როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს
გთავაზობთ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის რეკომენდაციას: - მიწისძვრის დროს ყველაზე კარგია შენობის დატოვება. თუ ადამიანს გაუმართლა და გარეთაა, უპირველესად უნდა მოსცილდეს ყველაფერ მაღალს, შენობას, ბოძებს და სხვა, ისეთ ადგილას გავიდეს, შენობა თუ დაინგრა, რამე არ დაეცეს. თუ გარეთ გასვლას ვერ ასწრებს, შენობაში მზიდი კედლების სიახლოვეს უნდა დადგეს. ბიძგების დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლიფტში ჩაჯდომა, ასეთ დროს კიბეც საშიშია. მაღალსართულიანი შენობიდან შეუძლებელია ადამიანმა გამოასწროს. ალბათ, გინახავთ ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეცემა შეკიდული ჭერი და ასეთ დროს, თუ ადამიანი მოიფიქრებს, ძლიერი მაგიდის ქვეშ უნდა შეაფაროს თავი. ვთქვათ, გაუმართლა, ბინა არ დაინგრა და როგორც კი პირველი ბიძგები გაჩერდება, სასწრაფოდ უნდა დატოვოს შენობა, რადგან ავთერშოკები ყოველთვის მეორდება... ამასთან, სასურველია, ყველას ჰქონდეს სახლში "საგანგაშო ჩემოდანი", რომელსაც გასასვლელში დადებს, ექსტრემალურ სიტუაციაში ხელს დასტაცებს და გარეთ გამოვარდება. მასში უნდა ეწყოს პირველადი მოხმარების საგნები. "საგანგაშო ჩემოდანი"“- ეს ტერმინი არ ნიშნავს, რომ მართლაც ჩემოდანი უნდა ატაროთ, ამისთვის გამოდგება ჩვეულებრივი ზურგჩანთაც. დოკუმენტები - პირადობის მოწმობა, პასპორტი, მანქანის მართვის მოწმობა, სახლის მესაკუთრეობის საბუთები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორც წესი, ექსტრემალურ სიტუაციებში ადვილად იკარგება, მათი აღდგენა კი ბევრ პრობლემასა და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. ასევე რეკომენდებულია თქვენი და თქვენი ახლობლების ფოტოების, მისამართების, ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მონაცემების ქონა ყველა გაუთვალისწინებელი, მათ შორის, ტრაგიკული შემთხვევისთვის. "საგანგაშო ჩემოდანში" აუცილებლად უნდა გქონდეთ ტექნიკური დანიშნულების ნივთები: ასანთი, სანთებელა, ნემსი, ძაფი, პატარა სარკე, ფარანი, ელემენტები, მობილური ტელეფონის დამტენი, კალამი, ბლოკნოტი... თუ თავშესაფრის სტუმარი მხოლოდ რამდენიმე საათით უნდა იყოთ, "საგანგაშო ჩემოდანში" ბევრი ტანსაცმლის ჩალაგება არ დაგჭირდებათ, თუმცა ერთი ხელი საცვალი და წინდა მაინც უნდა გქონდეთ, ასევე, თბილი სვიტერი და პლედი... თავის დაზღვევის მიზნით უმჯობესია "საგანგაშო ჩემოდანში" წინასწარ ჩაალაგოთ არამალფუჭებადი საკვებიც. ექსტრემალურ სიტუაციებში საჭმელზე უფრო დეფიციტური სასმელი წყალია, თუნდაც იმიტომ, რომ მიწისძვრის შედეგად მწყობრიდან გამოსული გამწმენდი დანადგარები ონკანებში მომდინარე სასმელი წყლის გასუფთავებას ვეღარ ახერხებს. ამიტომ თქვენს "საგანგაშო ჩემოდანში" პერიოდულად უნდა ცვალოთ პლასტმასის წყლის ბოთლები (ჯობს ნახევარლიტრიანები). "საგანგაშო ჩემოდანში" ადგილი სააფთიაქო ყუთსაც უნდა მიუჩინოთ, რადგან წამლებით შეგიძლიათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოთ როგორც საკუთარ თავს, ასევე გვერდით მყოფთაც (სიცხის დამწევის, გამაყუჩებლის და სხვა საშუალებებთან ერთად მინიაფთიაქში უნდა ეწყოს იოდი, ბინტი, ბამბა, ლეიკოპლასტირი, ერთჯერადი ნიღბები და ა.შ.).