„ქვეყანას ახეირებდა ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინება“
როგორია საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული ბოსტნეულის, კომბოსტოს მოსავალი? ჩვენში ტრადიციული თეთრთავიანი კომბოსტო 1 ჰექტარზე 27-28 ტონა მოდის. მისი საუკეთესო მოსავალი ქართლშია, შემდეგ კი სამცხეში.
თუმცა, ფერმერებს არცთუ იშვიათად ნაწილი ულპებათ, რადგან რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ამ მიზეზით ჩვენში ტრადიციული კომბოსტოს მოსავალი შემცირდა და ცალკეულ წლებში კომბოსტოს იმპორტიც კი დაგვჭირდა. თუმცა ჩვენს ფერმერებს კომბოსტო მაინც მოჰყავთ. კომბოსტოზე მოთხოვნა დღესაც არის და ხანდახან ფასიც მაღლა იწევს. წლეულს, ზამთრის დასაწყისში, ტრადიციული კომბოსტო 1 კილოგრამი 2 ლარიც ღირდა. რაც შეეხება კომბოსტოს დანარჩენ სახეობებს, მათი ფასი ბაზარზე გაცილებით მეტია. მაგალითად, ამ ეტაპზე ყვავილოვნის ფასი 3 ლარია, ბროკოლის კი - 4 ლარი.
ფასები კიდევ უფრო მაღალია მარკეტებში. სწორედ ამიტომ არჩევენ ფერმერები ბროკოლისა თუ ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანას იმ რეგიონებში, სადაც ნიადაგი და კლიმატი ამის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, მარნეულში, სოფელ მარადისში, ფერმერ დავით დიასამიძეს კომბოსტოს სამი სახეობა მოჰყავს: ჩინური, ბროკოლი და ყვავილოვანი, რომელთა მოყვანისთვის მთელი წლის განმავლობაში შრომობს.
- ბატონო დავით, სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ფერმერს სამნაირი კომბოსტოს მოსავალი მოჰყავს. თუმცა ამ სახეობებზე მოთხოვნის მიუხედავად, ალბათ, მაინც არის მისი რეალიზაციის რისკიც. ჩვენი კომბოსტო ხომ იმპორტზე ვერ გადის, მარნეულში კი ყველა სახის ბაღჩეული ხარობს.
- დიახ, ხარობს, საბედნიეროდ, ასეა და შესაბამისად, სხვა კულტურებს მეც ვთესავ. მაგალითად, ამ დღეებში უკვე დავთესე საადრეო კარტოფილი, რომლის თესლი წალკიდან ჩამოვიტანე და საკმაოდ ძვირიც გადავიხადე - 1 ლარი კილოგრამში. სამაგიეროდ, ვიცი, რომ კარტოფილის მართლაც კარგი მოსავალი მექნება. ფერმერი რომელიმე ერთ კულტურაზე არც უნდა გაჩერდეს. ამასთანავე, უფრო მეტი მოთხოვნა რაზეა, ისიც უნდა გაითვალისწინოს. ჩვენს მიწაზე მოყვანილ კომბოსტოს ჯიშებზე მოთხოვნა ყოველთვის არის, რადგან საუკეთესო ხარისხისაა. აი, ამიტომაც ვთესავთ კომბოსტოს და თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვყიდით. არა მარტო მე, ჩემი მეზობლებიც. ზოგიერთს, მაგალითად, ჩინური კომბოსტოს ნაწილი კვლავ აუჭრელი აქვს. მე ბროკოლის გაყიდვა იანვარში დავასრულე, მხოლოდ მცირე ნაწილი დავიტოვე ოჯახისთვის. პარალელურად, სხვადასხვა სახეობაც დათესილი მაქვს. ასე რომ, 40 დღეში გრუნტში გადასარგავი ჩითილიც მექნება, ახალ მოსავალს კი უკვე მაისში გავიტანთ ბაზარზე.
- გამოდის, კომბოსტო მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ვერ ყიდით, დანარჩენი კი სულ გაძლევთ შემოსავალს.
- კი, ასეა. მაისამდე ჩვენს ბაზრებში მარნეულის ბროკოლი და ყვავილოვანი უკვე ამოწურულია და იმპორტი შემოდის. რაც შეეხება ტრადიციულ თეთრთავიან კომბოსტოს, მისი საუკეთესო მოსავალი გორის სოფლებშია. წლეულს თეთრი კომბოსტო ძვირი ღირდა, რადგან მისი მოჭარბებული მოსავალი არ გვქონია.
- სავარაუდოდ, ფერმერებმა გაითვალისწინეს, რომ წინა წლებში ტრადიციულ კომბოსტოს რეალიზაცია გაუჭირდა, ბევრს დაულპა და ამიტომ არ დათესეს დიდ ფართობებზე, თორემ 1 კილოგრამი კომბოსტო 2 ლარი არასოდეს ღირებულა.
- თეთრთავიანი კომბოსტოს ფასმა მცირედ უკვე დაიწია. მაღალი ფასით ფერმერიც ისარგებლებს, თუმცა, ვფიქრობ, ტრადიციული კომბოსტოს რაოდენობის გაზრდისთვის წლევანდელი მაღალი ფასი გადამწყვეტი ვერ იქნება, და არა მარტო ამ კულტურისთვის. ჩვენს ქვეყანას ძალიან ახეირებდა, ბაზრის გათვალისწინება. მაშინ ყველა ფერმერი მიახლოებით მაინც გაითვალისწინებს, რამდენი მოსავალი უნდა აიღოს, რომ მისი რეალიზაცია არ გაუჭირდეს. ეს ბედნიერება იქნებოდა, მაგრამ საეჭვოა, ჩვენში ასეთი ამბები მალე დაიწყოს. რაც შეეხება ჩემს კლიენტებს, საბედნიეროდ, მუდმივი კლიენტებიც მყავს, მათ შორის ჩინელებიც, რომლებიც სიამოვნებით ყიდულობენ ჩემი ჩინური კომბოსტოს მოსავალს. ამისთვის ზესტაფონიდან ჩამოდიან, სადაც ოფისები აქვთ ავტობანზე მუშაობისთვის. ჩინური კომბოსტო მსუბუქი საკვებია, შებერვა არ ახასიათებს და ჩვეულებრივ კომბოსტოსთან შედარებით ბევრად მეტ ვიტამინს შეიცავს. მაგალითად, ვიტამინი C მასში 5-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ კომბოსტოში.
- რამდენი ტონა კომბოსტო აიღეთ?
- ყველა სახეობის კომბოსტო დაახლოებით 10 ტონა მოვიწიე და გავყიდე. მუშაობაში ოჯახის წევრები მეხმარებიან. მეუღლე და შვილები, ბიჭი თბილისში სწავლობს, მაგრამ ოჯახის მოსახმარებლად სოფელში ხშირად ჩამოდის.
- მარნეულში მოყვანილ ბაღჩეულს კარგ შეფასებას აძლევენ ეკოლოგიური პროდუქტის დამფასებლები. არაერთი მათგანის თქმით, თქვენს მხარეში მთელ საქართველოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ბოსტნეული მოჰყავთ, ანუ სასუქს არ მოიხმართ?
- მოვიხმართ იმ დოზით, რაც საშიში არ არის ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, მე სამი სული ძროხა მყავს, რომელთაც კომბოსტოს აღების შემდეგ ბოსტანში ვუშვებ, სადაც კომბოსტოს ნარჩენებით იკვებებიან. როგორ ფიქრობთ, კომბოსტოს ქიმიური საშუალებებით რომ ვწამლავდე, ძროხას ბოსტანში გავუშვებ? რა თქმა უნდა, არა, მისი რძით ხომ ჩემი ოჯახი, შვილები იკვებებიან. რაც შენი თავისთვის არ გინდა, არც სხვას უნდა გაუკეთო.
- მთელი გულით გისურვებთ წარმატებას.
- მადლობა. ჩვენს მხარეში დიდებული მიწაა, რასაც დათესავ, გაათმაგებულად მოიყვან. ასეთ მიწაზე თუ არ ვიშრომე, აბა, რა უნდა ვაკეთო?! გული სხვისი მოუვლელი მიწის დანახვაზე მტკივა და ჩემსას როგორ არ მოვუვლი!