"ძველ სახლებს სულს ვბერავ და ადამიანებისთვის მონატრებულ სცენებს ვაცოცხლებ" - კვირის პალიტრა

"ძველ სახლებს სულს ვბერავ და ადამიანებისთვის მონატრებულ სცენებს ვაცოცხლებ"

ექიმ-ნარკოლოგ ჯონი ჯანაშიას ხელოვნების მოყვარულები კარგად იცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჯანდაცვის­ სისტემაში მაღალი თანამდებობები უკავია, მონაწილეობს კინოში, კონცერტებზე, გადა­ცემებში, სადაც მღერის, ცეკვავს, ლექსს­ კითხულობს, ხუმრობს. ბოლო წლებში საზოგადოებამ ის ახალ ამპლუაში­ იხილა - თბილისის ძველ ქუჩებსა და სახლებს­ მაკეტებით აცოცხლებს. მისი შექმნილი­ შენობები 70-იანი წლების თბილისში გვაბრუნებს.

- პატარა რომ ვიყავი, ჩემი ოჯახი თბილისში, კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა.­ კარის მეზობელი ცნობილი არქიტექტორი, ვანო დემეტრაძე გვყავდა. მასთან ხშირად შევდიოდი და ჩემს ყურადღებას იქცევდა მუყაოს დიდი სახლები. მეხსიერებაში ღრმად ჩამებეჭდა სახლებით გადავსებული სივრცე. ცოტა რომ მოვიზარდე, კონსტრუქტორებით ვთამაშობდი - სხვადასხვა საგანს ვაწყობდი. 5 წლის წინ კი თავად დავიწყე პატარა სახლების მაკეტების გაკეთება.

ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს ვხელმძღვანელობდი და ყველა სამედიცინო მასალას ტენდერების საშუალებით ვყიდულობდით. ერთმა ფირმამ შემოგვასაღა დაბალი ხარისხის შპრიცები, რომლებიც შიგნიდან დაცვარული იყო, სისტემები კი ჰაერს აპარებდა. შევისყიდეთ ყელის გასასინჯი ხის შპატელებიც, რომლებიც ხიჭვიანი და ადვილად მსხვრევადი გამოდგა. ის ფირმა "გავაშავეთ" და სხვას დავუკვეთეთ­ მასალა. ამ ალიაქოთში რომ ვიყავით, შემთხვევით მაგიდაზე ძველი შპატელები ერთმანეთს მივადე, რამაც მეგრული ოდის კედლის შთაბეჭდილება შემიქმნა. ზუგდიდის რაიონში ბაბუა-ბებიას ძველებური ოდა სახლი ჰქონდათ და ზაფხულს ხშირად­ იქ ვატარებდი. კარგად მახსოვდა იმ სახლის ყველა დეტალი. ჩამოწერილი შპატელები სახლში წავიღე და ერთ დღეში მეგრული ოდა ავაწყვე. მერე ფოტო `ფეისბუქზე" დავდე და დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე დღეში მარიკა დარჩიამ დამირეკა,­ თბილისის საკრებულოში შენი გამოფენა რომ გავმართოთ, თბილისის სახლების ესკიზების შექმნაც უნდა სცადოო. იდეა მომეწონა და თბილისური სახლი გავაკეთე. მერე კახეთში მომიხდა წასვლა და მაჩხაანთან ძველებური სახლი დავინახე. მისი ანალოგი მაკეტიც თბილისში დაბრუნებისთანავე შევქმენი. ასეთი იყო ამ საქმის დასაწყისი.

ახლა ძირითადად ჩემი სახლის მიმდებარე ქუჩებისა და სახლების მაკეტებს ვქმნი.­ დამზადებული მაქვს ჩემი კორპუსი, კინო ,,ოქტომბერი". კარგარეთელის ქუჩის მშვენებას, სიყვარულის სასახლედ წოდებულ, ამჟამად ხელოვნების მუზეუმის შენობის მაკეტს რომ ვამზადებდი, ზედა ნაწილის დამზადება გამიჭირდა. გიორგი კალანდიას ვთხოვე დახმარება და მან მაჩვენა სასახლის ძველი პროექტი, რის შემდეგაც გავაკეთე სრულყოფილი მაკეტი. მოგეხსენებათ, პრინცმა ოლდენბურგმა ეს სასახლე საყვარელ ქალს, აგრაფინას აუშენა და ამიტომ შეარქვეს სიყვარულის სასახლე.

janashia2-1676219463.jpg

მტკვრის სანაპიროზე ქორწინების სახლი ჩემი ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული. დედას საბავშვო ბაღში რომ მივყავდი, ქორწინების სახლს ჩავუვლიდით ხოლმე. არაერთხელ შევხვედრივართ მორთულ მანქანებსა და ნეფე-პატარძლის მხიარულ ამალას. მეც ავდექი და ბავშვობის ეს მოგონება მუყაოთი გავაცოცხლე. პლეხანოვზე ახლაც დგას რკინიგზელთა ძველი სახლი. ჩემს მაკეტებში ეს სახლიც კვლავ ძველი ცხოვრებით ცხოვრობს. ბევრი მაკეტი ბავშვობის მოგონებების მიხედვითაა შექმნილი, ბევრის დასამზადებლადაც ძველი ფოტოები და ნახაზები გამოვიყენე. ,,ახალი წელი პლეხანოვზე-1972" - ასე დავარქვი ერთ-ერთი სახლის მაკეტს, რომელზეც კარგად იგრძნობა საახალწლო განწყობა. წინათ ვიტრინების განათებები არ იყო და ბამბით აწებებდნენ ,,გილოცავთ ახალ წელს", მაღაზიებში კი ტკბილეულის პირამიდები იდგა. მეც ზუსტად ასე გამოვსახე მაკეტზე.

1937 წლამდე გმირთა მოედანზე არსებობდა დუქანი, ,,ნე უეჟაი გალუბჩიკ მოი". არსებობს ამ დუქნის ერთადერთი შავ-თეთრი ფოტო და ელენე ახვლედიანის ნახატი. ეს ფოტო და ნახატი მოვიძიე და დუქნის მაკეტი გავაკეთე, ეზოში დადგმული მაყალითა და ფაეტონით.

- ჯონი, ხელოვნებისთვის როდის იცლით?

- შაბათ-კვირას. სანამ მაკეტის დამზადებას დავიწყებ, ვფიქრობ, რა გავაკეთო,­ როგორ, რითი, რა შევძინო ახალი. რასაც მე ვაკეთებ, რეალურად მაკეტი არ ჰქვია, უფრო დიორამაა, ძველ სახლებსა და საგნებს სულს ვბერავ და ადამიანებისთვის მონატრებულ სცენებს ვაცოცხლებ. ასე მგონია, ჩემგან გაცოცხლებული სახლების ფანჯრების მიღმა სიცოცხლე ისევ ჩქეფს. მინდა იქიდან მუდმივად ისმოდეს ძველებური ჟრიამული. სწორედ ამიტომ კინოთეატრი ,,ოქტომბერიც" გავაკეთე ისეთი, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო, აფიშაც კი იმდროინდელი გავაკარი. იმხანად კინოსთან ორი სახის აფიშა იყო გამოფენილი: ,,დღეს" და ,,მალე". მეც ერთზე ფილმი ,,არაჩვეულებრივი შვიდეული" მივაკარი, მეორეზე - ,,ფანტომასი".

ბაბუაჩემი და ჩემი მამიდაშვილ-ბიძაშვილები სოხუმში ცხოვრობდნენ.­ მათთან სტუმრობის დროს მატარებლიდან ქალაქის ცენტრში, ,,ბარათაშვილის" სადგურზე ჩამოვდიოდი და სახლამდე გზას ფეხით მივუყვებოდი, იქაური გარემოთი უკეთ რომ დავმტკბარიყავი. სოხუმის სადგურ ,,ბარათაშვილის" მაკეტიც გავაკეთე. არაფერი გამომრჩენია სადგურის აღწერილობიდან. ამ მაკეტის შექმნის გამო სოხუმელების იმდენი მადლობა და ლოცვა დავიმსახურე, ცოტა არ იყოს, შემრცხვა.

ზოგჯერ ერთი კვირა­ ვუნდები ესკიზის შექმნას, ზოგჯერ კი თვეზე მეტსაც. ვორონცოვზე ილია ჭავჭავაძის­ სახლ-მუზეუმის ესკიზს ორთვე-ნახევარს მოვუნდი. მაკეტი ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დადგეს, ძალიან დიდია, 30 კგ-ს იწონის.

მუყაოს გარდა, მასალად ათასგვარ რამეს ვიყენებ. მაგალითად, განათების ბოძებს ხშირად ძველი ანტენებით ვაკეთებ. აივნის რიკულები ერთხელ სავარცხლისგან დავამზადე, ფაეტონის გოფრირებული ტენტი კი მედიკამენტ ,,პანანგინის" სახურავის გოფრირებული ნაწილისგან.

- მსგავს მაკეტებს საქართველოში სხვებიც თუ ქმნიან?

- ქარვასლაში განთავსებულ თბილისის­ მუზეუმში აქვთ ძველად დამზადებული მონოლითური, საოცარი მაკეტები. ხელოვანებს გამოყენებული აქვთ ქვა, კენჭები, რკინა და სხვა მძიმე მასალა. ამჟამადაც აკეთებენ საქართველოში მაკეტებს, მაგრამ ჩემი განსხვავებულია - სახლებს ისეთი დეტალებით ვრთავ, რომ ძველ იერს, სიცოცხლეს ვუბრუნებ. 17 შენობის მაკეტი მაქვს შექმნილი. სანამ 25-ს არ გავაკეთებ, გამოფენის გამართვაზე არ ვიფიქრებ.

janashia3-1676219463.jpg

- თქვენ საზოგადოება გიცნობთ როგორც კარგ მომღერალსა და მსახიობ ექიმსაც. იქნებ­ ამ გატაცებებზეც მოგვიყვეთ?

- თავდაპირველად რობერტ დარახველიძის ანსამბლში ვცეკვავდი და პერსპექტიულ მოცეკვავედ ვითვლებოდი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცეკვის მიტოვება მომიხდა. 4 წელი ფორტეპიანოსაც ვსწავლობდი, მაგრამ გამებისა და მენუეტების დაკვრა არ მსიამოვნებდა. ჩემს ოჯახში ყველა კარგად მღეროდა. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ წლების შემდეგ სიმღერის ნიჭი მეც გამოვავლინე. მშობლები ექიმები მყავდნენ. ერთხელ მამაჩემს პაციენტმა გიტარა აჩუქა. სახლში რომ მივედი, ბებიაჩემი გიტარას აწკარუნებდა და მღეროდა. მითხრა, მოდი, გასწავლიო, მაგრამ მტკიცედ ვიუარე. მერე ერთ ექსკურსიაზე თანაკლასელმა, ვანო მახარობლიშვილმა გიტარა წამოიღო. ჩამოჰკრა, დააღიღინა და მთელი გოგონები მას დაესივნენ. მაშინ მივხვდი, რომ ბებო სასიკეთო საქმეს მთავაზობდა, მივუცუცქდი და გიტარის ანბანი შევისწავლე. შემდეგ ვიკეტებოდი ოთახში და სხვადასხვა­ სიმღერას ვამუშავებდი. ცხადია, ეს ცოდნა ძალიან გამომადგა, როცა სტუდენტობის დროს კავეენებისა და სტუდენტური დღეების ორგანიზება დამევალა, მოგვიანებით კი ექიმების კონცერტებშიც წამყვანი როლი მქონდა.

სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერა­ტურას ბაია ფუთურიძე მასწავლიდა. მოსწავლეებისთვის პოეზია რომ შეეყვარებინა,­ საინტერესო მეთოდს მიაგნო - გამოგვაყოფინა რვეული, რომელშიც კვირაში ერთხელ უნდა ჩაგვეწერა ჩვენი მოწონებული ლექსი და გაკვეთილს რომ ჩავაბარებდით, ლექსიც უნდა ჩაგვერაკრაკებინა. იმხანად თბილისის პირველ საშუალო სკოლაში ხშირად მოდიოდა პენსიაზე გასული პედაგოგი ბაბო მჭედლიძე, რომელიც თავის დროზე ასწავლიდა კოტე მახარაძეს, მედეა ჩახავას, ბადრი კობახიძეს და ბევრ სხვა ცნობილ მსახიობს. მას სკოლაში მხატვრული კითხვის წრე ჰქონდა გახსნილი და იქ მეც დავდიოდი. ის კლუბის დარბაზის ბოლო სკამზე ჯდებოდა, ჩვენ კი ვკითხულობდით მონოლოგებს, ლექსებს... დავიწყებდით თხრობას და უცებ დაიძახებდა: ,,სტოპ! გენაცვალე, ასო-ბგერა ,,ლ" ვერ გავიგე, დაიწყე თავიდან", ,,სტოპ! გენაცვალე, ახლა ვერ გავიგონე ასო-ბგერა ,,ჟ", დაიწყე თავიდან" და ჩვენც თავიდან ვიწყებდით თხრობას. ასეთმა წვალებამ საუკეთესო დიქცია შემძინა. თქვენ წარმოიდგინეთ, პაროდიის ოსტატიც ვიყავი - ცნობილ ადამიანებს არაჩვეულებრივად ვბაძავდი... ბავშვობაში მიღებული ცოდნის გამოყენება სტუდენტობის წლებიდან დავიწყე, როცა ფილარმონიაში სტუდაქტივის კრება­ იმართებოდა, რომელიც სტუდენტური დღეების დასკვნით ნაწილს წარმოადგენდა.­ ამ კონცერტებმა დაუდო საფუძველი დღევანდელ ქართულ ესტრადას - თითქმის ყველა ცნობილი მომღერალი მაშინდელი­ სტუდენტური კონცერტების მონაწილე გახ­ლდათ. იქ გავიცანი თემურ თათარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, ტრიო ,,სიმის" სოლისტები... მე ვიყავი პროექტის ხელმძღვანელი, რომელსაც ერქვა ,,ექიმები არ ხუმრობენ". ამ პროექტით საზოგადოებამ კარგად დაინახა, რამდენი ექიმია დაჯილდოებული სიმღერის, ცეკვის, მხატვრული კითხვის ნიჭით... სამედიცინო ინსტიტუტში ყოფნის დროს ასეთ რამეს შევესწარი: ჩვენი პრორექ­ტორი ნუგზარ ტატიშვილი მიუჯდა ფორტეპიანოს და ისე პროფესიონალურად დაუკრა, ყველა გაგვაოცა. მერე გავიგე, რომ კონსერვატორიაც ჰქონია დამთავრებული. კარგად რომ გამოვიკითხე, აღმოვაჩინე, რომ საქართველოში პირველი ჯაზის ანსამბლი სამედიცინო ინსტიტუტში­ შექმნილა. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა დიმიტრი არაყიშვილის შვილი, რომელიც ექიმიც იყო და საქსაფონისტიც. 50-60-იანი წლების მიჯნაზე თბილისის ოპერის თითქმის ყველა სოლისტს სამედიცინო ჰქონდა დამთავრებული. პროექტში ,,ექიმები არ ხუმრობენ" ახალგაზრდა და უფროსი თაობის ექიმების ერთიანი გუნდი მონაწილეობდა. ჯანდაცვის მინისტრი მაშინ ავთო ჯორბენაძე იყო, რომელმაც მითხრა, ამ ღონისძიებით ექიმებს საკუთარი თავის რწმენა და პროფესიული სიამაყე დაუბრუნეთო. მეც ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის უპირველესი მაინც მედიცინაა. ჯერ ექიმი ვარ და შემდეგ მომღერალი, მსახიობი, ხელოვანი...

ნელი ვარდიაშვილი