შეიძლებოდა თუ არა ტექტონიკური იარაღით თურქეთში მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა - კვირის პალიტრა

შეიძლებოდა თუ არა ტექტონიკური იარაღით თურქეთში მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცხრა საათის ინტერვალით მოხდა ორი ძლიერი მიწისძვრა, რომლებმაც თურქეთსა და მეზობელ სირიაში 7 ათასამდე შენობა დაანგრია, რის შედეგადაც 38 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა, 80 ათასი დაშავდა.მაგრამ, თუკი დაშავებულთა რიცხვი შემდგომ დღეებში აღარ გაიზრდება, ისევე როგორც ნაკლებად სავარაუდოა ნანგრევებიდან გადარჩენილთა მასობრივად ამოყვანა, სამწუხაროდ, ნანგრევებში კიდევ ძალიან ბევრ დაღუპულს აღმოაჩენენ და მსხვერპლის საერთო რიცხვი შეიძლება 3-4-ჯერაც გაიზარდოს. ასიათასკაციანი მსხვერპლი მომენტალურად, რამდენიმე წამში, ბუნებრივ სტიქიურ უბედურებას, მხოლოდ დიდი სიძლიერის მიწისძვრას თუ მოჰყვება, ხოლო ხელოვნურად მხოლოდ ბირთვული იარაღის გამოყენებას მეგაპოლისში.

მსხვერპლის დიდმა რაოდენობამ მსოფლიოში კვლავ გაააქტიურა შეთქმულების თეორიების მომხრეები, რომლებმაც იმის მტკიცება დაიწყეს, რომ თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრა თითქოს ხელოვნურად გამოიწვიეს ტექტონიკური იარაღის გამოყენებით.ეს დაუკავშირეს იმასაც, რომ თურქეთში მიწისძვრის პირველი ეპიცენტრი გაზიანთეფში იყო, საიდანაც მხოლოდ 150 კმ-ითაა დაშორებული სამხედრო-საჰაერო ბაზა ინჯირლიყი, სადაც ამერიკული ტაქტიკური დანიშნულების თერმობირთვული საავიაციო ბომბები ინახება.ბირთვულ აფეთქებას, რა თქმა უნდა, შეუძლია მიწის შეზანზარება, მაგრამ, ბუნებრივია, ინჯირლიყის აეროდრომზე ან მის ახლოს არავის მოუწყვია ასეთი რამე, რისი დაფიქსირებაც ძალზე მარტივი იქნებოდა.

მსოფლიოს ბევრ კუთხეში, მათ შორის ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, არაერთი სეისმოლოგიური სადგურია,

რომლებიც მიწის ქანების მცირე რეზონანსსაც კი აფიქსირებენ. ასევე აფიქსირებენ არა მარტო ბუნებრივ კატაკლიზმებს, მათ შორის მიწისძვრებს, არამედ იმასაც, რომელიმე ქვეყანამ ხომ არ გამოცადა მალულად მიწისქვეშა ბირთვული იარაღი.ასეთი სეისმოლოგიური სადგური იყო საბჭოთა პერიოდში საქართველოში, აფხაზეთში, ეშერაშიც. ლეგენდები ეშერის ლაბორატორიის შესახებ, რომელიც სოხუმთან, მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე იყო, თავიდანვე ვრცელდებოდა, რისი მიზეზი ისიც იყო, რომ ეშერის ლაბორატორია ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო-საიდუმლო ობიექტს წარმოადგენდა.ზოგიერთი ჭორი მართლაც ფანტასტიკური გახლდათ, თითქოს სწორედ ეშერის ლაბორატორიაში გამოიწვიეს მიმართული მოქმედების მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებით 1988 წლის დეკემბერში დამანგრეველი სპიტაკის მიწისძვრა.

ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა, თუმცა ეშერის ლაბორატორიას მართლაც ჰქონდა პირდაპირი კავშირი ბირთვულ აფეთქებებთან, ოღონდ მათი დაფიქსირებისა და რეგისტრაციის სახით.1992 წლისათვის, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, დაშლილი საბჭოთა კავშირიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მე-12 სამმართველოს, ბირთვულ იარაღთან ერთად, დარჩა ორ ათეულამდე სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის რადიოსეისმოლოგიური სადგური, რომელთაც ბირთვული აფეთქებების სპეციალური კონტროლის სამსახური მართავდა. ამ სადგურებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, 24-ე სეისმოლოგიური სადგური სწორედ ეშერაში იყო.

მას მონიტორინგი უნდა გაეწია ნატოს სამხრეთი ფლანგისთვის ევროპაში, ასევე აფრიკის ჩრდილოეთით და ახლო აღმოსავლეთით იმ შემთხვევებში, თუკი იქ სადმე მიწისქვეშა საიდუმლო ბირთვულ გამოცდას ჩაატარებდნენ.ამის განსაზღვრისთვის კი ზემგრძნობიარე სეისმოგრაფები და სხვა სპეციალური აპარატურა გამოიყენებოდა, რისთვისაც მიწის ქვეშ 40 მ-ის სიღრმის ვერტიკალური შახტა იყო გაჭრილი.ოკუპირებულ აფხაზეთში, ეშერაში, ეს სეისმოლოგიური მიწისქვეშა ლაბორატორია სამ ათეულ წელზე მეტია აღარ მუშაობს, თუმცა მას შემდეგ ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ დღეს არათუ ბირთვული, არამედ ჩვეულებრივი 1,5-ტონიანი საავიაციო ბომბის მიწაზე დაცემისა და აფეთქების დაფიქსირებაც კი შეუძლიათ რამდენიმე ასეული კმ-ის სიშორიდან თანამედროვე სეისმოლოგიური ლაბორატორიების ზემგრძნობიარე დეტექტორებს, რაც გამორიცხავს ფარულად მიწისქვეშა ბირთვულ აფეთქებას.

თუმცა ერთია მიწის ქვეშ რამდენიმე კილოტონა სიმძლავრის ბირთვული მუხტის აფეთქება და მეორე, იმის ზუსტად გათვლა, რომ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ბიძგები ზუსტად კონკრეტული მიმართულებით გავრცელდეს კონკრეტულ ადგილას დამანგრეველი მიწისძვრის გამოსაწვევად.

საბედნიეროდ, სამხედრო ტექნოლოგიები განვითარების ამ დონემდე არ არის მისული, თორემ რომელიმე სახელმწიფოს დიქტატორი ნამდვილად ეცდებოდა ამ საკაცობრიო დანაშაულის ჩადენას.