ჩამოსხმის ტექნოლოგია სეისმომედეგია, მაგრამ სხვა საკითხია, როგორი ხარისხით შენდება. მიშენებასა და ნებისმიერ ცვლილებას სპეციალისტი თუ არ აკეთებს,­ სახიფათოა. ერთ დროს თბილ­ისში მიშენებების ბუმი იყო და თუ ის კვალიფიციურმა­ სპეციალისტმა არ გააკეთა­, საშიშია. ჩვენში ძალიან მოდურია ბინების გადაკეთება-გაფართოება და ესეც მხოლოდ სპეციალისტის საქმეა - პროექტის საფუძველზე უნდა მოხდეს და არა თვითნებურად. თვითნებურად გადაკეთება ნიშნავს, რომ თუ შენობას რაიმე სეისმომედეგობა აქვს, თქვენ ის ნულზე დაგყავთ. მაგალითად, მაღლივ კორპუსში ერთი ბინის გადაკეთებაც კი მთელი შენობის მდგრადობას ამცირებს, საყრდენი კედლების გამოცლა ხომ კატასტროფაა... როდესაც ბინას ვყიდულობთ, უნდა დავინტერესდეთ, როგორ შეისწავლეს მისი საძირკველი, როგორია გეოლოგიური დასკვნა, პროექტი, კომპანია... გეოლოგიური დასკვნა შეგიძლიათ სპეციალისტს აჩვენოთ და ის ჩანაწერითაც მიხვდება, რომ რაღაც არ არის წესრიგში. ინტერნეტშიც არის გეოლოგიური რუკები, სადაც აღნიშნულია, სად არის მეწყრული უბნები, როგორი გარემოა. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ასეთ რთულ პირობებშიც აშენდეს შენობები, მაგრამ ამას დამატებითი შესწავლა და სპეციალური პროექტი სჭირდება. რა თქმა უნდა, ხარჯი იზრდება,­ მაგრამ თუ გვინდა უსაფრთხოება, უარი არ უნდა ვთქვათ. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთ შენობას მიწისძვრის გარეშეც უჩნდება ბზარები...

- მიწისძვრის დროს მართლა უპირატესია ტუფის ნაგებობები?

- ეს მითია. მასიური კედლები მი­წისძვრის დროს უპირატესობა არ არის, მიწისძვრას უფრო მსუბუქი და დრეკადი ნაგებობები უძლებს. კონსტრუქციები რაც შეიძლება დრეკადი უნდა იყოს, რომ ჩაახშოს მოძრაობა. შენობა, რომელიც 1992 წლის შემდეგ ნორმების მიხედვით არის აშენებული, წესით, 8 ბალს უნდა უძლებდეს და გათვლილია არა მაგნიტუდებზე, არამედ მიწისძვრის ზემოქმედებაზე. გათვალისწინებულია როგორც ახლო მიწისძვრები, ისე შორეულიც და მათი საერთო ეფექტი. ახლო, სუსტ მიწისძვრას შეიძლება იგივე ეფექტი ჰქონდეს, როგორც შორეულ ძლიერ მიწისძვრას. ჩვენ ის ხომ არ გვაინტერესებს, როგორი მაგნიტუდისაა მიწისძვრა, ჩვენ გვაინტერესებს, რა ძალა იმოქმედებს ჩვენს შენობაზე, როგორი აჩქარებით იმოძრავებს გრუნტი. ინჟინერი ამის მიხედვით აკეთებს კონსტრუქციას... მინდა დაგამშვიდოთ, თურქეთის მიწი­ს­ძვრა საქართველოში ვერაფერს გამოიწვევს, ძალიან შორსაა და სხვა სტრუქტურისაა.

- ბოლო წლებში სეისმურად გააქტიურდა სოფელი სამება. რა არის ჯავახეთის ამ ერთ სოფელში გახშირებული მიწისძვრების მიზეზი და ხომ არ არის იქიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიძგების გავრცელების საფრთხე?

- არა, არ არის ამის საშიშროება. საერთოდ, ჯავახეთი სეისმურად ძალიან აქტიურია, მას ახასიათებს მიწისძვრები. სამება ბოლო დროს გააქტიურდა, თორემ­ მანამდე, 2017-ში, დმანისთან იყო რამდენიმე მიწისძვრა, რომელიც თბილისშიც­ იგრძნეს. მან მერე სხვა ადგილებში გადაინაცვლა. ჯავახეთში მუდმივად არის მიწისძვრა, ერთხანს ერთი ადგილი აქტიურდება, მერე მეორე. სეისმურობა არ არის სტაციონარული,­ რომ ერთი და იმავე ადგილას წელიწადში სისტემატურად ხდებოდეს მიწისძვრა. შარშან და შარშანწინ იქ ბევრი მიწისძვრა მოხდა, ახლა ცოტა ჩაწყნარებულია. როცა ჯავახეთი­ "ისვენებდა", მთელი სეისმურობა ონისკენ იყო მიმართული.­ რატომ ხდება ეს, მსხვილ მასშტაბში ვიცით, კონკრეტულად კი შესწავლას მოითხოვს, ბევრი რამ არ არის ცნობილი. საერთოდ, ჯავახეთი რთული რეგიონია, ახლოგეოლოგიურ წარსულში ის ვულკანური რეგიონი იყო. ვულკანური პროცესი იქ კი მიილია, მაგრამ მის სიღრმეში კიდევ რაღაც პროცესები მიდის, რასაც მიწისძვრებიც ერთვის.

- სეისმურად ყველაზე მდგრადი შენობა­ რომელია თბილისში? მაგალითად, კანცელარიის შენობაზე ამბობენ, რომ 9-10-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი...

- ნებისმიერი შენობა, რომელიც ნორმების დაცვითაა აშენებული (განსაკუთრებით­ 1992 წლის შემდეგ, როცა 8 ბალზე გადავიდა თბილისი), მდგრადია. მოგეხსენებათ, 90-იანებში არ კონტროლდებოდა ეს სფერო, შემდგომ პერიოდზეც იგივე ითქმის, მაგრამ ვფიქრობ, ბოლო ხანს აშენებული შენობები უფრო საიმედოა. კანცელარიას ამდენ ბალზე ნამდვილად არ გათვლიდნენ, მაგრამ სამთავრობო შენობები, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში მდგრადია. საიმედოდ უნდა იყოს აშენებული მთავრობის, სამაშველო სამსახურის, სამხედრო და თავდა­ცვის ობიექტები, რომელთაც ყველა სახის სტიქიას უნდა გაუძლონ, არა მარტო სეისმურს - რამე თუ მოხდა, მთავრობამ არ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, მან უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას, სამაშველომ უშველოს და ა.შ. ასეა ყველა ქვეყანაში.

- ამბობთ, ევროპული ნორმები უნდა გადმოვიღოთო, რას გულისხმობს ეს სტანდარტები?

- ევროპული სტანდარტი მოიცავს ყველა სამშენებლო ნორმას, მათ შორის ერთ-ერთი თავი სეისმომედეგობას შეეხება. მშენებელმა ყველა ეს ნორმა უნდა დააკმაყოფილოს. მაგალითად, მოქმედ რუკაზე (რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეიცვლება) აღნიშნულია ბორჯომი როგორ სეისმურობაზეა, რომელ ზონაში ხვდება, როგორ უნდა აშენდეს იქ შენობები. იქ მითითებულია გრუნტიც - თუ კლდოვანია, მშენებლებისთვის გარკვეული მოთხოვნებია, თუ ფხვიერია, დამატებითი ჩარევაა საჭირო და გაწერილია, რა უნდა გაკეთდეს - ანუ ეს მითითებები განკუთვნილია მშენებლებისა და კონსტრუქტორებისთვის, როგორ დააპროექტონ შენობა ამა თუ იმ ადგილას და ზონაში. გათვალისწინებულია ასევე რაზე უნდა იყოს გათვლილი სართულების რაოდენობა, მაგალითად, არსებული ნორმებით, თუ 15 სართულზე მაღალია შენობა, სეისმომედეგობისთვის დამატებითი მოთხოვნებია.

- მდგრადად, სეისმომედეგად რომ ჩაითვალოს, მაგალითად, 8-9 ბალს გაუძლოს შენობამ, როგორ უნდა აშენდეს ის?

- ძალიან ბევრი წესი და მითითებაა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს მშენებელმა და მაშინ იქნება შენობა მდგრადი. ტექნიკური მხარე მშენებლების კომპეტენციაა. სხვათა შორის, ნორმებში მასალებზეცაა საუბარი, როგორი უნდა იყოს ბეტონი, ბლოკი, არმატურა... სადაც სეისმურობა დაბალია, ნაკლები მოთხოვნებია, თუ მაღალია, მოთხოვნა გაცილებით მეტია. თუ ისეთი შენობაა, სადაც ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებს, მაგალითად, სკოლა, უნივერსიტეტი, მოთხოვნებიც იზრდება. ყველა მითითება ემყარება გამოთვლებს, პრაქტიკას... ნორმებში მითითებულია საძირკვლით დაწყებული ყველა დეტალი, რა როგორ უნდა გაკეთდეს. სამშენებლო ნორმები მხოლოდ მიწისძვრაზე კი არაა გათვლილი. ეს ნორმები კანონის დონეზეა და მშენებელი ვალდებულია შეასრულოს.

- თუ არსებობს თბილისში სეისმურად ყველაზე საშიში ადგილი და სად არის მშენებლობა დაუშვებელი?

- სეისმურობით თბილისი ერთ ზონაშია. ასეთი დაყოფა მხოლოდ სპეციალური შესწავლითაა შესაძლებელი, რაც ხანგრძლივი და ძვირად ღირებული პროცესია. სხვათა შორის, 80-იან წლებში სეისმომედეგობის ინსტიტუტმა გამოიკვლია დედაქალაქი, ოღონდ იმ მეთოდებით, რომლებიც დღეს გამოუსადეგარია. აუცილებლად ჩასატარებელია არა მარტო თბილისის, არამედ დიდი ქალაქების დეტალური სეისმური კვლევა, ოღონდ ჯერ ნორმები და საქართველოს სეისმური რუკა უნდა მოვაწესრიგოთ და მერე გადავიდეთ დეტალურ შესწავლაზე. ხელაღებით თქმა, რომ ესა თუ ის უბანი სეისმურად საშიშია, არ შეიძლება. ყველა უბანში შეიძლება იყოს ისეთი ადგილები, სადაც ცუდი გრუნტია. მთავარია, გრუნტი როგორია. მისი თვისებები ძალიან სწრაფად და პატარა სივრცეში იცვლება და შეიძლება 10-20 მეტრში სულ სხვანაირი იყოს. რომელიღაც უბნის დასახელება, საშიშიაო, არ შეიძლება.

- თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი იყო კომპლექს KING DAVID-ის მშენებლობის გამო, რომელიც კლდოვან ქანებზეა აგებული, მაგრამ ზედაპირზე ჩანს, რომ კლდოვანი მასა იფშვნება...

- ვფიქრობ, ამაზე ტყუილად ატყდა ხმაური. მისი საძირკველი საკმაოდ ღრმადაა და ქანები, რომლებიც ზედაპირზე ჩანს და იფშვნება, არაფერს ნიშნავს - მას სიღრმეში სულ სხვა თვისებები აქვს. არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანადაა შესწავლილი, მაგრამ იმის თქმა, კლდე იშლება, ასეთივე იქნება სიღრმეშიო, არ არის სწორი. სეისმომედეგობისთვის კლდე უფრო მისაღებია, ვიდრე ქვიშიანი, თიხიანი და ფხვიერი ნიადაგი...

- სირია-თურქეთის მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა სად და როდის გახსენდებათ?

- ეს მიწისძვრა წუთზე მეტხანს გაგრძელდა, რაც ასეთი მიწისძვრების დროს ჩვეულებრივი ამბავია. რაც უფრო ძლიერია­ მიწისძვრა და მისი მაგნიტუდა, მით უფრო ხანგრძლივია რხევა. მომდევნო ბიძგები პირველზე ძლიერი არ ყოფილა, უბრალოდ,­ შენობები იყო დასუსტებული. რაც შეეხება­ ნგრევას, მომდევნო ძლიერმა ბიძგებმა დაანგრია ის შენობები, რომლებიც პირველადი მიწისძვრის დროს დაზიანდა. დაზიანებულ შენობებს შემდგომში მოყოლილი მაგნიტუდა 5-ც დაანგრევდა. ვიდეოებშიც ჩანდა, რომ მიწასთან გასწორებული­ შენობები ცუდად ნაშენები და დაბალი ხარისხის იყო. პროცესი კიდევ გაგრძელდება, ოღონდ ბიძგები თანდათან შესუსტდება, იმავე სიძლიერის არ იქნება, ეს ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. მაგალითად, ჩვენთან რაჭის მიწისძვრიდან 40 დღის შემდეგ იყო ძალიან ძლიერი მიწისძვრა ჯავასთან (7 იყო რაჭაში, 6,2 ჯავასთან). თურქეთში­ ამავე ბალის დამანგრეველი მიწისძვრა ადრეც იყო, 1939 წელს ერზინჯანის პროვინციასთან, ჩრდილო თურქეთში, ჩვენი საზღვრის ახლოს. თურქეთში ხშირია ძლიერი მიწისძვრები, რაც, ძირითადად, ტექტონიკურ ფილებსა­ და ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული - როგორ, რა სიჩქარით მოძრაობენ ფილები და ერთმანეთზე როგორ მოქმედებენ, ეჯახებიან თუ შორდებიან... ანატოლიის რღვევაზე ტექტონიკური ფილების ძალიან ინტენსიური მოძრაობა მიმდინარეობს.

ნანა ფიცხელაური