„ისევ საქართველოში ვარ და არ მსურს უკან დაბრუნება“ - კვირის პალიტრა

„ისევ საქართველოში ვარ და არ მსურს უკან დაბრუნება“

"საქართველოსთან დიდ კავშირს ვგრძნობ", - ამბობს პოლონელი ტურიზმის სპეციალისტი, გიდი და ფოტოგრაფი მაგდალენა­ კონიკი, რომელიც მისი თვალით დანახულ საქართველოზე გვესაუბრა:

- საქართველოში პირველად 9 წლის წინ ჩამოვედი, რომ მენახა, მუსლიმანები და ქრისტიანები თურქეთის საზღვარზე როგორ ცხოვრობენ. შემდეგ კიდევ ორჯერ ჩამოვედი. ახლა ისევ აქა ვარ და ჯერ არ მსურს პოლონეთში დაბრუნება... საქართველო­ ჯერ კიდევ არ იყო პოპულარული, რომ რამდენიმე მეგობართან ერთად მოვიძიე ინფორმაცია და\ პოლონურ ინტერნეტფორუმზე ვწერდი, მერე ბლოგის წერა დავიწყე. ქართული ტრადიციების, ყოველდღიურობის ფოტოებსაც ვიღებდი.­ როდესაც მწყემსებთან ერთად თუშეთში ფეხით წავედი და ამ რეგიონის შესახებ პროექტი დავიწყე, თუშეთით ბევრი დაინტერესდა. გვყავს გიდები, რომლებიც საქართველოს პოლონეთს აცნობენ. ვთანამშრომლობდი საქართველოს, პოლონეთისა და გერმანიის გაზეთებთან.

19 წელია ტურიზმში ვმუშაობ. პარა­ლელურად ფოტოგრაფი ვარ, რასაც ვუთავსებ გიდად მუშაობას. მაქვს ტურისტული სააგენტო. ყველაფერს, რასაც ვიგებ საქართველოს ტრადიციების, კულტურის, ისტორიის შესახებ, აღვწერ და სახელმძღვანელოებში ვამატებ. ამჯერად პოლონელების გუნდთან ერთად ვმუშაობ, წიგნს ვწერთ საქართველოს შესახებ. წიგნში დეტალურად იქნება აღწერილი ქალაქებს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა, სტანდარტები, რჩევები კვალიფიციური ტურიზმის ორგანიზების, ახალი ტურისტული ატრაქციონებისა და საქართველოში მოგზაურობის შესახებ.

mta2-1676220296.jpg

- თქვენთვის თუშეთი გამორჩეულია?

- თუშეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რეგიონებს შორის, რომლის უნიკალურობა ტურიზმით არ შეცვლილა.­ თუშ­ეთში ერთი წლის გატარებას ვგეგმავდი,­ მაგრამ ფოტოპროექტს და ხალხთან ინტერვი­უ­ებს ექვსი წელი დასჭირდა. თუშეთის გზაზე თოვლში­ რამდენჯერმე ფეხით ვიარე ცხვრებთან, ცხენების ნახირთან ერთად... მინდა, თუშეთის შესახებ წიგნი გამოვცე.

- სხვა რეგიონებზე რას გვეტყვით?

- შვიდი წელია მთელ საქართველოს ვიკვლევ. ძალიან მომწონს თრუსო, სამცხე-ჯავახეთი, ზემო აჭარა, რაჭა და სვანეთი, სადაც ბევრი ტურისტი ჰყავთ...

- როგორც ვიცი, ცხენებით მოგზაურობასაც აწყობთ?

- დიახ. ცხენზე ჯდომა ძალიან მიყვარს. ცხენოსნობა პოლონეთში თინეიჯერობისას დავიწყე. ბევრჯერ დავშავდი, მაგრამ ერთხელ, ძალიან ძლიერად! ფეხი, მენჯი მოვიტეხე, ხერხემალიც არ მქონდა საუკეთესო მდგომარეობაში. ექიმმა მითხრა, ეტლით­ ცხოვრებას ერთი სანტიმეტრი გაშორებსო.­ ცხრა წელი ვვარჯიშობდი, მერე პოლონეთის უმაღლეს მთაზე ავედი და საკუთარ თავს დავპირდი, რომ არაფერი შემზღუდავდა. ჯირითის მეშინოდა და ჯერ ცხენების გადაღება დავიწყე, ფოტოსესიებს ვმართავდი. მალე ჩემი მწვრთნელის წყალობით ცხენოსნობას დავუბრუნდი და საქართველოში დოღებზე ფოტოების გადასაღებად რომ მიმიწვიეს, თავდაჯერება შემემატა, არა მარტო ცხენების, არამედ სივრცისა და სიმაღლის შიშიც დავძლიე. ეს ჩემი ყველაზე დიდი წარმატებაა - საკუთარ თავზე გამარჯვება!

mta3-1676220296.jpg

- რას ამბობენ პოლონელი ტურისტები, თქვენი ოჯახის წევრები საქართველოზე?

- როცა საქართველოში ჩამოდიან, ხში­რად ამბობენ, რომ საქართველო მათი ბავშვობის პოლონეთს ჰგავს. როცა სოფელი­ სოფელს ჰგავდა, საჭმელი უფრო გემრიელი იყო, ხალხი კი უფრო გულღია. გარდა ამისა, საქართველოს აქვს საოცარი­ ბუნება, რომელიც უამრავ ადამიანს იზიდავს.

ერთხელ დედაჩემი საქართველოში ჩამოვიდა და თქვა, არ მესმის, აქ რატომ ხარო. ჩემი ოჯახი ყოველთვის მაძლევდა­ დასავლეთში ცხოვრების, მეტის შოვნის შანსს. მეც ვიცი, რომ დიდი შესაძლებლობები მაქვს... არ ვიცი, სამუდამოდ დავრჩები თუ არა საქართველოში, ხანდახან დიდია კულტურული განსხვავებები, განსაკუთრებით ქალებთან ურთიერთობებში, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოსთან დიდ კავშირს ვგრძნობ.

- რის შეცვლას ისურვებდით საქართველოში?

- საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ ერთ პრობლემას ვხედავ: ხალხი ხშირად არა გადაწყვეტაზე, არამედ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ თავს ისე აჩვენებს, თითქოს ისიც არ არსებობს. როდესაც ვსაუბრობ პროექტზე ეკოლოგიის დაფინანსების შესახებ, ყურადღებას არავინ ამახვილებს. ჰგონიათ, ნაგვის გამო ვაკრიტიკებ. ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან და არ სურთ აღიარება, რომ მათი კვალიფიკაცია ძალიან დაბალია. კრიტიკას არ იღებენ, მით უმეტეს, ქალისგან. მე ტურიზმში დიდი გამოცდილება მაქვს, პოლონეთის უნივერსიტეტებში ლექციებს ვკითხულობდი, მინდა ქართველებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო, მაგრამ ხშირად მესმის, რომ არაფერი ვიცი, რადგან ქალი ვარ. თუმცა ეს შეხედულება­ თანდათან იცვლება. საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ ხალხი სწრაფად გამდიდრებაზეა ორიენტირებული. არ ფიქრობენ მომავალზე... ზოგი ორიენტირებულია ტურისტებისთვის ყველაფრის მიყიდვაზე, კულტურასა და ბუნებაზე ფიქრის გარეშე. მინდა ქართველებმა­ იცოდნენ, თუ უნდათ ევროპელებისგან ფულის მიღება, ევროპული სტანდარტებიც უნდა დაამკვიდრონ. ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობა, პროფესიონალიზმი და ლოიალურობაა. ზოგჯერ ღირს მეტი ნდობის მოპოვება და ამით უკეთესი სამუშაოს მოპოვება...

ქართველები მარტივად გამოხატავენ ემოციებს სახის გამომეტყველებით. მამაკაცის სახეზე ადვილად ხედავ,­ მოწყენილია თუ ბედნიერი. ფოტოგრაფიულად, ზოგჯერ პორტრეტიც საკმარისია ვინმეს ამბის მოსაყოლად, რადგან თვალებში ყველაფერი ჩანს. ქალებს უფრო მკვეთრი, მეტყველი სახეები აქვთ. ეს ერთგვარი სილამაზეა, ევროპელებისთვის ახალი და მომხიბლავი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი. ყოველ 50 კმ-ზე განსხვავებული პეიზაჟი, სამზარეულო, ხალხია, ხასიათით და გარეგნობით.