"ეს იყო უფრო მეტად სოციალური პროტესტი და პოლიტიზირება წულუკიანმა და მისმა კანტორამ მოახდინა!"
როგორც ცნობილია, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გამოფენის - "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა, ხოლო მის ადგილას, კედელზე, საღებავით დატოვა წარწერა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია"
სანდრო სულაბერიძის საქმეზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყეს, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე... ახალგაზრდა მხატვარს მრავალი ცნობილი პირის, ხელოვანის მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ხმამაღლა აპროტესტებენ მის დასჯას... მომხდარის გამო, სოციალურ ქსელში აღშფოთების წერილი გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა...
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის"პირად გვერდზე წერს, რომ აქციასთან დაკავშირებით "ცისფერი გალერეის" ეზოში პოლიციის 20 ავტომობილია მობილიზებული, რაც მისი შეფასებით, "სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს"...
სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ სოციალურ ქსელში პოსტს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, იოსებ ჭუმბურიძე აქვეყნებს, სადაც იგი პრეზიდენტს უმწვავესად აკრიტიკებს:
"შეიძლება, პრეზიდენტმა, მით უფრო - ქალმა და მით უფრო - მარტოსულმა, თავი დაიცვას, პოლიტიკური ქულების ჩასაწერადაც რაღაც მოიმოქმედოს... ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს გაიგებს კაცი, მაგრამ... რაც მან გუშინ იკადრა, იმას ჯერჯერობით სახელი ვერ დავარქვი. - გალერიის უკან ოცი პოლიციის მანქანა იდგაო და ეს სირცხვილიაო?! ასე უღირსად დაუპირისპირდა პრეზიდენტი ქალბატონი მინისტრ ქალბატონს... კოლეგიალურობა და მანდილოსნური სოლიდარობა უფრო შორს ვერ წავა. ანუ უფრო მეტად ვერ შეიბილწება...
სირცხვილი ასეთი პრეზიდენტია..."
"კვირის პალიტრა" იოსებ ჭუმბურიძეს დაუკავშირდა:
- ახალგაზრდა მხატვართან დაკავშირებით ვინც ამბობს, რეპრესიები დაიწყოო, ესენი წინა ხელისუფლების ნარჩენი ხალხია... მართლაც, მათ ნამდვილად ჰქონდათ ქვეყანაში დამდგარი 1937 წელი... ვგულისხმობ, წინა ხელისუფლების მინისტრების, ნიკა რურუას მინისტრობის დროს.
- კონკრეტულად მხატვრის შემოქმედებაზე რას იტყვით?
- არ ვიცი, მისი ნახატი ამ გამოფენაზე როგორ მოხვდა, დეტალებში არ ვარ გარკვეული... ზუსტად უნდა ვიცოდე, რა გააპროტესტა. მე მისი ახსნა არ მომისმენია, ასე რატომ მოიქცა... რა თქმა უნდა, ეს საქციელი პროვოკაციას, დესტრუქციას შეიცავდა. მერე რა, რომ საკუთარი ნახატია, ეს ხომ გალერეაში იყო?! წარწერები, ეს ყველაფერი, შეუძლებელია მისი საქციელი მოვიწონო! თუმცა შემდეგ, რაც ამ ყველაფერს დემაგოგების მხრიდან მოჰყვა, უფრო აღმაშფოთებელია, ვიდრე თვითონ მხატვრის საქციელი...
ტელევიზიით წაიკითხეს ბატონი მამუკა მდინარაძის პოსტი, სადაც იგი ამბობს, რომ ეს იყო დაგებული მახე, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტიც გაება... აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ მამუკას!
გია ბუღაძე, მხატვარი:
- წინა მთავრობის ე.წ. ნარჩენ ხალხს რუსთაველზე ჩაგვამწკრივებენ და როგორც ძველ რომში ხდებოდა, ისე ჩამოგვახჩობენ...
- ასე ფიქრობთ?
- რა თქმა უნდა, ასე იქნება! ერთადერთი, რაც მახარებს, ახალგაზრდებში პროტესტმა გაიღვიძა, თორემ ნამეტანი კომფორმისტებად ვიყავით ქცეული... ისეთი განცდა მქონდა, რომ ახალგაზრდებს საერთოდ დაეძინათ... როცა პროტესტი აღარაფრის მიმართ არ გაქვს, ხელოვანიც აღარ ხარ! თუ თანამედროვე არტით აზროვნებ, ცხოვრობ და არაფრის მიმართ პროტესტი არ გაქვს, მარტო იმას ფიქრობ, შენი კარიერა აიწყო (რა კარიერა უნდა აიწყო საქართველოში?!) ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ პოპულარობა გაინტერესებს და სერიოზული სტაგნაციაა.
ძალიან მესიამოვნა, ახალგაზრდა ადამიანმა ეს პროტესტი რომ გამოთქვა, ხელოვნება თავისუფალი და ცოცხალიაო... ორივე ცნებაში ვეთანხმები!
მეოცე საუკუნიდან დაწყებული, დღევანდლამდე, სტრატეგია ხელოვნებასთან მიმართებაში კატეგორიულად შეცვლილია... ადრე იყო ესთეტიკური სიამოვნება, ამაღლებულ განცდებთან დაკავშირებული, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან თანამედროვე ხელოვნების ფორმები სოციალურ უსამართლობაზე, პასუხიმსგებლობაზე, პროტესტის განცდაზეა ორიენტირებული... ეს ამ ახალგაზრდა მხატვარმა შეძლო და თან - საკმაოდ კარგად! ის წარწერა, რომელიც მან დატოვა, ფაქტობრივად, გაგრძელებაა მისი ავტოპორტრეტისა... რაც ეკიდა, რომ ჩამოხსნა და დააწერა, ერთი ნამუშევარია.
დღევანდელ მმართველ ხელისუფლებას, განსაკუთრებით, კულტურის სფეროს მენეჯმენტს, ამ ყველაფრის არაფერი ესმის. ვერც გაიგებენ, რადგან ყველა არაორდინარული გამოხატულება მათთვის მხოლოდ პოლიტიკური მესიჯია.
პოლიტიკურთან ერთად, რა თქმა უნდა, არტისტული შეტყობინება იყო. არტისტს ვერ დაატუსაღებ, მორჩილად ვერც ერთი მხარე აქცევს - აქეთური, იქითური, ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი თუ სამხრეთი... არის თავისუფალი და ვერ შეზღუდავ! თუ ვინმე ამას პოლიტიკურ შინაარსს აძლევს, რა თქმა უნდა, წულუკიანის კანტორამ მისცა პოლიტიკური შინაარსი. მას არც ჰქონდა ამხელა პოლიტიკური შინაარსი ჩადებული. მისი პროტესტი იყო ყოველგვარი დიქტატის მიმართ... ასეთი ქცევა მეტყველებს, რომ განათლების, ინტელექტის პრობლემა აქვთ და ყველაფრის კონტროლი, რასაკვირველია, ის მეთოდია, რომელსაც გასული საუკუნის 30-იან, 40-იან წლებში საბჭოეთში იყენებდნენ...
ეს იყო უფრო მეტად სოციალური პროტესტი და პოლიტიზირება წულუკიანმა და მისმა კანტორამ მოახდინა!
(სპეციალურად საიტისთვის)