"6 თვის ფეხმძიმე ვიყავი, რომ გამომიცხადა, შვილი არ მინდა, არ უნდა გააჩინოო. მისმა სიტყვებმა შოკში ჩამაგდო, კაცი ჩემს შვილებს უვლიდა და საკუთარზე უარს ამბობდა"
მაია 20 წლის ასაკში გათხოვდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, ასეთი მძიმე ტვირთის ტარება მარტოს რომ მოუწევდა. პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს. შემდეგ ახალი ოჯახი შექმნა და ძალიან ნანობს, მეორედ დაქორწინება რომ გადაწყვიტა. არც ამჯერად გაუმართლა.
მაია:
- მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი ოჯახი სიყვარულით რომ შევქმენი, მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემი ქმარი ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანი თუ იქნებოდა. სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. დედამთილთან და მამამთილთან ერთად, 3-ოთახიან ბინაში ვცხოვრობდით. მალე გოგონა შეგვეძინა და მის აღზრდაში ძალიან ჩართული იყო. ერთ წელში ისევ დავრჩი ფეხძიმედ და მეორე შვილი გაგვიჩნდა. გოგოს და ბიჭს ვზრდიდით. სანამ ბავშვები ბაღში წავიდნენ, მეც სახლში ვიყავი. დედამთილი მეხმარებოდა. ჩემი ქმარი მუშაობდა. უხმოდ, თვალებით ვუგებდით ერთმანეთს. მერე მეც დავიწყე მუშაობა და ორივეს დატვირთული დღის რეჟიმი გვქონდა. ბავშვები დედამთილს გამოჰყავდა სკოლიდან და ხელს გვიწყობდა. ფუფუნებაში არ გვიცხოვრია, მაგრამ ეკონომიკურად არ გვიჭირდა, საწუწუნო არაფერი მქონდა. ჩემი მამამთილიც მუშაობდა და ნორმალურად ვიყავით. იმდენი წელი ვიყავი იმ ოჯახის რძალი და არ მახსოვს, დედამთილთან კონფლიქტი მქონოდა. ძალიან კარგი ადამიანია. ჩემთვისაც მთავარი იყო სახლში სიყვარული გვქონოდა. ზოგჯერ ჩემი დაქალები მათი ოჯახის პრობლემებზე საუბარს რომ დაიწყებდნენ, სულ მიკვირდა. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, ბესოს დაშორდებიო, გამეცინებოდა ამაზე. მაგრამ თურმე ადამიანმა არ იცის, ვისი ცხოვრება როგორ წავა. ამიტომ ყველას ვურჩევ, თავდაჯერებულები ნუ იქნებიან. თურმე სიურპრიზები ხშირად ხდება.
- რა მოხდა თქვენ შორის?
- ბავშვები რომ წამოიზარდენ, ჩემი დედამთილი და მამამთილი სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად. გურიაში გვაქვს სოფელი და იფიქრეს იქ დაეწყოთ პატარა საოჯახო ბიზნესი. სახლი ზღვასთან ახლოს იყო და ოთახებს ვაქირავებდით. იქვე თონეც გააკეთა ჩემმა მამამთილმა და პატარა სასურსათო მაღაზიაც გახსნა. თბილისში კი ჩვენ ვიყავით და პერიოდულად ჩავდიოდით სოფელშიც... ჩემი ქმარი მოულოდნელად შეიცვალა, ოჯახზე მზრუნველი მამა, უდარდელი კაცივით იქცეოდა. სახლში ფული აღარ მოჰქონდა, ამბობდა, სამსახურში სიტუაცია გაფუჭდაო და ამას გაგებით შევხვდი. არც ამის გამო დამიწყია ჩხუბი და დავიდარაბა, რადგან ასეც ხდება. მერე აგრესიული გახდა, უმნიშვნელო რამეზეც შეეძლო ჩხუბი აეტეხა. ვეღარ ვცნობდი და ვერც ამის მიზეზს ვპოულობდი.
თავიდან ვიფიქრე, რომ სხვა ქალი ჰყავდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ საქმე რთულად იყო. ვერაფერი რომ ვერ მოვახერხე, ჩემს დედამთილს მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი, იქნებ შენ ჰკითხო შენს შვილს რა აწუხებს-მეთქი. ვერც ის გახდა ვერაფერს. რამდენიმე დღით თბილისში ჩამოვიდა და თავისი თვალით უყურა მის საქციელებს.
მოგვიანებით გავიგეთ, რომ კაზინოში დიდი ფული ჰქონდა წაგებული. ამის გამო, სახლიდან ნივთებიც კი გაჰქონდა. ჯერ კომპიუტერი წაიღო, მერე ტელევიზორი და ნოუთბუქი. მოკლედ, სამსახურიდან სახლში დაბრუნებული რომ აღმოვაჩენდი რაღაც ნივთი დაკარგული იყო, ვკითხავდი, სად წავიდა-მეთქი, ის აგრესიულად მპასუხობდა, - მე რა ვიცი, სად წავიდაო.
შემდეგ სახლშიც დაიწყეს მოკითხვა მევალეებმა და ჩვენი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. აღმოჩნდა, რომ წაგებული ფულის გამო, პროცენტიანი ვალებიც ჰქონდა აღებული. თან ყველა ახლობლისთვის ფული გამორთმეული ჰქონდა. საშინლად აგრესიული გახდა, რამდენჯერმე მცემა კიდეც. როდესაც ქალები ვერაფერს გავხდით და გავიგეთ მიზეზი, ბესოს ძმა ჩამოვიყვანე და ყველაფერი მოვუყევი. ის იმ პერიოდში მოსკოვში ცხოვრობდა, აღმოჩნდა, რომ მანაც იცოდა მისი ვალების ამბავი და თურმე გარკვეული თანხაც კი გამოუგზავნა და ვალის გასტუმრების ნაცვლად ეს ფულიც კაზინოში წააგო.
სამსახურშიც ვეღარ ჩნდებოდა, რადგან ყველას ვალი ჰქონდა და ასე დაკარგა სტაბილური და საკმაოდ შემოსავლიანი სამსახური. რა მექნა, ვუთხარი ბინა გავყიდოთ და ვალები გავისტუმროთ-მეთქი, ჩემი დედამთილიც დამეთანხმა. კაზინოში წაგებული ფულის გამო, 3-ოთახიანი ბინა გავყიდეთ. ამ ფულით ვალები თითქმის გაისტუმრა და ჩვენ გადავედით ჩემს ოროთახიან ბინაში, რომელიც დედაჩემმა მიყიდა. ის ისრაელშია წასული სამუშაოდ.
იმედი მქონდა, გამოსწორდებოდა და ჩვენი ოჯახი ისევ ჩადგებოდა კალაპორტში, მაგრამ მწარედ შევცდი. მისი მშობლების ნაყიდი ბინა ასე დაკარგა და ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, მაინც გააგრძელა თამაში. ამას ახალი პრობლემაც დაემატა, ნარკოტიკის მოხმარებაც დაიწყო და რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, მას უკვე ვერაფერს ვშველოდი. არც შვილებზე ფიქრობდა, არც სამსახური უნდოდა, ყველა ჩართული იყო, მაგრამ ვერაფერს გავხდით.
მამამისმა ისე განიცადა ეს ამბები, რომ ინფარქტი მიიღო და ჩემი დედამთილი ისევ სოფელში წავიდა. ვერც მამის ამბავმა გამოაფხიზლა, უფრო აგრესიული გახდა. მერე სახლშიც აღარ მოდიოდა. რომ არა ჩემი ახლობლების გვერდში დგომა, არ ვიცი, როგორ გავუმკლავდებოდი ამ ამბავს. ძალიან განვიცადე და დეპრესიაში ვიყავი. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფრის მიუხედავად, არ მინდოდა, ოჯახი დამენგრია. ბავშვებს მამა ძალიან უყვართ და კიდევ ვცდილობდი ასეთი ოჯახის შენარჩუნებას.
საბოლოოდ, სახლიდან საერთოდ წავიდა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. მერე გავიგე, რომ სხვა ქალთან გადავიდა საცხოვრებლად.
- ოფიციალურად განქორწინებულები ხართ?
- ოფიციალურად გაყრილები არ ვართ, მაგრამ ჩვენგან წლებია წასულია. როგორც შევიტყვე, ვიღაც მარტოხელა ქალს შეეკედლა და მასთან ცხოვრობს. გული იმაზე მწყდება, რომ შვილების ბედით არ ინტერესდება. არადა, როცა პატარები იყვნენ ბავშვები, ძალიან მოსიყვარულე მამა იყო, სულ ასეირნებდა, ყველაფერს უკეთებდა შვილებს, მას მერე ერთხელაც არ უცდია შვილების ნახვა. ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე, ორი ბავშვით მარტო აღმოვჩნდი.
ფინანსურად თავიდან ჩემი მამამთილი მეხმარებოდა, მაგრამ მისი ავადმყოფობის შემდეგ უკვე ყველაფერი ჩემს კისერზე იყო. დედა მიგზავნიდა თანხას, მაგრამ ჩემს და-ძმასაც უგზავნის და ამდენს ვეღარ წვდება. ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურად გამიჭირდა ამის გადახარშვა. დეპრესიას ვერ ვშველოდი, ყველას ვეცოდებოდი. ბოლოს, შევეცადე ამ პრობლემებს გავმკლავებოდი, ისევ დავიწყე სამსახურში სიარული, ფსიქოლოგი ძალიან დამეხმარა. სამუშაოდან დაღლილი ვბრუნდებოდი და შემდეგ შეკვეთებს ვაკეთებდი. კონდიტერად ვმუშაობ. სახლშიც ვიღებდი ნამცხვრების და ტორტების შეკვეთებს. ისევ ჩვეულ რითმს დავუბრუნდი, უკვე მასზე ფიქრი მივატოვე, მაგრამ მოგვიანებით, ახალი შეცდომა დავუშვი და ამას საკუთარ თავს ვერ ვპატიობ.
- ამჯერად რა მოხდა?
- ნათქვამია შეძახილმა ხე გაახმოო, ყველა მეუბნებოდა, რომ ახალი ოჯახი უნდა შემექმნა. ამის გაგონებაც არ მინდოდა, რადგან მართლა ცუდად ვგრძნობდი თავს. ბევრს ვფიქრობდი მასზე და წარმოიდგინეთ, ამ ყველაფრის მერეც მზად ვიყავი ყველაფერი მეპატიებინა და ცხოვრება მასთან ერთად თავიდან დამეწყო. ესეც ვცადე, უშედეგო აღმოჩნდა. მან ასეთი ცხოვრება აირჩია და ვერაფერს შევცვლი, არც შვილები უნდა.
ახლა, როგორც ვიცი, გალოთებულია...
მე ახალი თავსატეხი გავიჩინე. ჩემი ბინის გვერდზე, ნაქირავებ ბინაში მარტოხელა კაცი ცხოვრობდა. კარგი სამუშაო ჰქონდა, ეკონომიკურად არ უჭირდა, იცოდა ჩემი ამბები და ცდილობდა დამხმარებოდა. არ დავმალავ, მართლა გვერდით მედგა. ჩემს შვილებთან საჩუქრებით დატვირთული მოდიოდა და დეპრესიაში მყოფს მეც მამხნევებდა. მეზობლები მეუბნებოდნენ, რა გინდა, უცოლო კაცია, იქნებ შეგიყვარდეს და ცოლად გაჰყვეო.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ყველას სთხოვდა დახმარებას, რომ მე დავერწმუნებინე, ეს ნაბიჯი გადამედგა. მეც მეუბნებოდა, ცოლად გამომყევი და შენი შვილები საკუთარი შვილებივით მეყვარებაო. ამის გაგონება არ მინდოდა...
ბოლოს, ეს ნაბიჯი გადავდგი, ახალი ცხოვრება დავიწყეთ. მალევე ფეხმძიმედ დავრჩი, როცა მას ვუთხარი, შევატყვე, ეს არ ესიამოვნა, მაგრამ არ უთქვამს, ბავშვს ნუ გააჩენო.
6 თვის ფეხმძიმე ვიყავი, რომ გამომიცხადა შვილი არ მინდა და ეს ბავშვი არ უნდა გააჩინოო. მისმა სიტყვებმა შოკში ჩამაგდო, კაცი ჩემს შვილებს უვლიდა და საკუთარ შვილზე უარს ამბობდა, ამის გამო სერიოზულად ვიჩხუბეთ, მე კატეგორიულად განვუცხადე, რომ ბავშვს გავაჩენდი. მისი ქცევები შოკისმოსმგვრელი იყო. 9 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა სახლიდან თავისი ნივთები გავუყარე და ბინიდან გავაგდე. მივხვდი, მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა...
მე გოგონა შემეძინა და მას ვზრდი. ძალიან ვნანობ, რომ ასეთი გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. არ უნდა შევმცდარიყავი ადამიანის ამოცნობაში. ნამდვილად არ ვიცი, მას რა მიზანი ამოძრავებდა.
ჩემს პატარა გოგონასაც არ ჰყავს მამა და სამ შვილს მარტო ვზრდი. უფროსები უკვე დიდები არიან და ისინი ძალიან მეხმარებიან.
- მას შერიგება არ უთხოვია?
- რა შერიგებაზეა საუბარი, არც უცდია თავის მართლება, შვილი არ უნდოდა... 42 წლის კაცი იყო, რომელსაც ოჯახი შეუქმნია და შვილზე უარი თქვა. არაფრის ღირსი არ არის. მე მისთვის არ მითხოვია ცოლობა, თვითონ არ მაძლევდა მოსვენებას და ბოლოს მეც დავთანხმდი. ჩემი გოგონა უკვე 4 წლის არის და მამას ერთხელაც არ უნახავს.
როგორც შევიტყვე, მისი ოჯახი ვერ შეეგუა ორშვილიანი ქალი რომ მოიყვანა ცოლად და მათ ზეწოლას ვერ გაუძლო. ძალიან განვიცადე ჩემი მორიგი შეცდომა, ეს ნაბიჯი არ უნდა გადამედგა, მაგრამ ახლა მოდუნების დრო არ მაქვს. ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემს შვილებს კარგი დედობა გავუწიო. პატარა უფროსს გამოჰყავს ბაღიდან და ჩემს მოსვლამდე ის უვლის.
მთავარია, და-ძმებს ძალიან უყვართ ერთმანეთი და სახლში დაბრუნებულს, ისინი გულს მითბობენ, ყველაფერს მავიწყებენ. ბავშვებს ბევრი რამე სჭირდებათ და ყველაფერს გავაკეთებ მათი კარგი მომავლისთვის.
(სპეციალურად საიტისთვის)