„ბევრმა არც იცოდა, საქართველოში ამხელა მთები რომ გვაქვს“ - კვირის პალიტრა

„ბევრმა არც იცოდა, საქართველოში ამხელა მთები რომ გვაქვს“

რამდენიმე დღეში საქართველო ზამთრის სპორტის ეპიცენტრი იქნება: 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ზამთრის სახეობებში პირველად ვმასპინძლობთ ასეთი მასშტაბის ტურნირს: ასობით მონაწილე, ათასობით სტუმარი და 200 მილიონამდე ტელემაყურებელი - ასეთია "ბაკურიანი-2023" ციფრებში. თუმცა ციფრებზე მნიშვნელოვანი თავად ამ რანგის ტურნირის მასპინძლობის ფაქტია და ის შედეგები, რაც დაგვრჩება: ახალი ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვნად გაზრდილი ცნობადობა, პოპულარობა, ნდობა და სხვ. კარს მომდგარ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კოსტავას ვესაუბრეთ:

- საერთაშორისო ფედერაციის განრიგის თანახმად, იანვრის ბოლოდან მარტის პირველ კვირამდე მსოფლიო პირველობა სათხილამურო სპორტის ოთხივე სახეობაში უნდა გაიმართოს. კურშეველსა და მერიბელში 19 თებერვლამდე გაგრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი სამთო თხილამურობაში. 16 თებერვლიდან ეპიცენტრი ბაკურიანში გადაინაცვლებს, პარალელურად კი სლოვენიაშიც გაიმართება თხილამურებით სირბილის ჩემპიონატი. ახლა კურშეველში ვარ (ინტერვიუ ჩაწერილია 8 თებერვალს. - რ.შ.), სადაც მოგვიწვიეს მე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე და გიორგი რამიშვილი.

- ბაკურიანში ყველაფერი მზად არის უმნიშვნელოვანესი ტურნირის მასპინძლობისთვის?

- დიახ, მხოლოდ მცირე სამუშაოა დარჩენილი და რამდენიმე დღეში ყველა სეგმენტი მზად იქნება. საშეჯიბრებო ტრასები საერთაშორისო ფედერაციის თანამშრომლებმა და დაქირავებულმა უცხოელმა პარტნიორებმა მოაწყვეს - წესების თანახმად, მასპინძელ მხარეს ეკრძალება ტრასების აგება, რათა ადგილობრივი სპორტსმენების რაიმე სახის უპირატესობა გამოირიცხოს. რაც შეეხება სტუმრებს, ამ დროისთვის დაახლოებით 1700 კაცია დარეგისტრირებული - სპორტსმენები, მწვრთნელები, დამხმარე პერსონალი. ჩამოვლენ საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები, ექიმები, მსაჯები, ჟურნალისტები და სხვ. მსოფლიო პირველობა ორ წელიწადში ერთხელ იმართება, 2021 წლის ჩემპიონატი კი პანდემიის გამო გაუქმდა, ამიტომაც წლევანდელ ტურნირს ყველა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გაორმაგებული მოტივაციით ელის. შესაბამისად, ბაკურიანში თითქმის ყველა ტოპ-სპორტსმენს ვნახავთ: ოლიმპიურ ჩემპიონებს, წინა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს. საქართველო მეთექვსმეტე ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს და 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ზამთრის სპორტის ეპიცენტრი იქნება.

- ხელოვნური გათოვლიანების ახალი სისტემების წყალობით საშეჯიბრებო ტრასებს თოვლის ნაკლებობა არ ემუქრება. თუმცა კარგია, რომ რამდენიმე დღის წინ ბაკურიანში მოთოვა კიდეც და ტურისტული მარშრუტებიც თეთრი იქნება...

- ბოლო 20 წელიწადია, საშეჯიბრებო ტრასების 90 პროცენტი, მთელ მსოფლიოში ხელოვნური თოვლით არის დაფარული. კარგია, რომ მოთოვა და ტურისტული ტრასებიც გაიხსნა. ეს ფაქტორიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან სპორტსმენებს ჰყავთ ფან-კლუბები, ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩამოსულთაგან რაც უფრო მეტი ისრიალებს, მით უკეთესი იქნება ტურიზმის განვითარებისთვის.

- საორგანიზაციო საკითხების გარდა, მნიშვნელოვანია ქართველი სპორტსმენების ასპარეზობაც. ამ მხრივ რას ველით?

- სლოუფსტაილში ვნახავთ ლუკა ჩოფიკაშვილსა და ბუთა ელოშვილს. პარალელურ გიგანტურ სლალომში იასპარეზებს რევაზ ნაზღაიძე. სკი-კროსში გამოვა დავით თედიაშვილი, ქულების დაგროვების შანსი ჯერ კიდევ აქვს კურტანიძესაც და ვფიქრობ, ისიც მოიპოვებს ასპარეზობის უფლებას. რაც შეეხება ქართველი სპორტსმენების შანსებს, გამარჯვების შანსი ნებისმიერ მონაწილეს ექნება! სათხილამურო სპორტში ოლიმპიური მედალოსნებიც გამხდარან სპორტსმენები, რომლებსაც მანამდე არც ერთი ტურნირი არ ჰქონდათ მოგებული. კონკურენცია დიდია, ფავორიტები აუცილებლად გარისკავენ და იმედია, მონდომება ჩვენს სპორტსმენებსაც დაუფასდებათ.

- ზამთრის სახეობებში რამდენად მნიშვნელოვანია "საკუთარი მოედნის" ფაქტორი?

- გააჩნია სპორტსმენს: შეიძლება მშობლიური გარემო დაეხმაროს ან პირიქით, უარყოფითად იმოქმედოს მასზე. ასეთი მასშტაბის ტურნირი საქართველოში პირველად იმართება, ბევრი იქნება „შინაური“ მაყურებელიც: ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და სხვ. თუმცა იმედია, ხელის შეშლაზე მეტად, ეს ყველაფერი სტიმული იქნება ჩვენი ბიჭებისთვის.

- რამდენიმე დღის წინ გამართული პრეზენტაციის დროს "ბაკურიანი-2023"-ის მასპინძლობა "მართვის მოწმობის აღებას" შეადარეს. ამ რანგის ტურნირის წარმატებით მიღება მართლაც "მწვანე შუქის ანთება", ახალ სიმაღლეზე ასვლა იქნება ქართული სათხილამურო სპორტისა და კურორტებისთვის!

- სპორტის იმ სახეობებში, სადაც წარმატებები ტრადიციად გვაქვს, გაცილებით ადვილია უმაღლესი რანგის ტურნირების მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა. სათხილამურო სპორტში კი კობა წაქაძის შემდეგ, არც გვყოლია მისი მასშტაბის სპორტსმენები და რთულია დიდი ტურნირის მასპინძლის სტატუსის მიღება. მით უმეტეს, რომ უმეტესწილად ჩემპიონატები ერთი და იმავე ქვეყნებში იმართება. საერთაშორისო ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ამ არეალის გაზრდას ცდილობს და უკვე საქართველოც იქნება იმ 16 ქვეყანას შორის, სადაც მსოფლიო ჩემპიონატები გამართულა. ამიერიდან სათხილამურო სამყარო გაცილებით ბევრს გაიგებს საქართველოს შესახებ. არადა, ბევრმა არც იცოდა, საქართველოში ამხელა მთები რომ გვაქვს, ავიწყდებათ, რომ კავკასიონის მთიანეთში ალპებზე მაღალი მწვერვალებია.

- თქვენ გინახავთ მსოფლიოს თითქმის ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი, მათ ფონზე, როგორ შეაფასებთ ჩვენი ზამთრის კურორტების პოტენციალს, სად უნდა ვიყოთ და სად ვართ?

- მოვლილი მაქვს თითქმის ყველა უმაღლესი დონის კურორტი. გარდა ამისა, ბოლო რვა წლის განმავლობაში მომისმენია უამრავი საერთაშორისო ექსპერტის შეფასება - გაოცებული არიან! ზღვის დონიდან 1300-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კურორტები არავის უკვირს, მაგრამ ბაკურიანის მსგავსი, 1700-1800 მეტრი სიმაღლის პლატო იშვიათია. გუდაური აეროპორტიდან მხოლოდ 100 კილომეტრით არის დაშორებული. ქვეყნის დედაქალაქთან ასე ახლომდებარე კურორტს, ამხელა სასრიალო მასივითა და არეალით, მხოლოდ რამდენიმეს თუ ჩამოვთვლით. მსოფლიო მასშტაბით, სათხილამურო სპორტის მოყვარული დაახლოებით 400 მილიონი ტურისტია, რომლებიც 4-5 თვის განმავლობაში სხვადასხვა სათხილამურო კურორტს სტუმრობენ. 1%-მა მაინც რომ მიიღოს ინფორმაცია საქართველოს სათხილამურო კურორტების შესახებ, 0,5% ერთხელ მაინც რომ ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა შედეგს მივიღებთ?! ლამაზია კურშეველიც, სენტ-მორისიც, კიცბუელიც და სხვ., მაგრამ ევროპელებმა იქაურობა უკვე ზეპირად იციან, უცხო ქვეყანას, ტრასებს, ახალ მთებს კი სხვა ხიბლი აქვს, მით უმეტეს, როცა ამ ყველაფერს ქართული მასპინძლობა, ჩვენი მთების და ქალაქების სილამაზეც ემატება... დარწმუნებული ვარ, 5-10 წელიწადში საქართველოში უმაღლეს დონეზე იქნება ზამთრის ტურიზმი და სპორტი!

- ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შემდეგ, გაჩნდება კიდეც ახალი ათვლის წერტილი - 2023 წელი!

- „ზამთრის ტურისტების“ 95% დეკემბერ-იანვარში ერთი და იმავე ადგილს სტუმრობს ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. ყოველ ზამთარს დადიან და ზეპირად იციან, სად იცხოვრებენ, ისრიალებენ, გაერთობიან და ა.შ. მერე კი, თებერვალ-მარტში, ახალი ადგილების აღმოჩენას ცდილობენ: როცა შეიტყობენ, რომ გამოჩნდა ახალი მიმართულება, თანაც, ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ სანდო და საინტერესო ადგილია!

- სანდო, საინტერესო და... ექსტრემალურიც! მაგალითად, მესტია, გოდერძი და სხვ.

- გეთანხმებით. მესტიაში ვატარებთ კიდეც საერთაშორისო ტურნირს ფრირაიდში (თავისუფალი სრიალი), რომელიც უკვე შევიდა საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში. მსოფლიო თასის ყველა წამყვანი სპორტსმენი ჩამოდის. წესების თანახმად, მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს კურორტზე, რომელიც საერთაშორისო აეროპორტიდან ან საერთაშორისო სარკინიგზო სადგურიდან არაუმეტეს 3,5 საათის სავალზეა. როცა პირველად შევავსეთ განაცხადი 2014 წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არ იყო დატვირთული ინტენსიურად. მას შემდეგ მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურაც, გაიზარდა აეროპორტისა და კურორტების დატვირთვა და, ბუნებრივია, ინტერესიც. წელს ბაკურიანში ჩამოსულ ყველა სპორტსმენსა და ტურისტს ეცოდინება, რომ საქართველოს ოთხი სამთო-სათხილამურო კურორტი აქვს!

- ტექნიკურ მხარესაც შევეხოთ: ზამთარში ბაკურიანის შიდა გზები აქამდეც გადატვირთული იყო ხოლმე და წარმომიდგენია, როგორი ხალხმრავლობა იქნება მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

- ვმუშაობთ ტრანსპორტის გადაადგილების სქემაზე - რა მარშუტებით, რაოდენობით, ინტენსივობით იმოძრავებს ტრანსპორტი. დეტალურად გავივლით და ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო ფედერაციას. ბაკურიანის პარალელურად, სლოვენიაში თხილამურებით სირბილში იქნება ჩემპიონატი და ტრანსლაციების გრაფიკი რომ არ აირიოს, ყველაფერი ზუსტად უნდა იყოს დაგეგმილი. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შემოდგომაზე შეთანხმდა, რადგან საქართველოში, სლოვენიასა და გერმანიაში (ბიატლონის ტურნირი) პარალელურად გაიმართება შეჯიბრებები და ასპარეზობებმა ტრანსლაციებს ხელი არ უნდა შეუშალოს. სატელევიზიო ბადე ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 200 მილიონი მაყურებელი ნახავს ბაკურიანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს.

- აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ზამთრის სახეობების წარმატებაც იზრდება და პოპულარობაც. მოციგურავეები ყოველ წელს უმატებენ, ახლა თხილამურების დროა.

- წლის პირველი წარმატება მოციგურავეების ანგარიშზეა და ჩვენს მეგობრებს ვულოცავ ევროპის ჩემპიონატის ისტორიულ ოქროს! ჩვენი მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის. თებერვლის ბოლოდან სპორტის სხვა სახეობებიც შემოგვიერთდებიან. სპორტი იძლევა სიამაყის, გაერთიანების, ცნობადობის ამაღლების შესაძლებლობას. გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს საქართველოს, მისი კურორტების, სილამაზის, პოტენციალის შესახებ, ბაკურიანს დარჩება მსოფლიო პირველობისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურაც. წელს, მაგალითად, მსოფლიო მასშტაბით ოთხივე სახეობაში „ა“ და „ბ“ კატეგორიის 50-ზე მეტი შეჯიბრება გადაიდო, რადგან ზამთრის კურორტების უმეტესობაში თოვლის ნაკლებობა იყო. აღარ მოდის იმდენი თოვლი, რაც წინათ. ამიტომაც ყველა გადასულია ხელოვნური გათოვლიანების სისტემებზე. ამიტომაც ბაკურიანში დამატებულ სისტემებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსისა და ახალი ინფრასტრუქტურის წყალობით ამიერიდან საქართველო სულ იქნება იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც რეგულარულად იმართება უმაღლესი დონის ტურნირები! შემდეგ, ეს სტატუსი უნდა გადავიტანოთ გუდაურსა და მესტიაშიც.

- რას ეტყვის საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი სპორტის ქართველ მოყვარულებს - რატომ უნდა დაესწრონ "ბაკურიანი-2023"-ს?

- იმიტომ, რომ საქართველოს ზამთრის კურორტი პირველად მასპინძლობს ამ მასშტაბის ტურნირს! დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისიამოვნოს შთამბეჭდავი სანახაობით. იქნება ულამაზესი, ექსტრემალური სანახაობა, ფრისტაილი, სნოუბორდი, ფრისკი ხომ მხოლოდ სპორტის სახეობები არ არის - ეს არის ერთგვარი შოუ. იქნება მუსიკა, სხვადასხვა აქტივობა და გასართობი ღონისძიება. პროტოკოლის თანახმად, ამ ოთხ სახეობას მოჰყვება დიჯეიც და... „გუგუნი“ უნდა მიდიოდეს შთამბეჭდავი ასპარეზობების ფონზე. მთელ საქართველოს ვუსურვებ, წარმატებით გავართვათ თავი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩვენთვის ახალი ათვლა დაიწყება!