"ადრე ვერც ვიფიქრებდი, რომ ავტობუსის მძღოლი გავხდებოდი"
თუ ავტობუსის საჭესთან მომხიბლავ გოგონას დაინახავთ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ბოლო წლებში ჩვენს ქალაქებში მძღოლი ქალები მომრავლდნენ. ერთ-ერთი სოფო ბენდელიანია, რომელიც ორ წელიწადზე მეტია, რაც ამ მამაკაცურ პროფესიას ემსახურება.
- ლეჩხუმელი ვარ, ცაგერში დავიბადე და გავიზარდე. ავტომანქანები ბავშვობიდან მიყვარდა და ყველაფერი მაინტერესებდა, რაც მათ მართვასთან იყო დაკავშირებული. ბავშვობაში ავტობუსით რომ ვმგზავრობდი, სულ წინ ვიდექი და მძღოლს ვაკვირდებოდი: როგორ ამუხრუჭებდა, სიჩქარეებს როგორ რთავდა და ა.შ., ოღონდ ავტობუსის მძღოლი თუ გავხდებოდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ფარმაცევტობა, ან სტომატოლოგობა მინდოდა, სკოლის შემდეგ ფარმაცევტულზე ჩავაბარე და ჩემი სპეციალობაც ეს გახდა, უბრალოდ, მალე ოჯახი შევქმენი და სპეციალობით აღარ მიმუშავია.
- როგორ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ავტობუსის მძღოლობა გეცადათ?
- ქალაქში მძღოლი ქალები რომ გამოჩნდნენ, ჩემმა მეუღლემ შეამჩნია. მე მაშინ მსუბუქი მანქანით დავდიოდი. იცოდა, რომ მანქანები ძალიან მიყვარდა და მითხრა, ხომ არ დაიწყებ მუშაობასო. მაშინვე კატეგორიის აღებაზე დავიწყე ფიქრი, მერე კი განცხადება დავწერე "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" სახელზე, სტაჟირება გავიარე და 4 თვეში დამასაქმეს. ნოემბერში ორი წელი შესრულდა, რაც ავტობუსის მძღოლი ვარ.
- რამდენად რთულია ერთი შეხედვით სუსტი, ლამაზი ქალისთვის ასეთ რთულ საქმეზე მუშაობა?
- თავიდან ყველას უკვირდა, ჩემი ნათესავები და ახლობლები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მე ავტობუსის საჭესთან მიხილავდნენ. ვაჟკაცური გარეგნობა და საქციელი ნამდვილად არა მაქვს, სიმაღლითაც 1 მეტრი და 61 სანტიმეტრი ვარ და თავიდან მეხუმრებოდნენ, ამხელა ავტობუსში არც ჩანხარო. ხომ არიან ქალები, რომლებსაც მამაკაცური პროფესიები უხდებათ, მე საამისოდ არც აღნაგობა მიწყობს ხელს და არც ხასიათი. ყველაფრის მიუხედავად, ავტობუსის ტარებას თანდათან შევეგუე და ახლა ძალიან მარტივად მეჩვენება. ახლა უკვე ტრაილერის მართვას ვსწავლობ, ამბობენ, რომ თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები შემოჰყავთ და შესაბამისი კატეგორია მჭირდება.
- დაახლოებით რამდენი ქალი მუშაობს დღეს ავტობუსის მძღოლად?
- როგორც ვიცი, თბილისში 30-მდე, ზუგდიდში კი - ერთი. რამდენიმეს კიდევ აქვს განცხადება დაწერილი. მე რომ მოვედი, მაშინ 22 ვიყავით და ჩემს მერე კიდევ 8 ქალი მიიღეს. სხვათა შორის, ამ პროფესიით ჩემი მეუღლეც დაინტერესდა და უკვე ერთი წელია, ავტობუსზე მუშაობს.
- თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით.
- ჩემი მეუღლე ხევსურია, გვარად წიკლაური, და სუფთა ხევსურული სახელი აქვს - თურმანი. მისი ოჯახი დუშეთის რაიონის სოფელ როშკიდანაა. ეს ულამაზესი მხარეა, სადაც ცნობილი აბუდელაურის ტბებია. 17 წელია, რაც ერთ ოჯახად ვცხოვრობთ. როცა დავქორწინდით, 21 წლისანი ვიყავით და ახლა ვხვდები, რა პატარებმა შევქმენით ოჯახი. ჩემი მეუღლე ბოლომდე მენდობა, რადგან ჩემი ხასიათი ძალიან კარგად იცის. ახლა, როცა თვითონაც ავტობუსის მძღოლი გახდა, ჩემი შრომა უფრო დააფასა. ოჯახიდან დილის 6 საათზე გამოვდივართ და შინ ღამის პირველ საათზე შევდივართ.
- რა რეაქცია აქვთ მგზავრებს, როცა საჭესთან გხედავენ?
- ძალიან უკვირთ და მეუბნებიან, ასეთ გადატვირთულ გზებზე ასე როგორ ატარებ ამხელა ავტობუსსო. არც ერთი მგზავრისგან წყენა არ მახსენდება, პირიქით, მიღიმიან და ზოგჯერ ტკბილეულსაც მჩუქნიან. ორი თვე სხვა ხაზზე ვმუშაობდი და მძღოლებს ეკითხებოდნენ, სოფო ჩვენს ხაზზე როდის დაბრუნდებაო, სატრანსპორტო კომპანიასაც კი გაუგზავნეს მადლობის წერილი. მეც ვცდილობ ყველას ყურადღებით მოვექცე. მხოლოდ ერთხელ მახსოვს, მგზავრმა აგრესია რომ გამოამჟღავნა, ოღონდ ჩემს მიმართ არა. ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც ეჩქარებოდა და ძალიან აგრესიულად იქცეოდა. ბოლოს ჩემთან მოვიდა და ბოდიში მომიხადა. საერთოდ, მძღოლი მამაკაცები უფრო ფიცხები არიან და მგზავრის ახირებას ისე მშვიდად ვერ ხვდებიან, როგორც ჩვენ, ქალები. როდესაც იმ მძღოლებს ვხედავ, რომლებიც მოძრაობის წესებს არღვევენ და გზას უადგილო ადგილას გადამიჭრიან, ვცდილობ მშვიდად ვიყო. ასეთ სიტუაციაში მეც რომ ავნერვიულდე და აგრესიული გავხდე, უარესია.
- მაშინაც მშვიდად ხართ, როდესაც ვიღაც ავარიულ სიტუაციას ქმნის?
- როდესაც ავარიული სიტუაციაა, ავტობუსს ვაჩერებ და ველოდები, მდგომარეობა როდის განიმუხტება. ამიტომ ჩემს მგზავრებს ხშირად უთქვამთ, რკინის ნერვები გაქვსო. ამას წინათ მანქანამ გზა ძალიან ცუდად გადამიჭრა და კიდევ ჩემთან ჰქონდა პრეტენზია. მგზავრებმა დამიცვეს, მამაკაცები მთხოვდნენ, კარი გაგვიღე, ჩავალთ და ჭკუას ჩვენ ვასწავლითო. რასაკვირველია, არ გავაღე. ასეთ დროს მგზავრებს იქით ვამშვიდებ. ვინ იცის, რამდენი ნასვამი მგზავრი ამოსულა, მაგრამ არ მახსოვს, რომელიმე მოსულიყო და ჩხუბი ან კამათი დაეწყოს.
- ერთი სიტყვით, დაამტკიცეთ, რომ მამაკაცური და ქალური პროფესიები არ არსებობს?
- ალბათ, ჩემთვის ბევრს უთქვამს, ავტობუსს ბევრ კაცზე უკეთესად ატარებო. კოლეგა მამაკაცები გვეხუმრებიან, მალე ამ საქმეში უმრავლესობაში იქნებითო.
ქალაქში ისეთი რთული მოძრაობაა, დღის ბოლოს ენერგია გამოცლილი მაქვს, მაგრამ ეს საქმე მაინც ძალიან შემიყვარდა. ხელს ისიც მიწყობს, რომ დღეგამოშვებით ვმუშაობ და საოჯახო საქმეს თავისუფალ დღეებში ვასწრებ. ჩემი უფროსი გოგონაც ძალიან მეხმარება, რომელიც უკვე 15 წლისაა. უფროსი ბიჭი 13 წლისა მყავს, ხოლო ნაბოლარა - ათის. როცა სახლში არ ვარ, უფროს დას მხარში უდგანან. მადლობა ღმერთს, რომ ჭკვიანი და დამჯერი შვილები მყავს. საჭესთან ჯდომა სამივეს მოსწონს, მეც მართვას ნელ-ნელა ვასწავლი.
- სოფო, დღეს ძალიან ბევრი ქალი ემიგრაციაშია. თქვენც ხომ არ გიფიქრიათ ამაზე?
- შემოუთავაზებიათ, მაგრამ შვილებს ვერ მივატოვებ. მირჩევნია აქ ვიშრომო, ვიდრე ოჯახი დავტოვო. საქართველოშიც შეიძლება მუშაობა და თავის გატანა. მირჩევნია ნაკლები მქონდეს და ჩემი შვილების გვერდით ვიყო.
ხათუნა ჩიგოგიძე