„სიცოცხლე იმდენად დიდი საიდუმლოა, რომ დაბადება ყოველთვის ღირს“ - კვირის პალიტრა

„სიცოცხლე იმდენად დიდი საიდუმლოა, რომ დაბადება ყოველთვის ღირს“

როგორ შეიძლება 7, 8 ან კიდევ მეტი შვილის "წესიერად" გაზრდა, როდესაც დღეს ერთის გაზრდაც ჭირსო, - ამ რიტორიკულ და უპასუხო შეძახილს არაერთი ახალგაზრდა ქალისგან გაიგონებთ. არადა, სინამდვილეში, შეძახილი სულაც არ არის უპასუხო: როგორ შეიძლება და, იმ აბსურდული შიშის დავიწყებით, რომ ბევრი შვილის "წესიერად" გაზრდა შეუძლებელია, რადგან წინასწარ მაინც ვერ გავიგებთ, რომელი შვილი გაიზრდება "წესიერად" - ერთი, რომელსაც ყველაფერს ვუკეთებთ და ამით ვასუსტებთ, თუ ბევრი, რომელთაც ბევრი რამის კეთება თავად უხდებათ და ამით ფეხზე მყარად დადგომას სწავლობენ. ამასთან, ბევრი შვილის ხმები შენს სახლში ის მუსიკაცაა, რომელიც დარდს ქოლავს და მხოლოდ თქვენ გეკუთვნით: როგორც ანე კატერინე ვესტლი იტყოდა: "დედას, მამას, 8 ბავშვსა და მათ საბარგო მანქანას". მერე ამ "მანქანით" თქვენი მრავალი შვილი­ მთელ მსოფლიოს შემოივლის და ბოლოს აუცილებლად მშობლიურ ადგილებს­ დაუბრუნდება. საქართველოსაც სწორედ ეს სჭირდება.

ჰოდა, სწორედ ასე რომ ფიქრობენ, თიკო ქველიაშვილი და არჩილ მენაბდე, იმიტომაც ჰყავთ 7 შვილი: უფროსი 13 წლის, სულ პატარა კი თვეების. ჩემი საუბარი კი თიკოსთან ასე დაიწყო:

- ალბათ, შენთვისაც ბევრჯერ უთქვამთ,­ რომ დიდი გამბედაობაა ბევრი შვილის გაჩენა­ ჩვენს დროში.

- შვილი ზეციური საჩუქარია. შვილის გაჩენა გაბედულებას არ უკავშირდება, უფრო სულთან კავშირშია, რომელსაც სჯერა, რომ რამდენი შვილიც არ უნდა გყავდეს, ყველაფერს შეძლებ და გაზრდი. ზოგჯერ შეიძლება იმასაც ვერ აცნობიერებდე, ეს "ყველაფერი" რა იქნება, მაგრამ მთავარია, რომ შვილის გამო ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას აპირებ. იშრომებ და გაზრდი. ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემი მეუღლე სულ ვამბობდით, რა უნდა იყოს ისეთი, შვილი გვყავდეს და ვერ გავზარდოთო. ეს ღვთის რწმენაა, რომელიც გკარნახობს, რომ შვილის გამო ყველაფერი გამოვა. დღეს, ქორწინებიდან მე-14 წლისთავზე მე და ჩემს მეუღლეს 7 შვილი გვყავს და მათთვის ბევრს ვშრომობთ. თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ შვილების გაზრდაში უფალიც მეხმარება: როდესაც ძალიან გაგვჭირვებია, ისე, რომ თითქოს საშველი არ იყო, სულ უკანასკნელ წუთებში შეცვლილა სიტუაცია.

- ამას მეც დაგიმოწმებთ. ღვთის დახმარება სწორედ მაშინ იგრძნობა ყველაზე ძლიერად, როცა გგონია, ყველა კარი დახურულია. თუმცა, როდესაც მხოლოდ ღვთის იმედზე აჩენ შვილს, ეს ცალკე პრობლემაა.

- პრობლემაა, მაგრამ სიცოცხლე იმდენად დიდი საიდუმლოა, რომ დაბადება ყოველთვის ღირს. სიყვარული და ერთგულებაც დიდ როლს თამაშობს შვილების აღზრდაში. რამდენი შვილიც არ უნდა გყავდეს, როდესაც იცი, რომ განსაცდელში მეუღლე გვერდით დაგიდგება, აუცილებლად გაძლიერდები. მე და ჩემი მეუღლეც ასეთი ერთგულებით გავძლიერდით, თორემ 7 შვილის გაზრდაში რომ იღლები, მაგას თქმა რად უნდა. სიყვარულს უკიდეგანო ძალა აქვს. სულ მგონია, რომ მხოლოდ დედ-მამის სიყვარული არ არის საკმარისი ბავშვებისათვის. ბებია-ბაბუის თუ სხვა ახლობლების სიყვარული თუ არ დაემატა, ვფიქრობ, სრულყოფილი არ იქნება. დედაჩემი ერთხანს ემიგრაციაში იყო და სულ ვეუბნებოდი, შენი არაფერი მინდა, ჩამოდი, ჩემთვის ძალა შენ გვერდით ყოფნაა და არა შენი ნაშოვნი ფული-მეთქი. ასე ერთობლივი სიყვარულით, ერთობლივი ზრუნვით ყალიბდება ადამიანი ადამიანად.

- ისე, ხანდახან იმასაც ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ დროებაში არც კეთილშობილი ადამიანი ივარგებს, გარემოს აგრესიისაგან აუცილებლად დაიჩაგრება-მეთქი.

- არ გეთანხმებით. ადამიანობა უპირველესად იმას გულისხმობს, რომ გაცემული სიკეთით თავად იყოს შემსუბუქებული და დამშვიდებული. რომელი აგრესია წააქცევს იმ ადამიანს, რომელიც სიკეთეს თესავს? პირიქით, თავად აგრესიული ადამიანია ცოდვა, თავადვე იტანჯება და იმიტომ... ძალიანაც რომ უნდოდეს, მრავალშვილიანი მშობლის შიში ერთ ბავშვზე ვეღარ კონცენტრირდება, სხვასაც ხომ სჭირდება ყურადღება?! ამის გამო ბავშვისგანაც ნაკლები აგრესია მოდის, ისიც მშვიდდება. განა მარტო ამიტომ, ბავშვები ერთმანეთს ეხმარებიან სიძნელეების გადალახვაში. ბავშვს ხელოვნებაც ძალიან ეხმარება. ამიტომ როგორმე უნდა შევძლოთ და ჩვენს შვილებს ხელოვნების რომელიმე დარგი შევასწავლოთ.

- საოცარი ადამიანი ხართ. იმედიანი, მშვიდი, დადებითი. თქვენ გვერდით აუცილებლად ყველა იგრძნობს სიმშვიდეს.

- ვცდილობ. ამაში ჩემი შვილებიც მაძლევენ ძალას. დაძაბულსა და აფორიაქებულს არაფერი გამომივა. კარგია, რომ მრავალშვილიანი ოჯახებით ინტერესდებით. ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი.

ეთერ ერაძე