„ამას საშინელ სიზმარშიც ვერ ნახავ“ - კვირის პალიტრა

„ამას საშინელ სიზმარშიც ვერ ნახავ“

"კვირის პალიტრა" ესაუბრა იმ ქართველებს, რომლებიც მიწისძვრის ეპიცენტრში მოხვდნენ.

"ღმერთს ვევედრებოდი, უცხო მიწაზე ჩემი შვილების უნახავად ნუ მომკლავ-მეთქი"

ლეილა მინაშვილი: - მე ქალაქ ქაისერში ვარ, მოხუცს ვუვლი. 14-სართულიან კორპუსში, მერვე სართულზე ვცხოვრობ ბებიასთან ერთად, მეცხრეზე ბებიას შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ. მიწისძვრა გამთენიისას, 4 საათსა და 27 წუთზე დაიწყო.­ როგორც გავიგე,­ 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის ყოფილა. გვეძინა,­ კარის ჩხაკუნის ხმა რომ მოგვესმა, ბებიამ დამიძახა,­ რაღაც ჩამოვარდაო. ვიფიქრე, შვილიშვილი მოვიდა-მეთქი და ავდექი. მაშინვე შემაქანა. ვიფიქრე, რამხელა­ წნევა მაქვს-მეთქი, კარები ხმაურით იღებოდა და იხურებოდა, კარადებიდან ჭურჭლის წვიმა წამოვიდა. ეს 4-5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. შემდეგ გაჩერდა და მერე ისევ დაიწყო. იატ­აკზე დავემხე და ვბღაოდი, ღმერთს ვევედრებოდი, უცხო მიწაზე ჩემი შვილების უნახავად ნუ მომკლავ-მეთქი. მესამე ბიძგი უფრო სუსტი იყო...

იმ დღეს სახლში დავრჩით. მეორე დღეს მოხუცის რძალი მოვიდა, ბარგი ჩაალაგე,­ აგარაკზე უნდა წავიდეთ, გამოაცხადეს, მიწისძვრა განმეორდებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ სახლი შეზანზა­რდა. ორჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. ბარგი ვიღას ახსოვდა, ხუთ წუთში მანქანაში ვიყავით... ვისაც საშუალება აქვს, ყველა სოფლებსა და აგარაკებზე გაიხიზნა. ჩვენი აგარაკი ქალაქიდან ათი წუთის სავალზეა, მაგრამ ერთი საათი მოვუნდით იქ ჩასვლას. გზებზე საშინელი საცობი იყო. ხალხი ქუჩებში გაჩერებულ მანქანებში ათევს ღამეს.

- ქალაქის დანგრეული ნაწილი ნახეთ?

- კი, საშინელებაა, ამას საშინელ სიზმარშიც ვერ ნახავს ადამიანი. უმეტესად ძველი აშენებული სახლები დაინგრა.

- ქართველი მაშველების ჩამოსვლის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია?

- როგორ არა, მოხუცის შვილმა მითხრა, დიდი მადლობა, საქართველოდან ბრიგადები მოდიან ჩვენს დასახმარებლადო.­ ვიდეოც მაჩვენა, მანქანების კოლონა რომ მოდიოდა ქართული დროშებით. ამ უბედურების შემდეგ ისეთი ბედნიერი და ამაყი ვარ, ვერ წარმოიდგენთ. ცრემლები თავისით წამომივიდა თვალებიდან.

"ბავშვების მამა მეუბნებოდა, ეს გურჯები როგორი გიჟები და უცნაურები ხართო"

ნანა ხომასურიძე: - მეც ჩემმა პატრონმა მითხრა, შენი ქართველები მოდი­ანო. ბავშვებთან ვმუშაობ ქაისერში. ორი ბავშვი მყავს - 11 და 9 წლის გოგონები.­ მეც მათ ოთახში მძინავს. პატარამ ტირილით გაიღვიძა, თავბრუ მეხვევაო. რომ წამოვხტი, მეც შემაქანა. სანამ ბავშვის საწოლთან მივედი, დედამისიც შემოვარდა, მიწისძვრააო. საშინელება ხდებოდა. ყველაფერი ზედ მეყრებოდა. ერთი ისღა მოვიფიქრე, ბავშვს გადავფარებოდი. ბავშვების მამამ მე და ბავშვს ხელი დაგვავლო, დამიყვირა, დროზე გავიქცეთო და ყველანი სირბილით გავვარდით ფეხშიშველები, საღამურებით... კიდევ კარგი, მეორე სართულზე ვცხოვრობთ, წამებში ვისხედით მანქანაში. მანქანაც კი ირყეოდა. ჩემი პატრონი გიჟივით მიქროდა, ბავშვები ტიროდნენ.

ახლა აგარაკზე ვართ. გვეუბნებიან, რომ ქალაქში ცხოვრება უსაფრთხო არ არის. გარდა იმისა, რომ ბიძგების განმეორების საშიშროებაა, ზოგიერთი კორპუსი ისეა დაბზარული, სულაც რომ არაფერი მოხდეს, შეიძლება მაინც ჩამოინგრეს.

- თქვენი ნაცნობი ქართველებიდან ხომ არავინ დაშავებულა ან დაღუპულა?

- ვისაც შევეხმიანე ყველა სამშვიდობოსაა. ჩემს მეგობარ ქალს გული წასვლია და პატრონს ხელში აყვანილი გამოუყვანია­ სახლიდან. გონზე რომ მოსულა, უკვე მანქანაში­ ყოფილა. სოფელში წასულან და თოვლში გაჭედილან. საჭმლისა და წყლის გარეშე ყოფილან მთელი დღე. ძლივს გააღწიეს­ სამშვიდობოს... ჩემი ბავშვების მამამ ისეთი ამბავი გვიამბო, მე და ბავშვების დედა ცხარე ცრემლით ვტიროდით­. თურმე ნახევრად დანგრეულ სახლთან ქალი ყვიროდა, ჩემი შვილია შიგნითო. რამდენიმე­ ადამიანი აკავებდა, აზრი არა აქვს შესვლასო.­ ამასობაში ვიღაც ბიჭი შევა­რდნილა და სახლიც ბოლომდე ჩამოქცეულა. ყველას უფიქრია, ის ბიჭიც დაიღუპა და ბავშვიცო, და ამ დროს გამოჩენილა­ ბიჭი ბავშვთან ერთად. ის ბიჭი ქართველი ყოფილა. ბავშვების მამა მეუბნებოდა, ეს გურჯები როგორი გიჟები და უცნაურები ხართო.

ხათუნა ბახტურიძე