„ახლა ირანელი ხალხის თავისუფლების ისტორია სისხლით იწერება“
ირანში ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევის გამო ხალხის პროტესტი სხვა ეტაპზე გადავიდა - ირანელი ახალგაზრდობა ცდილობს ალი ხამენეის რეჟიმს დაუპირისპირდეს, რასაც ხელისუფლება მასობრივი დაპატიმრებებით პასუხობს.
სექტემბრის შუა რიცხვებში დაწყებული პროტესტის შემდეგ ირანში მოკლეს 500-ზე მეტი და დააკავეს 20 ათასზე მეტი ირანელი. ასობით პარლამენტარის მოთხოვნის მიუხედავად, კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ მაინც არ შეცვლილა. რამდენიმეთვიანი სადამსჯელო ოპერაციების შემდგომ ხამენეის მთავრობამ ტაქტიკა შეცვალა და ახალგაზრდობასთან კომუნიკაციის შესაზღუდავად სასწავლებლებიდან პროგრესულად მოაზროვნე პროფესორ-მასწავლებლები დაითხოვა. რამდენიმე დღის წინ ამ სიაში აღმოჩნდნენ ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშადში ფირდოუსის უნივერსიტეტის პროფესორები - მიზეზი საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერა და მონაწილეობაა.
უკვე რამდენიმე თვეა, ირანში აქციები არ წყდება. სახალხო მღელვარება ზნეობის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული მაჰსა ამინის საქმეს მოჰყვა, რომელიც 16 სექტემბერს გარდაიცვალა. მას შემდეგ ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით ირანის დიდ ქალაქებსა და პროვინციებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია. უწყვეტი აქციებია უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით თეირანში, სადაც სტუდენტების უმეტესობამ ლექციებზე დასწრებაზე უარი თქვა. `ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება~, `სიკვდილი დიქტატორს~ - ეს არის მათი ლოზუნგი. ბევრმა ქალმა თავსაბური დემონსტრაციულად დაწვა. დემონსტრაციებში მონაწილე სტუდენტები პროფესორებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. ზოგიერთი უნივერსიტეტის პროფესორებმა და ლექტორებმა სტუდენტ დემონსტრანტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. როგორც მარიამ შარიფი ამბობს, წლის განმავლობაში ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლების მონაწილე მრავალი სტუდენტი დააპატიმრა და განათლების მიღება აუკრძალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სულ ცოტა, 700 სტუდენტია დაკავებული.

- მხოლოდ იმისთვის, რომ ახალგაზრდობას პროგრესი სურს, თავიანთი უფლებების დაცვა, ქალებს განათლების მიღება ხამენეის ტერორისტული რეჟიმი მათ ბოროტმოქმედებივით უსწორდება. ბევრს ისლამური რესპუბლიკის სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა. საერთაშორისო საზოგადოებრიობა გვეუბნება, დაგვანახეთ, რომ თქვენი უფლებებისთვის ბრძოლა შეგიძლიათო, და ვიბრძვით როგორც შეგვიძლია სიცოცხლის, თავისუფლების შეზღუდვის, ჯანმრთელობის დაკარგვის ფასად. უამრავი ირანელი ციხეშია და არავინ იცის, რა ელით, შეძლებენ თუ არა ოდესმე საპატიმროდან გამოსვლას, თუ რამდენიმე დღის წინ გასამართლებული ბიჭების ბედს გაიზიარებენ. რა ხდება ჩვენს ციხეებში, ადვილი წარმოსადგენია. იქიდან სასწაულებრივად გამოსულები ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი ნახეს, მაგრამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მაინც არ წყვეტენ.
- დემონსტრაციები ისევ გრძელდება?
- დიახ, უწყვეტად, სხვადასხვა მასშტაბით და სხვადასხვა ადგილას. ჩვენი მოსახლეობა ქუჩებში გადის თავისი უფლებების დასაცავად. ეს უკვე საპროტესტო აქცია კი არა, რევოლუციაა. რამდენიმე ხნის წინ დიქტატორულმა რეჟიმმა ორი 23 წლის ახალგაზრდა დასაჯა სიკვდილით, მაგრამ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. კიდევ ათეულობით აქტივისტს ემუქრება ჩამოხრჩობა. პოლიციის ჯიხურის დაწვის ბრალდებით საჯაროდ ჩამოახრჩვეს 18 წლის აქტივისტი, მოჰამა დიფარდი. მიზეზი ცივილიზებული სამყაროსთვის აბსურდულია - მას `ალაჰის მტრობა~, `ხალხის ჭეშმარიტი გზიდან აცდენის მცდელობა~ დააბრალეს. ის ყველაზე ახალგაზრდა აქტივისტი იყო, რომელსაც ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. ამას მოჰყვა 19 წლის მოჰამედ ბოროღანის ტრაგედია. ოჯახი და რამდენიმე უფლებადამცველი ჯგუფი ითხოვდნენ მისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოეტანათ, მაგრამ დიქტატურას რას შეასმენ, მათ მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებთ - ჩაახშონ პროტესტი და შეინარჩუნონ ძალაუფლება. ირანში არასდროს არაფერი ყოფილა ადვილი, მაგრამ ახლა ყველაფერი უფრო საშიში გახდა. ერთი ნაბიჯითაც არ წაგვიწევია წინ, პირიქით, უფრო მკაცრი და უაზრო კანონები მიიღეს. გასულ კვირას გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან ნებისმიერი ასაკის ქალმა უნდა მიიღოს ოფიციალური ნებართვა მეურვეებისგან პასპორტის ასაღებად, რათა ირანიდან წავიდეს. აქამდე 18 წლის და მეტი ასაკის ქალებს, ასევე, მათ, ვინც განქორწინებული იყვნენ, ან არ ჰყავდათ მამა თუ ქმარი, პასპორტის ასაღებად და ქვეყნიდან გასასვლელად არავის ნებართვა არ სჭირდებოდათ.
- ირანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ აქციების შემდეგ შეღავათები დაწესდა.
- სიცრუეა. ტყუილად აჩვენებენ, რომ ყველაფერი კარგადაა და რეფორმას აპირებენ, ხალხს რეფორმები კი არა, რეჟიმის დანგრევა უნდა. ის ვითომ რეფორმები სინამდვილეში მხოლოდ ქაღალდზეა. ირანელი ხალხი უკვე გამოცდილია და ტყუილს არ იჯერებს.
ისლამური რეჟიმი ცრუპროპაგანდით ცდილობს მსოფლიოს აჩვენოს, თითქოს ქალებს ახლა უფრო უკეთესი მდგომარეობა აქვთ, მათ შეუძლიათ სიარული ჰიჯაბის გარეშე. სინამდვილეში, ყოველდღე ესვრიან კაცებს და ქალებს, აპატიმრებენ, ქალებს ციხეში აუპატიურებენ. სასტიკად ექცევიან 18 წლამდე გოგონებსაც... მათთვის არ არსებობს ბარიერი, ყველანაირად ცდილობენ რევოლუციის ტალღის შეჩერებას.
მაინც არაფერი გამოსდით, ბრძოლა გრძელდება. აქციის მონაწილეები, მიუხედავად იმისა, რომ იციან, ქუჩაში ყოველი გამოსვლისას შეიძლება მოკლან, მაინც გამოდიან. ლამის ყოველდღე პოულობენ სხვადასხვა ადგილას, მშენებარე ობიექტებზე, ქუჩებში, ტომარაჩამოცმულ ნაწამებ და ჩამომხრჩვალ ადამიანებს, ძირითადად, ნიჭიერ, პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომლებმაც რეჟიმთან ბრძოლა გაბედეს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ირანელი ქალები მაინც მიჰყვებოდნენ თანამედროვე მოდასა და სილამაზეს, რაც უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული, ნებისმიერი მიზეზით შეეძლოთ ისინი დაესაჯათ. მაინც როგორღაც შეძლეს თFავის დაღწევა იმ ისლამური ტანსაცმლისგან, რომელიც მთავრობამ დაუწესა. ქალებს ყოველთვის უწევდათ შარფის ტარება, მაგრამ ტარების ფორმას თავად უნდა განსაზღვრავდნენ. ჰიჯაბის ტარების გამო უკვე ცხრა წელია მიმდინარეობს კამპანია, რომელიც ასევე მოიცავს ქალთა უფლებების დაბრუნებას. წინააღმდეგობა გამუდმებით იზრდება, მას ყოველდღე უერთდებიან აქტივისტები. უამრავი ციხეშია, ზოგმა ქვეყნის დატოვება შეძლო, მაგრამ რეჟიმს ერთი რამ ეშლება - უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ თავზე ნაჭრის დაფარება-არდაფარება, ჰიჯაბის ტარება არ არის, ჩვენს ხალხს ამ ტერორისტული რეჟიმის განადგურება სურს. ჩვენი მიზანია მისი დამხობა, რათა ქვეყანა თავისუფალი და დემოკრატიული გავხადოთ. რეჟიმი სიკვდილით სჯის არამარტო ხალხს, ასევე ანადგურებს ბუნებას, გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს, ქუჩის ძაღლებს, მდინარეებს, ტბებს, ტყეებს... ყველგან კორუფციაა, ქვეყანა დანგრევის პირასაა. ირანის ეკონომიკა მიწასთან გაასწორა რეჟიმმა, გავლენიანი ოჯახების კორუფციულმა გარიგებებმა, ფულის გათეთრებამ. 2017 წლიდან სიღარიბის დონე რამდენჯერმე გაიზარდა.
უკვე მრავალი წელია ჩემი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია. მის ბრაზს, პრობლემებს, უსამართლობას, იმედგაცრუებას, მაჰსა ამინის საქმეც დაემატა. პროტესტი ქალებმა დაიწყეს, რომელიც მასშტაბურ ბრძოლაში გადაიზარდა და მას მამაკაცებიც შეუერთდნენ. ირანი მხოლოდ ხამენეის, მის ოჯახსა და გარემოცვას არ ეკუთვნის, ის ჩვენია და მისი აღდგენა მომავალი თაობისთვის ყველა ირანელის ვალია.
- რატომ აქვს თქვენს ხელისუფლებას ასეთი პრინციპული დამოკიდებულება ჰიჯაბის ტარების მიმართ?
- ირანში ასეა ისლამური რეჟიმის დამყარების დღიდან, ანუ 1979 წლიდან. პირველი, რაც გააკეთეს, ქალებს უფლებები მაქსიმალურად შეუზღუდეს. როცა რევოლუციას ამზადებდნენ, ხალხმა არ იცოდა, რომ ახალი რეჟიმი ასეთ ფორმას შეიძენდა. ყოველდღე სულ უფრო და უფრო უჭერენ მარწუხებს, აკონტროლებენ ჩვენს ცხოვრებას ისლამური კანონების მიხედვით, ოღონდ ამას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ხალხზე ზრუნავენ. ხამენეისა და მისი გარემოცვის შვილები კი ამერიკაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში ან ევროპულ ქვეყნებში ცხოვრობენ, იქ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სადაც საკუთარი ცხოვრების თავად წარმართვა შეუძლიათ. ცხოვრობენ მდიდრულად, ირანიდან ნათესავების გაგზავნილი მილიონობით დოლარით. ჩვენ კი ჩაგვჩიჩინებენ, რომ დასავლეთი ირანელი ხალხისთვის საშიშია, ვნებს ჩვენს სულს... თურმე სიღარიბეში, მაგრამ `მაღალი მორალით~ უნდა ვიცხოვროთ. განსაკუთრებით მძიმე დღეში არიან ქალები, რადგან რეჟიმი მათ ყოველ ნაბიჯს აკვირდება. თუმცა ქალების ეშინიათ კიდეც, რადგან ისტორიამ დაამტკიცა, რომ როდესაც ქალები არიან ხელისუფლებაში, ძალადობის, მკვლელობის, ირანის სიმდიდრის მოპარვის უფლება ესპობათ.
- გაქვთ იმედი, რომ რეჟიმი შეიცვლება?
- ჩვენ ბოროტების დამარცხების, თავისუფლებისმოყვარე ხალხის გამარჯვების იმედი გვაქვს და დღითი დღე ვუახლოვდებით კიდეც ამ დღეს. მწამს, რომ გამარჯვება ახლოს არის. უნდა გავუძლოთ! ახლა ირანელი ხალხის თავისუფლების ისტორია სისხლით იწერება.