"დემეტრემ თავისი კეთილი და დარდიანი მზერით მითხრა, შორს წავიდნენ და აღარ დაბრუნდებიანო..." - კვირის პალიტრა

"დემეტრემ თავისი კეთილი და დარდიანი მზერით მითხრა, შორს წავიდნენ და აღარ დაბრუნდებიანო..."

რამაზ დავლაძე საზოგადოებამ დიდი ტკივილით გაიცნო, მან 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის ოთხი წევრი - ორი შვილი, მეუღლე და ძმა დაკარგა. მისი ნუგეში ახლა დემეტრეა, როგორც ამბობს, "იმ უბედურების შემდეგ სიცოცხლე შემძულდა, მაგრამ მოვალეობა მაქვს - შვილი, ჩემი დემეტრე მყავს გასაზრდელი და ნელ-ნელა ისევ ვიყვარებ სიცოცხლეს". რამაზ დავლაძე თურქებს სამძიმარს უცხადებს.

- ჩემი ადამიანური, ტკივილიანი სამძიმარი თურქეთს. თანავუგრძნობ თითოეულ იმ ადამიანს, ოჯახს, ვისი ცხოვრებაც ნანგრევებად აქცია დატრიალებულმა ტრაგედიამ და საყვარელი ადამიანები დაკარგა!!! შემზარავია ფრაზა: "ყველაზე კარგად მესმის მათი გაუსაძლისი ტკივილის", შემზარავია, მაგრამ ასეა, ნანგრევების უზარმაზარი ლოდებია გულში, რომელსაც ვერაფერი ვერ აშუშებს, ფერიც არ უხუნდება და თითოეული ასეთი ტრაგედია კიდევ ხელახლა აახლებს იმ ავბედით დღეს, რომელმაც ამ გაუსაძლის ტკივილში დამტოვა!

როცა დემეტრემ ინტერნეტით თურქეთში მომხდარ ტრაგედიას შეავლო თვალი, არაფერი მკითხა და არც არაფერი უთქვამს, ჩვენ თავს დატრიალებული ტკივილის შემდეგ მსგავს ტრაგედიაზე მხოლოდ მრავლისმთქმელი თვალებით საუბრობს, ჰოდა თავისი კეთილი და დარდიანი მზერით მითხრა, შორს წავიდნენ და აღარ დაბრუნდებიანო... ამ მზერით და მისეული ფიქრებით დემეტრე ყველაზე დიდ და წრფელ თანაგრძნობას უცხადებს თითოეულ იმ გულმოკლულ ადამიანს და მეც სწორედ ამიტომ აღვნიშნე განსაკუთრებულად, რომ მესმის თითოეულის გულში ალმოდებული ტკივილი როგორი მწარე და გაუსაძლისია!!!

მადლობა სამაშველო სამსახურის თითოეულ წევრს, რომლებიც ფიზიკურად და მორალურად გმირულად და თავდაუზოგავად მოქმედებენ ყველანაირ მძაფრ და ურთულეს ვითარებაში!!!

ამ ისედაც ხანმოკლე ცხოვრებაში თუ ვინმეს კეთილი დამოკიდებულების ნაკლოვანება სჭირს, ან არ სურს, მე სიყვარულით გეტყვით: ადამიანებო, მოვეფეროთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, ტკივილი და განცდა მხოლოდ იმ დღით და რამდენიმე დღით არ უნდა გვაერთიანებდეს, ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემა ვაქციოთ ერთმანეთთან სასაუბრო ენად და ერთგულ თანამდგომად!!! მშვიდობა სამყაროს!"