ვინ ვის რამდენი ტანკი წაართვა - კვირის პალიტრა

ვინ ვის რამდენი ტანკი წაართვა

რუსეთ-უკრაინის ერთწლიან ომში მოწინააღმდეგე მხარეების ნაალაფარი საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა შთამბეჭდავია...

ომებში მოწინააღმდეგის იარაღის ალაფად წაღება ყოველთვის საამაყოდ ითვლებოდა და თუკი ჩვენი წინაპრები მტრისთვის ართმეული ხმლებითა და ცხენებით იწონებდნენ თავს, თანამედროვე ბრძოლებში ალაფად უკვე ტანკები და ქვემეხები მიაქვთ.ამ მხრივ გამონაკლისი არც რუსეთ-უკრაინის ომია, რომლის დაწყებიდან მალე ერთი წელი შესრულდება და ამ ხნის განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარეებმა ალაფის აღებაში ერთგვარი შეჯიბრებაც კი წამოიწყეს, რომელშიც უკრაინის არმია ლიდერობს.რუსეთმა, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ შეიჭრა უკრაინაში (თუმცა 2014 წლიდან ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების ზურგს ამოფარებული იპყრობდა დონბასს), ტაქტიკურ წარმატებასთან ერთად, 11-თვიან ინტენსიურ ბრძოლებში იმდენი საბრძოლო ტექნიკა დაკარგა, რაც არც ავღანეთის ცხრაწლიან და არც ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში არ დაუკარგავს.თუკი ბრძოლის ველზე აფეთქებული მოწინააღმდეგის ტანკიდან რაღაც დეტალების გამოყენება კიდევ შეიძლება, დაზიანებული ჯავშანტექნიკისგან უფრო მეტ ხეირს ნახავ, ხოლო თუკი ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები მოწინააღმდეგემ თითქმის სრულიად გამართული მიატოვა (საწვავის მარაგის ამოწურვისა თუ მუხლუხის მოძრობის გამო), მაშინ ჩათვალეთ, რომ უფასო "ლენდ-ლიზი" გარანტირებულია, მით უმეტეს, თუკი ორივე მებრძოლი მხარე ერთი და იმავე ტიპის ჯავშანტექნიკას იყენებს.ინტერნეტრესურს "ორიქსის" (რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში აფეთქებულ, დაზიანებულ, მიტოვებულ და ალაფად ჩაგდებულ სამხედრო ტექნიკას ობიექტურად აღრიცხავს, მხოლოდ ფოტოვიდეომასალაზე დაყრდნობით) 2023 წლის 11 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრილმა რუსეთის არმიამ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე დაკარგა 9 189 ერთეული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო-სამხედრო და საბრძოლო ტექნიკა, რომელთაგან 2 770 უკრაინელებმა ალაფად წაიღეს. მათ შორისაა ბრძოლის ველზე დაკარგული რუსეთის არმიის სხვადასხვა მოდიფიკაციის არანაკლებ 1 720 ტანკი, რომელთაგან... 546(!) უკრაინას არმიას ალაფად დარჩა! - ანუ სანამ დასავლეთი უკრაინას ახვეწნინებს თითო-ოროლა "ლეოპარდისა" და "აბრამსის" გადაცემა-არგადაცემაზე, უკრაინის დამცველებმა ხუთ სატანკო პოლკზე მეტი, მეტ-ნაკლებად გამართული რუსული ტანკი "მოინადირეს" ბრძოლის ველზე.ტანკების გარდა, უკრაინელებს დარჩათ რუსეთის საოკუპაციო ძალების სხვა ჯავშანტექნიკაც - 258 საბრძოლო ჯავშანმანქანა; 596 ქვეითთა საბრძოლო მანქანა; 96 ჯავშანტრანსპორტიორი; 106 სპეციალური საინჟინრო მანქანა; 19 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი; 105 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი; 50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა; 93 ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარი, 13 საარტილერიო-საზენიტო დანადგარი, 23 თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, 9 რადიოლოკაციური სადგური...მართლაც შთამბეჭდავი ჩამონათვალია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაალაფარი რუსული სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა და ყოფილი მფლობელების წინააღმდეგ მიმართვა ცოტა ძალისხმევას როდი მოითხოვს, მაგრამ "ტექნიკის კანიბალიზმის" პრინციპის გამოყენებით, ნაალაფარი ორი-სამი დაზიანებული რუსული ტანკისგან უკრაინელ სპეციალისტებს ერთი გამართული ტანკის მწყობრში ჩაყენება, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ.სამართლიანობა მოითხოვს, რომ მკითხველს უკრაინის არმიის ჯავშანტექნიკის საბრძოლო დანაკარგის შესახებაც მოვახსენოთ.დღეის მონაცემებით, უკრაინის არმიამ დაკარგა არანაკლებ 2 941 ერთეული ტანკი, ჯავშანმანქანა, საარტილერიო დანადგარი, თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დრონი და სამხედრო ხომალდი.

samx2-1676277613.jpg
ნაალაფარ რუსულ Т-80У ტიპის ტანკზე "ამხედრებული" უკრაინელი სამხედრო

457 დაკარგული უკრაინული ტანკიდან რუსმა ოკუპანტებმა ალაფად წაიღეს 142 ტანკი.გარდა ამისა, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ფრონტზე ხელში ჩაიგდეს უკრაინის არმიის 76 დაჯავშნული საბრძოლო მანქანა, 102 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 86 ჯავშანტრანსპორტიორი, 12 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი, 17 ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარი, 27 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი; 8 ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი, 7 თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, 11 რადიოლოკატორი.ეს ციფრები, რა თქმა უნდა, ამომწურავი არ არის, რადგან ბრძოლის ველზე აფეთქებული ბევრი ტანკისთვის თუ ჯავშანმანქანისთვის ჯერ ფოტო არ გადაუღიათ, თუმცა ლოგიკური იქნება, თუ ჩავთვლით, რომ ორივე მხარე ყველა ნაალაფარი საბრძოლო ტექნიკის ფოტოვიდეომასალას ავრცელებს, რადგან ისტორიულად ვაჟკაცობად ითვლება ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგისთვის იარაღის წართმევა - ადრე ეს ხმალი და ცხენი იყო, დღეს კი ავტომატი და ტანკია.