"6 წლისა და 9 თვის განმავლობაში ვიჯექი ციხეში. ივანიშვილს ძალიან მარტივი პრაქტიკა აქვს..." - რას აცხადებს ვანო მერაბიშვილი - კვირის პალიტრა

"6 წლისა და 9 თვის განმავლობაში ვიჯექი ციხეში. ივანიშვილს ძალიან მარტივი პრაქტიკა აქვს..." - რას აცხადებს ვანო მერაბიშვილი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული, ცინიკური ქმედება, რადგან ივანიშვილი თვლის, რომ სააკაშვილი არის მისი მტერი და რაც მთავარია, ივანიშვილმა იცის, რომ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი მტერი, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „ფეიგინ LIVE“ -ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ივანიშვილი საქართველოში რუსეთს აშენებს“, როდესაც ნებისმიერი ოპოზიცია, ნებისმიერი ალტერნატივა მიუღებელია.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სიტუაცია კრიტიკულია და უარესდება, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება სიჯიუტეს ბოლომდე ინარჩუნებს, რადგან დიდი ხანია, უკვე არა მხოლოდ ჩვენ შევამჩნიეთ, არამედ ყველამ მსოფლიოში, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსეთს აშენებს, როდესაც ნებისმიერი ოპოზიცია, ნებისმიერი ალტერნატივა მიუღებელია. მინდა განვაცხადო, რომ როცა ჩვენმა პარტიამ, მიხეილ სააკაშვილმა წააგო არჩევნები, ჩვენ ნებაყოფლობით, დემოკრატიულად გადავეცით ხელისუფლება ივანიშვილს. თუმცა ამის შემდეგ საქართველოში დაიწყო ყველა ის უბედურება, რაც ახლაც გრძელდება. მე, 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში ვიჯექი ციხეში. ივანიშვილს ძალიან მარტივი პრაქტიკა აქვს: მისი მოწინააღმდეგე ან ციხეში უნდა იყოს, ან საზღვარგარეთ. მისთვის, ყველაზე დიდ საფრთხეს, რა თქმა უნდა სააკაშვილი წარმოადგენს და ახლა სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული, ცინიკური ქმედება, რადგან ივანიშვილი თვლის, რომ სააკაშვილი არის მისი მტერი და რაც მთავარია, ივანიშვილმა იცის, რომ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი მტერი. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის პირველი მსხვერპლია და საქართველო ყოველთვის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ლიდერი იყო, ახლა კი ის აუტსაიდერი გახდა და სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ უფრო აუარესებს საქართველოს მდგომარეობას“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ხელმძღვანელობა რომ რამდენიმე თვეში შეძლებს საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში სიტუაციის შეცვლას.

„რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩატარდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები და შეიცვალა პარტიის ხელმძღვანელობა. წინა ხელმძღვანელობის მიმართ მთავარი პრეტენზია იყო პასიურობა, სააკაშვილის დასაცავად არააქტიური ქმედება, მიტინგების მიმართ პასიური დამოკიდებულება და ა.შ. არჩევნების შემდეგ ერთი კვირა გავიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში მთელ საქართველოში ჩატარდა სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები. დარწმუნებული ვარ, ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში, თქვენც შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება სიტუაცია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. ვიცი, რომ ეს პარტია დაკავებულია საზღვარგარეთ ჩვენს დიასპორებთან თანამშრომლობით. ადრე, როდესაც ასეთი აქციები იმართებოდა, ქართველი ემიგრანტები ძალიან პასიურობდნენ“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

IPN