"რატომ არ აწყობენ რუსები საპროტესტო აქციებს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ?" - DW - კვირის პალიტრა

"რატომ არ აწყობენ რუსები საპროტესტო აქციებს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ?" - DW

გერმანული სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველე" (Deutssche Welle) თვის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რატომ არ აწყობენ რუსები საპროტესტო აქციებს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ?" (ავტორი - მაშა მაიერსი).

"უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ასიათასობით ადამიანი საზღვარგარეთ წავიდა. ვლადიმერ პუტინის ბევრმა მოწინააღმდეგემ გერმანიაშიც დაიდო ბინა, მაგრამ მათი ხმა არსად ისმის. რატომ?", - წერს ავტორი, რომელიც ბერლინის იტალიურ რესტორანში რუს ემიგრანტებს შეხვდა და ესაუბრა. ისინი იხსენებენ მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე წინა წლებში ჩატარებულ საპროტესტო, ანტიპუტინურ აქციებს, რუსულ "ომონთან" მომხდარ შეტაკებებს, ოპოზიციის რევოლუციურ სულს... დღეს მსგავსი ამბები მოსკოვში აღარ ხდება.

ყველა ომზე ლაპარაკობს...

დღეს ევროპაში მყოფი რუსები ომზე ბევრს ლაპარაკობენ, ახლადჩამოსულები ძველებს შთაბეჭდილებებს უზიარებენ: ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როცა პრობლემებზე ლაპარაკი გინდა, რაც გტანჯვს და არ გასვენებს, მორალურად და ფიზიკურად, რის გამოც ასიათასობით ადამიანმა მშობლიური ადგილები მიატოვა. უკრაინელები გაერთიანებულნი არიან და ბრძოლის სულისკვეთება აქვთ, რუსები კი დაბნეულები რჩებიან: როდის უნდა დავბრუნდეთ უკან? როგორ არიან ჩვენი ახლობლები და ოჯახის წევრები? როგორ მივიღოთ რუსეთიდან ფული? როგორ ვიხსნათ ქვეყანა კრახისაგან? და, საერთოდ, არის რამე ისეთი, რისი გადარჩენაც ღირს?

იტალიურ რესტორანში შეხვედრის დროს ჩვენ შეგვეძლო საათობით გვესაუბრა, მაგრამ ჩვენთან ახლოს ნაცნობი გერმანელებიც ისხდნენ, რომლებმაც რუსული ენა კარგად იცოდნენ. ისინი დისკუსიაში ჩაებნენ... დღემდე არ მასვენებს ერთი კითხვა:

- რატომ არ გამოდიხართ ქუჩაში თქვენ, რუსები, ომისა და პუტინის წინააღმდეგ?

ისე მძიმედ ამოვიოხრე, რომ ჩემი ხმა, ალბათ, მდინარე შპრეეს ნაპირებზეც ექოდ გაისმა.

- სად, მოსკოვში?

- არა, ბერლინის ქუჩებში.

- რისთვის?

- როგორ თუ რისთვის?

- თუ გვცემენ, ესე იგი, ჩვენი ეშინიათ?!

აქციები ბერლინში? მე გამახსენდა რუსული სამთავრობო ტელეარხის - "რაშა თუდეის" გადამღები ჯგუფის სარკასტული კომენტარები, როცა რუსების მიერ ბერლინის ქუჩებში მოწყობილ სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერ აქციებს იღებდა. გამახსენდა, თუ როგორი ირონიით ვუყურებდი თვითონ, მოსკოვში მყოფი, ბერლინში ჩატარებულ ამგვარ კლოუნადას, ამგვარ აქციებს და ვფიქრობდი - იოლია აქციის მოწყობაზე ლაპარაკი, როცა იცი, ხელს არავინ შეგიშლის, აქციის შემდეგ კი ლუდს მიირთმევ, მოსკოვში კი პროტესტის მონაწილეებს "ომონი" იჭერს... არა, აქციის მოწყობა არასერიოზული იქნება.

მაგრამ გერმანელები თავისას არ იშლიან: აქცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ თუ აქციას მოაწყობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ემხრობით ხელისუფლების პოლიტიკას, გამოდიხართ ომის წინააღმდეგ... გამოიყენეთ გერმანული დემოკრატია, ისარგებლეთ თქვენი უფლებებით, რომელიც გერმანიაში ყველასათვის ერთნაირია, თუ ვინმე ამის სურვილს გამოამჟღავნებს.

"მე გადავეჩვიე", - კინაღამ ეს სიტყვები წამომცდა. არ ვიცი, ახლა როგორ და რა გავაკეთო. ოცი წელი ვიარე მოსკოვში, მიტინგებზე, არ გამომიტოვებია მწერლების აქცია, დედების მარში, ვიცი ბოლოტნაიას მოედნის ყოველი მეტრი, კარგად მახსოვს "ომონის" ყველა სადამსჯელო მოქმედება... მაგრამ ვერ შევნიშნე, თუ როგორ გახდა აქციების დარბევა პროტესტების ჩვეულებრივ, თანმდევ ფაქტად, მათ განუყოფელ ნაწილად. ჩვენ მივეჩვიეთ სიტუაციას - რეპრესიები ის ენა აღმოჩნდა, რომელიც ორივეს ესმის - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. თუ გვირტყამენ, ესე იგი ეშინიათ. რაც მეტად გვცემენ, ესე იგი, მით უფრო ეშინიათ. მაგრამ ეს ომამდე იყო.

რუსები ჩუმად არიან...

ახლა კი ყველა ვსხედვართ ფრიდრიხშტრასეზე მდებარე იტალიურ რესტორანში, ჩვენი ქვეყანა კი დანაშაულებრივად მიწასთან ასწორებს უკრაინის ქალაქებს... ვერაფერს ვეღარ ვგრძნობთ, დაბნეულობისა და დაღლილობის გარდა. მე ვერ წარმომიდგენია ჩვენი საპროტესტო აქციის ადრესატი ბერლინში - ვის სჭირდება აქ ჩემი შეძახილი "არა ომს"?

"ჩვენ გვჭირდება", - ამბობენ ჩემი გერმანელი მოსაუბრეები, - "აქცია საჭიროა იმიტომ, რომ გერმანიამ იცოდეს - ვლადიმერ პუტინს ყველა რუსი მხარს არ უჭერს... გერმანელმა დედამ უნდა იცოდეს, რომ ყველა რუსი დედა არ ამაყობს ომში დაღუპული შვილით... და რომ ყველა რუსი ბავშვი არ ხატავს ტანკებს და არ თამაშობს "ბანდერასთან" ბრძოლის თამაშს.

მაგრამ რუსები ჩუმად არიან, რუსეთიდან ევროპაში გარბიან, მაგრამ კითხვებს არ პასუხობენ. მე ვხვდები, თუ რა არის მათი დუმილის მიზეზი: ისინი შეეგუენ სიტუაციას, თბილი თავშესაფარი იპოვეს... "რატომ დავიწყოთ ახლა აქ, აქეთ-იქით სიარული?, - ალბათ, ასე ფიქრობენ. სხვათა შორის, არც მე ვუზიარებ სხვებს ჩემს ვარაუდებს, მეც ჩუმად ვარ, ვეჩვევი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ