ომებით "გადათხრილ" დედამიწაზე უცხოპლანეტელთა "მფრინავი თეფშებიღა" გვაკლდა...
როდესაც თვით NORAD-ის მეთაური, გენერალი გლენ ვან ჰიორკი აცხადებს, რომ ჩრდილო-ამერიკის კონტინენტის თავზე ჩამოგდებულ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს შეიძლება, არადედამიწური წარმოშობა ჰქონდეს, საქმე სახუმაროდ, ეტყობა, მართლაც აღარ არის...
ათწლეულების განმავლობაში "ამოს"- ამოუცნობი მფრინავი ობიექტების "თაყვანისმცემლებს" მთელ მსოფლიოში და მათ შორის - საქართველოშიც, შეიძლება ბევრი დასცინოდა და ფანტაზიორებად მოიხსენიებდნენ, მაგრამ როდესაც NORAD-ში ანუ ჩრდილო-ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობაში (რომელსაც აშშ-ისა და კანადის ავიაკოსმოსური თავდაცვა აბარია სავარაუდო მოწინააღმდეგის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების ადრეული აღმოჩენისა და ახლო კოსმოსის კონტროლის ჩათვლით) ორჭოფულად პასუხობენ ჟურნალისტების დაჟინებულ კითხვებს, თუ რა საჰაერო ობიექტები ჩამოაგდეს ამერიკულმა "რაპტორის" გამანადგურებლებმა, იმაზე მიანიშნებს, რომ თავად სამხედროებიც და პოლიტიკოსებიც დაბნეულები არიან და არ აქვთ ზუსტი პასუხი...
ჩრდილო-ამერიკის თავზე უცნობი საჰაერო ობიექტების აღმოჩენისა და ჩამოგდების ბოლო დღეების ქრონიკა კი ასეთია:
- 4 თებერვალს ამერიკული F-22 "რაპტორი" ჩრდილო-კაროლინის თავზე ბოლოს და ბოლოს აგდებს 19 კმ-ზე მაღლა მოდრეიფე საჰაერო ობიექტს, რომელსაც რამდენიმე დღე ნახევარი ამერიკა ბინოკლებით უყურებდა და რომელიც ჩინური ავტომატური სადაზვერვო აეროსტატი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი მას მეტეოროლიგიურ საჰაერო ზონდად მოიხსენიებს.
ეს შემთხვევა აღარ ბადებს დამატებით კითხვებს, მაგრამ შემდგომი ინციდენტები ჯერჯერობით ამოუხსნელი რჩება...
-10 თებერვალს აშშ-ის გამანადგურებელი ალასკის ჩრდილოეთ ნაწილში აგდებს ამოუცნობი მფრინავ ობიექტს, რომელიც ნამდვილად არ იყო საჰაერო ბურთი ან აეროსტატი და ალასკას ყინულებში ჩამოვარდნილ მის ფრაგმენტებს ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ ეძებენ...
-11 თებერვალს კანადის საჰაერო სივრცეში, აშშ-ის საზღვრიდან 160 კმ-ში, აგდებენ ცილინდრული ფორმის მფრინავ ობიექტს, რომელიც, ასევე, საერთოდ განსხვავდებოდა აეროსტატისგან და მკვეთრად იცვლიდა ფრენის ტრაექტორიას ...
-12 თებერვალს აშშ-ში ჰურონის ტბის თავზე F-16 ტიპის გამანადგურებელი აგდებს მფრინავ ობიექტს, რომელიც ტბაში ვარდება და არც ის არ არის მფრინავი ბუშტი...
ბოლო სამ შემთხვევას ის აერთიანებს, რაც ამერიკელი სამხედროების გაკვირვებას და დაფიქრებას იწვევს - ჩამოგდებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტები უცნობი ფიზიკური პრინციპების გამოყენებით დაფრინავდნენ და იცვლიდნენ ჰაერში ფრენის მიმართულებასა და სიჩქარეს, მაშინ, როდესაც მისმა ჩამომგდებმა სამხედრო მფრინავებმა მათზე ვერ შეამჩნიეს ფრთებისა და ძრავების მსგავსი კონსტრუქციები...
რა თქმა უნდა, ყველაფერს ამომწურავ პასუხს გასცემს ჩამოგდებული მფრინავი ობიექტების ფრაგმენტების აღმოჩენა (როგორც ეს ჩინური სადაზვერვო აეროსტატის ჩამოგდების შემდეგ ოკეანეში, მისი ფრაგმენტების მოძიების შედეგად გახდა ცნობილი) და მათი გამოკვლევა, თუკი აშშ-ის სპეცსამსახურებმა კვლავ არ გაასაიდუმლოეს ყველაფერი...
"ამოს" ფანატები მთელი მსოფლიოდან, ხომ, დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ ჯერ კიდევ 1947 წლის ივლისში, აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატის როზუელის საჰაერო ბაზასთან კატასტროფა განიცადა უცხოპლანეტელების "მფრინავმა თეფშმა", მაგრამ ამერიკის ხელისუფლებამ მისი ფრაგმენტები და დაღუპული ჰუმანოიდების ნეშტები საგულდაგულოდ გადამალა...
როგორი რეაქცია ექნება კაცობრიობას, თუკი აღმოჩნდა, რომ "როზუელის ინციდენტის" მიმდევრები, რომლებსაც 76 წელი ნახევრად შეშლილებად მიიჩნევდნენ, თურმე, სიმართლესთან ახლოს ყოფილან?
P.S. საერთოდ, ყოველთვის იკვეთება "უცხოპლანეტელების თემის" გააქტიურება, როდესაც ჩვენს პლანეტაზე დიდი ომები ჩაღდება, ასე იყო მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ, ცივი ომის დროსაც და ასე გრძელდება დღესაც, როდესაც რუსეთ-უკრაინის ერთწლიანი ომი (რომელიც ისედაც გახდა ახალ საუკუნეში ევროპის ყველაზე დიდ სისხლისღვრად) შეიძლება მესამე მსოფლიო ომშიც კი გადაიზარდოს...
ამას შეიძლება "მიწიური" ახსნაც მოეძებნოს - პლანეტა დედამიწაზე მორიგი გლობალური მასშტაბის შეიარაღებული დაპირისპირების წინაპერიოდში, სამხედრო ტექნოლოგიებში ყველაზე განვითარებული სახელმწიფოები გამოცდის სახით შეიძლება იწყებენ ულტრათანამედროვე სადაზვერვო-საბრძოლო სისტემების გამოყენებას, რომლებიც ისეთი ახალი ფიზიკური პრინციპების გამოყენებით მოქმედებენ, რაც ჯერ უცხო და ფანტასტიკურია ფართო საზოგადოებისთვის...