ხორცის იმპორტი მთელი დარგისთვის გადაულახავ პრობლემად რჩება? - კვირის პალიტრა

ხორცის იმპორტი მთელი დარგისთვის გადაულახავ პრობლემად რჩება?

აღშფოთებით, ალბათ, ყველას გვითქვამს, რომ ჩვენს ქვეყანაში პრობლემები არა და არ ილევა, მათ შორის არც სოფლის მეურნეობაში და თავისთავად მოდის დასკვნაც, რომ თურმე მუდამ სხვაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული. არადა, ნაკლები ინდიფერენტულობითა და მეტი პასუხისმგებლობით ბევრი მიმართულებით დავდგებოდით ფეხზე. ამჯერად ვისაუბრებთ მეღორეობაზე, რომლის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, 2008 წლამდე, სანამ ქვეყანაში ღორის ჭირი შემოაღწევდა, ღორის ხორცის ადგილობრივი წარმოება სრულად აკმაყოფილებდა ქვეყნის მოთხოვნას. თუმცა, რადგან დაავადების შეჩერება ვერ მოხერხდა, შეშინებულმა მოსახლეობამ ღორის მომრავლება ვეღარ გაბედა. მეღორეობისთვის ქმედითი დახმარების გაწევა ვერც მომდევნო წლებში მოხერხდა, მხოლოდ რამდენიმე აგროსაწარმოს დაფინანსება არ კმარა, რომ დარგმა მოთხოვნას გამართული მიწოდება შეაგებოს. თუმცა სახელმწიფოს დაფინანსებულმა მცირე საწარმოებმა ერთხანს მაინც მოახერხეს ღორის ხორცის წარმოების გაზრდა, მერე კი ადგილობრივ მეღორეობას კონკურენტად მოევლინა იმპორტირებული ღორის ხორცი, რომელიც ქვეყანაში შეუზღუდავი რაოდენობით შემოდის. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ღორების ფერმის მოვლა და ჯანმრთელი ეკოპროდუქციის წარმოება, ამის შესახებ რაჭველი ფერმერი მერაბ კობახიძე გვესაუბრება. მის ფერმაში, სოფელ კრიხში, 250 სული იორკშირის დედა ღორის ნამატი იზრდება.

- ბატონო მერაბ, ალბათ, იორკშირული ღორის მომრავლება ხორცმრავლობის გამო გადაწყვიტეთ, თორემ უნიკალური გემური თვისებების ქართული ღორი სწორედ მთაში იზრდება საუკეთესოდ.

- ქართული ღორი მართლაც უნიკალურია როგორც გაზრდის სიმარტივით (ტყეში თავისით მოიძიებს საკვებს), ასევე გემოვანი თვისებებითაც. მივესალმები ოჯახებში მის მომრავლებას, მაგრამ როდესაც ბიზნესს იწყებ და ამისთვის მთელ ენერგიასა და ნერვებს ხარჯავ, ნამდვილად ჯობს ისეთი ღორის მომრავლება, რომელსაც ხორცი ქართულ ღორთან შედარებით ორჯერ მეტი აქვს. ქართული ღორის წონა იშვიათად ადის 150 კგ-მდე, იორკშირულის კი ზოგჯერ 300 კილოგრამამდე აღწევს. გარდა ამისა, გემოვანი თვისებებიც შესანიშნავი აქვს. ის ჩვენთვის ბოლო წლების კარგი სიახლეა, კარგი სიახლეები კი უყოყმანოდ უნდა მივიღოთ. იორკშირის ჯიში უკვე საუკუნეებია არსებობს და ლამის მთელმა მსოფლიომ იცის, რომ გემრიელი ხორცი და ცოტა ცხიმი აქვს. ამიტომაც მოიხმარენ საბეკონედ და მისგან კარგი რაჭული ლორიც მზადდება. ნეტავ სხვა გარემოებები არ ვნებდეს ჩვენს საქმეს, თორემ იორკშირის მოშენება პროგრესია. ჩვენს მეღორეობას ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის მარცვლეულის გაძვირება და ღორის ხორცის იმპორტი. იმპორტირებულის რაოდენობას კიდევ გავუძლებდით, მისი სიიაფე რომ არ გვიგდებდეს ფასებს. ამას ღორის ხორცით მოვაჭრეები შესანიშნავად იყენებენ. როდესაც ღორის გაზრდა, 1 კილოგრამზე რომ გადავითვალოთ, დაახლოებით 8 ლარამდე და მეტი გვიჯდება, ვაჭრები მოდიან და 1 კილოგრამ ხორცს 10-11 ლარად გვთხოვენ. გვეუბნებიან, ამ ფასად თუ არ მოგვცემ, ბრაზილიიდან შემოსულ ღორის ხორცს უფრო დაბალ ფასად ვიყიდითო.

- დიდი ხარჯი გქონიათ, მარცვლეულის გაძვირება ნამდვილად არ ჩაგაგდებდათ კარგ დღეში.

- მხოლოდ მარცვლეული ხომ არ არის. 1 კილოგრამი ბაქტერიაც კი, რომელსაც საღორეში საფენად მოვიხმარ, 300 ლარი ღირს და თანაც რამდენიმე კილოგრამი მჭირდება ერთ ჯერზე. 250 დედა ღორს, რომლებიც წელიწადში ორჯერ იძლევიან ნამატს, დიდი რაოდენობის სიმინდი თუ ხორბალი სჭირდება საკვებად. ამ დროს სიმინდი 1,2 ლარი ღირს, ხორბალი - 1,3 ლარი. იორკშირული კი მუდამ უნდა ვკვებოთ, მას ქართული ღორივით არ შეუძლია ტყეში გასვლა საკვების მოსაძიებლად. ეკოლოგიური საკვები იმიტომ ვარჩიე, რომ ასე ნაკვები ღორის გემო საუკეთესოა, თანაც ეკოპროდუქტზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. მაგრამ იმპორტული ხორცი იმდენად იაფია, მაინც გვჯობნის, მას კონკურენციას ვერ ვუწევთ. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცი, ბრაზილიაში ან კანადაში ამდენად იაფად როგორ ხორცს შოულობს ის ხალხი, რომელთაც საზღვარგარეთიდან ხორცი შემოაქვთ. დღეს ღორის ხორცი 17 ლარია მაღაზიებში, აქედან თანხის ნაწილი იმპორტიორს რჩება, ნაწილი - მაღაზიის მესაკუთრეს. ადგილზე რაღას იხდიან პროდუქტში?! იმიტომაც მგონია საეჭვო შემოტანილი ხორცის ხარისხი.

- ასეც ვერ ვიტყვით, ხორცს საზღვარზე მკაცრად ამოწმებენ.

- მომწამლავ პროდუქტს ვერავინ შემოიტანს, მაგრამ პროდუქტმა შეჭმისთანავე რომ არ მოგკლას, ეს ხომ არ არის მთავარი?! იმას კი არ ვამბობ, რომ იმპორტი აკრძალონ, მაგრამ სახელმწიფოში ქართული წარმოების დამცავი მექანიზმებიც უნდა არსებობდეს. სწორედ ამას წინათ დამაინტერესა იმპორტის ბოლო სტატისტიკამ. თურმეწელიწადში თითქმის 30 მილიონი დოლარის ღორის ხორცი შემოდის, არა მარტო კანადიდან და ბრაზილიიდან, არამედ პარაგვაიდანაც, რომელსაც საქართველოდან ღორის ხორცში 2,4 მილიონი დოლარი შეუვიდა.

- რას აპირებთ?

- ვცდილობ ჩემი ფერმა ტურიზმზე გადავაწყო, საოჯახო ტურიზმი ავაწყო და იმდენი ღორი დავიტოვო, რამდენიც ჩემი საოჯახო ტურიზმისთვის იქნება საკმარისი. დავამზადებ რაჭულ ლორსაც, რომელიც ყველას მოსწონს, ჩვენებურსაც და უცხოელ ტურისტებსაც, მაგრამ ქვეყანა მხოლოდ ჩემი საოჯახო სასტუმრო ხომ არ არის, საქართველო მეცხოველეობის გარეშე არასოდეს ყოფილა და არც ახლა უნდა ჩავკლათ ეს დარგი იმპორტული ხორცით, ჩვენი ინტერესებიც უნდა დავიცვათ. მხოლოდ იმპორტული საკვებით უზრუნველყოფა არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღარ არსებობს.