მცენარეების შემფასებელი გოგო... ამერიკული გამოცდილებით - კვირის პალიტრა

მცენარეების შემფასებელი გოგო... ამერიკული გამოცდილებით

გერმანიაში ახალგაზრდა ფერმერების გლობალურ ფორუმზე ქართველ ფერმერს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. მან სოფლის მეურნეობაზე, სურსათზე, სასათბურე მეურნეობასა და ახალგაზრდა ფერმერების საქმიანობაზე ისაუბრა. ქეთევან კოწოწაშვილს ევროპარლამენტარებმაც ყურადღებით მოუსმინეს. ფორუმზე ქართველმა გოგონამ განიხილა სხვადასხვა კრიზისის დროს (კლიმატის ცვლილება, გაუდაბნოება) სასათბურე მეურნეობების ინოვაციურობის სიკეთეები.

"ეს ფორუმი 2009 წლის შემდეგ ყოველწლიურად იმართება. ფორუმზე წარმოდგენილი იყო მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაცია, რომლის წევრი ჩვენი ასოციაციაცაა", - გვეუბნება ქეთევანი, რომელიც ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერთა ქსელის მენეჯერიც გახლავთ. ქეთევანს ფერმერულ მეურნეობაში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. ის მინესოტის უნივერსიტეტში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით სასათბურე მეურნეობაში ერთი წლის განმავლობაში იღრმავებდა ცოდნას.

- გამოცდილების მიღება რა მიმართულებით ამჯობინეთ?

- ამერიკაში წავედი მინესოტის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამით (MAST), რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე აკადემიურ განათლებას ანუ უნივერსიტეტში სწავლას. ასევე შესაძლებელია აარჩიო დარგი (მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მევენახეობა, მეყვავილეობა და სხვ.), რომელშიც გამოცდილებას მიიღებ. მე სწორედ სასათბურე მეურნეობებში მეყვავილეობის აგრობიზნესის მიმართულება ავარჩიე. მასპინძელი კომპანია იყო აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია Bergen’s Greenhouses.

- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამერიკაში ყოფნისას რამ მოახდინა?

- გამაოცა მეყვავილეების ენთუზიაზმმა, დამოკიდებულებამ საქმისადმი. ჩვენთან ხშირად არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც საქმეზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობს, განსაკუთრებით აგრონომიაში. იქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მცენარეების სიჯანსაღეს. მუშაობის დაწყების წინ თუ შესვენებიდან დაბრუნების შემდგომ ხელებს სპეციალური სითხით ვიბანდით, რათა ყვავილებთან რაიმე ვირუსი არ მიგვეტანა. სპეციალურ ხსნარში ხელთათმანებსაც ვავლებდით, რათა რისკი მინიმალური ყოფილიყო. საქართველოში მსგავსი რამ არ მინახავს. ჩვენს ჯგუფში არაერთი სტუდენტი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან და ბევრს ჩემსავით უკვირდა მსგავსი დამოკიდებულება მცენარეების სიჯანსაღისა და დაცულობის მიმართ. ყურადღება მიიქცია მორწყვის მრავალფეროვანმა სისტემებმა. მაგალითად, სათბურში გრუნტში წვეთოვანი წყალგაყვანილობაა და პერიოდულად რწყავდნენ დიდ ყვავილებს. თავად სათბურებიც ზედმიწევნით გამართულია, მთლიანად ბეტონით მოპირკეთებული, რათა ყველა ეტაპი - დათესვა, ჩითილების დარგვა, მოკრეფა თუ დასაწყობება იდეალურ სისუფთავეში მოხდეს...სათბურიდან გაგზავნამდე მცენარე სუფთავდებოდა, ეცლებოდა ზედმეტი, მიმჭკნარი ფოთლები, იწმინდებოდა მტვრისგან...

ჩემი მუშაობით კმაყოფილი იყვნენ და "ინვენტორი გოგო" გავხდი (ინვენტორყ გირლ - ინვენტარიზაცია, ქონების აღწერა - ლ. ფ.), ანუ მცენარეების შემფასებელი გოგო... მანამდე მკითხეს, რა განათლება მქონდა. იმ პერიოდში ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მათემატიკა ვიცი და ამიტომ საქმე ჩამაბარეს. სათბურებში ვამოწმებდი გასაყიდად გამზადებულ ყვავილებს. ვიწერდი მათ რაოდენობას, ვითვლიდი და შეკვეთებს ამის მიხედვით ვამუშავებდით. შემდეგ სხვადასხვა მომხმარებელს ვუგზავნიდით - დიდ ჰიპერმარკეტებს მიჰქონდათ. მეურნეობა ვისიც იყო, მისი მეუღლე და შვილებიც ჩართული იყვნენ საქმეში: რიგითი თანამშრომლის სტატუსი ჰქონდათ და ყველა თანაბრად შრომობდა.

ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ დავასკვენი, რომ ვინც საქართველოში ამ სფეროში ვშრომობთ, თურმე ახლოსაც არ არის იმასთან, რაც რეალურად უნდა იყოს. ამგვარი შეფასება სწორედ ამერიკულმა გამოცდილებამ მოიტანა.

- კარგი იქნება ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღოს უცხოური გამოცდილება.

- კი, ეს აუცილებელია ახალგაზრდა ფერმერებისთვის, რათა საოჯახო მეურნეობაში მსგავსი მეთოდები გამოიყენონ. უნდა გაიცნონ ახალი ტექნოლოგიები, როგორ შრომობენ დაწინაურებულ ქვეყნებში.

ახალგაზრდა ფერმერებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ახალ ტექნოლოგიებსა და ფინანსურ რესურსებზე. ჩვენთან არაერთ ახალგაზრდა ფერმერს გრანტებზე ხელი არ მიუწვდება. ხშირად სხვადასხვა გრანტისა და ტექნიკური დახმარების მიმღებ ორგანიზაციებს შორის ერთი და იგივე დასახელებები გვესმის. იმავეს თქმა შეიძლება სახელმწიფო პროგრამებზეც. ვფიქრობ, მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელი საგრანტო პროგრამების ხელმისაწვდომობას ბენეფიციართა შერჩევის გამჭვირვალობის გაზრდით. ასევე აუცილებელია მეტი სახელმწიფო პროგრამა რეგიონებში ახალგაზრდების სოფლის მეურნეობაში ჩართვის სტიმულირებისთვის, რათა ახალგაზრდა ფერმერებზე მიზნობრივი გრანტები გაიცეს და ამ საქმეში კრიტერიუმები ცოტა შერბილდეს.

- საკუთარ სათბურზე რას გვეტყვით, რომელიც სოფელ დიღომშია?

- ჩვენი სათბური ტექნიკურ განახლებას მოითხოვს. იმის გამო, რომ გათბობის სისტემები არ გვქონდა, მხოლოდ სეზონურად შეგვეძლო ყვავილების წარმოება და რეალიზაცია. ეს კი იმ შედეგს არ გვაძლევდა, რომელსაც ველოდით. გადავწყვიტეთ, ინოვაციური ტექნოლოგიების მქონე ვერტიკალური სათბური შევქმნათ. ამიტომ ცოტა ხნით შევწყვიტეთ საქმიანობა, გვაქვს ახალი ბიზნესგეგმა, რომლის მიხედვითაც, სათბურში ყველა პირობა იქნება მცენარისთვის შექმნილი. ვაპირებთ კენკრის მოშენებას ვერტიკალური სათბურის პრინციპით, სადაც ასევე გამოვიყენებთ მზის პანელებს.

სოფელი დიღომი ცნობილია სასათბურე მეურნეობებით, სადაც მოჰყავდათ კიტრი, პომიდორი, სხვადასხვა კენკრა, სალათა თუ ყვავილები. ამაში ჩემი ოჯახიც ჩართული იყო და ამ საქმიანობას დღესაც განაგრძობს.

- გული გწყდებათ, რომ ჩვენი ახალგაზრდების უმეტესობას სოფლის მეურნეობა დიდად არ აინტერესებს?

- დიახ, ახალგაზრდებს არა აქვთ ამის ინტერესი და მოტივაცია. ამიტომაც არის მაღალი მიგრაცია სოფლიდან ქალაქში. სწორედ მათ უნდა ვაჩვენოთ მეტი წარმატებული ფერმერი, ავუხსნათ და გავაგებინოთ, ხელი შევუწყოთ. სამწუხაროდ, როგორც ვთქვით, გრანტების საკითხი ჯერ ვერ მოგვარდა. მქონდა გეგმები და დღესაც ვმუშაობთ ბიზნესგეგმაზე, რომ ჩვენს სათბურებში შევქმნათ ვერტიკალური სასათბურე სისტემა, სადაც დათესვა ვერტიკალურად ხდება. ჩვენი ასოციაციის მიზანია ეს სათბური ერთგვარი სასწავლო ცენტრიც გახდეს ახალგაზრდა ფერმერებისთვის. ამ სათბურებში ასოციაციის ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტებისგან კომპეტენტურ რჩევებს მიიღებდნენ და მეც გავუზიარებდი ამერიკულ სათბურებში მიღებულ პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებას. ამისთვის გვინდა მივმართოთ თანადაფინანსებისთვის სხვადასხვა დონორს, ფონდებს. სხვათა შორის, MAST International University of Minnesota პროგრამით 1995-1996 წლებში აშშ-ში ერთ-ერთი პირველი სტაჟიორი საქართველოდან ბიძაჩემი გახლდათ - ჯუბო ვანიშვილი და სწორედ მისგან მქონდა ინფორმაცია ამ პროგრამაზე, იმ შესაძლებლობებსა და სიკეთეებზე, რასაც ეს პროგრამა იძლეოდა. ამ პროგრამაში მონაწილეობას დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი. ეს იყო საუკეთესო გამოცდილება ჩემი პროფესიული და ჩვენი ოჯახური მეურნეობების განვითარებისათვის. მოკლედ, ახლა ვეხმარებით ფერმერებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მიიღონ გამოცდილება და საქართველოში გამდიდრებული ცოდნითა და გამოცდილებით დაბრუნდნენ. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საფუძველი და ხსნა სოფლის მეურნეობაშია და ამაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ.