მაღალი ფასები „ბოროტი“ იმპორტიორების ბრალია?! - კვირის პალიტრა

მაღალი ფასები „ბოროტი“ იმპორტიორების ბრალია?!

მაშინ, როცა მოსახლეობა ქვეყნის მთავარ პრობლემად სურსათზე მაღალ ფასებს ასახელებს (NDI-ის ბოლო კვლევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა), პრემიერმა მთავრობის სხდომის ღია ნაწილზე სურსათის იმპორტიორები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ძალიან მაღალი მოგების მარჟით მუშაობენ, რაც "არასწორი საქციელია". "რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები, რამდენად გონივრული მარჟებით, მოგებით. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო და მე მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ამ პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ ბრინჯი იქნება, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი თუ ზეთი, საბითუმო ფასებზე 70, 60, 50, 80% არის ფასნამატი. ამას ემატება საცალო ფასები, ფასნამატი მინიმუმ 25-30% და გამოდის, ჯამში ჩვენს მოსახლეობას უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს სამუშაო ჯგუფის შექმნა, მსხვილი იმპორტიორების დაბარება, საკითხის შესწავლა და რეაგირება დაავალა. "მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი შესაბამისი გამოსავალი გზებით. ეს მიუღებელია... ვხედავ, რომ არ არის სწორი იმპორტიორების მიდგომა. საჭიროა მათთან საუბარი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მოწოდებას და მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასე გამდიდრება. ეს არასწორი საქციელია. რაც არის გონივრული მარჟები, იმ ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.რას ნიშნავს პრემიერის ეს განცხადება, არის თუ არა მაღალი ინფლაცია იმპორტიორების ბრალი და მათთვის ფასებზე კონტროლის დაწესება მოაგვარებს თუ არა ამ პრობლემას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის სპეციალისტებს, "ჯეოქეისის" მკვლევარ ვახტანგ ჭარაიასა და ზვიად ხორგუაშვილს ესაუბრა.

"ეს არის არა ბიზნესზე ზეწოლა, არამედ პოლიტიკური განცხადება"

ვახტანგ ჭარაია: - ჩვენს შემთხვევაში ინფლაცია ძირითადად იმპორტირებულ ფასებს უკავშირდება - ანუ როდესაც გაძვირებული შემოდის პროდუქცია, საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ეს პროდუქციის ღირებულებაზეც აისახება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავად იმპორტირებული საქონლის მაღალ ფასსაც სხვადასხვა მიზეზი აქვს. ზოგ შემთხვევაში თავად მწარმოებელმა გაზარდა ფასი, ზოგ შემთხვევაში პროდუქცია არ არის ხელმისაწვდომი, დაგვიანებით შემოდის ბაზარზე ან საერთოდ არ შემოდის...

რუსეთ-უკრაინის ომის გამო არაერთი პროდუქტი ერთხანს მსოფლიოსთვის ხელმიუწვდომელი გახდა, მაგალითად, ხორბალი, რამაც გლობალურ ბაზარზე მისი ფასი გაზარდა. ასე რომ, ფასების ზრდის მიზეზი მრავალია, მაგრამ რადგან ჩვენ არა ვართ მწარმოებელი იმ უმრავლესი პროდუქციისა, რასაც მოვიხმართ, საბოლოოდ გვიწევს იმ ფასად შეძენა, რა ფასადაც იმპორტიორს შემოაქვს და ყიდის.

მხოლოდ საიმპორტო ფასი არ არის გადამწყვეტი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, კომპანიები ადგილზე რა ფასნამატით ცდილობენ ოპერირებას - ზოგი ძვირი ფასით ცდილობს თავის დამკვიდრებას, ზოგი კი შედარებით დაბალი ფასითა და სხვა უპირატესობების მოპოვებით. მაგალითად იმით, რომ დაბალი ფასით მეტი გაყიდოს და ამგვარად მიიღოს მოგება და სხვ. საქართველო არ არის მთელი რიგი პროდუქციის მწარმოებელი და უწევს იმპორტირებული საქონლის შეძენა, რასაც შუამავლებისა და გადამყიდველების ფასი ემატება, რაც არცთუ მცირეა. ამიტომ არის, რომ ხშირად საქართველოში ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში.

- ანუ არის ფასების ზრდის ისეთი ფაქტორები, რომელთაც ვერაფერს მოვუხერხებთ. თუ არსებობს ისეთი ფაქტორები, რომლებზე ზემოქმედებაც შეიძლება, რათა ფასები შემცირდეს?

- ფასების დაწევა არ არის მარტივი. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ ვიღაცას ფასის დაწევა აიძულოს - ანუ პირობითად, სახელმწიფომ უნდა აიძულოს ბიზნესმენი, რომ ფასები დასწიოს. ეს არასწორი მიდგომაა, ბიზნესი და ბაზარი თავისუფალი უნდა იყოს, ყველაფერი ამაზეა დაფუძნებული. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სწორედ ამას გვავალდებულებს. ჩვენ ბაზარს არ უნდა ვავიწროებდეთ, ხოლო თუ ბაზარს შევავიწროებთ იმიტომ, რომ რომელიღაც მთავრობას მოუნდა, შესაძლოა იმ კონკრეტულ მომენტში მთავრობამ საზოგადოების თვალში ქულები დაიწეროს, მოსახლეობასაც რომელიღაც პროდუქცია კონკრეტულ პერიოდში შეღავათიან ფასად მიეწოდოს, თუმცა გავა ძალიან მცირე პერიოდი და საერთაშორისო წნეხის გამო ქვეყანა იმდენად დიდ ზარალს ნახავს, რომ შეუდარებელი იქნება იმ მცირე სარგებელთან, რასაც მოსახლეობა ამ მოკლე მონაკვეთში შედარებით დაბალი ფასით მიიღებდა. ამიტომ ბიზნესზე ზეწოლა მიუღებელია. თუმცა პოლიტიკური მოწოდებები, რა თქმა უნდა, დასაშვებია. პოლიტიკური მოწოდება და ბიზნესზე ზეწოლა ორი სხვადასხვა რამაა. პოლიტიკური განცხადებები, რომ მოსახლეობისა და სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეთა ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, დასაშვებია. თუმცა, თუ ამის იქით წავალთ და 15 წლის წინ რა ფორმატშიც გვქონდა ბიზნესთან ურთიერთობა, ანუ ბიზნესის დაყაჩაღების გზით თუ წავალთ, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელი იქნება. საბოლოოდ ქვეყანა გაცილებით დიდ ზიანს ნახავს, ვიდრე ხეირს.

- რამდენიმე დღის წინ პრემიერის განცხადება პოლიტიკური იყო თუ შეიცავდა ზეწოლის ნიშნებს?

- განცხადება იყო შეტევით ფორმატში, მბრძანებლური ტონით, ფასები უნდა დავაკლებინოთო, თუმცა საბოლოოდ შეჯამება ასეთი იყო, იმედია, ბიზნესი ჩვენს მოწოდებებს გაიზიარებსო. პრინციპში, შეჯამება რომ არ ყოფილიყო, განცხადება, რომ მიუღებელია, დაველაპარაკოთ ბიზნესსო და ა.შ., ზეწოლაა, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური განცხადება, რომელსაც საქართველოშიც აკეთებენ და ამერიკაშიც. ბიზნესზე ზეწოლაა, როდესაც ბიზნესმენს იბარებ და რაღაცის გაკეთებას აიძულებ. მსგავსი რამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არა აქვს, ბიზნესს მსგავსი რამ არ განუცხადებია და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესზე ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ პოლიტიკური განცხადება ნამდვილად იყო და თუ ვინმე ცდილობს, ეს წარმოაჩინოს როგორც ბიზნესზე ზეწოლა, მგონი, თითიდან გამოწოვილი იქნება. ეს არ იყო ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო პოლიტიკური განცხადება.

- კონკურენციის სააგენტოს მოვალეობა ხომ ის არის, გააკონტროლოს, ხომ არ ირღვევა კონკურენციის პრინციპი და პრემიერს ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება რატომ დასჭირდა? ეს ორგანო სათანადოდ არ მუშაობს? თუ ასეა, სხვა პრობლემასთანაც ხომ არა გვაქვს საქმე?

- პრემიერის განცხადება იყო პოლიტიკური და ასეთი განცხადებები საზოგადოების მხარდასაჭერად სხვადასხვა დროს არაერთი გაკეთებულა და მომავალშიც იქნება. რაც შეეხება იმას, რომ ეს კონკურენციის სააგენტოს საქმეა და პრემიერი რატომ ერევაო, კონკურენციის სააგენტო პრემიერს ემორჩილება, მას აბარებს ანგარიშს და ამ შემთხვევაშიც კონკურენციის სააგენტოს დასკვნა გაჟღერდა. კონკურენციის სააგენტო არ არის დამსჯელი ინსტიტუტი, კვლევითი ინსტიტუტია და შემდგომ მისი კვლევებისა და დასკვნების საფუძველზე შეიძლება სასამართლომ დააჯარიმოს ესა თუ ის ორგანიზაცია. კონკურენციის სააგენტო არის ინფორმაციის მომწოდებელი, ანალიზისა და დასკვნის გამომტანი ორგანო. მის დასკვნას შემდეგ პოლიტიკოსები იყენებენ.

- კონკურენციის სააგენტოს ფუნქცია გასაგებია, მაგრამ დიდი ხანია, ქვეყანაში ინფლაციის პრობლემაა. ამ მიმართულებით მათი კვლევა და დასკვნები, ფაქტობრივად, არ არსებობს. პრემიერი ჯერ განცხადებას აკეთებს და მერე ავალებს კვლევის ჩატარებას. ამიტომ იბადება კითხვა, რის საფუძველზე გააკეთა პრემიერმა განცხადება ბრინჯის და მაკარონის ფასებზე?

- არ ვიცი, არ მაქვს ამაზე ზუსტი პასუხი, ეს პრემიერს უნდა ვკითხოთ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ არ არის გასაკვირი პრემიერის განცხადება. თუმცა აჯობებდა, უფრო ადრე გაეკეთებინა და არა ამ დღეებში, მაგრამ ბიზნესი რომ მთელ რიგ დარგებში საკმაოდ არაკონკურენტულ გარემოში მუშაობს, ესეც ფაქტია. მკვლევრები და ეკონომისტები ამაზე სისტემატურად ვლაპარაკობთ. მაგალითად, ნავთობიმპორტიორთა ბაზარზე დიდი ხანია შეინიშნება ისეთი ფასების ჩამოყალიბება, სადაც იკვეთება კარტელური გარიგებები, იკვეთება ასევე ინტერნეტმომწოდებლების, მობილური ოპერატორების, აფთიაქებისა და კიდევ სხვების და ამას სჭირდება დარეგულირება. იმას რომ ველოდოთ, ბაზარი თავისით როდის დაარეგულირებს, ჩვენს მომდევნო თაობებსაც ვერ მოესწრება. ასე რომ, სახელმწიფო უნდა იყოს აქტიური, სადაც კანონის დარღვევას ხედავს, მაგრამ კანონის დარღვევის ფაქტი სწორად უნდა გამოვლინდეს და ეს ევალება კონკურენციის სააგენტოს. მან უნდა წარმოადგინოს კომპეტენტური დასკვნა, რომ ფასები კარტელურია - ანუ თქვას, რომ ბაზარზე არის გარიგება, რომ ერთი და იმავე ფასებით, ერთი და იმავე საქონლით, ერთი და იმავე ტარიფებით მოქმედებენ და ისინი ამისთვის უნდა დაისაჯონ. დასჯა, ცხადია, არ გულისხმობს, რომ ასეთი კომპანიები უნდა გაქრნენ ბაზრიდან. მათ უნდა იცოდნენ, რომ სამართლიანი თამაშის წესებს უნდა დაექვემდებარონ, და შესაძლოა დაჯარიმდნენ, თუ წესებს გადაუხვევენ.

- პრემიერმა ამ განცხადებაში აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ პროდუქციის ფასებს რეალიზატორები ზრდიან და სააგენტოს ამ საკითხის შესწავლა დაავალა. პრემიერს ვინ ჰკითხავს, ბიზნესი 100%-ით მოუმატებს ფასს თუ 10%-ით და ასეთმა დამოკიდებულებამ რა პრობლემა შეიძლება შექმნას? ეს დამოკიდებულება მოაგვარებს ინფლაციის პრობლემას?

- ბიზნესისთვის იმის თქმა, მაგალითად, ბრინჯზე ფასნამატი უნდა ჰქონდეს 10 თეთრი და არა 50, რბილად რომ ვთქვათ, გაუგონარი რამ არის. ბაზარზე თუ კონკურენციაა, ვიღაც 20 თეთრს ამატებს, ვიღაც 50-ს და ვიღაც ლარ-ნახევარს. ეს არის თავისუფალი ბაზრის ხიბლი, რომ ვისაც რა ფასი უნდა და მომხმარებელი რა ფასზეც წაჰყვება, იმ ფასად გაყიდოს საქონელი.

ვიღაც რეკლამაში ხარჯავს ფულს და შესაბამისად, ფასიც მაღალი აქვს, ვიღაცას ოფისიც არა აქვს და შეუძლია დაბალი ფასი შესთავაზოს. ამიტომ მიმწოდებელი და მომხმარებელი ერთობლივად ადგენენ მისაღებ ფასს. ამიტომ, ვიღაცას რომ უთხრა, შენი ბრინჯი 50-თეთრიანი ფასნამატით არ უნდა გაყიდო და უნდა იყოს 25-თეთრიანი ან 5-თეთრიანიო, არასწორი მგონია.

თუ ჩვენ გვინდა ეს სფერო მოვაწესრიგოთ, უნდა შევქმნათ კონკურენტული გარემო, უფრო მეტი მოთამაშე შემოვიყვანოთ ქვეყანაში, უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ, რომ მეტად გაიშალოს სადისტრიბუციო, სუპერმარკეტების ქსელები და ა.შ., რათა მათ შორის უფრო მეტი კონკურენცია იყოს, რაც ფასის დაწევაზე იმოქმედებს, მაგრამ ეს უნდა იყოს ბუნებრივი პროცესი და არა ხელოვნური, არა ვინმეს გადაწყვეტილებით, რა ფასი დაედოს. მით უმეტეს, ვიღაც რომ იტყვის, პირობითად, დღეს ბრინჯზე ფასი 20 თეთრი იყოსო, რა გარანტიაა, ხვალ ვიღაც არ იტყვის, 20 თეთრი რა ამბავია, განა 15 თეთრი არ ეყოფათო და ა.შ.

- მაშინ რა მიზანი ჰქონდა პრემიერს, როდესაც ეს განცხადება გააკეთა?

- პოლიტიკოსია და პოლიტიკური განცხადება გააკეთა. დავუტოვოთ მას ამის უფლება.

"ინფლაციის პრობლემის მოგვარება ფასების კონტროლით არ ხდება"

ზვიად ხორგუაშვილი: - ინფლაციის პრობლემას სხვა მიზეზები აქვს და ცხადია, პრემიერის ასეთი განცხადებები ვერ მოაგვარებს. მიზეზი უკავშირდება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას - ანუ იმას, რომ ბაზარზე ფულის დიდი მასაა.

ინფლაციის პრობლემის მოგვარება ფასების კონტროლით არ ხდება. რომც დავუშვათ, რომ ფასების კონტროლი მუშაობს, ეს სხვა პრობლემებს იწვევს.

თუ ავიღებთ ნებისმიერ პროდუქტს, მაგალითად, მსხალს, რომელიც, პირობითად, იყიდება 2 ლარად და მთავრობამ თქვა, არ დავინახო რომ 1 ლარზე მეტად გაყიდოთო, ამ დროს გაიზრდება მსხალზე მოთხოვნა - მომხმარებელს გაცილებით მეტი მსხალი მოუნდება და მიმწოდებელი გაცილებით ნაკლებს გაყიდის ან საერთოდ არ გაყიდის, რადგან არ უღირს 1 ლარად გაყიდვა. ფასებს რომ უწესებ, მიმწოდებლის მოგება შესაძლოა ისე შემცირდეს, რომ საერთოდ გავიდეს ბაზრიდან და შეიქმნება დეფიციტი. შესაძლოა მერე იატაკქვეშა ბაზრამდე მივიდეთ, პროდუქცია რეგულაციების გვერდის ავლით გაიყიდოს.

ერთი სიტყვით, ფასების გაკონტროლებას ბევრი პრობლემა მოჰყვება. იმედია, ეს არც მოხდება. უბრალოდ შევადარებ. ასე მაგალითად, ორი თუ სამი წლის წინ ბახტაძემ სააგენტოს დაავალა, პურის ფასის ზრდის მიზეზები გამოეკვლია. გავიდა ერთი წელი, ორი, სამი და ვერაფერიც ვერ გამოიკვლიეს. ან რა უნდა გამოეკვლიათ, ან როგორ? ფასი რომ იზრდება, ან მოთხოვნა იზრდება, ან მიწოდება მცირდება, ან ორივე ერთად, ან ქვეყანაში ფასების საყოველთაო ზრდაა. შესაბამისად, ახლაც ასე მოხდება. კი დაავალეს, რომ უნდა გამოიკვლიონ, მაგრამ ვერაფერს ვერ იპოვიან. მაკარონზე კარტელური შეთანხმება სასაცილოა, ეს არსად არ ხდება. მოკლედ, საინტერესოს ვერაფერს აღმოაჩენენ ვერც კონკურენციის სააგენტო და ვერც სხვა უწყებები, ფინანსთა სამინისტრო იქნება თუ ვინც გნებავთ იყოს. აქედან გამომდინარე, მგონია, ეს უკავშირდება საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებას, სადაც ნომერი პირველი პრობლემა მოსახლეობისთვის იყო ფასების ზრდა და ბუნებრივია, მთავრობას უნდა გაეცა პასუხი, აი, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხის მოგვარებაზეო. ჩემი აზრით, მეტი არაფერია, არა მგონია, ამას გაგრძელება მოჰყვეს.

- ანუ პოპულისტური განცხადება იყო?

- ალბათ, უფრო პიარული სვლა. რა უნდა გამოიკვლიონ, არაფერია გამოსაკვლევი. შესაძლოა ფინანსთა სამინისტროში ბევრ რამეს არასწორად აკეთებენ, მაგრამ ეკონომიკა იმდენად კარგად კი ესმით, რომ იცოდნენ - ფასების კონტროლი სწორი არ არის.

- როდესაც დეკლარირებული გაქვს საბაზრო ეკონომიკა და ასეთ განცხადებას აკეთებ, ეს რას ნიშნავს?

- ახალი არაფერია. ჩვენ საბაზრო ეკონომიკა კი გვაქვს არჩეული ძირითად მოდელად, მაგრამ ყველა ხელისუფლება ასე იქცევა. სააკაშვილის ხელისუფლებასაც ჰქონდა ასეთი გამოხდომები. განსაკუთრებით ეს ხელისუფლება იქცევა ისე, რომ მთავრობის როლი გაზარდოს, მეტად ჩაერიოს, ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობა აიღოს რაღაცებზე. ასეთი გზავნილები სულ არის. ცხადია, ეს დამაზიანებელია. დამაზიანებელია ინვესტიციებისთვისაც, ეკონომიკური აქტივობისთვისაც. მაგალითად, ცოტა ხნის წინ თქვეს, სამედიცინო სერვისების ფასები უნდა გავაკონტროლოთო და კი ვნახეთ, ამან რაც მოიტანა.

- ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი განცხადებები ხომ არ შექმნის ნეგატიურ ფონს ბიზნესის მიმართ?

- ესეც არ არის ახალი ამბავი. გვაქვს ანტიბიზნესგანწყობის შექმნის გამოცდილება. ყველაზე კარგად ეს საბანკო სფეროში ჩანს, როდესაც ხელისუფლების განცხადებებით ანტისაბანკო განწყობა იქმნება. გვქონია ანტიდეველოპერულიც და ა.შ. ყველა შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება რაღაცაშია დამნაშავე და ფასების ზრდაში კი დამნაშავეა ცენტრალური ბანკი, ხელს იშვერენ "ცუდი ბიჭებისკენ". "ცუდი ბიჭები" კი ხან არიან ბანკები, როდესაც საქმე პროცენტს ეხება, ხან კაზინოები, როდესაც საქმე გაჭირვებას ეხება და სხვ. რა თქმა უნდა, პრობლემები არ მოგვარებულა. უბრალოდ, ხელისუფლება ყოველთვის ხელს იშვერს ვიღაცისკენ. ამ შემთხვევაში იმპორტიორებისკენ გაიშვირეს ხელი.

- ინფლაციის პრობლემა კვლავ არის. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული და რაც მთავარია, როგორ უნდა მოგვარდეს?

- ინფლაცია ყველაზე მეტად დამოკიდებულია ფულის მასაზე. ცხადია, სხვა ბევრი ფაქტორიც არსებობს, მაგრამ გადამწყვეტია ის, თუ ფულის მასა ქვეყანაში რა ტემპით და როგორ იზრდება. თუ ფულის მასის ზრდა საბაზრო პროცესია - მაგალითად, როცა მე მჭირდება ფული, ბანკისგან უნდა ვისესხო, ბანკი მასესხებს და ფულის მასა გაიზრდება, მაგრამ ეს მყარდება იმით, რომ ამ ფულით რაღაც პროდუქტს შევქმნი - ეს ბუნებრივი პროცესია და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როცა საქმე ეხება ისეთ სქემას, როდესაც უფრო მეტი ფული იბეჭდება, ვიდრე სერვისი და პროდუქტი იქმნება, ეს ინფლაციას იწვევს. ჩვენს შემთხვევაში მთავრობა ასეულ მილიონობით შიდა ვალს იღებს კომერციული ბანკებისგან, თავის მხრივ, კომერციული ბანკები ფულს ძალიან დაბალ განაკვეთში იღებენ ცენტრალური ბანკიდან, შემდეგ მთავრობა აღებულ ფულს ხარჯავს და ბაზარზე ხვდება ახალი ფულის მასა, რაც ფასებს ზრდის. ეს არის ერთი მიზეზი, რაც ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თორემ, ცხადია, არის ბევრი სხვა მიზეზიც, რაც არ არის დამოკიდებული ჩვენზე. მთავარი მაინც ის არის, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში ისედაც არის ინფლაციის პრობლემა, ჩვენი ცენტრალური ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას არ ატარებს. გამოსავალია ის, რომ ერთი მხრივ, გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, ოღონდ ეს არც მოკლევადიანი გამოსავალია და არც საშუალოვადიანი, არამედ წარმოადგენს მხოლოდ გრძელვადიან გამოსავალს. უფრო მოკლევადიანი გამოსავალი იქნებოდა ევროზე გადასვლა, რაც სავალუტო რისკებსაც მოხსნიდა, ეკონომიკასაც მძლავრ ბიძგს მისცემდა და ძალიან ბევრ პრობლემასაც მოაგვარებდა. მაგრამ ეს რომ გააკეთონ, მოუწევთ ძალაუფლების იმ ბერკეტის დათმობა, რაც არის მონეტარული პოლიტიკა, და წარმოუდგენელია ეს გააკეთონ. მთავრობას კი შეუძლია გადასახადები შეამციროს, რათა მოქალაქეებს მეტი ფული დარჩეთ. ცხადია, ცალკე საკითხია რეგულაციების მოხსნა, რაც ეკონომიკას მისცემს სტიმულს, ინვესტიციებს მოიზიდავს და ა.შ. აღარაფერს ვამბობ იმ ძირეულ რეფორმებზე, რაც სამართლიან სასამართლოსა და საკუთრების დაცულობას უკავშირდება.

რუსა მაჩაიძე