„მე რეალური ფოტოგრაფიის მჯერა - გადაიღე, აღბეჭდე ზუსტი, ბუნებრივი ემოცია და ნუ შეალამაზებ მას“ - კვირის პალიტრა

„მე რეალური ფოტოგრაფიის მჯერა - გადაიღე, აღბეჭდე ზუსტი, ბუნებრივი ემოცია და ნუ შეალამაზებ მას“

მაღალწელიანი ჯინსი, ფართომხრებიანი კოსტიუმები, საყურე-კლიპსი,­ ვარდისფერი პომადა და ჯაჭვის ქამარი - ეს 1980-90 წლების მოდაა, რომელიც მრავალჯერ აღბე­ჭდა გერმანელმა ფოტოგრაფმა მაიკლ დოსტერმა­. ის ახლა 85 წლისაა. მის ფოტოკამერას გადაუღია სუპერმოდელები კლაუდია შიფერი, ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი... დღევანდელი მოდის ფოტოგრაფიას კრიტიკულად უყურებს და მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა შთანთქა ღირებული და ბუნებრივი სილამაზე. როგორია გერმანელი ფოტოგრაფის თვალით დანახული დღევანდელობა, თავად მაიკლ დოსტერი­ უამბობს "კვირის პალიტრას":

- ფოტოგრაფობა ციურიხში დავიწყე 1962-63 წლებში. თავიდანვე მოდის ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული, შემდეგ იყო სტაჟირება პარიზში, მუშაობა ფრანგულ "ვოგში", 1974 წლიდან კი ნიუ-იორკის სტუდია "კარნეგი ჰოლში" ვმუშაობდი.

wifu4-1676222061.jpg

- 40 წელზე მეტს ითვლის თქვენი შემოქმედება, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში?

- დღეს ყველა ფოტოგრაფია. არ მომწონს ფილტრები ფოტოებზე და ფოტოშოპი. მე რეალური ფოტოგრაფიის მჯერა - გადაიღე, აღბეჭდე ზუსტი, ბუნებრივი ემოცია და ნუ შეალამაზებ მას. ფოტოგრაფმა უნდა აღბეჭდოს ადამიანის ელეგანტურობა, ინტელექტი, ქარიზმა და სილამაზე. დღევანდელ თაობაზე ვდარდობ, ერთნაირად იცვამენ, ერთნაირად გამოიყურებიან, ერთნაირად საუბრობენ და იქცევიან. ყველა ერთმანეთს ჰგავს, სად გაქრა ინდივიდუალიზმი?

- ბევრი ცნობილი ფოტომოდელი მოხვდა თქვენს ფოტოობიექტივში.

- საოცარ მოდელებთან მომიწია მუშაობამ - გუნილა ლინდბლადთან, ვერუშკასთან და ბევრ სხვასთან. 1980-იანი წლები პიტერ ლინდბერგის ეპოქა იყო. ხალხს ახსოვს მისი გადაღებული სახელოვანი მოდელები, ისინი მოდის ინდუსტრიაში საუკეთესო ქალები იყვნენ. ჩემთვის ფოტოგრაფია არის ის, რასაც კამერის მეშვეობით ვხედავ, და დანახულის შედეგი. ციფრული ფოტოგრაფიის საშუალებით შენ იღებ, შემდეგ ფოტოს ამატებ ან აკლებ იმას, რაც გინდა, მაგრამ ამას Aარაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც თვალი ხედავს.

- სილამაზეს თუ აქვს სტანდარტები?

- მე შინაარსიანი სილამაზის, შინაგანი სილამაზის მჯერა. ეფექტი სულიერებასა და ინტელექტს აქვს. როცა ქალს ეს თვისებები აქვს, ის მშვენიერია.

wifu2-1676222061.jpg

- თქვენთვის ვინ არის მისაბაძი ფოტოგრაფი?

- ძალიან მიყვარს ირვინგ პენის, ბობ რიჩარდსონის, უილიამ კლეინისა და, რა თქმა უნდა, ჰელმუტ ნიუტონის შემოქმედება. გენიოსი ფოტოგრაფები არიან, ჩემი შთაგონების წყარო.

wifu5-1676222061.jpg

- რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ მუშაობას სამოდელო სფეროში?

- დღეს, როდესაც 85 წლის ვარ, სამყარო თავდაყირა დადგა. ვუცქერი ყოველდღიური მოდური გამოცემების ფოტოებს და ვაკვირდები ინდუსტრიას - ის საოცრად შეიცვალა, ყველაფერი ფეიკია, აღარ არიან კერპები. არადა, იყვნენ, როდესაც მე ვიწყებდი კარიერას.